სუდანის მომავალი
სუდანელი ახალგაზრდები წარსულით არიან შთაგონებულნი და უკეთეს მომავალს მოითხოვენ.


სუდანის მომავალი
სუდანელი ახალგაზრდები წარსულით არიან შთაგონებულნი და უკეთეს მომავალს მოითხოვენ.
გასული წლის ოქტომბრის ბოლოს, ორშაბათ დილას, სუდანის უკანასკნელი რევოლუცია ფიასკოს უახლოვდებოდა.
2019 წლის აპრილში ომარ ალ-ბაშირის 30-წლიანი ისლამისტური დიქტატურის დამხობიდან სულ რაღაც ორწელიწადნახევარი იყო გასული. ქვეყნის სამხედრო-სამოქალაქო სუვერენული საბჭო უარს ამბობდა სამხედრო დამნაშავეებისა და რეპრესიების, გენოციდის, საერთაშორისო სანქციების და სამხრეთ სუდანის გამოყოფის სამი ბნელი ათწლეულის მემკვიდრეობაზე.
თუმცა, 2021 წლის 25 ოქტომბრის შუადღისას, სამოქალაქო კონტროლზე დაგეგმილ გადასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამ აფრიკული ქვეყნის მომავალმა გეზი იცვალა. სუვერენული საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალ-ლეიტენანტმა აბდელ ფატაჰ ალ ბურჰანმა მთავრობა დაშალა და სამოქალაქო პრემიერ-მინისტრი შინაპატიმრობაში აიყვანა. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გადადგა და ქვეყანა სამოქალაქო ხელისუფლების გარეშე დარჩა. ამ ყველაფერს გენერალმა საგანგებო მდგომარეობა უწოდა, მაგრამ სუდანელებმა ეს გადატრიალებად ჩათვალეს და ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა გასაპროტესტებლად როგორც ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
როგორც XXI საუკუნეში რეჟიმის შეცვლას შეეფერება, სოციალურ მედიაში ყველაფერს რეალურ დროში გადმოსცემდნენ. მეც, ნახევარი მსოფლიოს იქით გაფაციცებით ვადევნებდი მოვლენებს თვალს ჩემს კომპიუტერში. სუდანს რევოლუციამდეც ვაკვირდებოდი, როდესაც National Geographic Society-ს გრანტის მფლობელების მუშაობას ვაშუქებდი. ისინი ქვეყნის ჩრდილოეთში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ. ჩემი პირველი საანგარიშო მოგზაურობა ბაშირის მმართველობის უკანასკნელ პარანოიდულ თვეებში შედგა. ჩვენს საექსპედიციო ჯგუფს უკვე მონიშნული ჰქონდა გასაქცევი გზა ეგვიპტის საზღვრისკენ იმ შემთხვევაში, თუ სუდანი ქაოსში ჩაიძირებოდა.
როდესაც 2019 წლის გაზაფხულზე ბაშირის მთავრობა დაემხო, გავრცელდა ფოტოები; ათასობით ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი შეიკრიბა რეჟიმისთვის მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად და განსხვავებული სამყაროს შექმნას მოითხოვდა. გამოირჩეოდა ერთი: ტრადიციულ სუდანურ თეთრ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი მანქანის თავზე იდგა, თითს საღამოს ცისკენ იშვერდა და ხალხთან ერთად სკანდირებდა: „ჩემი პაპა ტაჰარკაა, ჩემი ბებია კანდაკაა!“
გაოგნებული დავრჩი. ეს არ იყო პოლიტიკური ჯგუფის ან სოციალური მოძრაობის მხარდამჭერი სიმღერა. მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ ძველი კუშის მეფე ტაჰარტას და კუშის სამეფოს დედოფლებისა და დედა-დედოფლების შთამომავლები, რომელთა ტიტული იყო „კანდაკა“. სამეფო გვარის ეს წინაპრები უძღვებოდნენ დიდ იმპერიას, რომელიც იმართებოდა ჩრდილოეთ სუდანიდან და ოდესღაც დღევანდელი ხარტუმიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე იყო გადაჭიმული.

კუშის სამეფო, რომელიც ნუბიის სახელითაც არის ცნობილი, ოდესღაც მართლაც შთამბეჭდავი იყო, თუმცა იმჟამად ძველეგვიპტური ისტორიის სახელმძღვანელოების სქოლიოებში თუ მოიხსენიებოდა. სუდანშიც კი, ბაშირის რეჟიმის დროს გაზრდილი, სულ რამდენიმე სტუდენტი თუ სწავლობდა შორეული კუშის ისტორიას. მაშ, რატომ გახდა არქეოლოგებისთვისაც კი – და, მით უმეტეს, სუდანის ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის – ნაკლებად ცნობილი ძველი სამეფოს მემკვიდრეობა ასე უეცრად გამაერთიანებელი ძალა ხარტუმის ქუჩებში?
2020 წლის იანვარში, როდესაც სუდანში დავბრუნდი, რევოლუციის შემდგომ დედაქალაქში ენერგიის მოზღვავება იგრძნობოდა. ხარტუმში, სადაც სულ რაღაც ერთი წლის წინ შეიძლებოდა ქალი შარვლის ტარებისთვის გაეროზგათ, სუდანელი ახალგაზრდები მუსიკალურ ფესტივალებზე ცეკვავდნენ და კაფეებს ავსებდნენ. ქალაქის ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები თანამედროვე წამებულების – რევოლუციის დროს დაღუპული დაახლოებით 250 დემონსტრანტის პორტრეტებით და კუშის უძველესი ღმერთების თუ მეფეების ფრესკებით იყო მოხატული.
სუდანის უნიკალური მდებარეობა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის გადაკვეთაზე და ნილოსის სამი ძირითადი შენაკადის შესართავთან, მას იდეალურ ადგილად აქცევდა მძლავრი უძველესი სამეფოებისთვის, აგრეთვე ტერიტორიად, რომელიც უფრო გვიანდელი იმპერიების სამიზნე გახდა. თანამედროვე ეპოქაში ის ჯერ ოსმალურ-ეგვიპტური მმართველობის ქვეშ მოექცა, რასაც ბრიტანულ-ეგვიპტური ბატონობა მოჰყვა 1956 წლამდე, როდესაც სუდანის რესპუბლიკამ უკვე დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღეს მისი მრავალფეროვანი მოსახლეობა 400-ზე მეტ ენაზე მოლაპარაკე 500-ზე მეტ ეთნიკურ ჯგუფს მოიცავს და წარმოუდგენლად ახალგაზრდაა: მოსახლეობის 40% 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
სუდანი სიდიდით მესამე ქვეყანაა აფრიკაში. ამასთან, ის მსოფლიოში სიდიდით მესამე არაბული სახელმწიფოა (მისი სახელწოდება მომდინარეობს არაბული bilād al-sūdān-იდან, რაც „შავკანიანი ხალხების მიწას“ ნიშნავს). მას შემდეგ, რაც სუდანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას არაბულენოვანი პოლიტიკური ელიტა მართავს.
2019 წლის რევოლუციამდე ისლამისტური ხელისუფლება და არაბული ქვეყნების ლიგის წევრობა ბაშირის რეჟიმს ეხმარებოდა, რათა კუში წარმოეჩინა როგორც მისი ძლიერი თანამედროვე მოკავშირის – ეგვიპტის და, შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთის საერთო მემკვიდრეობა.

ოდესღაც კუშის სამეფოს სულიერი ცენტრი, ჯებელ-ბარკალი, ქვიშაქვის 30-სართულიანი შენობის სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს, რომელიც საჰარიდან არის ამოწვერილი და ნილოსის დასავლეთ სანაპიროს დაჰყურებს კარიმასთან ახლოს, ხარტუმიდან ჩრდილოეთით, 350-იოდე კილომეტრში. დაახლოებით 2700 წლის წინ, მეფე ტახარტამ ამ წმინდა მთის თავზე თავისი სახელი ამოკვეთა და ოქროთი დაფარა, როგორც ბრწყინვალე, ტრიუმფალური პასუხი მტრებს. მთის ძირში ამონის დიდი ტაძრის ნანგრევებია. ის თავდაპირველად ეგვიპტელებმა ააშენეს, რომლებმაც კუშის კოლონიზაცია მოახდინეს ძვ.წ. XVI საუკუნეში. ხუთი საუკუნის განმავლობაში, როდესაც კუშის სამეფოს ეგვიპტე აკონტროლებდა, ამონის ტაძარი მრავალჯერ გადააკეთეს ახალი სამეფოს ფარაონებმა: ეხნატონმა, ტუტანხამონმა, რამზეს დიდმა.
თუმცა, ამონის ტაძრის ნანგრევები ახალი სამეფოს დაშლისა და კუშის სამეფოში ეგვიპტური მმართველობის უკანდახევის ეპოქას ეკუთვნის. ძვ.წ. VIII საუკუნისთვის ჯებელ-ბარკალი გახდა კუშის დედაქალაქის, ნაპატას ცენტრი, საიდანაც ადგილობრივმა მმართველებმა ძალაუფლება გააერთიანეს და თავად დაიპყრეს ყოფილი დამპყრობელი.
პიანხი, ტახარტას მამა, კუშის სამეფოს ტახტზე ძვ.წ. 750 წელს ავიდა. მან თავისი ჯარი შეკრიბა და ჩრდილოეთით, დასუსტებული ეგვიპტისკენ გაემართა. მიიტაცა ტაძრები, დაიპყრო ქალაქები და მთელი ზემო და ქვემო ეგვიპტე დაიმორჩილა. კუშის სამეფო, რომლის ტერიტორია ახლანდელი ხარტუმიდან ხმელთაშუა ზღვამდე ვრცელდებოდა, მცირე ხნით იყო უდიდესი იმპერია, რომელიც რეგიონს აკონტროლებდა. საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში კუშის მეფეები: პიანხი, შაბაკა, შაბატაკა, ტახარტა და ტანტამანი ეგვიპტის 25-ე დინასტიას წარმოადგენდნენ, რომელსაც ხშირად შავ ფარაონებად მოიხსენიებენ.
კუშის ისტორია ძველმა ეგვიპტელებმა წაშალეს, შეუმჩნეველი დარჩათ ევროპელ მკვლევრებს და იგნორირებული იყო ზოგიერთი დასავლელი მეცნიერის მიერ.
ეგვიპტეზე გამარჯვების შემდეგ, პიანხი ჯებელ-ბარკალში დაბრუნდა, რათა ამონის ტაძარი გაეფართოებინა და კუშების მიერ ყოფილი კოლონიზატორების დაპყრობის სცენებით შეემკო. დღეს დაპყრობის ეს ისტორია, რომელშიც ჭარბობს ეგვიპტის ჯარების შემმუსვრელი კუშების ეტლების ნახატები, ქვიშის ქვეშ 4,5 მ სიღრმეზე არის ჩამარხული. რამდენიმე სცენა, რომლებიც ათასწლეულებს გადაურჩა, 1980-იან წლებში არქეოლოგების მიერ იქნა გათხრილი და დოკუმენტირებული. მეტეოროლოგიური პირობების ზემოქმედების მიმართ ისინი მეტისმეტად არამდგრადად მიიჩნეოდა, ამიტომ მათ ძირითადი ნაწილი კვლავ ჩამარხეს.
რატომ გვსმენია ასე ცოტა რამ კუშის შესახებ? დავიწყოთ იმით, რომ კუშების შესახებ ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობები ეგვიპტელებისგან მოდის, რომლებიც ცდილობდნენ ქრონიკებიდან წაეშალათ დამამცირებელი დაპყრობა და კუშები მხოლოდ ერთ-ერთ ჯგუფად წარმოადგინეს იმ მრავალ პრობლემურ ჯგუფს შორის, რომლებმაც მათი საზღვრები დაარღვიეს.
ამ ნარატივზე შეკითხვები არც იმ ევროპელ არქეოლოგებს გასჩენიათ, რომლებიც სუდანში XIX საუკუნეში ჩავიდნენ. ნახევრად დანგრეული კუშური ტაძრების და პირამიდების დათვალიერების შემდეგ, დიადი ნანგრევები მათ მხოლოდ ეგვიპტური ძეგლების უბრალო იმიტაციად გამოაცხადეს.
ასეთ შეხედულებას ამ აფრიკული სამეფოს შესახებ კიდევ უფრო ამყარებდა დასავლელი მეცნიერების უმეტესობის რასიზმი. „მკვიდრი ნეგროიდების რასას არასოდეს განუვითარებია ვაჭრობის ან მრეწველობის რამე დარგი, რომელიც აღნიშვნის ღირსი იქნებოდა, ხოლო თავის კულტურულ მდგომარეობას ისინი ეგვიპტელ იმიგრანტებს და იმპორტირებულ ეგვიპტურ ცივილიზაციას უნდა უმადლოდნენ“, – აღნიშნავდა ჯორჯ რაისნერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის არქეოლოგი, რომელმაც კუშის სამეფო აკლდამების და ტაძრების პირველი სამეცნიერო გათხრები აწარმოა XX საუკუნის დასაწყისში.
კუშის სამყაროს აღმოჩენა
კუშის პირამიდები დიდ ყურადღებას იქცევენ, თუმცა არქეოლოგები უფრო მცირე აღმოჩენებს ეყრდნობიან – სტატუეტებსა თუ სირაქლემის კვერცხის ნაჭუჭით დამზადებულ მძივებს, რათა გამოავლინონ ამ დიდი ხნის შეუმჩნეველი აფრიკული სამეფოს ისტორია და მემკვიდრეობა.
შაბტები – სტატუეტები, შექმნილი სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაში მოსამსახურის საქმის შესასრულებლად – კუში მეფე ნასტასენის სამარხიდან, დაახლოებით ძვ. წ. 315 წ.
ზრდასრული მამაკაცის ამპუტირებული ფეხის ძვლები, ძვ. წ. VII-IV სს.
კერამიკული ქილა წარწერით, ძვ. წ. VI-IV სს.
ისრების რკინის ბუნიკები, ძვ. წ. VII-IV სს.
ქრისტიანული წარწერა ბერძნულ ენაზე, ახ. წ. X-XIII სს.
კერამიკული თასი, ძვ. წ. VI-IV სს.
ისრის ბუნიკი, ძვ. წ. VI-IV სს.
თითისტარები ქსოვილის დასამზადებლად, ძვ. წ. VI-IV სს.
ოქროს ფოთოლი მეფე ნასტასენის სამარხიდან, დაახლოებით ძვ. წ. 315 წ.
ეგვიპტის ფარაონის ამენჰოტეპ II-ის კვარციტის ქანდაკება, ძვ. წ. XV ს.
შესანახი ქილა, ძვ. წ. VII – ახ. წ. IV სს.
მშვილდოსნების ცერის ბეჭდები, ძვ. წ. VI-IV სს.
ყელსაბამი, ძვ. წ. VI-IV სს.
სამარხეული ნივთები, მათ შორის მძივები და ცხოველების კბილები, ძვ. წ. VII-IV სს.
კერამიკული ფილა ძვ. წ. VI-IV სს.
მძივები კუშის სამარხიდან, ძვ. წ. IV – ახ. წ. IV სს.
კერამიკული ქილა, ძვ. წ. VI-IV სს.
სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭის მძივები, ახ. წ. II-VII სს.
პრეისტორიული ქვის ხელცულები, ძვ. წ. 9000-3000 წწ.
მოხატული სასმელი თასი, ძვ.წ. IV – ახ. წ. IV სს.
თავის ქალა კუშის სამარხიდან, ძვ. წ. IV – ახ. წ. IV სს.
თიხის ჭურჭელი, დაახლოებით ახ. წ. I-IV სს.
ბრინჯაოს შენადნობის შევარდენი მეფე ნასტასენის საფლავიდან, დაახლოებით ძვ. წ. 315 წ.
შაბტები – სტატუეტები, შექმნილი სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაში მოსამსახურის საქმის შესასრულებლად – კუში მეფე ნასტასენის სამარხიდან, დაახლოებით ძვ. წ. 315 წ.
ზრდასრული მამაკაცის ამპუტირებული ფეხის ძვლები, ძვ. წ. VII-IV სს.
კერამიკული ქილა წარწერით, ძვ. წ. VI-IV სს.
ისრების რკინის ბუნიკები, ძვ. წ. VII-IV სს.
ქრისტიანული წარწერა ბერძნულ ენაზე, ახ. წ. X-XIII სს.
კერამიკული თასი, ძვ. წ. VI-IV სს.
ისრის ბუნიკი, ძვ. წ. VI-IV სს.
თითისტარები ქსოვილის დასამზადებლად, ძვ. წ. VI-IV სს.
ოქროს ფოთოლი მეფე ნასტასენის სამარხიდან, დაახლოებით ძვ. წ. 315 წ.
ეგვიპტის ფარაონის ამენჰოტეპ II-ის კვარციტის ქანდაკება, ძვ. წ. XV ს.
შესანახი ქილა, ძვ. წ. VII – ახ. წ. IV სს.
მშვილდოსნების ცერის ბეჭდები, ძვ. წ. VI-IV სს.
ყელსაბამი, ძვ. წ. VI-IV სს.
სამარხეული ნივთები, მათ შორის მძივები და ცხოველების კბილები, ძვ. წ. VII-IV სს.
კერამიკული ფილა ძვ. წ. VI-IV სს.
მძივები კუშის სამარხიდან, ძვ. წ. IV – ახ. წ. IV სს.
კერამიკული ქილა, ძვ. წ. VI-IV სს.
სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭის მძივები, ახ. წ. II-VII სს.
პრეისტორიული ქვის ხელცულები, ძვ. წ. 9000-3000 წწ.
მოხატული სასმელი თასი, ძვ.წ. IV – ახ. წ. IV სს.
თავის ქალა კუშის სამარხიდან, ძვ. წ. IV – ახ. წ. IV სს.
თიხის ჭურჭელი, დაახლოებით ახ. წ. I-IV სს.
ბრინჯაოს შენადნობის შევარდენი მეფე ნასტასენის საფლავიდან, დაახლოებით ძვ. წ. 315 წ.
სუდანელი არქეოლოგის, სამი ელამინის აზრით, რაისნერი გათხრებსაც დაუდევრად აწარმოებდა და მისი ინტერპრეტაციაც მცდარი გახლდათ. 2014 წელს ელამინმა არქეოლოგების ჯგუფთან ერთად რაისნერის გათხრილი ადგილები ხელახლა შეისწავლა. „უამრავი რამ ვიპოვეთ, ღმერთების მცირე ზომის ქანდაკებებიც კი“, – ამბობს ელამინი.
ელამინი სოფელში გაიზარდა, ელ-კურუს დასახლებიდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც პიანხი და კუშის სხვა მეფეები თუ კანდაკები განისვენებდნენ. როდესაც ელამინი პატარა ბიჭი იყო, პაპას ის ელ-კურუში მიჰყავდა ხოლმე და უხსნიდა, რომ ნანგრევები მათი „პაპების საფლავები იყო“. ამ სანახაობამ შთააგონა ელამინი, შეესწავლა არქეოლოგია ხარტუმში და მიეღო მაგისტრის ხარისხი ევროპაში. შემდეგ იგი სუდანში დაბრუნდა და რამდენიმე წელი გათხრებს აწარმოებდა ჯებელ-ბარკალსა და სხვა ადგილებში.
ადრე, როგორც ელამინი ამბობს, მნახველები მაინცდამაინც არ აქცევდნენ ყურადღებას დიდებული კლდეების გარშემო მიმოფანტულ ნანგრევებს. თუმცა ეს მდგომარეობა იცვლება: „ახლა ისინი ბევრ კითხვას სვამენ სიძველეების, ისტორიისა და ცივილიზაციის შესახებ“, – ამბობს იგი.
ელამინს და მის კოლეგებს მეტი ურთიერთობა სურთ თანამოქალაქეებთან, რათა ისტორიის ეს შორეული მონაკვეთი გააცნონ სწავლას მოწყურებულ თაობას. მისი თქმით, სუდანელი არქეოლოგების შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაა, გააერთიანონ მოქალაქეები შორეული თაობების ძალისხმევის წარმოჩენით.
დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ცოტა ხნით ადრე, 1956 წელს აშენებული და 15 წლის შემდეგ გახსნილი სუდანის ეროვნული მუზეუმი გამოქვაბულის მსგავს, სუსტად განათებულ სივრცეს წარმოადგენს, ხარტუმის დაუნდობელი სიცხისა და მტვრისგან არტეფაქტების დასაცავად საჭირო კლიმატკონტროლის გარეშე. ნივთების უმეტესობა ძველმოდურ ხის და მინის ვიტრინებშია განთავსებული გაყვითლებული, საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი წარწერებით.


(მარცხნივ) ბადეა ოსმან მუსტაფა და მისი შვილიშვილი ეგვიპტური ტაძრის ნაშთებს ათვალიერებენ სუდანის ეროვნულ მუზეუმში. სუდანის მოსახლეობის დაახლოებით 40% 15 წლამდე ასაკისაა და ბევრი ახალგაზრდა ხელახლა აღმოაჩენს თავის ისტორიას, რადგან მკვლევრები კუშის მემკვიდრეობის ძველი ეგვიპტის ჩრდილიდან გამოყვანას ცდილობენ.
(მარჯვნივ) ისლამის მისტიკური განზომილების, სუფიზმის მიმდევრები ომდურმანში, შეიხ ჰამედ ალ ნილის საფლავზე, ასრულებენ ზიქრის რიტუალს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დოლის დაკვრას და ცეკვას. სუდანში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სუფიური თემია. ზოგიერთი სუფიური ორდენი მხარს უჭერდა სახალხო აჯანყებას, რომელმაც ბაშირი დაამხო.
თუმცა, მუზეუმი სავსეა საგანძურით. მის შესასვლელთან დგას ტახარტას ბუნებრივზე დიდი ზომის გრანიტის ქანდაკება ჯებელ-ბარკალიდან, ფართომხრებიანი და უმეტყველო სახით, ხოლო პირველ სართულზე კუშის მმართველების მასიური ქანდაკებებია განლაგებული.
მუზეუმის ტერიტორიის გარეთ ვხვდები გიდს, ნაზარ ჯაჰინს. „ახლანდელ ხელისუფლებას მართლაც საერთოდ არ აინტერესებს ისტორია“, – მეუბნება ჯაჰინი. მეტწილად ეს ყოფილი ხელისუფლების მიერ ისლამის ფუნდამენტალისტური ინტერპრეტაციის შედეგი იყო. „ჩვენ გვყავდა ტურიზმის მინისტრი, რომელიც ამბობდა, რომ ქანდაკებები აკრძალულია“, – იხსენებს ჯაჰინი და თავს აქნევს.
„თუმცა ჰორიზონტზე ნათელი წერტილებიც მოჩანს“, – ამბობს იგი. 2019 წელს იტალიის საელჩო და იუნესკო დაპირდნენ თანხების გამოყოფას მუზეუმის აღსადგენად (პროექტი პანდემიის გამო გადაიდო). რევოლუციის შემდეგ სულ უფრო მეტი სუდანელი სტუმრობს მუზეუმს და ისეთ ადგილებს, როგორებიცაა ჯებელ-ბარკალი და უძველესი დედაქალაქი მეროე.
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, – ამბობს ჯაჰინი, – სუდანელებმა ჯერ თავიანთი ისტორია უნდა იცოდნენ. თუ მათ ისტორია ეცოდინებათ, მის დაცვასაც შეძლებენ“.
შემდეგ დელიკატურ კითხვას ვსვამ: როგორ რეაგირებენ სუდანის იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც არასოდეს ყოფილა კუშის სამეფოს შემადგენლობაში (მაგალითად ტომები ნუბის მთებიდან ან დარფურიდან), როდესაც მათ იმ უძველესი ისტორიის გარშემო გაერთიანებას სთხოვენ, რომელსაც თავისად არ მიიჩნევენ? ჯაჰინი შუბლს კრავს და პაუზას აკეთებს: „კარგი კითხვაა. ჩვენ მართლაც ბევრი სამუშაო გვაქვს“.

ისევე როგორც მრავალი სუდანელი ახალგაზრდა, ჯაჰინი უარყოფს აზრს, რომ „არაბი“ სუდანელის იდენტობაა: „მჯერა, რომ ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს, ან მონათესავე… ზოგადად, ჩვენ სუდანელები ვართ. ეს საკმარისია“.
თეთრ სამოსში გამოწყობილი რევოლუციონერი კანდაკას სახე მომიტინგეთა შორის, მაღლა აწეული თითით, როდესაც იგი კუშის მეფეებსა და დედოფლებს იხმობს, უკვდავყოფილია ხარტუმისა და მთელი მსოფლიოს ქუჩის მხატვრობაში, თუმცა როდესაც 2020 წლის დასაწყისში სუდანში ჩემი მეორე მოგზაურობის დროს ალაა სალაჰს შევხვდი, იგი სრულიად განსხვავებული იყო – ბორდოსფერ თავსაბურავსა და მუქ სამოსში გამოწყობილი, მწუხრის სინათლეზე ჩემ პირდაპირ მჯდომი ხალხმრავალ ღია კაფეში, ცისფერი ნილოსის ნაპირზე.
23 წლის ასაკში სალაჰი სუდანის რევოლუციის სახე გახდა და ამ როლის წყალობით საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტიდან საერთაშორისო მნიშვნელობის ფიგურად იქცა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოზე მიიწვიეს, რათა ახალ სუდანში ქალების როლის შესახებ ესაუბრა. სალაჰი მეუბნება, რომ ბავშვობაში სკოლაში ცოტას ასწავლიდნენ ძველი კუშის ისტორიის შესახებ და რომ დამოუკიდებლად მოუწია მისი აღმოჩენა: „ჩვენ ბევრი პირამიდა გვაქვს, ეგვიპტეზე მეტიც კი!“


(მარცხნივ) სუდანური ოჯახი კარიმადან ათვალიერებს სამარხებს ელ-კურუს მიმდებარედ, სადაც ძვ. წ. VIII საუკუნეში კუშის სამეფოს ზოგიერთი უძველესი ლიდერია დაკრძალული.
(მარჯვნივ) კრივის მწვრთნელი აია ხალიდი თავის შვიდი წლის ქალიშვილს, ტალია ჰაშიმს, ავარჯიშებს საკუთარ სახლში, ხარტუმში. სუდანელმა ქალებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს 2019 წლის რევოლუციაში, მაგრამ ბევრი შიშობს, რომ მათი წარმომადგენლობა მინიმუმამდე შემცირდება მომავალ მთავრობებში, სამოქალაქო იქნება ის თუ სამხედრო.
როდესაც ხარტუმის ქუჩებში მომიტინგეებმა სკანდირება დაიწყეს: „ჩემი პაპა ტაჰარკაა, ჩემი ბებია კანდაკაა!“, მიხსნის სალაჰი, ისინი გამოხატავდნენ თავიანთ სიამაყეს უძველესი მეფეებისა და დედოფლების შეუპოვრობისა და სიმამაცის გამო. ამით მათ იგრძნეს, რომ ამ უძველესი, ძლიერი და მამაცი ლიდერების ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ – განსაკუთრებით ქალებმა, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს საპროტესტო აქციებში.
„როდესაც ხალხი ქუჩაში ხედავს გოგონას, რომელიც სუდანისთვის იბრძვის, გამოდის ქუჩაში სუდანისთვის, ეს ნიშნავს, რომ ის მამაცია, ის ძალიან შეუპოვარია, – განმარტავს იგი, – ის არის ძლიერი და მეომარი, ისევე როგორც კანდაკები“.
თუმცა, ბაშირის დაცემიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში ქალების როლი სულ უფრო მცირდებოდა. ჩვენი საუბრისას სალაჰის მთავარი თემა იყო ის, რომ თანამედროვე კანდაკები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ და სათანადო წარმომადგენლობა ჰყოლოდათ ნებისმიერ გარდამავალ ხელისუფლებაში. ჩვენი ინტერვიუს შემდეგ გადატრიალებამ – რომელიც რეპრესიულ რეჟიმში დაბრუნების საფრთხის გამო კონტრრევოლუციას უფრო წააგავს – სუდანელი ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო სახიფათო გახადა.
ხარტუმში ყოფნისას, ბოლო პარასკევს, თეთრ ნილოსს ვკვეთ ქალაქ ომდურმანისკენ, სადაც XIX საუკუნის სუფი შეიხის ჰამედ ალ ნილის სამარხია. სუდანელთა დაახლოებით 70 პროცენტი თავს სუფიზმის – ისლამის მისტიკური გამოხატულების – მიმდევრად მიიჩნევს. ქვეყნის სუფიური ორდენები ხშირად გავლენიან როლს თამაშობენ შიდა პოლიტიკაში. სუფიებმა, 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რეჟიმის დამხობაში.

ყოველ პარასკევს, მზის ჩასვლისას, კადირიას ორდენის ასობით მიმდევარი იკრიბება სასაფლაოზე ზიქრის რიტუალის შესასრულებლად, რომელიც ხშირად მოიცავს გალობას და ცეკვას. მწვანე და წითელ სამოსში გამოწყობილი მამაკაცები ნელა ურტყამენ ტამბურებს რიტმში, მათ ხალხი უყურებს და ირხევა. დარტყმები თანდათან ტემპს იძენს და იწყება ცეკვა და სიმღერა. La ilaha illa Allah. „არა არს ღმერთი გარდა ალაჰისა“, – იმეორებს ბრბო, ხოლო ჰაერში საკმევლისა და მტვრის ღრუბლები ამოდის. ზიქრი კულმინაციური ტემპით მთავრდება და ხალხი იშლება.
რამდენიმე საფლავი შედარებით ახალია და სუდანის დროშის ფერებშია მორთული. ისინი რევოლუციის დროს მოკლულ გამომსვლელებს და სტუდენტებს ეკუთვნის, რომლებიც ქუჩებში აცხადებდნენ – ჩვენც მეფეები და კანდაკები ვართო.
როდესაც სტუდენტებს ვუყურებდი, რომლებიც ერთ-ერთ საფლავთან პატივისცემას გამოხატავდნენ, ვიგრძენი, თუ როგორი მყიფე იყო ახალი სუდანი – როგორც უძველესი ძვირფასი ჭურჭელი, რომელსაც სათუთად იღებენ მიწიდან. ახლა გადატრიალებამ კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შეიტანა დემოკრატიასა და სტაბილურობას მოწყურებულ ქვეყანასა და თაობაში.
კუშის გრანდიოზული სასახლეებისა და ტაძრების უმეტესობა დიდი ხნის წინ გაუჩინარდა. ნაწილი გაძარცვეს და ნაწილიც ქვიშამ შთანთქა, თუმცა დარჩა მიცვალებულთა მრავალი მონუმენტი: უდაბნოს დარაჯებად მდგომი მეფეებისა და კანდაკების პირამიდები, შეიხთა საფლავები და დემონსტრანტი სტუდენტების საფლავის ქვები, რომლებითაც გავსებულია ქალაქების სასაფლაოები. ეს ძეგლები მყარად დგანან მაშინაც, როდესაც რეჟიმები იმსხვრევა და აღდგება. ყველას, ვისაც მოსმენა სურს, ეუბნებიან: ჩვენ ვიბრძოდით ამისთვის. ოდესღაც ჩვენც აქ ვიყავით.
კრისტინ რომი არის National Geographic-ის არქეოლოგიის განყოფილების რედაქტორი. ფოტოგრაფმა ნიკოლ სობეკიმ გააშუქა ავაზებით უკანონო ვაჭრობა 2021 წლის სექტემბრის ნომრისთვის.