
იმედისმომცემი გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
შვედურმა კომპანიამ შექმნა დანადგარი, რომელსაც ოკეანის ზვირთცემიდან იაფი, სუფთა ენერგიის გამომუშავება შეუძლია
როგორ გამოვიყენოთ ტალღის ძალა
ზემოთ გამოსახული დანადგარი ოკეანის ტალღების აზვირთებას და დაცემას ელექტროენერგიად გარდაქმნის. კომპანია Eco Wave Power-ის ეს ტექნოლოგია ტივტივებისა და ჰიდრავლიკური დგუშების დახვეწილ სისტემას იყენებს. ამ მექანიზმში შეჭრილი ტალღა ზემოთ-ქვემოთ ამოძრავებს ტივტივებს და, შესაბამისად, დგუშებსაც. დგუშების მიერ წარმოქმნილი წნევა ჰიდრავლიკურ ძრავს ამუშავებს, მის მექანიკურ ენერგიას კი გენერატორი ელექტროენერგიად გარდაქმნის. ვინაიდან ეს დანადგარი სანაპირო ნაგებობებზე – მაგალითად, ტალღამტეხებზე – დასამონტაჟებლადაა განკუთვნილი, მისი საწყისი ხარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ღია ზღვაში განლაგებული მისი ანალოგებისა. – ენი როთი
გაიწიე, ედისონ
შუქდიოდი, იგივე LED-ი, მომავლის (და უკვე აწმყოს) ნათურაა. ვარვარის ნათურასთან შედარებით, ის 25-ჯერ ხანგრძლივად ანათებს და 80%-ით
ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. პროგნოზის თანახმად, 2035 წლის-
თვის აშშ, შუქდიოდების წყალობით, განათებაზე დახარჯულ ენერგიას სამი მეოთხედით შეამცირებს. – დენიელ სტოუნი

დამაბინძურებლებისგან დამზადებული საღებავი
ოჰაიოს აპალაჩების რეგიონში უამრავი მდინარეა დაბინძურებული მიტოვებული ქვანახშირის მაღაროების ლითონების შემცველი ჩამონადენის გამო. რკინისა და სხვა მინერალებისგან მდინარეების გაწმენდა ძვირია, თუმცა ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორებმა ამ პროცესის თვითდაფინანსების ხერხს მიაგნეს. გარემოსდაცვითი ინჟინერი გაი რიფლერი დაბინძურებული წყლიდან რკინას გამოყოფს; მიღებულ მასალას სახვითი ხელოვნების პროფესორი ჯონ საბროუ სხვადასხვა ტემპერატურაზე ამუშავებს, რის შედეგადაც ეს მასა ფერს იცვლის და იმ პიგმენტებში გამოიყენება, რომლებითაც ის და სხვა მხატვრები თავიანთ
ნამუშევრებს ქმნიან. – ენი როთი

