სკოლა სახლიდან შორს
შაბანა ბასიჯ-რასიხი, Rolex National Geographic-ის „წლის მკვლევარი“, ავღანეთში გოგონებს ასწავლიდა, სანამ მას თალიბანი გამოაძევებდა. ახლა იგი რუანდაში ლტოლვილ ბავშვებს მომავლის იმედს აძლევს.
თალიბანის მიერ ოკუპირებულ ქაბულში ორი ბავშვი სავაჭრო ჩანთებით ხელში გამოვიდა სახლიდან. უფროსს ბურკა ეცვა, მოკლეთმიანს – შარვალი. ნებისმიერი გამვლელი იფიქრებდა, რომ და-ძმა საყიდლებზე გააგზავნეს. ყოველდღე სხვადასხვა გზას ადგებოდნენ. როდესაც დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, სანამ კარში შეიპარებოდნენ, ჯერ დარწმუნდნენ, რომ მათ არავინ აკვირდებოდა.
ისინი სკოლაში მიდიოდნენ.
1996 წლის შემოდგომა იყო და გოგონებისთვის განათლების მიღების უფლება ახლახან აეკრძალათ; მასწავლებლებსა და მშობლებს სიკვდილით დასჯის საფრთხე ემუქრებოდათ, თუ გოგონებს სკოლაში სიარულის ნებას დართავდნენ. უმცროსი ბავშვი, 6 წლის შაბანა ბასიჯ-რასიხი, ბიჭივით იცვამდა, რათა თავისი დის სავალდებულო თანმხლები მამაკაცის როლი შეესრულებინა. მათ საიდუმლოდ ჩატარებული გაკვეთილებისთვის თავიანთ ჩანთებში წიგნები ჰქონდათ დამალული. ერთ დღეს მათ იეჭვეს, რომ უთვალთვალებდნენ და დებმა თავიანთ მშობლებს სთხოვეს, სკოლაში მეტჯერ აღარ გაეშვათ. მშობლებმა უარი თქვეს: განათლება ამ რისკის ფასად ღირდა.
ორი წლის წინ, როდესაც ბასიჯ-რასიხი 31 წლის იყო, თალიბანი კიდევ ერთხელ ჩადგა ავღანეთის სათავეში. იმ დროს იგი ქვეყნის ერთადერთი გოგონათა პანსიონის, „ავღანეთის ლიდერობის სკოლის“ (SOLA), დამფუძნებელი იყო და გაქცევას უკვე თვეების განმავლობაში გეგმავდა. მან სასკოლო არქივი დაწვა და 256 თანამშრომელი, ოჯახის წევრი და სტუდენტი გააპარა ქაბულის ქაოსური აეროპორტიდან რუანდაში – ერთადერთ ქვეყანაში, რომელიც მათ მიღებას დათანხმდა.

გოგონების განათლება ყოველთვის ერთ-ერთი პირველი რამ იყო, რასაც თალიბანი ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ კრძალავდა. დღეს ავღანელ გოგონებს სკოლაში სიარული მეექვსე კლასის შემდეგ ეკრძალებათ; სასკოლო ასაკის გოგონების 20%-ზე ნაკლები ესწრება გაკვეთილებს. ახალი კანონით, მათ პარკებში გასეირნების უფლებაც არ აქვთ.
ქალები და გოგონები ნელ-ნელა უჩინარდებიან, ამბობს ბასიჯ-რასიხი, რომელიც 2023 წელს Rolex National Geographic-ის „წლის მკვლევრად“ დაასახელეს მისი დაუღალავი შრომისთვის იმის უზრუნველსაყოფად, რომ ავღანელმა გოგონებმა განათლების მიღება შეძლონ.
დღეს ბასიჯ-რასიხი და მისი თანამშრომლები SOLA-ს გადასახლებაში, რუანდაში მდებარე კამპუსიდან მართავენ – ქვეყნიდან, რომლის ხალხსაც ომისა და ლტოლვილობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. SOLA-ს პროფესორ-მასწავლებლები 61 სტუდენტს ასწავლიან, რომელთაგანაც ზოგიერთი ახლახან ჩამოვიდა უზბეკეთში, პაკისტანსა და ირანში არსებულ ავღანელ ლტოლვილთა დასახლებებიდან.
ავღანელები – მისი ქმრის, მატი ამინის ჩათვლით რომელიც პაკისტანის ერთ-ერთ ბანაკში გაიზარდა – მსოფლიოში მესამე უმსხვილეს ლტოლვილ მოსახლეობად იქცნენ. საშუალოდ, ლტოლვილები 10-დან 15 წლამდე პერიოდს ატარებენ გადასახლებაში. ბასიჯ-რასიხს და ამინს, რომლებსაც პირველი შვილი 2022 წელს შეეძინათ, სურთ, ადამიანებს ამ დაკარგული დროის ანაზღაურებაში დაეხმარონ.
გადასახლების მესამე წელს SOLA გეგმავს SOLA X-ის, მობილური სასწავლო პროგრამის, შემოღებას, რომელიც ბავშვებს სწავლის შესაძლებლობას თავიანთი მობილურებიდან, WhatsApp-ის მეშვეობით მისცემს. SOLA-ს lo-fi სისტემა მოიცავს სასაუბრო ჩატებს, რომლებიც კლასებივით იფუნქციონირებს. გაკვეთილები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი – მათ შორის ავღანეთშიც. მოსწავლეებს პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს გადასცემენ.
მანამდე კი SOLA ცდილობს, საფუძველი შეიქმნას რუანდაში, ყიდულობს მიწას და აშენებს კამპუსს, რომელიც მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით 200-ზე მეტ ბავშვს შეიფარებს და ასწავლის. როდესაც, ერთ დღესაც, სკოლა ავღანეთში დაბრუნდება, ეს ახალი კამპუსი ღია დარჩება – როგორც შორეული სახლი, თავშესაფარი – იმ შემთხვევისთვის, თუკი ექსტრემიზმი ავღანეთში მომავალშიც დაისადგურებს. მსოფლიოს გარშემო განათლების მიღებას ომის, კლიმატის ცვლილებისა და პოლიტიკის გამო ეშლება ხელი. მსოფლიოში დაახლოებით 244 მილიონი სასკოლო ასაკის ბავშვი არ ესწრება გაკვეთილებს. ბასიჯ-რასიხი თავის მისიად მიიჩნევს საგანმანათლებლო მოდელის აშენებას იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სახლიდან შორს ლტოლვილობა აიძულეს. „SOLA უბრალოდ სკოლა არ არის, – ამბობს იგი, – ის [საზოგადოებრივი] მოძრაობაა“.
პარი დუკოვიჩი არაერთი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფია, რომელიც პორტრეტების, მოდისა და რეპორტაჟის ჟანრებში მუშაობს. COVID-19-ის შესახებ მისი სტატია ჟურნალის 2020 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.