
გამაფრთხილებელი გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
პირველად ვენეციას ტურისტების ტალღამ დაარტყა, ზღვის ტალღა კი უკანასკნელი და დამანგრეველი შეიძლება იყოს
ისტორიული წყალდიდობა ვენეციაში
1200-წლოვანი ვენეცია წყალში იძირება. ქალაქის მერის, ლუიჯი ბუნიაროს თქმით, ქალაქი კვლავ გაბრწყინდება, მაგრამ გაუძლებს კი კუნძული გლობალურ დათბობას?
50 წელიწადში ვენეციის ლაგუნაში ზღვის დონემ 10 სანტიმეტრით მოიმატა. გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვარაუდით, 2050 წლიდან წყალდიდობა, რომელიც 100 წელიწადში ერთხელ ხდება, ექვს წელიწადში ერთხელ მოხდება, 2100 წლიდან კი ყოველ ხუთ თვეში ერთხელ. შარშან წყალდიდობამ ქალაქის 70% დატბორა.
ახლა პრიორიტეტულია ვენეციის საგანძურის და არტეფაქტების გადარჩენა. ნოემბრის წყალდიდობის შემდეგ ხელოვნების ექსპერტებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა მუზეუმებიდან და ეკლესიებიდან ძვირფასი ნივთები ზედა სართულებზე აიტანეს, ზოგიერთი კი საერთოდ გაიტანეს ვენეციიდან.
„მოსეს“ პროექტის განხორციელებამდე, ანუ ლაგუნაში ზღვისგან დამცავი ჯებირების აშენებამდე, სიტუაცია უცვლელი იქნება. პროექტი 2011 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გადახარჯვის და დავების გამო გადაიდო. ოფიციალური პირების ცნობით, `მოსეს“ პროექტი 2022 წლიდან დაიცავს ვენეციას. – დენიელ სტოუნი
ალერგიების მატება
თუ გაზაფხულზე ალერგია არ გაქვთ, შეიძლება დაგეწყოთ. თუ უკვე გაწუხებთ ალერგია, ალერგიული ფონი გაგირთულდებათ. აშშ-ის 2018 წლის კლიმატის შეფასების შედეგების მიხედვით, ალერგიული დაავადებები უფრო მეტ ადამიანს დაემართება კლიმატის ცვლილების გამო. ნაადრევი გაზაფხულის და სითბოს შედეგად მცენარეები გაცილებით მეტ მტვერს გამოყოფენ, რომელიც თქვენს ცხვირს, ყელსა და თვალებს გააღიზიანებს.
ყვავილების გარდა მტვერს გამოყოფს ხე, ბალახი და სარეველებიც. ქარისგან ჰაერში ატაცებული მტვერი კი ჩვენს სასუნთქ გზებში ხვდება. – დენიელ სტოუნი

ფოტო: ჯუზეპე კაკაჩე, AFP VIA GETTY IMAGES
ღამეები უფრო ნათელი ხდება
ჩაბნელებული ცა უკვე იშვიათობაა, ამას კი „ფარული ხარჯები” ახლავს თან.
სინათლით დაბინძურება ქრონიკული ეკოლოგიური დარღვევაა. 2016 წელს მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ამერიკისა და ევროპის კონტინენტების 99% სინათლითაა დაბინძურებული.
კვლევის თანახმად, კაცობრიობის მესამედი, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკელების 80% ირმის ნახტომს ვერ ხედავს. Suomi NPP სატელიტის მონაცემებით, მსოფლიოში სინათლით დაბინძურება 2012-16 წლებში ყოველწლიურად 2%-ით იზრდებოდა.
ამაში დამნაშავე ხელოვნური სინათლეა, განსაკუთრებით კი LED-ნათება. LED-ნათურა ვარვარისა და ლუმინესცენციურ ნათურებთან შედარებით ენერგოეფექტურია და მას დიდი ხნით ტოვებენ ჩართულს.
„სიბნელის ნაკლებობა ცირკადულ რიტმზე დამოკიდებულ ცოცხალ ორგანიზმებზე ახდენს ზეგავლენას, მათ შორის, ჩვენზეც“, – ამბობს ამანდა გორმლი ბნელი ცის საერთაშორისო ასოციაციიდან: „სიბნელის დაკარგვასთან ერთად ჩვენს ნაწილსაც ვკარგავთ“. – ნადია დრეიკი

10 000 მიკრონაწილაკზე მეტი
არქტიკის ზღვის ყინულის თითოეულ ლიტრში
პლასტმასამ დედამიწის ხელუხლებელ გარემოშიც კი შეაღწია. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ოკეანეში მოხვედრილი პლასტმასის მიკრონაწილაკების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სწორედ პოლარულ წყლებსა და ყინულშია. ნავარაუდევია, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში პლასტმასის ნარჩენების ოდენობა მინიმუმ გაოთხმაგდება. – დენიელ სტოუნი

კიბორჩხალები ნახშირბადს აფრქვევენ
მლაშე ჭაობში მილიონობით ტონა ნახშირბადია; სოროს მთხრელ Uca-ს გვარის კიბორჩხალებს მისი გამოთავისუფლება შეუძლიათ. ბრაზილიაში, ტანზანიასა და ჩინეთში მათ მიერ გათხრილი გვირაბებიდან ნახშირორჟანგი გამოიფრქვევა. მკვლევრების აზრით, მსგავსი ზიანის მიყენება სხვა მთხრელ ცხოველებს, მაგალითად, მოლუსკებსა და კრევეტებსაც შეუძლიათ. – დენიელ სტოუნი

