
სპარსეთი – დასჯა
დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოზე გამოსახული არიან ჯალათი დანით ხელში და განაჩენის აღსრულების მოლოდინში მყოფი ბორკილებდადებული პატიმრები
სპარსეთის მონარქიული მმართველობა, ხშირ შემთხვევაში, განუსაზღვრელად დესპოტური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად დამნაშავეების გასამართლება შარიათის კანონებით ხდებოდა, სინამდვილეში, საბოლოო განაჩენი გავლენიან პირებს გამოჰქონდათ. სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული სხვადასხვაგვარად ისჯებოდა; მსუბუქი დანაშაულის ჩამდენთა სასჯელი ფულადი ჯარიმით ან გაროზგვით შემოიფარგლებოდა. შედარებით მძიმე დანაშაულისთვის, დამნაშავეს ხელ-ფეხის მოკვეთითა და თვალების დათხრით სჯიდნენ. ხოლო უმაღლესი სასჯელის – სიკვდილით დასჯის თაობაზე გადაწყვეტილებას თავად შაჰი იღებდა.
დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოზე გამოსახული არიან ჯალათი დანით ხელში და განაჩენის აღსრულების მოლოდინში მყოფი ბორკილებდადებული პატიმრები. თუმცა უცნობია, სპარსეთში ტრადიციული დასჯის მეთოდის აღსაბეჭდად, ეს სცენა საგანგებოდ ფოტოგრაფისთვის დაიდგა, თუ რეალურ ფაქტს ასახავს.