ტალღებთან ჭიდილი
საფრანგეთის პოლინეზიის სოფელ ტეაჰუპოოში სანაპიროს ტალღები
თავზარდამცემი და თაყვანსაცემია.


ტალღებთან ჭიდილი
საფრანგეთის პოლინეზიის სოფელ ტეაჰუპოოში სანაპიროს ტალღები თავზარდამცემი და თაყვანსაცემია.
რიცხვები:
1 – ტეაჰუპოოსკენ მიმავალი გზები
9+ ტალღების შესაძლო სიმაღლე მეტრებში
1420 – ტეაჰუპოოს მოსახლეობის დაახლოებითი რაოდენობა
„ტეაჰუპოოში სერფინგი ორ გოლიათთან ჭიდილს ჰგავს: ცალ მხარეს მთებთან, მეორე მხარეს კი – ოკეანესთან“.
– მიშელ ბურეზი, ტაიტელი ოლიმპიური სერფერი
გასაოცარი სილამაზით და კულტურით დაჯილდოებული ტაიტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ტეაჰუპოოს რიფს მსოფლიოში ყველაზე მძიმე ტალღები ეჯახება. მათმა სიდიდემ განაპირობა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში სერფინგის სახეობის ტეაჰუპოოში ჩატარება.
ველური სერფინგი:
ტეაჰუპოოს ჰავაეს სრუტეში ბარიერული რიფი თავბრუდამხვევი სიღრმეებიდანაა ამოზრდილი; მას იდეალური ფორმა და ადგილმდებარეობა აქვს წყნარი ოკეანის ტალღების გასაძლიერებლად, რაც დროდადრო მძვინვარე ზვირთებად იქცევა. განსაკუთრებული სიძლიერის ტალღები მთელი წლის განმავლობაშია, თუმცა სერფინგისთვის საუკეთესო პერიოდი მაისიდან ოქტომბრამდეა. ამ ფოტოს გადასაღებად ენდი ბარდონმა წყალქვეშ ჩაყვინთა. „ღრმად ჩასუნთქვა და მშვიდად ყოფნა აუცილებელია ასეთი ტალღების უსაფრთხოდ აღსაბეჭდად“, – ამბობს იგი.
მიწა და წყალი:
წყალში: ტურისტები ადგილობრივ წყლის ტაქსის ქირაობენ პროფესიონალ სერფერებზე, დელფინებსა და კუზა ვეშაპებზე ახლო მანძილიდან დასაკვირვებლად. შავქვიშიან სანაპიროსთან ყვინთვის მოყვარულებს ფერადი მარჯნების ნახვა შეუძლიათ.
ხმელეთზე: მდინარე ტირაჰის მიღმა ქვიშიანი ბილიკი ფერადი სახლების და პალმებით დაჩრდილული სანაპიროს გასწვრივ მიიკლაკნება. აქ ოჯახები პიკნიკებს აწყობენ, სერფერები კი წყალში შესასვლელად ემზადებიან.
სხვა სანახაობები:
ნავით მოგზაურები ფენუა-აიჰერის და ტე-პარის სანაპიროებთან მიჰყავთ. აქ მრავლადაა ზღვაში ჩამავალი ჩანჩქერები, პოლინეზიურ ლეგენდებთან დაკავშირებული გამოქვაბულები და უძველეს პეტროგლიფებამდე მიმავალი ბილიკები. ეკოსისტემის დასაცავად და თევზების რაოდენობის გასაზრდელად ადგილობრივებმა ტეაჰუპოოს გარშემო 7,5 კვ. კმ-ის ფართობის საზღვაო ზონა გამოყვეს, რომელშიც ტრადიციული პოლინეზიური თევზაობის და მოსავლის აღების აკრძალვა – რაჰუი იმოქმედებს.