ტალახით ნაშენი
დასავლეთაფრიკელი არქიტექტორები წარსულს ჩასცქერიან, რომ მომავალში სიცხე დაამარცხონ.


ტალახით ნაშენი
დასავლეთაფრიკელი არქიტექტორები წარსულს ჩასცქერიან, რომ მომავალში სიცხე დაამარცხონ.
მაისის ერთი დილაა ბურკინა-ფასოს სოფელ კუმიში და სანონ მუსა თითქმის უკვე ასრულებს თავისი სამოთახიანი სახლის ყოველწლიურ შეკეთებას.
ტერმიტების მიერ შეხრული სახურავის კოჭები ახალი ხის ძელებით შეცვალა, ალიზის თბოგაუმტარი კედლები გაამაგრა, სახურავზე ჩალის მორიგი წყება დაამატა, წინაპართა ხსოვნის პატივსაცემად თხა დაკლა და ერთადერთი, რაც რჩებოდა, სახლის ფასადის რამდენიმე წვიმაგამძლე ფენით დაფარვა იყო.
„ტალახი სიგრილეს შეგვინარჩუნებს, ხოლო ძრავის ზეთი, თიხა და ძროხის ნაკელი – სიმშრალეს“, – ამბობს მუსა, როდესაც მის საცხოვრებელ სივრცეს ვათვალიერებთ. იქ 13 გრადუსით უფრო გრილა, ვიდრე გარეთ. „დავხელოვნდით ამის კეთებაში“.
50 წლამდე ასაკის მუსა, ყოფილი ბიბლიოთეკარი, თავისი სახლით ამაყობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალიზის სახლში ცხოვრება მისი არჩევანია. უკანასკნელ წლებში იგი ხედავდა, თუ როგორ იშენებდნენ ბეტონის სახლებს მისი შედარებით მდიდარი მეზობლები და მუსაც ბრაზობდა საკუთარ სიდუხჭირეზე. ჩვენს შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე სოფელ კუმიში ორი ძმა დაიღუპა ღამით საძინებელში ალიზის კედლის ჩამოქცევის გამო.
ალიზის მორყეულ შენობაში მუსას გვერდით ზის სოფლის წინამძღოლი სანუ, რომელიც განრისხებულია. ძველი ტრადიციების შესანარჩუნებლად მან სოფლის ცენტრში ალიზის სახლების აშენება ბრძანა, მაგრამ სანუს მითითებებს სულ უფრო და უფრო ცოტა მობინადრე ემორჩილება. „ეს ჩვენი მემკვიდრეობაა, – ამბობს იგი, – ათასობით წლის განმავლობაში კომფორტულად ვცხოვრობდით ალიზის სახლებში. რატომ უნდა შევცვალოთ ახლა, როდესაც ის ყველაზე მეტად გვჭირდება?“

„როგორც ჩანს, ეს არის თანამედროვეობა, – ამატებს მუსა, – მას ვეღარ დავაღწევთ თავს“.
ტალახი ბეტონის წინააღმდეგ
საჰელის რეგიონში კუმის მსგავსი ათასობით სოფელია და ბეტონის გამოყენება უკვე არაერთგან მატულობს. საცხოვრებელი სტანდარტების ამაღლებისა თუ ბეტონზე ხელმისაწვდომობის გაფართოებასთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთი უცხელესი, უღარიბესი ლანდშაფტი სწრაფად გარდაიქმნება და ყავისფერ იერსახეს წიდაბეტონის ბლოკის ნაცრისფერი ტონები ანაცვლებს.
მაგრამ ტრადიციული მასალების დავიწყება ყველაფერია, გარდა პროგრესისა, როგორც აღნიშნავენ არქიტექტორთა მზარდი ჯგუფები, თემის წინამძღოლები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები. ეს განსაკუთრებით ახლაა მცდარი, როდესაც ისედაც ცხელი რეგიონები კიდევ უფრო მეტად ხურდება კლიმატის ცვლილების შედეგად. ბეტონის მთავარი ინგრედიენტის, ცემენტის წარმოებას მიეწერება გლობალურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის დაახლოებით 8%. ტრადიციული სამშენებლო ტექნიკის მხარდამჭერები დარწმუნებით აცხადებენ, რომ კლიმატური პირობებით დაზიანებულ თემებში უფრო მეტი სახლი უნდა აშენდეს ძველი მეთოდებით.
„რეალობა არის ის, რომ ცემენტის ნაგებობა უფრო მოდურია“, – ამბობს ფრენსის კერე, ბურკინა-ფასოში დაბადებული არქიტექტორი, რომელიც ეკომგრძნობიარე მეთოდების სახელგანთქმული მხარდამჭერია. „მაგრამ ეს ცუდი მოდაა. კომფორტს ვერ უზრუნველყოფს“.
საკმარისად სქელი ტალახის კედლები შთანთქავს და ინახავს უამრავ სითბოს, რომელიც გარე ტემპერატურის ვარდნასთან ერთად იფანტება საღამოს. ამის საპირისპიროდ, წიდაბეტონის ღრუებიან ბლოკებში სითბო თავისუფლად მოძრაობს და შიდა სივრცეს სწრაფად ათბობს.
კერეს მსგავს არქიტექტორთა მოტივაცია ნაწილობრივ განპირობებულია მათი სურვილით, რომ მემკვიდრეობა და იდენტობა შეინარჩუნონ. დღეს ალიზის ნაგებობები სიღარიბესა და ჩამორჩენილობასთან ასოცირდება, მაგრამ აღნიშნული მასალის აგურებით შეიძლება აშენდეს ისეთი შთამბეჭდავი არქიტექტურული ნიმუშები, როგორებიცაა ტომბუქტუს საქალაქო ცენტრი (მალი) და ბობო-დიულასოს დიდი მეჩეთი (ბურკინა-ფასო).

ტრადიციული არქიტექტურის ესთეტიკისა და გამაგრილებელი ელემენტების გაცოცხლებას ცდილობენ ის აზიური ქვეყნებიც (მაგალითად, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთინებული საამიროები), რომელთაც დიდწილად მიავიწყდათ თავიანთი ერთ დროს შთამბეჭდავი ალიზის ნაგებობები; სახლის დაგეგმარებისას ისინი კვლავ ითვალისწინებენ აეროდინამიკურ მილებს, შენობის ორიენტაციას და ჩრდილის ეფექტს.
თუმცა, ალიზის მომხრეებს უფრო დიდი ამბიციებიც ამოძრავებთ, განსაკუთრებით, აფრიკაში. ამ კონტინენტს მიეწერება გლობალური ემისიების მხოლოდ 4% და მაინც, სწორედ აქ უპირისპირდებიან ყველაზე მწვავე კლიმატურ მოვლენებს; შესაბამისად, აფრიკელები ცდილობენ, გლობალურ დათბობას მოგვარების გზები მოუძებნონ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ძლევამოსილი ქვეყნები ჯერჯერობით ეფექტურ ნაბიჯებს ვერ დგამენ. სიცხის დასამარცხებლად აფრიკელი არქიტექტორები გვთავაზობენ მშობლიურ, ბუნებაზე ორიენტირებულ ტრადიციებს, რომლებიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური ტექნოლოგია და გამოცდილება.
„ჩვენ ავირჩიეთ თანამედროვე შენობები და მოვწყდით საკუთარ ფესვებს“, – აცხადებს არქიტექტურული ჯილდოების მფლობელი სალიმა ნაჯი. იგი ცდილობს, ტრადიციული მეთოდები დაუბრუნოს მაროკოს, სადაც ალიზის სახლებს უკანასკნელ ათწლეულებში ზურგი აქციეს. „ჩვენ დავივიწყეთ ამ ნაგებობათა განსაკუთრებული სარგებელი სიცხესთან საბრძოლველად, მაგრამ ის უნდა გავიხსენოთ, რადგან დღეს ასეთი ნაგებობები არნახულად გვჭირდება“, – ამბობს ნაჯი.
სიცხით გათანგულთა თავშესაფარი
როდესაც ბურკინა-ფასოს ქალაქ კაიაში ჩავედი, სულ ცოტა, 45 გრადუსი სიცხე დამხვდა, მაგრამ როდესაც არქიტექტორ კლარა სავადოგოს უახლეს ნაგებობაში შევედი, ტემპერატურა 30 გრადუსსაც საკმაოდ ჩამოსცდებოდა. ამ სანახევროდ დასრულებული კლინიკის თაღოვანი თიხის ჭერი და ქვა-ტალახის კედლები სიგრილეს ინარჩუნებს. შენობის კუთხე გასწორებულია ჩრდილოეთის გაბატონებულ ქარებზე, ხოლო გარს არტყია მობიბინე მცენარეულობა, რაც ჩრდილს უზრუნველყოფს.

სავადოგო ახალგაზრდაა, იგი ჩინებულად იცნობს ეკომეგობრულ მეთოდებს და ჩართულია გლობალურ მოძრაობაში, რომლის მიზანიც ალიზის პოპულარიზებაა. ეს მასალა, ფაქტობრივად, უფასოდ მიიღება; ყველაზე უარეს შემთხვევაში, ტალახი ბეტონის ღირებულების სულ მცირე ნაწილს თუ შეადგენს; თანაც ის ადგილობრივადაც ფართოდაა ხელმისაწვდომი, ხოლო ბეტონს რამდენიმე ისეთი ინგრედიენტი სჭირდება, რომლებიც ძირითადად შემოტანილია. არაერთ მოზრდილ სოფელში მუშები პირდაპირ მიწიდან იღებენ ტალახს, მას ტკეპნიან მართკუთხედებად, ჰაერზე აშრობენ და შემდეგ უკვე თითოეულ ამ აგურს 40 დასავლეთაფრიკულ ფრანკად ყიდიან, რაც 10 აშშ ცენტის ეკვივალენტურია.
„ხალხი მეუბნება: ახლა XXI საუკუნეა, შეწყვიტე ალიზის გამოყენება, – ამბობს სავადოგო და თან კლინიკაზე მიუთითებს, – მაგრამ, აბა, ამას შეხედეთ. რა არის აქ არათანამედროვე?“
ალიზით შენება მხოლოდ მცირედით თუ უწყობს ხელს გლობალურ დათბობას, ხოლო ბეტონს მივყავართ წიაღისეული საწვავის შთამნთქმელ კიდევ ერთ გამოგონებამდე: ჰაერის კონდიცირება. მსოფლიო მასშტაბით, ელექტროენერგია და გამაგრილებელი ნივთიერებები სათბურის აირების ემისიათა მზარდ წყაროებს მიეკუთვნება, რომელთაც კონდიციონერი მოიხმარს.

ბურკინა-ფასოში, სადაც ტემპერატურა იშვიათადაა 32 გრადუსზე ნაკლები, ალიზის ყველაზე დიდი სარგებელი ისაა, რომ ის სიცხეს ასატანს ხდის – თანაც კონდიციონერის გარეშე. დღევანდელი ტენდენციით, აფრიკის უმეტეს რეგიონში ტემპერატურა 2 გრადუსზე მეტით გაიზრდება საუკუნის ბოლოსკენ – და, აღნიშნული საშუალო მონაცემი კიდევ უფრო რადიკალურ ზრდასაც ნიღბავს კონტინენტის გარკვეულ მხარეებში.
ქალაქ ბორომოში ილბუდუ აბდალამ ნაწილობრივ ბეტონით ნაშენი და ფურცლოვანი ლითონით გადახურული სახლი მთლიანად ალიზით აღადგინა. „ვერ აღგიწერთ, რამდენად დიდი ბედნიერებაა სახლში დროის გატარება, როდესაც სიცხე არ გტანჯავთ“, – ამბობს იგი. აბდალას დაეხმარა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ნუბიური თაღის ასოციაცია“, რომელმაც 600-ზე მეტი კერძო სახლი ააშენა 2020 წელს.
ამ ორგანიზაციის თაღოვანი მოდელი არც სიცხის გამაძლიერებელ ფოლადის სახურავს იყენებს და არც ხის მასალას – ეს უკანასკნელი სასიცოცხლოა ბურკინა-ფასოსთვის, რომელიც ყოველწლიურად 240 000 ჰექტარამდე ტყის მასივს კარგავს გაუტყეურების მიზეზით – სატყეო დეპარტამენტის თანახმად.
განის საზღვართან ტიბელეს თემია, სადაც მოსახლეობის უმეტესობამ უკვე კარგა ხანია ბეტონი აირჩია; თუმცა ახლა ზოგიერთი მათგანი ნანობს ალიზის სახლის მიტოვებას.
„მათ ის კომფორტი ენატრებათ, რაზეც უარი თქვეს და ისინი თანდათან კვლავ ძველ სახლებს უბრუნდებიან“, – ამბობს ბაიერიდიენა აბდუ, ფერმერი, რომელიც მთლიანად ალიზით ნაგებ სახლში ცხოვრობს.
ოთხი სამედიცინო დაწესებულების ექიმთა განცხადებით, სიცხესთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შემთხვევები დაახლოებით გახუთმაგდა გასულ ათწლეულში. ზოგიერთი მათგანი ეჭვობს, რომ აღნიშნული პაციენტების დიდი ნაწილი ბეტონის სახლებში გადაბარგდა, თუმცა მათ არ გააჩნდათ ხელოვნური გაგრილების საშუალებები.

შუა ზაფხულის მწველ დღეს ქალაქ ლეოში სიმშვიდეა – თუ არ ჩავთვლით ადგილობრივ კლინიკას. მოუსვენარი ბავშვები ერთმანეთს დასდევენ დაჩრდილულ შიდა ეზოში, მათი მშობლები კი ეზოს გარშემო დარგულ ხეთა ჩრდილში ისვენებენ. ბუნებრივად გრილი პალატები ახალმოსულ პაციენტებსაც უმალ აოცებთ. აღნიშნულ ნაგებობათა დამპროექტებელი ფრენსის კერე კმაყოფილია და მას არც აკვირვებს მსგავსი ეფექტი.
„ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ მხოლოდ მასალა არ არის გადამწყვეტი ფაქტორი და, ვთქვათ, ბეტონიც არ არის აუცილებლად ცუდი, – ამბობს იგი, – მთავარია, რას აკეთებ კონკრეტული მასალით. აი, ეს კლინიკაა ნიმუში, თუ რა შეიძლება გამოვიდეს, როდესაც თქვენ სწორად დაგეგმარებულ თიხის კონსტრუქციას აგებთ“.
ამგვარ არგუმენტაციას უკვე არაერთი ორგანიზაცია თუ ხელისუფლება იზიარებს. უკანასკნელ წლებში კერემ დააპროექტა ბენინის ახალი ეროვნული ასამბლეის შენობა, ხოლო 2022 წლის მარტში იგი გახდა პირველი აფრიკელი არქიტექტორი, რომელმაც მიიღო პრიცკერის პრემია – ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდო.
საცხოვრებლად სახიფათო?
ალიზის შენობებს, გაგრილების უამრავი ჯადოსნური ძალის ფონზე, სულ მცირე, ერთი მთავარი ნაკლი მაინც აღენიშნებათ.
სამხრეთ მაროკოს ისტორიული გამაგრებული სოფელი ბუნუ ასობით ოჯახის ჟივილ-ხივილით ივსებოდა 1990-იანი წლების მიწურულამდე, მაგრამ მიწატკეპნილმა კედლებმა თანდათან რღვევა დაიწყო; ერთხელ საგუშაგო ნაგებობაც ჩამოიქცა და მოზარდი ბიჭი მძიმედ დააზიანა. ამან სოფლის ნაგებობათა სიმტკიცე ეჭვქვეშ დააყენა და სოფლის ბინადრებიც შეშინდნენ. რაღაც მომენტში ლეგნაუი ბილ ეიდმა აღმოაჩინა, რომ მისი ოჯახი თითქმის სულ მარტო დარჩა მთელ სოფელში.
„ხალხს ეშინია და გასაგებიცაა, თუ რატომ“, – ამბობს მიწათმოქმედი ბილ ეიდი. იგი დამატებით შემოსავალს იღებს პალმის ტოტებით ღობეების დაწვნით, რომელთა დახმარებით ხალხი ცდილობს, უდაბნოს მცოცავი ქვიშა შეაკავოს. „ზოგჯერ კედლები სულ მარტივად ჩამოინგრევა. შეიძლება დაიღუპო“.

მწარე ირონიაა, რომ ტემპერატურის მატებამ, ერთი მხრივ, ალიზის მნიშვნელობა გაზარდა, თუმცა გლობალური დათბობა, ამავე დროს, ისეთ ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ მოვლენებსაც ახშირებს, რომლებიც ალიზის ნაგებობებს აზიანებს. ბილ ეიდის თქმით, სახლის გარე კედლებს გამუდმებით ახალ ფენას უმატებს, მაგრამ თავსხმა წვიმები იმდენად გაძლიერდა, შიდა სივრცის მშრალად შენახვა ვეღარ ხერხდება. უკვე ისიც გადაბარგებაზე ფიქრობს.
ატლასის მთებში მდებარე ტელუეტში კოკისპირულ წვიმებს დაემატა გაუტყეურების საუკუნოვანი ზეგავლენა, რამაც გამოიწვია ხე-მცენარეულობისგან გაწმენდილი ხეობების წამლეკავი წყალდიდობა. უმეტეს წლებში, სულ ცოტა, რამდენიმე ადგილობრივი იღუპება. სოფლის ზოგიერთი მცხოვრების დაკვირვებით, ბეტონის სახლები უკეთ უძლებს წვიმის ძლიერ ნაკადებს.
„ჩვენ მივხვდით, რომ მთავარია არა მასალა, არამედ ის, თუ როგორ გამოიყენებ მას“.
ფრენსის კერე, არქიტექტორი
გარკვეულ შემთხვევებში ტრადიციული მასალების მიტოვება შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ გემოვნების ცვლილებას უკავშირდებოდეს. მარაქეშში მცხოვრები მოჰამედ ამინე კაბაჯი ერთ-ერთი მოწინავე არქიტექტორია მაროკოში. მისი თქმით, სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანები ბეტონს ამჯობინებენ. ტრადიციული ალიზის ნაგებობათა უმეტესობა ითვალისწინებს სულ პატარა ფანჯარას, საიდანაც მინიმალური სინათლე შემოდის; მათ უმრავლესობას შეკეთებაც რეგულარულად სჭირდება. „მსგავსი დიზაინის სახლები შესაძლოა ეგზოტიკური მოგეჩვენოთ, თუ თქვენ ლონდონიდან ან პარიზიდან ჩამოდიხართ მხოლოდ ერთი-ორი დღით, – ამბობს იგი, – მაგრამ არჩევანის შემთხვევაში თქვენ სხვაგან იცხოვრებდით“.
მაროკოში კომუნალური ცხოვრების წესი თანდათან ჩაანაცვლა დასახლების ინდივიდუალურმა ფორმამ და შემოსავალიც იმდენად გაიზარდა, რომ კონდიციონერებიც ხელმისაწვდომი გახდა. ამ ფონზე ალიზის სახლები და მათ მოვლაზე მიმართული კოლექტიური ძალისხმევა სულ უფრო ძველმოდური მოჩანს. ამასთან, ეკონომიკური და გარემო ფაქტორებიც ძლიერად მოქმედებს და იშვიათად ტოვებს არჩევანს. გვალვა და გაუდაბნოება ძირს უთხრის სოფლის მეურნეობას, აღნიშნული საარსებო წყაროს დაკარგვა კი სოფლის ბინადრებს ქალაქისკენ ერეკება. უკანასკნელ წლებში ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა თითქმის განახევრდა. შედეგად, უამრავი სოფლის მკვიდრი აღმოჩნდა ბეტონის სახლში, სადაც ისინი ვერ გრძნობენ თავს მაინცდამაინც კარგად.

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მენატრება ჩემი გრილი, ძველი სახლი. სულ ერთ-ორ ჩვენგანს თუ სურდა ბეტონში ცხოვრება“, – ამბობს დრის მატაუი, რომელიც მთის სოფლიდან მარაქეშის გაღატაკებულ რაიონში გადასახლდა 30 წლის წინ. „მაგრამ ცხოვრებამ მოითხოვა, რომ ქალაქში გადავსულიყავი, ალიზი კი უკვე ვეღარ შეესაბამება ქალაქურ ცხოვრებას“.
ურბანიზაციის პროცესიც თავისებური გამოწვევაა ტრადიციული მასალებისა და სამშენებლო მეთოდების მხარდამჭერთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ალიზი მჭიდრო ურბანულ გარემოშიც გვხვდებოდა – მაგალითად, იემენის საუკუნოვანი ცათამბჯენები – არქიტექტორები უფრთხიან მის გამოყენებას აფრიკისთვის ტიპურ ქალაქებში. ამ კონტინენტის მზარდი მეტროპოლიები ქაოტურად ფართოვდება და იქ მაინცდამაინც ეფექტურად არ იყენებენ ქარის მიმართულებას, ჰაერის ნაკადებსა და სხვა ბუნებრივ გამაგრილებელ საშუალებებს. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიებსა და მუნიციპალიტეტებსაც არ სწამთ ალიზის უსაფრთხოების – ისინი ხშირად მიმართავენ კანონმდებლობას, რათა აღნიშნული მასალა აიკრძალოს. ამასთან, ურბანულ გარემოში ტრადიციული სამშენებლო მასალების მოპოვებაც შეიძლება საოცრად რთული იყოს.

„სად იშოვით აქ იმდენ ტალახს, რომ ქალაქის მასშტაბით აშენოთ სახლები?“ – სვამს კითხვას კაბაჯი. „ამისთვის კილომეტრებით უნდა დაშორდეთ ქალაქს“.
სალიმა ნაჯის მსგავსი ადამიანები ჯერჯერობით მაინც არ ნებდებიან. ნაჯიმ შენიშნა, რომ მაროკოს სოფლებში გაიზარდა ალიზის არქიტექტურის მიმართ ინტერესი და უამრავ მკვიდრს ესმის მისი ტურისტული პოტენციალიც.
ნაჯი და მისი თანამოაზრეები ხაზს უსვამენ ძლიერ გარემოსდაცვით საჭიროებას, რომ ბეტონის წარმოება შეიზღუდოს მაროკოში, სადაც დეველოპერებმა მთლიანი სანაპიროები „გაძარცვეს“ ქვიშისგან. არაერთ სხვა ქვეყანაშიც მსგავსი მძიმე მდგომარეობაა; ვიეტნამსა თუ ბანგლადეშში ქვიშის დიდ ნაწილს იღებენ მდინარის კალაპოტიდან, რაც იწვევს ნიადაგის ჩაწოლას, ეროზიასა თუ წყალდიდობებს.

მაგრამ რთულია, გააცოცხლოთ ტრადიცია, რომელმაც უკვე დაკარგა ადგილი საზოგადოებრივ წარმოდგენებში. კლიმატური და სხვა ტიპის სიძნელეები განაგრძობს იმ სოციალური და ბუნებრივი გარემოს „აორთქლებას“, რომელშიც ალიზის მშენებლობას გაედგა ფესვი. შეუძლია ტრადიციულ არქიტექტურას აყვავდეს მაშინ, როდესაც ის ამდენ საყრდენს კარგავს?
„ეს ყველაფერი დაკავშირებულია საზოგადოებასთან. თქვენ ვერ გამოთიშავთ ტრადიციას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისგან, – აცნობიერებს ნაჯი, – მაგრამ, ჩვენ მაინც წინ მივიწევთ. თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი, ორი, სამი ალიზის შენობა, ეს არ გახლავთ საკმარისი. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ თოვლის გუნდის ეფექტი, რომ აღნიშნული ტრადიცია კვლავ ცხოვრების წესად იქცეს. ჩვენ გვჭირდება, რომ ხალხმა დაინახოს მისი აღორძინება“.
ბუნდოვანი მომავალი
ფრენსის კერეს ვურეკავ, რომელიც შეფიქრიანებული მელაპარაკება. გასულ წლებში წვიმების სეზონმა სულ უფრო და უფრო დიდი ნგრევა გამოიწვია და ასობით ალიზის ნაგებობა წალეკა ბურკინა-ფასოში. ამ მოვლენებს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა პრესაში, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ბეტონზე მოთხოვნა.
მაგრამ კერეს ტელეფონი არ ჩერდება, მას ალიზის სახლების აშენებას სთხოვენ, რაც ამ არქიტექტორს ოპტიმისტურ განწყობას უქმნის. „ეს დროის ამბავია, ეს რწმენის ამბავია, ეს პოლიტიკური ნების ამბავია და ჩვენ არ ვიყურებით მარცხნივ ან მარჯვნივ. მე მხოლოდ წინ მივიწევ, – ამბობს იგი, – დღეისთვის უკვე უამრავი ცოდნა დაგვიგროვდა. 10 წელიწადში თქვენ გაოცდებით ჩვენი წარმატებით“.
კერე და მისი თანამოაზრეები დაუღალავად მუშაობდნენ ამ მასალის იმიჯის აღსადგენად. ისინი პოულობენ გზებს, რომ ალიზის ნაგებობები დაიცვან თავსხმა წვიმებისგან – მათ უმატებენ ლითონის ჩარდახის უფრო ფართო სახურავს, რომელიც ერთ მეტრზე მეტით გადასცდება კედლებს ან ალიზის აგურებს მცირე რაოდენობის ცემენტს ურევენ გასამაგრებლად.
„ხალხს ეშინია და ეს გასაგებიცაა. ალიზის კედლები ზოგჯერ სულ მარტივად ჩამოიქცევა“. ლეგნაუი ბილ ეიდი, ფერმერი
ალიზის ნაგებობათა არქიტექტორები დიდი სიფრთხილით და სიზუსტით მუშაობენ, რადგან ეს არამყარი მასალა შეცდომებს არ პატიობს. მათ ეიმედებათ, რომ შეზღუდავენ ნაგებობათა ჩამოშლის ფაქტებს და ამ მასალის რეპუტაციასაც აღადგენენ. კლარა სავადოგოს თქმით, იგი ისეთ სიზუსტეს მოითხოვს თაღოვანი სახურავის აღმართვისას, რომ სირთულის გამო მისი 25 კალატოზიდან 15-მა სამუშაო მიატოვა.
კერე ფიქრობს, რომ იქნებ ფრთხილ მოქალაქეებს უფრო მეტი ყოველდღიური მაგალითი სჭირდებათ იმის დასანახად, თუ რას გვთავაზობს კარგად ნაშენი ალიზის არქიტექტურა. ქალაქ კუდუგუს შემოგარენში მან სცადა, ერთგვარი საჩვენებელი ნიმუში შეექმნა საშუალო სკოლისა და ტექნიკური კოლეჯის ნაგებობების სახით. სკოლის მასწავლებელთა თქმით, ასობით მოსწავლე უკეთესად კონცენტრირდება მრავალშრიანი კიდული გადახურვის ქვეშ, სადაც მიწატკეპნილი აგურის კედლებს მთელ სიმაღლეზე აუყვება ფანჯრები.

18 წლის ინფორმატიკის სტუდენტს, რომელიც ნათანიელის სახელით გაგვეცნო, არასოდეს უცხოვრია ელექტროფიცირებულ სახლში, გამაგრილებელ სისტემებზე ხომ აღარც ვლაპარაკობთ; იგი ისე გრძნობს თავს კოლეჯის შენობაში, თითქოს კონდიციონერი აგრილებდეს.
„ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ალიზი ცუდია, – ამბობს იგი, – გვეუბნებოდნენ, ბევრი უნდა იმუშაოთ აქედან გასაქცევადო. თუმცა, მე ბედნიერი ვიქნები ამგვარ სახლში ცხოვრებით“.
ათენში (საბერძნეთი) მცხოვრები ჟურნალისტი პიტერ შვარცშტაინი ძირითადად სურსათის, წყლისა და კლიმატის თემაზე მუშაობს. მოისეს სამანის ფოტოგრაფიის ცენტრში ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკაა.
ეს სტატია მომზადებული და გამოქვეყნებულია National Geographic-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობის ფარგლებში.