თანამედროვე ამაზონი
დღეს ჯუნგლებში თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის ომია გაჩაღებული


თანამედროვე ამაზონი
დღეს ჯუნგლებში თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის ომია გაჩაღებული
იზოლირებული ტომები, დაკარგული ქალაქები, ხელუხლებელი ბუნება – ამაზონის ჯუნგლები ყოველთვის გვაჯადოებდა. მაგრამ როგორია ის 21-ე საუკუნეში? ამის გასარკვევად, 2011 წელს სწორედ იქ გავემგზავრე.
ჯერ კიდევ 2008 წელს დავინტერესდი ამ თემით. მაშინ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტყის განაშენიანებაზე ვმუშაობდი. ახალგაზრდები ხშირად საუბრობდნენ ტომის ცხოვრების შეულახავ წესზე, თუმცა ეს მხოლოდ ნოსტალგია იყო. ისინი ხშირად ცეკვავდნენ, სვამდნენ და თამაშობდნენ ფეხბურთს. ერთ საღამოს წვეულებაზე არ წამიყვანეს; საკმარისად კარგად არ მეცვა. მაშინ მივხვდი, თუ რამდენად განსხვავდებოდა ჩვენი წარმოდგენები და სინამდვილე.
ამის შემდეგ, ამაზონის შესახებ წიგნების კითხვა დავიწყე. პირველად მდინარე ამაზონზე ესპანელი ჯარისკაცის, ფრანსისკო დე ორელიანას 1540 წლის მოგზაურობა წავიკითხე. ეს იყო პირველი ექსპედიცია ევროპიდან, რომელიც ამ რეგიონის გამოსაკვლევად გაემართა. მეც ვცადე ამ ექსპედიციის გამეორება, რათა მენახა, როგორ გამოიყურებოდა დღეს იგივე მარშრუტი.
ეკვადორის ანდებიდან მდინარეს დავუყევი. ექვსი კვირა პერუს სამედიცინო გემით ვმგზავრობდი. კოლუმბიაში ჩავედი და იქიდან ბრაზილიაში გადავედი, სადაც ტრანს-ამაზონის მაგისტრალზე გავედი.
მოგზაურობისას ხალხსა და ადგილებს ფოტოებს ვუღებდი. ხელუხლებელ ბუნებასა და ჩაკეტილ ტომებს არ დავეძებდი; მკვიდრ თემებს, ვისაც კი შევხვდებოდი, ყველას ვეცნობოდი. ბრაზილიაში ადგილობრივი რეპერების ვიდეოც კი გადავიღე. მოგვიანებით ამ სოფელში კვლავ დავბრუნდი და ერთთვიანი ვიდეოსემინარიც ჩავატარე.
ვფიქრობ, ეს პროექტი კარგად წარმოაჩენს, თუ როგორი ორაზროვანი და კომპლექსურია თანამედროვე ამაზონი. დღეს აქ აღარ არის ბევრი მკვიდრი მოსახლე, რომელიც ძველი ადათ-წესებით ცხოვრობს; ახლა ეკონომიკური ინტერესებია პირველ ადგილზე. არც განვითარებას ეწინააღმდეგება ყველა. კომფორტს მიჩვეულს, გაგიჭირდებათ ტრადიციულ ტომობრივ ცხოვრებაში მიბრუნება.