სითბური ტალღა
თბილი წყლის გიგანტური ნაკადი, „უფორმო მასა“, თავზარს სცემს წყნარ ოკეანეს. როგორია ოკეანეების მომავალი?


სითბური ტალღა
თბილი წყლის გიგანტური ნაკადი, „უფორმო მასა“, თავზარს სცემს წყნარ ოკეანეს. როგორია ოკეანეების მომავალი?
პირველი მკვდარი ფინვალი მარმოტის ყურეში იპოვეს, ალასკის კოდიაკის კუნძულის გარშემო. ბიოლოგმა შენიშნა მოტივტივე, გვერდულად გადატრიალებული ფინვალის ნაშიერი; ღია ყბებში ზღვის წყალი გადი-გაუდიოდა და შხეფები უმოძრაო ვარდისფერ ენას ურეცხავდა. სამწუხაროდ, მსგავსი სურათი, თუნდაც ბუნების დაუნდობლობით გამოწვეული, ჩვეულებრივი ამბავია ველურ ჩრდილოეთში. ამიტომ ყოველ ასეთ შემთხვევაზე განგაშის ატეხა აღარც ღირს ხოლმე. მაგრამ მეორე დილას ბორნის მგზავრებმა შორიახლოს კიდევ ერთი მკვდარი ვეშაპი დაინახეს. მას სქელი გლემურძი (ვეშაპის ან ზოგიერთი სხვა ზღვის ცხოველის კანქვეშა ქონი) ჰქონდა. ჯანმრთელი ჩანდა, თუმცა ისიც მკვდარი იყო.
კეთი ლეფევრთან ერთად მივუყვებით ქარიან და კლდოვან სანაპიროს კოდიაკიდან ჩრდილოეთით 320 კილომეტრში. კეთი ვეშაპებზე გვესაუბრება; ალასკის ყურის დასავლეთით, წელიწადში რვა მკვდარ ვეშაპს პოულობენ. მაგრამ 2015 წელს, მხოლოდ ივნისში, თორმეტამდე მაინც აღმოაჩინეს. იმ ზაფხულს წყნარი ოკეანე ვეშაპების დამპალი ნარჩენებით ღელავდა კლდოვან უბეებში, ანკორიჯიდან ალეუტის კუნძულებამდე გადაჭიმულ, 1600-კილომეტრიან სანაპირო ზოლზე. მურა დათვების ოჯახებს კი ნადიმი ჰქონდათ გამართული.
NOAA-ს (ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველო) მეცნიერ-მკვლევარი ლეფევრი თევზის სარეწების მიმართულებით მუშაობს. ვეშაპის სიკვდილის მიზეზის დასადგენად, მან ერთ-ერთი ლეშის თვალის სითხე გამოიკვლია. მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. ახლა მე და ლეფევრი ჰომერში (ალასკა), კაჩემაკის ყურეში ვართ და ფრთხილად მივაბიჯებთ ნაპირზე, სადაც საცოდავად ყრია მკვდარი წავები, მომაკვდავების სულისშემძვრელი ხრიალიც ისმის. კენაის მთების თოვლით დაფარული მწვერვალების ძირში, სანაპიროს გასწვრივ, მკვდარი წავების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ლეფევრი აქ იმიტომაა, რომ გაარკვიოს, მკვდარი ვეშაპებისა და წავების ბედი რამენაირად ხომ არ არის გადაჯაჭვული.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ბინადართა სიკვდილი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ცხოველთა მასობრივი დახოცვა ბუნებაში ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი შეიძლება იყოს, როგორც ხანძარი ფიჭვნარში, უსწრაფესად რომ ვრცელდება, ყველაფერს გადაწვავს და ახალ სიცოცხლეს უთავისუფლებს გზას. მაგრამ ამ ამოუხსნელ მოვლენებს ერთი რამ აკავშირებს: ემთხვევა პერიოდს, როცა დასავლეთ სანაპიროს ოკეანის წყლებში ტემპერატურის მატებამ ყველა ძველი მაჩვენებლის რეკორდი მოხსნა.
უფრო თბილი ოკეანური წყლების მიერ მარჯნის რიფების განადგურება ტროპიკებში, გამდნარი ყინულის მიერ ველური ბუნების სახეცვლილებები არქტიკაში… ამ მოვლენების ფონზე, შეიძლება ვერც შეგემჩნიათ, რამდენად შეუძლია თბილ წყალს შეცვალოს ზომიერი ზღვების ჰაბიტატი. ახლა ამას ვეღარ მოახერხებთ: 2013 წლიდან მოყოლებული ამ წლის დასაწყისამდე დასავლეთის სანაპირო წყლების ზოგიერთ ნაწილში იმდენად გაიზარდა ტემპერატურა, რომ ზღვის სამყარომ უპრეცედენტო ძვრა განიცადა. ცხოველები გამოჩნდნენ ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე არასდროს ყოფილან. შხამიანი წყალმცენარეების გამრავლებამ, რომელმაც ყველა უწინდელ მაჩვენებელს გადააჭარბა, თვეობით შეაჩერა კალიფორნიის კიბორჩხალას წარმოება. კვებითი ქსელის ჯაჭვის არსებითი ნაწილები ჩავარდა. არაა გარკვეული: სათბური აირების ემისიებმა გაამწვავა ოკეანის ეს სითბური ტალღა თუ მხოლოდ ბუნებრივი ამინდისა და კლიმატის სახასიათო მოძრაობის უკიდურეს ზღვართან გვაქვს საქმე. მაგრამ ამ ფენომენმა დამაფიქრებელი შეკითხვები დაგვიტოვა: იყო ეს არაპროგნოზირებადი, უჩვეულო უკიდურესობები მხოლოდ დამთხვევა, რომლებიც „გაერთიანდნენ“ ზღვის ზოგიერთი ბინადრის სიცოცხლის გასამწარებლად? იქნებ, იმის წინასწარი ჩვენებაა, რასაც ერთ მშვენიერ დღეს გამთბარი ზღვები მოიტანს და კლიმატის ცვლილების ციებ-ცხელება დაატყდება თავს წყნარ ოკეანეს.
სანამ მე და ლეფევრი ვფიქრობდით, რა უნდა გვექნა, რადიოზარი შემოვიდა – 8 კილომეტრის დაშორებით, ჰომერ-სპიტში კიდევ ერთი მკვდარი წავი ამოტივტივდა.
2013 წლის ბოლოს ალასკის ყურეში თბილი წყლის მასის ჩამოყალიბება დაიწყო; „ჯიუტი“ ატმოსფერული მაღალი წნევის სისტემა, ქარიშხლებს, რომელიც ზღვის ზედაპირს აგრილებს, უბესთან აკავებდა. ეს თბილი მოძრავი წყლის მასა, ე. წ. უფორმო მასა, გაიზარდა და გადაიქცა კიდევ უფრო ფართო „ლაქად“, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან შეუერთდა ჩრდილოეთისკენ მიმავალ თბილი წყლის მასებს. ამის გამო, ზღვის ტემპერატურამ ზოგან საშუალოზე ოთხი გრადუსით მოიმატა. ოკეანის ზოგიერთი დინება ოდესმე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე მეტად გათბა. ამ უკიდურესად გამთბარმა წყლის მასამ კი დაფარა უზარმაზარი ტერიტორია – დაახლოებით 9 მილიონი კვადრატული კილომეტრი მექსიკიდან ალასკამდე.
ნუთუ პლანეტის „შემხურებელმა“ წიაღისეული საწვავიდან გამოყოფილმა ნახშირორჟანგმა შეუწყო ხელი ამ მოვლენას? ერთი საკამათო მოსაზრებით, არქტიკული ზღვის ყინულის სწრაფი დნობა პოლარულ რეაქტიულ დინებას უფრო კლაკნის, რაც ამინდის სისტემებს უფრო ხანგრძლივვადიანს ხდის. შედარებით აღიარებული თეორია ამ დათბობას მიაწერს რეაქტიულ დინებაში ტროპიკული სითბოთი გამოწვეულ ნორმალურ ატმოსფერულ რყევებს. მაგრამ ამ თეორიის მიმდევარი მეცნიერები მაინც არ გამორიცხავენ სხვა ფაქტორების დამატებით ზეგავლენას კლიმატურ ცვლილებებზე.
ერთმანეთს მიბმული მოვლენები, რომლებიც თავთავიანთი სახასიათო მოქმედებებით გამოირჩევიან და, შეიძლება, ათწლეულები შენარჩუნდნენ, ისედაც განაპირობებენ კლიმატურ რყევებს. ყოველ რამდენიმე წელიწადსა თუ ათწლეულში აღმოსავლეთი წყნარი ოკეანე საკვებით მდიდარი, ცივწყლიანი ადგილიდან უცბად გადაიქცევა ხოლმე რაღაც უფრო თბილ ზონად. ამ მოვლენების ციკლს „წყნარი ოკეანის დეკადური რყევა“ ეწოდება. ელ-ნინიო – პერიოდული ტროპიკული დათბობა – მკვეთრად ზრდის ტემპერატურას ჩრდილოეთ ამერიკაში. ოკეანის „მაგისტრალს“, კალიფორნიის დინებას ცივი წყლის მასები გადააქვს სამხრეთით – კანადიდან მექსიკის ქვემო კალიფორნიის შტატამდე. გზად ქარები თბილ ზედაპირულ წყლებს გადარეკავენ ოკეანის სიღრმისკენ, რაც ამ „მაგისტრალზე“ ღრმა წყლების ზედაპირზე ამოწევას განაპირობებს. ეს კი გაცილებით გრილი, საკვებით მდიდარი ზღვების წყლის მასებს ქვემოდან ზემოთკენ უბიძგებს. ამ ყველა არასტაბილურ ცვლილებას შეუძლია თავდაყირა დააყენოს სიცოცხლე ზღვაში.
ალასკაში ჩასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბოლო დროის ამ დათბობის მასშტაბების გასარკვევად, ორეგონის სანაპიროდან კილომეტრების მოშორებით საკვლევ გემზე ვიყავი. ბილ პიტერსონი გემბანზეა ჩამუხლული და ცხვირი ლაბორატორიულ მაცივარში აქვს შეყოფილი. იქ ოკეანის სიღრმიდან იმ წუთას ბადით ამოღებული ნადავლია მოთავსებული. NOAA-ს ოკეანოგრაფი მაჩვენებს, როგორ დრამატულად შეიცვალა აღმოსავლეთ წყნარი ოკეანე. „ ერთი ამას შეხედე, რა საზიზღრობაა!“ – წამოიძახა მან – მაცივრის ძირში მოტივტივე, ღრმა ოკეანის საკვები ასორტიმენტი ძრავის ზეთის მაგვარი, ბლანტი და მღვრიე მასა აღმოჩნდა.
ბოლო 20 წელია, პიტერსონის გუნდი ორ კვირაში ერთხელ მოდის აქ და იმ პაწაწინა მცენარეებსა და ცხოველებს აგროვებს, რომლებიც პლანეტის ოკეანური სისტემის საფუძველს ქმნიან. მთავარი კერძი ამ საინტერესო „სასადილოში“, წესით, ორი სანტიმეტრის სიგრძის კრილი უნდა იყოს. წლის ამ დროს კრილი უხვად უნდა მოიპოვებოდეს, მაგრამ პიტერსონის ნადავლში უმეტესად ნაკლებად ნოყიერი, თხელი წყალმცენარეები და პატარა მედუზები იყვნენ.
ოკეანეში ტემპერატურის მკვეთრად ზრდამ სულ აურია ეს ბუნებრივი სისტემა: დათბობიდან ცოტა ხნის შემდეგ, სამხრეთ წყნარი ოკეანისთვის უფრო დამახასიათებელი არგონავტები (მოლუსკების სახეობა) სამხრეთ კალიფორნიასთან შენიშნეს; ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში ტროპიკული მთვარათევზები და ლურჯი ზვიგენები დაიჭირეს; კალიფორნიაში გავრცელებულმა ოპალისებრმა კალმარებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკაში დაყარეს ქვირითი. რამდენიმე შხამიანი პელამიდა ცენტრალური ამერიკიდან ლოს-ანჯელესის პლაჟებისკენ გადასრიალდა. პიტერსონის გუნდმა ისეთი ტროპიკული და სუბტროპიკული ზოოპლანქტონები დაიჭირა, რომლებიც მანამდე არასდროს ენახათ. პიტერსონმა შორეული ზონებისთვის დამახასიათებელი, 20-მდე ახალი სახეობა აღრიცხა.
კრილთან შედარებით, ეს ზოოპლანქტონები დამჭკნარი სალათის ფოთლებივით იყო ზღვის ბინადართა რაციონისთვის: მცირე და ნაკლებად ნოყიერი. ამ ღარიბული და დაბალკალორიული „დიეტის“ კვებით ჯაჭვში ცირკულაციის შედეგად, ალასკის ყურეში ბინადარი მანტიის პოპულაცია სულ რაღაც ოცდაათ წელიწადში თავის უდაბლეს მაჩვენებლამდე დაეცა. ხოლო კუკის უბეში დაჭერილ პალტუსს ფაფისმაგვარი ხორცი აღმოაჩნდა, რაც არასაკმარისი კვების ნიშანია. საკვების უკმარისობით „ჩამომხმარი“ ალეუტის ალკის კოლონია დასავლეთ სანაპიროს დინებებს დაუბრუნდა. ეს ცვლილებები სხვა ძვრებსაც დაემთხვა. ისედაც შემცირებული პერუული სარდინების პოპულაცია იმდენად შემცირდა, რომ მისი წარმოება 1950-იანი წლებიდან მოყოლებული პირველად დახურეს. არაბუნებრივმა სითბომ დარჩენილი თევზები აიძულა, საკვების საძებნელად შორს წასულიყვნენ. ისედაც შემცირებული ანჩოუსები, თითქოს, ყველგან გაქრნენ, მონტერეის უბის გარდა, სადაც ისინი უზარმაზარი რაოდენობით მოგროვდნენ და გამოიწვიეს უცნაური კვებითი სიშმაგე: უბეში ერთდროულად 50 ან მეტი ვეშაპი სადილობდა. ფრინველებიც დაზარალდნენ; დაახლოებით ასი ათასამდე ალეუტის ალკა (კრილის მჭამელი) დაიხოცა შიმშილისგან. ეს აშშ-ის ისტორიაში ფრინველთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაღუპვა იყო. თვეების შემდეგ კი, ასობით ათასი წვრილნისკარტა კაირა დაიხოცა.
ალბათ მაინც, ყველაზე ამაზრზენი სანახავი იყო კალიფორნიაში გამორიყული, გაძვალტყავებული და ავადმყოფი ზღვის ლომის ნაშიერები; იხოცებოდნენ აივნებისა თუ გაჩერებული სატვირთო მანქანების ქვეშ. ნოყიერი სარდინებისა და ანჩოუსების გარეშე დარჩენილ მათ დედებს დაბალი კვებითი ღირებულების კალმარების, წყნარი ოკეანის ხეკებისა და ზღვის ქორჭილების ჭამა უწევდათ, რის გამოც ნაშიერების რძით კვება დროზე ადრე შეწყვიტეს. მაშინ, ხუთი თვის განმავლობაში 3000-მდე ზღვის ლომის ნაშიერი დაიღუპა.
ნიუპორტში (ორეგონი), თავის ოფისში მიბრუნებული პიტერსონი საგონებელში ჩავარდნილი ოხრავდა. მთელი ცხოვრება ზღვის შესწავლით დაკავებულ მკვლევარს ეს უჩვეულოდ გამთბარი ოკეანე აბნევდა: „ეს იმას ჰგავს, ფანჯარასთან მდგომს, უცებ მაკაო რომ ჩაგიფრენს“.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ „უფორმო მასა“ ბუნებრივი მოვლენების ახალი „წევრია“. ის არ არის ნორმალური. ამ ცვლილებებიდან ან სულ რამდენიმე შეიძენს მუდმივ სახეს, ან სულაც – არცერთი. პერმანენტული ხასიათიც რომ მიიღოს, ეს არ იქნება ზღვის სამყაროს დაღუპვის მომასწავებელი. ოკეანეში ცხოვრება გაგრძელდება. მაგრამ „უფორმო მასა“ ოკეანეს სთავაზობს მომავალი კლიმატური ცვლილების პირობებში არსებულ ზღვის ანალოგის სურათს. ამ მომავლის ზღვაში კი ცოცხალი სამყარო ძალიან განსხვავებული იქნება.
პიტერსბერგთან (ალასკა) მკვლევარი ცელნამგალა ვეშაპის ზურგის ფარფლს აკვირდება. სავარაუდოდ, ის ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა. მაგრამ არაბუნებრივად თბილმა წყალმა ტოქსიკური წყალმცენარეები გაამრავლა. ეჭვობენ, რომ ეს მრავალი ვეშაპის სიკვდილის მიზეზია.
მედუზის მსგავსი არსებები ფარავენ ორეგონის პლაჟს, ძველი გემის ჩონჩხთან. ბოლო პერიოდში უჩვეულო ქარებითა და დინებებით გათბა წყნარი ოკეანე და მილიონობით მოტივტივე ეს არსება გამოირიყა ნაპირზე, სამხრეთ კალიფორნიიდან ბრიტანეთის კოლუმბიამდე. ფოტო: ტიფანი ბუთი, ზღვისპირა აკვარიუმი
კუზა ვეშაპები „თევზაობენ“ კალიფორნიაში, მონტერეის უბეში. 2015 წელს ანჩოუსები მწირად მოიპოვებოდა მსოფლიოს ბევრ ადგილას, მაგრამ შემდეგ იმდენმა მოიყარა თავი ამ უბეში, რომ 50-60 ვეშაპი ერთდროულად ნადიმობდა.
2015 წელს კალიფორნიაში, ლაგუნა-ბიჩზე მდებარე წყნარი ოკეანის ძუძუმწოვართა ცენტრში ასობით გაძვალტყავებული ზღვის ლომის ნაშიერი გადაარჩინეს. ანჩოუსებისა და სარდინების რიცხვის შემცირების გამო, ათასობით ზღვის ლომს მოუწია ნაკლებკალორიულ საკვებზე გადასვლა ან გაურთულდა ნადავლის ძიება, რადგან თბილმა წყლებმა შორს მიგრირება აიძულა. ფოტო: ჯეი სი. ჰონი, AP PHOTO
ოპალისებრი კალმარები, რომლებიც, ჩვეულებრივ, კალიფორნიაში ყრიან ქვირითს, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კლემტუსთან დაცურავენ თავიანთი შთამომავლობის სიახლოვეს. 2015 წელს კალმარის ქვირითი აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის შორეულ ალასკაშიც კი აღმოაჩინეს.
მთვარათევზი მედუზის მაგვარ არსებას მისდევს. ზოგან საშუალოზე ოთხი გრადუსით გაზრდილი ტემპერატურის გამო, მრავალმა სუბტროპიკულმა ზღვის ბინადარმა გადმოინაცვლა წყნარი ოკეანის სანაპიროსთან.
დახოცილი წითელი კიბორჩხალები მონტერეის უბესთან ზღვის ზედაპირზე ტივტივებენ. 2015 წელს ეს კიბორჩხალები უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოჩნდნენ და ხშირად ირიყებოდნენ კალიფორნიის სანაპირო ზოლზე.
გიგანტურმა რვაფეხამ ბრიტანეთის კოლუმბიის ნაპირებთან გადმოინაცვლა. წყნარ ოკეანეში მიმდინარე უკანასკნელმა ცვლილებებმა დროებით სახე უცვალა მრავალი არსების მიგრაციის მარშრუტსა და კვების რაციონს.
ჰუდ-კანალი, ვაშინგტონის შტატი. მომაკვდავი სხივფარფლიანი გველთევზა მკვდარ კრევეტებს შორის იხვევა. 2014 წელს აქ თბილი ზღვის წყალი შემოიჭრა, გველთევზები და ზღვის სხვა არსებები დაიღუპნენ.
ბიოლოგი დები ბოეგ-ტობინი მოზღვავებულ ემოციებს იოკებს და ისე ამშვიდებს მომაკვდავ წავს ალასკაში, ჰომერის კენჭებიან სანაპიროზე. 2015 წლის სექტემბერში, მხოლოდ ერთ თვეში, აქ 79 მკვდარი წავი იპოვეს.
პიტერსბერგთან (ალასკა) მკვლევარი ცელნამგალა ვეშაპის ზურგის ფარფლს აკვირდება. სავარაუდოდ, ის ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა. მაგრამ არაბუნებრივად თბილმა წყალმა ტოქსიკური წყალმცენარეები გაამრავლა. ეჭვობენ, რომ ეს მრავალი ვეშაპის სიკვდილის მიზეზია.
მედუზის მსგავსი არსებები ფარავენ ორეგონის პლაჟს, ძველი გემის ჩონჩხთან. ბოლო პერიოდში უჩვეულო ქარებითა და დინებებით გათბა წყნარი ოკეანე და მილიონობით მოტივტივე ეს არსება გამოირიყა ნაპირზე, სამხრეთ კალიფორნიიდან ბრიტანეთის კოლუმბიამდე. ფოტო: ტიფანი ბუთი, ზღვისპირა აკვარიუმი
კუზა ვეშაპები „თევზაობენ“ კალიფორნიაში, მონტერეის უბეში. 2015 წელს ანჩოუსები მწირად მოიპოვებოდა მსოფლიოს ბევრ ადგილას, მაგრამ შემდეგ იმდენმა მოიყარა თავი ამ უბეში, რომ 50-60 ვეშაპი ერთდროულად ნადიმობდა.
2015 წელს კალიფორნიაში, ლაგუნა-ბიჩზე მდებარე წყნარი ოკეანის ძუძუმწოვართა ცენტრში ასობით გაძვალტყავებული ზღვის ლომის ნაშიერი გადაარჩინეს. ანჩოუსებისა და სარდინების რიცხვის შემცირების გამო, ათასობით ზღვის ლომს მოუწია ნაკლებკალორიულ საკვებზე გადასვლა ან გაურთულდა ნადავლის ძიება, რადგან თბილმა წყლებმა შორს მიგრირება აიძულა. ფოტო: ჯეი სი. ჰონი, AP PHOTO
ოპალისებრი კალმარები, რომლებიც, ჩვეულებრივ, კალიფორნიაში ყრიან ქვირითს, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კლემტუსთან დაცურავენ თავიანთი შთამომავლობის სიახლოვეს. 2015 წელს კალმარის ქვირითი აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის შორეულ ალასკაშიც კი აღმოაჩინეს.
მთვარათევზი მედუზის მაგვარ არსებას მისდევს. ზოგან საშუალოზე ოთხი გრადუსით გაზრდილი ტემპერატურის გამო, მრავალმა სუბტროპიკულმა ზღვის ბინადარმა გადმოინაცვლა წყნარი ოკეანის სანაპიროსთან.
დახოცილი წითელი კიბორჩხალები მონტერეის უბესთან ზღვის ზედაპირზე ტივტივებენ. 2015 წელს ეს კიბორჩხალები უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოჩნდნენ და ხშირად ირიყებოდნენ კალიფორნიის სანაპირო ზოლზე.
გიგანტურმა რვაფეხამ ბრიტანეთის კოლუმბიის ნაპირებთან გადმოინაცვლა. წყნარ ოკეანეში მიმდინარე უკანასკნელმა ცვლილებებმა დროებით სახე უცვალა მრავალი არსების მიგრაციის მარშრუტსა და კვების რაციონს.
ჰუდ-კანალი, ვაშინგტონის შტატი. მომაკვდავი სხივფარფლიანი გველთევზა მკვდარ კრევეტებს შორის იხვევა. 2014 წელს აქ თბილი ზღვის წყალი შემოიჭრა, გველთევზები და ზღვის სხვა არსებები დაიღუპნენ.
ბიოლოგი დები ბოეგ-ტობინი მოზღვავებულ ემოციებს იოკებს და ისე ამშვიდებს მომაკვდავ წავს ალასკაში, ჰომერის კენჭებიან სანაპიროზე. 2015 წლის სექტემბერში, მხოლოდ ერთ თვეში, აქ 79 მკვდარი წავი იპოვეს.
უფრო თბილი ტემპერატურა აჩქარებს თევზის მეტაბოლიზმს, რის გამოც მათ მეტი საკვების მიღების მოთხოვნილება უჩნდებათ მაშინ, როდესაც მათი რაციონი ზღვაში თანდათან მცირდება. ბოლო კვლევების თანახმად, თევზის ზოგიერთი სახეობისთვის მოსალოდნელია ზომით დაპატარავება, მეტი დაავადებები და, ხშირ შემთხვევაში, პოპულაციის შემცირება. კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, თევზებისა და პლანქტონების მრავალი სახეობა, შედარებით გრილი გარემოს საძებნელად, უკვე მიგრირებს პოლუსებისკენ.
ცივწყლიანი, მდიდარი ზონების შემცირების კვალდაკვალ, თევზები და მტაცებლები თავს მოიყრიან ერთ საერთო ადგილებში, რაც მათ ახალ პრობლემებს მოუტანს.
როდესაც ზღვის ბინადარნი სადმე ახალ ადგილას გამოჩნდებიან, შესაძლოა, ოკეანესთან ჩვენი დამოკიდებულებაც შეიცვალოს. ქალაქ პასიფიკაში (კალიფორნია) რიჩარდ შეფერს შევხვდი. თავისუფალ დროს ის თევზსაჭერი სატყორცნი შუბით ყვინთავს. როდესაც სითბურმა ტალღამ სარეწ თევზს მექსიკიდან ჩრდილოეთისკენ უბიძგა, ლოს-ანჯელესის შემოგარენის მეთევზეებს კარგი დრო დაუდგათ. 2015 წლის აგვისტოში ფიშერმაც გასწია სან-დიეგოს დასავლეთით მდებარე სანაპიროსკენ. მოინადირა თუ არა შუბით ერთი ყვითელკუდა სტავრიდა, უცებ მშიერმა ზღვის ლომმა ჩაუარა. ფიშერმა იცოდა, რომ ზღვის ლომები მეთევზეებს პარავენ დიდ თევზებს, განსაკუთრებით, სარდინების შემცირების პირობებში. ამიტომ თავისი ნადავლით, სასწრაფოდ ნავისკენ გაცურა. მაგრამ ახლა ორმეტრიანი თავჩაქუჩა ზვიგენი შეეფეთა, რომელმაც მაჯაზე უკბინა. ეს ზვიგენი კალიფორნიაში იშვიათად ჩნდება, მისი თავდასხმაც იშვიათია. თუმცა 2015 წელს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც ერთმა მეცნიერმა თბილი წყლით შემოტყუებული „თავჩაქუჩების გაუთავებელი აღლუმი“ უწოდა. ზვიგენმა შეფერს მოტეხა ნეკი, დაუზიანა თითის სახსარი და მყესი, 40 ნაკერის დადებაც დასჭირდა. ზღვაში ყოველ ცვლილებას შეუძლია გამოიწვიოს მორიგი ალტერაცია, რომელსაც არავინ მოელის.
საღამოობით ჰომერ-სპიტში ცა ვარდისფრდება. კეთი ლეფევრი პიკაპიდან ხტება სანაპიროზე და მკვდარ წავს აკვირდება. წინა წლებში წავები, ძირითადად, სტრეპტოკოკური ინფექციის გართულებით დაიხოცნენ. წელს ზოგიერთი მკვდარი წავი გამოფიტული ჩანს, დანარჩენები თითქმის ნორმალური წონის არიან. ალასკის საზღვაო ეროვნული ველური ბუნების ნაკრძალის სტაჟიორები გამოკვლევას იწყებენ. ერთ-ერთი ლეფევრს უყვება, ერთი კვირის წინ სპაზმებით აცახცახებული წავი ვნახეო. ლეფევრი ინთება: „შენს ნაამბობზე, მთელი სხეული ამიკანკალდა! მეც მინახავს ასეთი რამ, ოღონდ ზღვის ლომებში!“
1998 წელს, სანტა-კრუზში, კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტობის პერიოდში, ლეფევრმა შეიტყო, რომ ათობით ზღვის ლომს ღებინება და კრუნჩხვები ეწყებოდა. ლეფევრი ინტუიციით ხვდებოდა მიზეზს: გაზაფხულობით, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ყვავილობს ერთუჯრედიანი შხამიანი ზღვის წყალმცენარე (Pseudo-nitzschia), რომელიც გამოყოფს ნეიროტოქსინს, დომოის მჟავას და გროვდება მოლუსკებში. თუ ის ადამიანმა მიირთვა, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, მეხსიერების დაკარგვა და სიკვდილიც კი. ასევე შეუძლია მას ველური ბუნების დაზიანებაც.
1998 წელს ლეფევრმა დაავადებული ზღვის ლომების ექსკრემენტებში აღმოაჩინა დომოის მჟავა, ეს იყო პირველი მტკიცებულება, რომ ამ ტიპის ტოქსიკურ მცენარეს შეუძლია ავნოს ზღვის ძუძუმწოვრებს. იმ წელს Pseudo-nitzschia განსაკუთრებით შხამიანი გამოდგა. ელ-ნინიომ კალიფორნიაში მოიტანა არანორმალური ოკეანური სითბო, რამაც განაპირობა მისი არნახული ყვავილობა.
2015 წლის აპრილში ამ წყალმცენარემ იყვავილა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ დაჭკნობის ნაცვლად, ნამდვილ მონსტრად გარდაიქმნა: სახეცვლილი Pseudo-nitzschia 3200 კილომეტრზე გაიჭიმა, კალიფორნიის ჩანელის კუნძულებიდან, ვიდრე კოდიაკამდე. მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. სანაპიროს გასწვრივ მოლუსკების ზოგიერთი სარეწი დაიხურა. შხამიანი ნივთიერების კონცენტრაცია 30-ჯერ აღემატებოდა მაჩვენებელს, რომელიც, ჩვეულებრივ, მაღალ დონედ ითვლება. ზოგიერთ თევზში, მაგალითად, ანჩოუსში დომოის მჟავის ადამიანისთვის საშიში რაოდენობა აღმოჩნდა. ეს იშვიათობა იყო. აღმოჩნდა, რომ ტოქსინმა დააავადა ასობით ზღვის ლომი, ზღვის ფრინველი, ზღვის ღორი და სელაპი. წყალმცენარის ყვავილობამ ნოემბრამდე გასტანა.
შემდეგ ალასკაში დაიხოცნენ ვეშაპები, ძირითადად, ფინვალები და კუზები. ლეშების უმეტესობა ისე მოშორებით ირიყებოდა, რომ სინჯების აღება ვერ ხერხდებოდა. ბრიტანეთის კოლუმბიის ნაპირებზე გამორიყული რამდენიმე ვეშაპის ნარჩენში კი შეიმჩნეოდა დომოის მჟავის კვალი, მაგრამ ეს ტოქსინი ორგანიზმიდან ისე სწრაფად გამოირეცხება, რომ შეუძლებელია დოზის დადგენა. მეცნიერებს მტკიცებულება აკლდათ, თუმცა უმეტესობა იზიარებდა ამ თეორიას: როგორც ჩანს, ვეშაპებმა შეჭამეს კრილი, ნიჩაბფეხიანები ან თევზი, რომელიც გაჯერებული იყო შხამიანი ნივთიერებით. შედეგად, ვეშაპები ან უმალვე დაიხოცნენ, ან ტვინი დაუზიანდათ და ნავიგაციისა და კვების ფუნქციები დაუქვეითდათ. „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სხვა სცენარების უმეტესობა გამოვრიცხეთ, გონებაში ყველაზე მეტად ტოქსიკური წყალმცენარეების ვერსია მიტივტივებს“, ამბობს ენდრიუ ტრაიტსი, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ზღვის ძუძუმწოვართა კვლევითი დანაყოფის დირექტორი.
ჰომერ-სპიტში კი ლეფევრი საკუთარ თავს ეკითხება: იქნებ, ზღვის წყალმცენარეების ბრალია ალასკის წავების სიკვდილი? შემდეგ ნიმუშების შესაგროვებელ პოლიეთილენის პარკებს ხსნის, იცვამს ხელთათმანებს, იხრება გაშეშებულ წავთან და მუშაობას იწყებს.
„უფორმო მასა“ 2015 წლის დეკემბერში დაცხრა. მძლავრი ელ-ნინიოს მოსვლასთან ერთად, ამ მასის მხურვალება ზღვის სიღრმეში ჩაიკარგა. მაგრამ რას მოასწავებს ეს სითბო? ამის ახსნას წლები დასჭირდება. ახალი კვლევის თანახმად, კლიმატური ცვლილებების გამო, „უფორმო მასის“ მსგავსი სითბური ტალღები შეიძლება უფრო ხშირი და ინტენსიური გახდეს. მეცნიერები პროგნოზირებენ „უფრო ექსტრემალურ და უჩვეულო მოვლენებს. ყველაფერი უფრო ქაოტური ხდება“, ამბობს რაფაელ კუდელა, სანტა-კრუზში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის ოკეანურ მეცნიერებათა პროფესორი. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ ტოქსიკური ყვავილობაც შედარებით ხშირი, მეტად გავრცელებული და კიდევ უფრო შხამიანი იქნება.
ამ ცვლილებებმა, შესაძლოა, ადამიანსაც შეუქმნას პრობლემები. მე შევხვდი მეთევზე დიკ ოგს; ის თევზსაჭერი ნავის, „კარენ-ჟინის“ ტვირთის შესანახ განყოფილებას არემონტებდა. ოგი თევზაობს ორაგულზე, გრძელფარფლიან თინუსსა და ანოპლოპომაზე თევზზე, თუმცა რეალურ ფულს კიბორჩხალებით შოულობს. მიუხედავად ამისა, თვეებია, ზღვაში თითქმის არ გასულა. კიბორჩხალას ჭამა ტოქსიკური ყვავილობიდან დიდი ხნის შემდეგაც სახიფათო იყო. ამიტომ კალიფორნიაში მისი ამოღება თვეობით დაგვიანდა, რაც ციფრებში 48 მილიონ აშშ დოლარის ზარალს უდრიდა.
თუმცა, ყველაფერი, რაც კი „უფორმო მასამ“ წარმოქმნა, არ არის აუცილებლად რაიმე მოვლენის ინსპირატორი. გლობალური დათბობის ათწლეულებს რომ დავაკვირდეთ, და არა „უფორმო მასის“ სულ რაღაც ორწლიან პერიოდს, დავინახავთ, რომ მცენარეები და ცხოველები შეიძლება შეეგუონ ახალ პირობებს ან გადაადგილდნენ. შესაძლოა, „უფორმო მასის“ ზემოქმედების გარეშეც მასობრივად დახოცილიყვნენ ზღვის ბინადარნი.
სხვა ცვლილებებიც მოდის. ადიდებული ზღვები გარდაქმნის სანაპირო ზოლებს. ბუნებრივი დაბალჟანგბადიანი ზონები ფართოვდება ღრმა წყლებში. ოკეანის შემჟავების პროცესი მოლუსკებს კიდევ უფრო უმძიმებს ყოფას. ასე რომ, მომავლის პროგნოზირება რთულია – განსაკუთრებით მაშინ, როცა ამჟამინდელ მოვლენებშიც ძლივს გავრკვეულვართ.
კეთი ლეფევრმა მაინც ვერ მოახერხა წავების სიკვდილის საიდუმლოს ამოხსნა. 2015 წლისთვის უკვე 304 ინდივიდი დაღუპულიყო – წინა საშუალო მაჩვენებელზე ხუთჯერ მეტი. მეცნიერების მიერ გამოკვლეული ლეშების ერთ მესამედში იპოვეს ტოქსიკური წყალმცენარეების კვალი. თუმცა წავების უმეტესობის დაღუპვის უმთავრეს მიზეზად სტრეპტოკოკური ინფექცია მიიჩნიეს. ნეტავ, წყალმცენარეთა ტოქსინებმა დაასუსტეს ცხოველები? მოვლენები თბილმა წყალმა ხომ არ გააუარესა? „ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე ყველა ეს ცვლილება როგორ უკავშირდება ერთმანეთს“, მეუბნება ლეფევრი.
რამდენიმე კვირის შემდეგ მსგავსი დიალოგი ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფრინველთა ექსპერტთან, ჯულია პერიშთან მქონდა, რომელიც წვრილნისკარტა კაირების დაღუპვის საკითხს იკვლევს. მან არ იცის, ეს ზღვის ფრინველები მათთვის უცნობ ადგილებში მწირ საკვებს დაეძებდნენ, დომოის მჟავით დაიწამლნენ, თუ ქარმა გამორიყა ნაპირზე. „ეს მოვლენა ჯერ კიდევ გაუგებარია ჩემთვის“, მეუბნება ის.
ახლა ვხვდები, რომ ჩვენს ახალ ნორმად, სხვა ყველაფერზე მეტად, შეიძლება სწორედ ეს გადაიქცეს – ჩვენთვის აუხსნელი უფსკრული ოკეანეებს შორის, რომელსაც გვეგონა ვიცნობდით და რომელსაც უნებურად ვქმნიდით.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.