
სუფთა ჰაერი
ამ სტატიის მიზანია, მკითხველის ყურადღება საქართველოში ჰაერის დაბინძურების პრობლემას მივაპყროთ და განვიხილოთ მისი გადაჭრის გზები, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაა საჭირო
ამ ქალაქში ყოველი ჩასუნთქვა სიცოცხლეს გვიმოკლებს. ახალშობილის მიერ პირველადვე შესუნთქული ჰაერი გამონაბოლქვითა და ისეთი ქიმიური ნივთიერებებითაა გაჟღენთილი, რომლებიც იმუნიტეტს აქვეითებს და ნერვული სისტემის განვითარებას აფერხებს. ასეთი გარემო ფაქტორები ბავშვის სრულფასოვან განვითარებას უშლის ხელს.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აშშ-დან თბილისში ოჯახის მოსანახულებლად ჩამოსვლისას ვამჩნევდი, როგორ იზრდებოდა ავტომანქანების რაოდენობა და უარესდებოდა ჰაერი. ეს მოვლენა ყოველთვის მაწუხებდა, თუმცა, არ ვიცოდი, რა უნდა მეღონა. ვფიქრობდი, ამაზე სახელმწიფო იზრუნებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 2013 წელს არაფორმალური კვლევა ჩავატარე – ტაქსის მძღოლებთან საუბრისას შევიტყვე, რომ საქართველოში მანქანების უმრავლესობას კატალიზური კონვერტერი (ე.წ. კატალიზატორი) ჰქონია მოხსნილი, რაც დამღუპველია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კატალიზური კონვერტერი ავტომობილის მავნე გამონაბოლქვს 99%-ით ამცირებს და ამის გამო მისი გამოყენება თითქმის ყველა ქვეყანაში სავალდებულოა.
საქართველოში კატალიზური კონვერტერის ქონა სავალდებულო არ არის და რომ იყოს კიდევაც, ის მწყობრიდან ერთი წლის განმავლობაში გამოდის. მისი დაზიანების მიზეზი, როგორც წესი, საწვავია, რომელიც კოროზიულ დანამატებს შეიცავს, მაგალითად, ტყვიას, MMT-სა და გოგირდის. საწვავს თუ ტყვია აქვს დამატებული, მისი ნალექი კატალიზურ ლითონებს ეკვრის და ტოქსიკური გამონაბოლქვი აირების გაფილტვრას უშლის ხელს.
შედეგი კი ისაა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურება უმთავრესი გარემოსდაცვითი პრობლემაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას, ეკონომიკასა და ეკოლოგიას. მეტიც, საქართველო ჩრდილოეთ კორეის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჰაერის დაბინძურების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით. საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% ავტომობილის გამონაბოლქვითაა გამოწვეული. ჰაერის დაბინძურების არსებული დონის სოციალური და ეკონომიკური ზარალი შეიძლება 350 მლნ დოლარი იყოს წელიწადში – 320 მილიონი დოლარი ტყვიისა და დაახლოებით 25 მილიონი დოლარი სხვა დანარჩენი დამაბინძურებლების მიერ გამოწვეული.
ტყვია მძლავრი ნეიროტოქსინია, რომელიც აბრკოლებს ბავშვის თავის ტვინის განვითარებას – აფერხებს იმპულსების მართვას, აქვეითებს გონებრივ შესაძლებლობებს და ზრდის აგრესიას. კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვილი ბავშვები, რომელთაც შეხება ჰქონიათ ტყვიის მაღალ შემცველობასთან, ზრდასრულ ასაკში, მეტი ალბათობით, ძალადობრივ დანაშაულს ჩაიდენენ. ტყვიასთან ხანგრძლივი კონტაქტი ადამიანს მაღალი არტერიული წნევის, გულის დაავადებების, დეპრესიისა და დაქვეითებული შვილოსნობის საფრთხეს უქმნის.
კვლევის დროს მოპოვებული ინფორმაცია ტყვიასა და სხვა დამაბინძურებლებზე და ადამიანებზე მათი ზეგავლენის შესახებ საგანგაშო და გულდასაწყვეტი აღმოჩნდა. პრობლემა გაცილებით სერიოზული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა და გადავწყვიტე, პირდაპირ მოქმედებაზე გადავსულიყავი.
მტკიცედ და ენერგიულად განვეწყვე, თუმცა ინიციატივის წამოჭრისა და ხორცშესხმის სირთულე მაინც მაშინებდა. 2014 წლის დასაწყისში პრობლემის უკეთ შესასწავლად და მისი გადაჭრის გზების საძიებლად კვლევა დავიწყე. მსოფლიოს უამრავი ქვეყანაც ხომ შეჯახებია ამ პრობლემას და გამოსავალი უპოვიათ. დავუკავშირდი ამერიკელ და ქართველ მეცნიერებს, სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებსა და ქართველ კანონმდებლებსაც.
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ექსპერტს ჩემი აზრი გავუზიარე იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლებოდა არ ემუშავა კატალიზურ კონვერტერს გამართულად საქართველოში. ჩემს თანამოსაუბრეს არ ეგონა, თუ რომელიმე ქვეყანაში ჯერაც დაშვებული იყო ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენება და კატალიზური კონვერტერის არმქონე მანქანების მოძრაობა.

აშშ პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ პრობლემის გადაჭრაზე დაიწყო მუშაობა. კამპანიის ინიციატორი კი გეოქიმიკოსი კლერ პატერსონი იყო და არა რომელიმე სახელმწიფო მოხელე. მან ჩაატარა პირველი კვლევები და 25 წელი ედგა სათავეში სხვადასხვა კამპანიას, რის შედეგადაც 1996 წელს ბენზინიდან საბოლოოდ იქნა ამოღებული ტყვია. ამავდროულად, რამდენიმე სხვა ქვეყანაც იმავე კურსით მიდიოდა, მათ შორის იყო იაპონია, რომელმაც 1980 წელს აკრძალა ტყვიის შემცველი საწვავი.
მას შემდეგ, თითქმის ყველა ქვეყანამ ამოიღო ტყვია საწვავიდან. ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ექვს ქვეყანაში: ავღანეთი, ერაყი, ალჟირი, იემენი, მიანმა და ჩრდ. კორეა. არ მგონია, საქართველოსთვის რომელიმე ეს ქვეყანა მისაბაძი იყოს – მათ შორის მთავარი მსგავსება სუსტი სამოქალაქო საზოგადოება და, ხშირ შემთქვევაში, დიქტატორული მმართველობაა.
ქართველმა მეცნიერებმა, რომელთაც თბილისის ჰაერის შესახებ ვესაუბრე, კარგად იციან, რა მავნე ზეგავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ჯანმრთელობაზე, თუმცა აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლაში ჯერ ვერაფერს გახდნენ.
ჩემს კვლევასა და ჰარვარდის კენედის სახელობის სკოლაში ჩემივე აკადემიურ ნაშრომებზე დაყრდნობით, 2014 წელს წამოვიწყე პროექტი სახელწოდებით: „სუფთა ჰაერის ინიციატივა საქართველოში“. ინიციატივის მიზანი იყო 2020 წლისათვის ავტომობილების გამონაბოლქვის მავნე დამაბინძურებლების 20%-ით შემცირება. ეს დამაბინძურებლებია: ნახშირბადის მონოქსიდი (CO), აზოტის ოქსიდები (NOx), ნახშირწყალბადი (HC), გოგირდი (S) და მყარი ნაწილაკები (PM). აგრეთვე, 2018 წლისათვის, ბენზინიდან სრულად უნდა ყოფილიყო ამოღებული ტყვია (Pb).
დაბინძურებული ჰაერის პრობლემის მოსაგვარებლად „სუფთა ჰაერის ინიციატივა საქართველოში“ სამეტაპიან მიდგომას მოიცავს: პირველ ყოვლისა, უნდა შეგროვდეს მონაცემები საწვავის დანამატების, კატალიზატორების მოხმარების და პრობლემის სხვა შესაძლო მიზეზების შესახებ; შემდეგ, უნდა შეიქმნას დაინტერესებულ პირთა კოალიცია; საბოლოოდ კი, სტრატეგიის განსახორციელებლად უნდა დაარსდეს შესაბამისი ორგანო, რომელიც შედეგებს შეაფასებს.
მუშა კატალიზური კონვერტერის გამოყენების ზრდას ყველაზე სწრაფად შეუძლია გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი. პრობლემის გადასაწყვეტად უნდა გაკონტროლდეს საწვავის შემადგენლობა და მარკირება; აღსრულდეს კანონმდებლობა უხარისხო საწვავის უკანონო იმპორტის წინააღმდეგ; ამოქმედდეს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კატალიზური კონვერტერის ფართო გამოყენებას; საგადასახადო სტიმულირების გზით მოხდეს მომხმარებლის დაინტერესება ხარისხიანი საწვავითა და ეკონომიური ავტომობილებით; ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება, რათა გავლენა ვიქონიოთ მძღოლის ქცევაზე.
მიზნის მისაღწევი სხვა სტრატეგიები, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ან ეკონომიური ავტომობილების წილის გაზრდა, ბევრად მეტ დროსა და ინვესტიციას მოითხოვს. ძველი მანქანების ეკონომიურით ჩანაცვლების შემთხვევაშიც კი დიდ შედეგს ვერ მივაღწევთ, თუ მძღოლები კატალიზურ კონვერტერებს ავტომანქანას შეძენიდან რამდენიმე თვეში მოხსნიან.
პროექტი გავუზიარე მცოდნე, გავლენიან და სათანადო რესურსების მქონე მხარეებს – სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებს, მეცნიერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ინდუსტრიულ ეკონომისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებს. ყველა, ვისაც ვესაუბრე, შეწუხებულია თბილისის მომწამლავი ჰაერით და თანხმდება, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს. სამოქმედოდ შევთავაზე გამოცდილი, პრაგმატული ნაბიჯები და ნათელი სტრატეგია, თუმცა, რეალური პოლიტიკის შესამუშავებლად ინვესტიციის ჩადების დრო როცა მოვიდა, საქმე წინ აღარ წასულა.
სამი წლის შემდეგ, 2018 წელს, იმავე პრობლემის წინაშე ვართ, თუმცა საზოგადოების ცნობიერება მაღლდება და სამოქალაქო მხარდაჭერაც აშკარავდება.
აშშ-ში, ევროპასა და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს კარგად დამკვიდრებული სტრატეგია არსებული პრობლემის მოსაგვარებელად. დროა, ჩვენც ვიმოქმედოთ, რადგან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკიდურესად დაბინძურებული ჰაერით ყველანი ვზარალდებით, განსაკუთრებით კი – ჩვენი შვილები.
ქართველებზეა დამოკიდებული, რომ გაერთიანებული ძალებით ვიზრუნოთ ქვეყანაზე. ტექნიკურად გვესმის, როგორ შეიძლება პრობლემა გადავჭრათ, თუმცა რეალურად ამის შესრულებას მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციით შევძლებთ. ამ ინიციატივის წარმატებისათვის გადამწყვეტია დაინტერესებულ მხარეთა საქმისადმი ერთგული კოალიცია, რომელშიც გაერთიანდება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორი. ერთმანეთის ნდობა უნდა ვისწავლოთ და ერთად უნდა ვიმუშაოთ ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა მომწამლავი ჰაერი – ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და საერთო კეთილდღეობისათვის.
ქეთევან ნინუა სოციალური აქტივისტია. ამჟამად მასაჩუსეტსის შტატში, კემბრიჯში ცხოვრობს. მონაწილეობდა თბილისის მოწინავე ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში. მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სკოლის მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში. 2014 წლიდან სათავეში უდგას სუფთა ჰაერის ინიციატივას საქართველოში.