
სიტყვები შეარჩიეთ!
ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგება გავრცელებულ თეორიას, რომ რაიმეს წასაკითხად ენის ცოდნაა საჭირო
ამ გვერდის წასაკითხად აუცილებელია ნამდვილი და აბდაუბდა სიტყვების გარჩევის უნარი – ასოებისა და მათი ურთიერთკავშირის ამოცნობა. ახალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ უნარს ბაბუინებიც ფლობენ. ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგება გავრცელებულ თეორიას, რომ რაიმეს წასაკითხად ენის ცოდნაა საჭირო.
საფრანგეთის ექსმარსელის უნივერსიტეტში მკვლევრებმა ექვს ბაბუინს წინ დაუდეს ოთხი ასოსგან შედგენილი კომბინაციები. ცხოველები ხელით ეხებოდნენ ორიდან ერთერთ ფიგურას ეკრანზე და მიუთითებდნენ, რომელი იყო სიტყვა და რომელი – აბდაუბდა. დაახლოებით, 10,000 მცდელობის შემდეგ, ბაბუინებმა 75%-იანი სიზუსტით შეძლეს ნამდვილი სიტყვების ამოცნობა. ამას გარდა, ისინი წინასწარ ხვდებოდნენ, ასოთა მომდევნო მწკრივი იქნებოდა თუ არა სიტყვა. შედეგები მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, კითხვისას, ადამიანები ასოებს აღიქვამენ, როგორც ცალკეულ გამოსახულებას და არა როგორც სიმბოლოს, რომელიც სალაპარაკო ენასთან ასოცირდება, – ამბობს კვლევის თანაავტორი ჯონათან გრეინჯერი. შემდეგი ცდები გაარკვევს, რამდენად შეუძლიათ ბაბუინებს სიტყვების დაკავშირება მათ მნიშვნელობასთან.
ბაბუინებმა ისწავლეს ინგლისური სიტყვების გარჩევა (სურათზე ყავისფრად)
ასოთა უაზრო მწკრივისგან (ცისფრად) 75 პროცენტის სიზუსტით.