სხვა თვალით დანახული მაია
მაიას სამყაროს საუკუნეების განმავლობაში ფარავდა ჯუნგლები, ახლა კი რევოლუციური ტექნოლოგიებით ფარდა ეხდება მის გამაოგნებელ მასშტაბსა და განვითარების დონეს.
სხვა თვალით დანახული მაია
მაიას სამყაროს საუკუნეების განმავლობაში ფარავდა ჯუნგლები, ახლა კი რევოლუციური ტექნოლოგიებით ფარდა ეხდება მის გამაოგნებელ მასშტაბსა და განვითარების დონეს.
ორი არქეოლოგი ტულეინის უნივერსიტეტიდან და ორივე National Geographic-ის მკვლევარი, ჯამში უკვე ათწლეულებია ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებს შეისწავლის. ხშირი ტყის საბურველში გაუჩინარებული ცივილიზაციის, ათასწლეულების ისტორიის მქონე მაიას საგანძურის ძიებას მუდამ თან ახლდა გამთანგველი სიცხე და ტენიანობა, შეხვედრები საშიშ მტაცებლებსა და შეიარაღებულ მძარცველებთან. ამიტომ ირონიად, უსამართლობადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ამ მკვლევრებმა ყველაზე დიდი აღმოჩენა ახალი ორლეანის კონდიცირებულ ოთახში, კომპიუტერთან მუშაობის დროს გააკეთეს. ტულეინის უნივერსიტეტის თანამშრომელმა მარსელო კანუტომ ჩრდილოეთ გვატემალის ტყის ნაკვეთის აეროფოტო გახსნა. მისი კოლეგა ფრანსისკო ესტრადა-ბელიც ეკრანს უყურებდა. თავდაპირველად ეკრანზე მხოლოდ ხის კენწეროები გამოჩნდა. ეს გამოსახულება ლაზერული მანძილსაზომის – ლიდარის ტექნოლოგიით იყო მიღებული. ლიდარი საფრენ აპარატზე მაგრდება და ლაზერის მილიარდობით იმპულსს გზავნის მიწაზე, შემდეგ კი არეკლილ იმპულსებს ზომავს. იმპულსების მცირე ნაწილი, რომელიც ფოთლებს მიღმა აღწევს, საკმარის მონაცემებს აგროვებს ჯუნგლების ქვედა იარუსის გამოსახულების მისაღებად.
კანუტოს კლავიატურაზე რამდენიმე ღილაკის აკრეფა დასჭირდა ფოტოდან მცენარეულობის მოსაშორებლად და მიწის ზედაპირის სამგანზომილებიანი გამოსახულების მისაღებად. მეცნიერები უყურებდნენ დასახლებული პუნქტებისგან შორს მდებარე ტერიტორიას, რომელიც მეტწილად დაუსახლებლად მიიჩნეოდა მაიას ცივილიზაციის პიკის პერიოდშიც კი – 1100 წელზე მეტი ხნის წინ. მაგრამ უცაბედად გაირკვა, რომ ის, რაც ერთი შეხედვით გორაკის ჩვეულებრივ ფერდობებს ჰგავდა, ხელოვნური წყალსაცავებით, სასოფლო-სამეურნეო ტერასებით და საირიგაციო არხებით იყო გამოძერწილი, ხოლო ის, რაც პატარა მთებად მოჩანდა – უზარმაზარი პირამიდები აღმოჩნდა, რომელთა თავზე რიტუალური ნაგებობები იყო განთავსებული. დასახლებები, რომლებსაც არქეოლოგთა თაობები რეგიონულ დედაქალაქებად მიიჩნევდნენ, მხოლოდ გარეუბნები აღმოჩნდა აქამდე სრულიად უცნობი, ბევრად უფრო დიდი, კოლუმბამდელი პერიოდის ქალაქებისა, რომლებიც ერთმანეთს მოკირწყლული მაგისტრალებით უკავშირდებოდა.
„ახლა ჩვენ მგონი დაახლოებით იმას განვიცდით, რასაც ის ასტრონომები, რომლებმაც პირველად გაიხედეს ჰაბლის ტელესკოპში და თითქოსდა ცარიელი სივრცეები უცბად ვარსკვლავებითა და გალაქტიკებით აივსო“, – თქვა პროექტის პარტნიორმა თომას გარისონმა, რომელიც ლიდარის მონაცემებს იმავე პერიოდში გაეცნო.

ლიდარის გამოყენება რევოლუციას ახდენს მაიას არქეოლოგიაში და მეცნიერებს საინტერესო ძეგლების მიგნებაში ეხმარება. ამასთანვე, ლიდარის საშუალებით ხერხდება უძველესი ლანდშაფტის ფართო სურათის აღდგენაც. ამ ტექნოლოგიით ჩატარებულმა ათეულობით კვლევამ თავდაყირა დააყენა მყარად ფესვგადგმული წარმოდგენები ცივილიზაციაზე, რომელიც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე არასტუმართმოყვარე რეგიონში ყვაოდა. მათ შორისაა ზემოაღნიშნული კვლევაც, რომელიც Pacunam-ის (მაიას კლტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ფონდი, გვატემალა) დაფინანსებით განხორციელდა 2018 წელს.
„თითქმის შეუძლებელია გადაჭარბებით შეაფასო ლიდარის როლი მაიას არქეოლოგიაში“, – ამბობს გვატემალელი არქეოლოგი ედვინ რომან-რამირესი. – „ჩვენ ყოველთვის დაგვჭირდება ადგილზე მისვლა და გათხრების წარმოება იმ ხალხის შესასწავლად, რომელიც აღნიშნულ ნაგებობებს აშენებდა, ეს ტექნოლოგია კი ზუსტად გვაჩვენებს, თუ სად და როგორ უნდა გავთხაროთ“.
ეს გამოსახულებები აბათილებს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც მაიას დაბლობები კანტიკუნტად იყო დასახლებული და იქ მიმოფანტული იყო რამდენიმე ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული ავტონომიური ქალაქ-სახელმწიფო. ირკვევა, რომ მაია გახლდათ გამაოგნებელი მასშტაბის და უაღრესად კომპლექსური, მჭიდროდ შეკავშირებული ცივილიზაცია – მილიონობით ფერმერით, მებრძოლითა თუ მშენებლით დასახლებული მეგაპოლისი, რომელთაც შექმნეს ისეთი არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა, როგორსაც მანამდე ვერავინ წარმოიდგენდა.
გვატემალა ეკონომიკურად ღატაკი, თუმცა კულტურული მემკვიდრეობითა და ეკოლოგიური რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. ახალი აღმოჩენები მას საინტერესო პერსპექტივას უხსნის: ბევრი ახალი ძეგლი შეიძლება კულტურულ და ეკოტურიზმის ცენტრად იქცეს, რაც ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება. თუმცა, ესტრადა-ბელის, რომან-რამირესს თუ სხვა გვატემალელ არქეოლოგებსა და კონსერვაციონისტებს მაღალტექნოლოგიურმა გამოსახულებებმა მოვლენების განვითარების შემაშფოთებელი შესაძლებლობაც დაანახა: მძარცველების, ტყისმჭრელების, მიწის მიმტაცებლებისა, თუ ნარკოტიკებით მოვაჭრეების ნიშნები, რომლებიც ალყაში აქცევენ ამერიკის ორ კონტინენტზე ამაზონის შემდეგ უდიდეს ტროპიკულ ტყეს. ბევრი გვატემალელი შიშობს, რომ შესაძლოა წააგოს ლანდშაფტისა თუ საგანძურის დასაცავად გამართული მაღალფსონიანი რბოლა.

ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი მაიას ბიოსფერულ რეზერვატშია მოქცეული – ეს არის ეროვნული პარკების, ველური ბუნების ნაკრძალებისა და სატყეო კონცესიების გაერთიანება, სადაც მოსახლეობას შეშისა და ტყის სხვა პროდუქტების მოპოვება შეუძლია. გვატემალის ტერიტორიის თითქმის მეხუთედი რეზერვატშია მოქცეული, სადაც იაგუარები, წითელი მაკაო თუ სხვა, ასეულობით სახეობის ფრინველი, პეპელა, ქვეწარმავალი თუ ძუძუმწოვარი ბინადრობს.
ცივილიზაციის უფრო არიდული აკვნებისგან განსხვავებით, როგორებიცაა ეგვიპტე და შუამდინარეთი, ცენტრალური ამერიკის ტენიან ტყეებს იშვიათად თუ გაუციათ თავიანთი დამარხული საიდუმლოებანი. XIX საუკუნის ამერიკელმა მწერალმა ჯონ ლოიდ სტეფენსმა და მისმა ბრიტანელმა მეგზურმა, მხატვარმა ფრედერიკ კაზერვუდმა გამოიკვლიეს მაიას რამდენიმე მიტოვებული ქალაქი მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე. მცენარეულობით დაფარული პირამიდებისა და სასახლეების მათეულმა აღწერებმა და ჩანახატებმა სხვა მკვლევრების ყურადღებაც მიიპყრო, თუმცა, მრავალწლიანი გათხრების შემდეგ, არქეოლოგებმა მხოლოდ რამდენიმე პატარა სარკმლის გაჭრა თუ მოახერხეს მაიას სამყაროში.
2009 წელს არქეოლოგებმა დაიან და არლენ ჩეისებმა (ამჟამად ჰიუსტონის უნივერსიტეტის თანამშრომლები) რაღაც ახალი სცადეს ბელიზში მდებარე უძველეს ქალაქ კარაკოლში, რომელსაც 1985 წლიდან თხრიდნენ. ლიდარი, რომელიც თავდაპირველად მეტეოროლოგიასა და ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად გამოიყენებოდა, სულ უფრო და უფრო ხშირად ადიოდა ჰაერში კარტოგრაფებისა და მკვლევრებისთვის საქმის გასაადვილებლად.
„პროექტის დასაწყისში ვფიქრობდით, რომ კარაკოლი სულ რამდენიმე პირამიდისა და ტაძრის ჯგუფი იყო, – ამბობს არლენ ჩეისი, – მაგრამ, როდესაც ლიდარის გამოყენებით მოვხაზეთ კონტურები, აღმოვაჩინეთ, რომ სინამდვილეში ეს იყო უზარმაზარი, დეტალურად დაგეგმილი ქალაქი“. ამ მეტროპოლისში, სავარაუდოდ, სულ მცირე, 100 000 ადამიანი ცხოვრობდა, ქალაქ ბელიზის ახლანდელ მოსახლეობაზე თითქმის ორჯერ მეტი.
ჩეისების მიგნებამ სხვა არქეოლოგებისთვისაც ცხადი გახადა ამ ტექნოლოგიის პოტენციალი. 2021 წელს, Pacunam-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გვატემალის უდიდეს არქეოლოგიურ ძეგლ ტიკალზე ჩატარებული გათხრებიც კი სიურპრიზებით აღსავსე იყო. ეს ქალაქი, სულ ცოტა, ოთხჯერ იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე ეგონათ. მას ნაწილობრივ გარს ერტყა მასიური თხრილი და კილომეტრების სიგრძის დამცავი გალავანი. აღმოჩნდა, ასევე, დიდი პირამიდა და კომპლექსი, რომელშიც, სავარაუდოდ, ცხოვრობდა დაახლოებით 1250 კილომეტრის დაშორებით მდებარე კიდევ ერთი სუპერქალაქის, ტეოტიუაკანის ხალხი.
„ტიკალის, მაიას ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ქალაქის გულში ახალი ძეგლების აღმოჩენამ გვიჩვენა, თუ რამდენი კარის გაღება შეგვიძლია ლიდარით“, – ამბობს სამხრეთ ტიკალის არქეოლოგიური პროექტის ხელმძღვანელი რომან-რამირესი. – „ჩვენ ისეთი რაღაცების აღმოჩენა დავიწყეთ, რომელთა არსებობა აზრადაც არ მოგვდიოდა, მაშინაც კი, როდესაც მათ თავზე დავაბიჯებდით“.
ტიკალიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებით, არქეოლოგი რიჩარდ ჰანსენი დაბალ მიწაყრილზე მიცოცავს და ცოტა ხანს ჩერდება ფეხსაცმლიდან ტალახის ჩამოსაბერტყად.

არტეფაქტები გადაღებულია ჰოლმულის არქეოლოგიური პროექტის ლაბორატორიაში, ანტიგუა, გვატემალა
„წლების წინ მომარაგების მარშრუტი ამ შემაღლებულ, შედარებით მშრალ ადგილზე გადმოვიტანეთ, – ამბობს აიდაჰოს უნივერსიტეტთან ასოცირებული National Geographic-ის მკვლევარი ჰანსენი, რომელიც უძველესი ქალაქის, ელ-მირადორის კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელია,– და ლიდარამდე აზრად არ მოგვსვლია, რომ უძველეს მაგისტრალზე დავდიოდით“.
უძველესი მოკირწყლული გზა ახლა ნახევარმეტრიანი ტალახით არის დაფარული, მაგრამ საუკუნეების წინ გარშემო არსებულ ჭაობს დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლიდან გადმოჰყურებდა და მობათქაშებული იყო. ის იმ რთული საგზაო სისტემის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მირადორს 400-ზე მეტ სხვა დასახლებასთან აკავშირებდა. ქალაქის ცენტრთან ახლოს ეს გზა თითქმის 40 მეტრამდე (თანამედროვე რვაზოლიანი ავტობანი) ფართოვდება.
„ლიდარით ჩვენ ისეთი რაღაცების აღმოჩენა დავიწყეთ, რომელთა არსებობა მათზე სიარულისასაც კი არ მოგვდიოდა აზრად“.
არქეოლოგი ედვინ რომან-რამირესი
„წარმოგიდგენიათ, ხალხის რა რაოდენობას უნდა ემოძრავა აქ, რომ ასეთი მასშტაბის მშენებლობაზე დახარჯული რესურსი გამართლებული ყოფილიყო?“, – კითხულობს ჰანსენი. მტვრისა და ნიადაგის რადიონახშირბადული დათარიღებითა და ჩატარებული ანალიზებით მტკიცდება, რომ ეს ტერიტორია ძვ. წ. 2600 წელს უკვე დასახლებული იყო, ხოლო ზენიტის პერიოდში, ძვ. წ. 300-100 წლებში, ელ-მირადორი შესაძლოა ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქიც ყოფილიყო.
ის, თუ რატომ აირჩია ძველმა ხალხმა ეს ტერიტორია დასასახლებლად, იდუმალებით არის მოცული, რადგან წყლითაც კი არ მარაგდება მთელი წლის განმავლობაში. თუმცა, მაიას დაბლობებზე არსად არის ადამიანისთვის მარტივად შესაგუებელი გარემო. იმ მცირე საკვებ ნივთიერებებს, რომელთაც ნიადაგი შეიცავს, რეგულარულად, თვეობით რეცხავს თავსხმა წვიმები, რომლებსაც ხშირად გვალვა მოსდევს.
ჰანსენის კვლევის თანახმად, ელ-მირადორის პოპულაციის ზრდა უნდა უკავშირდებოდეს ნაყოფიერ ტალახს, რომელიც დაბლობის ჭაობებიდან აჰქონდათ დატერასებულ ფერდობებზე. მიწათმოქმედები ზრდიდნენ pH-ის დონეს ნიადაგში კირის დამატებით და შედეგად სიმინდის, გოგრის, ლობიოს, წიწაკისა და ბამბის უხვ მოსავალს იღებდნენ.
რეგიონში, რომელსაც ხან ზედმეტი ნალექი ტანჯავდა და ხანაც – მცირე, სკრუპულოზურად აკონტროლებდნენ წყლის დინებას არხების, დამბების, რეზერვუარებისა და სასოფლო-სამეურნეო ტერასების საშუალებით.

ფრანსისკო ესტრადა-ბელი (ლიდარის მონაცემები: Pacunam Lidar Initiative/NCALM)
კანუტო მაიას პოპულაციის სიმჭიდროვის მოდელირებას ახდენს და ფიქრობს, რომ სამეფოს ზენიტში მისი მოსახლეობა 10-15 მილიონს მიაღწევდა.
ელ-მირადორის დამაგვირგვინებელი, „ლა-დანტად“ წოდებული 72-მეტრიანი პირამიდის აშენებას მუშათა არმია დასჭირდებოდა, რომლებიც უროებსა და ობსიდიანის პირებს იყენებდნენ კირქვის ქანების საჭრელად, გასაბურღად და შემდეგ მართკუთხა ბლოკების გასაპობად. ჰანსენმა და მისმა კოლეგებმა ელ-მირადორის კარიერებზე ნაპოვნი იარაღების მიხედვით ახლები შექმნეს და პროცესის რეპლიკაცია განახორციელეს. მუშებმა დაახლოებით 400-კილოგრამიანი ბლოკების გადასატანი საშუალებები ხისგან გამოთალეს. „საკმარისი რაოდენობის მუშახელითა და მათი გამოკვების რესურსით მეფე თავისი სიცოცხლის ბოლომდე მოახერხებდა პირამიდის აშენებას“, – ამბობს ჰანსენი.
თუმცა, ბევრი ახალაღმოჩენილი ძეგლი სულაც არ არის ახალი მძარცველებისთვის. „სახელმწიფოს არ გააჩნია იმის ფინანსური რესურსი, რომ ჩვენი მემკვიდრეობა დაიცვას“, – ამბობს Pacunam-ის ფონდის პრეზიდენტი მარიანე ერნანდესი. „ახალ მონაცემებზე დაყრდნობით იმას მაინც ვიგებთ, თუ სად მდებარეობს ძეგლები. არქეოლოგების არმია რომ გვყავდეს, ძეგლების შესასწავლად გავუშვებდით, სანამ ისინი სულ გაპარტახდება“.
ძარცვა მხოლოდ ერთ-ერთია იმ საფრთხეთაგან, რომელთა წინაშეც მაიას ბიოსფერული რეზერვატი დგას. არაკანონიერი მოსახლეები ხშირად აჩენენ ხანძრებს მიწების გასაწმენდად და საქონლის ფერმების მოსაწყობად, რომლებსაც ხშირად ნარკოტიკებით მოვაჭრეები ფულის გასათეთრებლად იყენებენ. ბევრმა კონტრაბანდისტების თვითმფრინავის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლისთვის გაკაფა ჯუნგლი.
გვატემალის ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს გაუტყეურების შესაჩერებლად (ქვეყნის პირველყოფილი ტყეების 20% უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში გაქრა) და უკანონოდ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაგრამ მათი მუშაობა შეზღუდულია შესაბამისი აღჭურვილობის, საწვავისა თუ სანდო დაზვერვის სიმწირისა და მიმტაცებლების მიმართ არათანმიმდევრული მიდგომის გამო.
რატომ მიატოვა მაიამ ასეთი მაღალგანვითარებული დასახლებები? – ჯერჯერობით პასუხი არ ვიცით.
„პარკის მცველებს შეუსრულებელი მისია აკისრიათ“, – ამბობს როან ბალას მაკნაბი, რომელიც ბოლო დრომდე ველური ბუნების კონსერვაციის საზოგადოების გვატემალის ოფისს უძღვებოდა. „მათ უბრალოდ არ გააჩნიათ საჭირო რესურსები“.
ტურიზმი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გზა რესურსების მოსაზიდად. საზღვრის გადაღმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, მაიას ისეთი ძეგლები, როგორებიცაა ჩიჩენ-იცა და პალენკე, ადგილობრივი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. ეს ძეგლები ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. მექსიკა აშენებს ასევე საკამათო რკინიგზას – ე.წ. მაიას მატარებელი – რათა სანაპიროს დამსვენებლები და საკრუიზო გემების მგზავრები ქვეყნის სიღრმეში ცივილიზაციის ნანგრევებთან დააკავშიროს.
რკინიგზის აშენება ჰანსენსაც სურს. მას წარმოუდგენია მინიატიურული მატარებელი, რომელიც ტურისტებსა და მკვლევრებს ელ-მირადორსა და დანარჩენ რვა ძეგლზე მიაქროლებს, დაუპატიჟებელ სტუმრებს კი არ უშვებს. „ისეთი ხალხი უნდა დავუშვათ, ვისაც ძველი სამყაროს საოცრებების დათვალიერება და შესწავლა სურს, ხოლო მძარცველები, მიწის მიმტაცებლები, ნარკომოვაჭრეები და ტყისმჭრელები უნდა შევაკავოთ“, – ამბობს იგი.

მან წინადადებად წამოაყენა ორეროვანი ნაკრძალის შექმნა, რომელიც ლათინური ამერიკის პირველი ბუნებრივი ნაკრძალი იქნებოდა გზების, მანქანებისა და თვითმფრინავების გარეშე, სადაც მხოლოდ მატარებლით ჩასვლა იქნებოდა შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ჰანსენის იდეა გვატემალის ხელისუფლებაში გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს, ზოგი გვატემალელი ფიქრობს, რომ მეცნიერს მათი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მითვისება სურს მაიას დაბლობების არქეოლოგიურ, თემატურ პარკებად გადაქცევით პირადი სარგებლის მისაღებად.
ტერიტორიის შემოსაზღვრის იდეა არც გარემოსდამცველებს მოსწონთ. „საფუძვლიანი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არ გვაქვს ლათინურ ამერიკაში ნაკრძალები, რომლებშიც ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულ ადგილობრივ მოსახლეობას შესვლა არ შეუძლია – იმიტომ, რომ ეს არ მუშაობს“, – ამბობს მაკნაბი. „როგორც კი ადგილობრივს სადღაც შესვლას უკრძალავ და რესურსების მდგრადი გზით მოპოვების შესაძლებლობასაც არ სთავაზობ, ის, როგორც წესი, საქმის გასაკეთებლად უკანონო და დამაზიანებელ გზებს მოძებნის“.
დაახლოებით ათი სატყეო კონცესია საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მკაცრი წესების დაცვით ხე-ტყე მოიპოვონ რეზერვატში. კონსერვაციონისტები კვლევებზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ ადგილობრივი მეტყევეების საქმიანობის ნეგატიური გავლენა მინიმალურია ველურ ბუნებაზე. ტყის საფარი სტაბილურად ნარჩუნდება, ზოგ ადგილას – გაიზარდა კიდეც.
Pacunam-ის თანამშრომელ ერნანდესს სჯერა, რომ გარკვეული სახის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატს წარმატების მეტი შანსი აქვს: „ეკოტურიზმი და კულტურული ტურიზმი ამ არაჩვეულებრივი ადგილის დაცვის გარანტიაა, მაგრამ ეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ფრთხილი და მდგრადი მიდგომებით უნდა განხორციელდეს“.
თუმცა, Pacunam-იც მოყვა იმ გვატემალელთა კრიტიკის ქარცეცხლში, რომლებიც თითს იშვერენ ორგანიზაციის ინიციატივისკენ, მოეწყოს გზები და სხვა ინფრასტრუქტურა ამ ფაქიზ რეგიონში.
„Pacunam-ი ვერ ხსნის, თუ როგორ ითვალისწინებს მათი გეგმა ბუნების კონსერვაციას“, – ამბობს ჯუნგლების ალიანსის გვატემალის ოფისის დირექტორი ალეხანდრო სანტოსი. „მათი ფარული ინტერესი [მაიას ბიოსფერული] რეზერვატის სხვა ტიპის რესურსების, გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებაა“.
ქარიანი ელ-ტიგრეს პირამიდის თავზე რომ მოვექეცით, ჰანსენს ვკითხე, თუ რას ისურვებდა ელ-მირადორთან მიმართებაში, ბიუჯეტითა და ტექნოლოგიით რომ არ ყოფილიყო შეზღუდული.
„დროის მანქანას, – მითხრა მან,– აქაურობა მინდა ვნახო დიდების ზენიტში. 15 წუთითაც კი თანახმა ვარ. მინდა ვუყურო, როგორ აშენებდნენ ამ ყველაფერს, ვიხილო მუშათა არმიები, მწიგნობრები და ხელოსნები, ფერმები და სამეფო დღესასწაულები, რომლებშიც ყველა მონაწილეობდა“.
ლიდარის გამოსახულებებმა თავისი სამგანზომილებიანი რეალიზმით, ბევრად უფრო ადვილი გახადა ძველი ცივილიზაციის ლანდშაფტის წარმოდგენა – ბორცვების დატერასებული კალთები, ფართო ქუჩები და დიდი მოედნები, სასახლეები, სახელოსნოები და სათვალთვალო კოშკები. ამ ყველაფრის შემხედვარეს არ გასვენებს კითხვა: რატომ მიატოვა მაიამ ასეთი მაღალგანვითარებული დასახლებები? – ჯერჯერობით პასუხი არ ვიცით. კოლაფსის, კვლავ აღმშენებლობისა და აყვავების მშფოთვარე ციკლს IX საუკუნის მეორე ნახევარში მოჰყვა სასტიკი გვალვების სერია, რომელმაც, სავარაუდოდ, მთელ რეგიონში გაანადგურა მოსავალი. ბეილორის უნივერსიტეტის თანამშრომელი ჯული ჰოგართი მაიას სოფლის მეურნეობასა და ჯანმრთელობაზე გვალვის გავლენას იკვლევს და ამბობს, რომ პოპულაციის ზრდამ და ტყის გაკაფვამ შეიძლება გარკვეულ ადგილებში გარემოს დეგრადაციას შეუწყო ხელი.
„ამ ყველაფერს ემატება ის, – ამბობს ჰოგართი, – რომ მაიას მეფეები ღმერთებთან შუამავლებად მიაჩნდათ. წარმოიდგინეთ, როგორ დაკარგავდნენ ისინი ლეგიტიმაციას, თუკი წვიმის მოყვანას ვერ შეძლებდნენ და როგორ შეეძლო მოსახლეობას პირდაპირ ქალაქის მიტოვება გადაეწყვიტა“.
თუმცა, რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, IX საუკუნის ბოლოს მაიას ხალხი დასახლებებს ტოვებდა. მათ შეწყვიტეს მშენებლობა და დაიწყეს ნგრევა. როგორც ჩანს, ომები და ძალადობა იმ მრავალ მიზეზთა შორისაა, რამაც საბოლოოდ საზოგადოების კოლაფსი გამოიწვია.
ერთ საღამოს, მზის ჩასვლამდე, ელ-ტიგრეზე ავედი. ყველა მიმართულებით თვალუწვდენელ ტყეს ვხედავდი; ჯუნგლებგადავლილი ნანგრევები ლანდშაფტში ალაგ-ალაგ ბორცვებივით მოჩანდა. შეიძლება ერთ დღესაც ისინი ფრთხილად გაითხაროს და კონსერვაცია გაუკეთდეს ან – გაიძარცვოს და დაიკარგოს. ღრიალა მაიმუნების ხახისმიერი ხრიალის აკომპანემენტით ვუახლოვდები ელ-მირადორის პირამიდებისა და სასახლეების ცენტრალურ კომპლექსთან ახლოს მდებარე ძველ კარიერს. ბინდში ეხვევა გამოთლილი ქვის ერთადერთი ბლოკი, რომელიც ნაწილობრივ ფესვებით, ხვიარა მცენარეებითა და ნანგრევებით არის დაფარული. ნაგებობა, რომლის ნაწილადაც ეს ქვა მოიაზრებოდა, დაუსრულებელია – ისევე როგორც ჩვენი წარმოდგენა საზოგადოებაზე, რომელმაც სრულყოფილების გაუგონარ მწვერვალს მიაღწია თავის დროში.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში