
თანამედროვე ამერიკული ოცნება
სილიციუმის ველის წყალობით გახდა ჩვენი ცხოვრება შეუდარებლად მრავალფეროვანი და მარტივი, შესაძლებელი გახდა წლობით უნახავ ახლობლებთან დაკავშირება და ინფორმაციის წამებში გაცვლა.
„ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არ არის – გამახსენდა სილიციუმის ველის შესახებ მიშელ კვინის სტატიის კითხვისას. კვინი ტექნოლოგიაში მიმდინარე პროცესებს უკვე წლებია აშუქებს: – ჭკუა ვისწავლე: ვიცი, რომ ბიზნესიდეებს წინასწარ არ უნდა დავცინო. სტარტაპებს, რომლებიც სათამაშოებად მივიჩნიე, მილიარდები გამოუმუშავებიაო – გულწრფელად აღიარებს ის, თუმცა, იმ ბნელი მხარეების შესახებაც მოგვითხრობს, რომელიც სილიციუმის ველის წარმატების მუდმივი თანმდევია.
სწორედ სილიციუმის ველის წყალობით გახდა ჩვენი ცხოვრება შეუდარებლად მრავალფეროვანი და მარტივი, შესაძლებელი გახდა წლობით უნახავ ახლობლებთან დაკავშირება და ინფორმაციის წამებში გაცვლა, თუმცა, ამანვე გახადა ნებისმიერი ადამიანის პირადი მონაცემები ხელმისაწვდომი პრაქტიკულად ყველასთვის, ინფრომაციის ნაკადი კი – უკონტროლოდ დიდი. თუმცა, ეს პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა – მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომელთაც ავტომისაბმელებში ცხოვრება უწევთ იმ ეკონომიკური უთანასწორობის გამო, რომელიც სილიციუმის ველის სწრაფად გამდიდრებული ტექნოლოგიური ელიტის შედეგია.
როგორც ირკვევა, ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ლითიუმია, ბოლივიაში კი მისი უზარმაზარი მარაგი არსებობს. სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს მწერალი რობერტ დრეიპერი თავის სტატიაში „თეთრი ოქროს ციებ-ცხელება. დრეიპერი ფიქრობს, რომ ლითიუმი მალე შეიძლება ოქროზე უფრო ძვირფასი გახდეს. ის იმ „ელემენტების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლებიც კომპიუტერებში, მობილურ ტელეფონებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში გამოიყენება, – ამბობს დრეიპერი და ჩამონათვალს ელექტრომანქანებსაც ამატებს.
ბოლივიის ხელისუფლებისთვის ლითიუმის ეს მარაგი ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანის გარანტია, თუმცა, ის ზიანიც გასათვალისწინებელია, რომელიც წიაღისეულის ასეთ მასშტაბურ მოპოვებას შეიძლება მოჰყვეს – სულაც არაა გამორიცხული, ამან ზეგავლენა მოახდინოს როგორც გარემოზე, ისე საბადოზე მდებარე მლაშობის ტურიზმზე.
ბოლივიის ლითიუმის ისტორია სილიციუმის ველის ისტორიასავით რთულია და მზარდი მოპოვება აუცილებლად შეცვლის მას, დადებითი იქნება ეს ცვლილება თუ უარყოფითი ალბათ, საკამათოა, მე კი, მგონი, აჯობებს, ბოლოვიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დრეიპერისთვის მიცემულ რჩევას მივდიო და სანამ დროა, საძილე ტომარა მოვიკიდო, სალარ-დე-უიუნის თვალუწვდენელ მლაშობზე დავბანაკდე, „ფლოიდი ჩავრთო და ცას ვუცქირო.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.