სულიერი აჯანყების რიტუალები
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კარნავალების და მასკარადების მონაწილეები მითიურ ცხოველებსა და ავ სულებს განასახიერებენ, რათა პატივი მიაგონ საკუთარ კულტურას – აფრიკულ, ევროპულ და ადგილობრივ ფესვებს – და ყოფილ მჩაგვრელებსაც გაჰკრან კბილი.


სულიერი აჯანყების რიტუალები
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კარნავალების და მასკარადების მონაწილეები მითიურ ცხოველებსა და ავ სულებს განასახიერებენ, რათა პატივი მიაგონ საკუთარ კულტურას – აფრიკულ, ევროპულ და ადგილობრივ ფესვებს – და ყოფილ მჩაგვრელებსაც გაჰკრან კბილი.
რამდენიმე წლის წინ, ჰაიტიში მოგზაურობისას საპორტო ქალაქ ჟაკმელში აღმოვჩნდი, სადაც, პორტ-ო-პრენსის ნაციონალურ კარნავალამდე ერთი კვირით ადრე, ადგილობრივი კარნავალი იმართება.
მერენგეს – ასე ეძახიან ჰაიტიელები საკარნავალო მელოდიებს, – ხმაურიანი ჰანგებით გაფორმებული ხალხმრავალი დღესასწაულებისგან განსხვავებით, ჟაკმელის კარნავალი უფრო მყუდრო და შინაურულ განწყობას გვიქმნის. ბიჭები ნახშირით არიან გამურულები, მუსიკოსები კი, რკინის ან ბამბუკის ხელნაკეთი დოლებით და საყვირებით უკრავენ რარას – ვუდუს რიტმულ მუსიკას, რომელიც ჰაიტიური კარნავალის მთავარი შემადგენელი ნაწილია. თითოეული რიტმი რაღაც ამბავს მოგვითხრობს და საცეკვაოდ გვიწვევს. ყველაფერი ერთდროულად საშიშიც არის და თვალისმომჭრელიც, ყველგან ეშმაკების და მითიური არსებების ნიღბები მოჩანს.

ფორტ-ჯეიმსში, ანტიგუის კუნძულზე, ვარდისფერ ნიღბებში გამოწყობილი ჯამბაზები ევროპელ კოლონიზატორებს განასახიერებენ (XVIII საუკუნეში, ამ კუნძულზე ბრიტანეთს ჰქონდა კარგად დაცული პორტი თავისი კარიბის ზღვის ფლოტილიისთვის, რომელსაც აფინანსებდა და მფარველობდა). ამ კოსტიუმებს აფრიკული, ევროპული და ადგილობრივი ფესვები აქვს, მაგრამ თანამედროვე კულტურის კვალდაკვალ მუდმივად იცვლება.
კარიბის ზღვის ქვეყნების კარნავალები მონად გაყიდული აფრიკელების შთამომავლებისთვის შემოქმედებითი სივრცე, თვითგამოხატვის საშუალება და კულტურული იდენტობის დამტკიცების თამამი გზაა. მონებს თავიანთი ღვთაებების თაყვანისცემა და ფრანგი თუ ბრიტანელი ბატონების სამასკარადო მეჯლისებში მონაწილეობა აკრძალული ჰქონდათ, ამიტომაც აფრიკული ტრადიციები და ფოლკლორი კოლონიალურ რიტუალებთან შეაზავეს და საკუთარი დღესასწაულები შექმნეს.
ერთსა და იმავე დღესასწაულებს, მაგალითად, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის თაყვანისცემას, სამი მეფის თუ მკვდრების დღეს სხვადასხვა ქვეყნის აფრიკული დიასპორა განსხვავებულად აღნიშნავს, მაგრამ ყველას საერთო ელემენტები აქვს. მკვეთრი ფერებით მოხატული გმირები ქრისტიანობას, აფრიკულ ფოლკლორსა და ადგილობრივ ტრადიციებს აზავებენ და სულიერი ამბოხების რიტუალში გვიწვევენ.

ჩეპოში მაცხოვრის ხორცისა და სისხლის თაყვანისცემის დღესასწაულს ივნისის შუა რიცხვებში აღნიშნავენ. ამ დღესასწაულზე კათოლიკური ეკლესია ადგილობრივი მოსახლეობის და აფრიკელი მონების გაქრისტიანების მიზნით ქუჩის თეატრალურ დადგმებს აწყობდა. ჩეპოს უკავშირდება ბაიანოს სახელი, სიმარონების მეფის, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის პანამაში მონათა ყველაზე მასშტაბურ აჯანყებას ედგა სათავეში. ეს მოზარდები პაპიემაშესგან დამზადებული ნიღბებით და სარკეებით მორთულან, მსგავსი სარკეები აღმოსავლეთ აფრიკაშიცაა აღმოჩენილი.
ნიღბებსამოფარებული ადამიანები გულწრფელად ჰყვებიან ამბებს და იქარვებენ დარდს. ჰაიტიში საკარნავალო კოსტიუმები და სიმღერები სოციალური პროტესტის და პოლიტიკური კრიტიკის ელემენტებია.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.
ჟაკლინ ჩარლზი Miami Herald-ის ჟურნალისტია და ჰაიტისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში მუშაობს. შარლ ფრეჟეს წიგნი „სიმარონი: თავისუფლება და მასკარადი“ გაზაფხულზე გამოვა.