სწორუპოვარი სილამაზე
ამ უკანასკნელში შემორჩენილი სარძევე კბილის ფრაგმენტები და საავგაროზე ქვად მიჩნეული ამეთვისტო ხაზს უსვამს ავგაროზის ფუნქციას
ეს ყელსაბამი (ახ. წ. II–III სს.) არმაზისხევის სამაროვნის ერთ-ერთ მდიდრულ სამარხში აღმოჩნდა (დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში). ის უნიკალურია რთული კომპოზიციით, რომელსაც სანელსაცხებლისა და საავგაროზე კო-ლოფით წარმოდგენილი საკიდები ქმნის. ამ უკანასკნელში შემორჩენილი სარძევე კბილის ფრაგმენტები და საავგაროზე ქვად მიჩნეული ამეთვისტო ხაზს უსვამს ავგაროზის ფუნქციას. ძალაუფლების სიმბოლოდ მიჩნეული ვერძი კი, რომლის საუკეთესო გამოვლინება ოქროს საწმისია, მიგვანიშნებს მფლობელის მაღალ სოციალურ სტატუსზე. იმავე სამაროვანზე, სადაც პიტიახშები არიან დაკრძალულნი, აღმოჩენილია სტელა ორენოვანი (ბერძნული და არამეული) ეპიტაფიით, რომელიც, სავარაუდოდ, ყელსაბამის მფლობელზე, იბერიელ წარჩინებულ ქალზე, სერაფიტზე გვაწვდის ინფორმაციას – მქონებელი, „სწორუპოვარი სილამაზისა“, 21 წლის ასაკში გარდაცვლილა. ზოგადად, ოქრომჭედლობის ადგილობრივი სკოლების განვითარება ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი მაჩვენებელია. ქართლის სამეფოს შემთხვევაში კი პირიქით, მისი ძლიერების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ოქრომჭედლობის ადგილობრივი სკოლის განსაკუთრებული დაწინაურება იყო.