თანამედროვე სილამაზე
სოციალური მედიის ძალა და მოდის ინდუსტრია ხელს უწყობენ ყოვლის მომცველი კულტურის ჩამოყალიბებას, რომელშიც ნებისმიერი ქალი შეიძლება იყოს ლამაზი.


თანამედროვე სილამაზე
სოციალური მედიის ძალა და მოდის ინდუსტრია ხელს უწყობენ ყოვლის მომცველი კულტურის ჩამოყალიბებას, რომელშიც ნებისმიერი ქალი შეიძლება იყოს ლამაზი.
ქალები:
ცვლილებების საუკუნე
1997 წლის ჟურნალ Elle-ის ყდაზე სუდანელი მოდელის ალეკ ვეკის გამოჩენიდან ოციოდე წლის განმავლობაში სილამაზის განსაზღვრება ფართოვდებოდა და მოიცვა ფერადკანიანი, ჭარბწონიანი, ვიტილიგოს მქონე, მელოტი, ჭაღარა და ნაოჭებიანი ქალები. ამ გზით მივიწევთ სილამაზის ფართო გაგების კულტურისკენ, სადაც ყველასთვის არის ადგილი, სადაც ყველა ლამაზია. დღეს ნებისმიერი ქალის იდეალიზებულ ვარიანტს შეხვდებით ჟურნალის ფურცლებსა თუ პარიზის პოდიუმებზე.
ჩვენც უფრო შემწყნარებლები გავხდით, რადგან ეს ხალხმა მოითხოვა, გააპროტესტა და სოციალური მედიის „ტრიბუნიდან“ზეწოლით მოუწოდა სილამაზის სტანდარტების მცველებს, კარი უფრო ფართოდ გაეღოთ.
რა თქმა უნდა, სილამაზეს კულტურა განსაზღვრავს. იმას, რაც ერთ საზოგადოებაში აღტაცებას იწვევს, მეორეში შეიძლება გულგრილად შეხვდნენ. თუმცა, სილამაზე, ამავდროულად, უნივერსალურიც არის. არსებობენ საერთაშორისოდ აღიარებული ლამაზი ქალები, რომლებიც სტანდარტს წარმოადგენენ.

არაერთი თაობისთვის სილამაზედ ითვლებოდა თხელი აღნაგობა, სავსე მკერდი და წვრილი წელი. ყბის კონტური გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო, ყვრიმალები – მაღალი და მახვილი, ცხვირი – ჩამოთლილი, ტუჩები სავსე. თვალები –ცისფერი ან მწვანე. თმა – ოქროსფერი. სიმეტრია სასურველი იყო. ახალგაზრდობა – თავისთავად იგულისხმებოდა.
ასეთი იყო სტანდარტი ქალთა ჟურნალების გარიჟრაჟიდან, როდესაც სილამაზის კოდექსი დაწესდა და კომერციული გახდა.
მსოფლიო მოდის დედაქალაქებში – ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში „სილამაზის კოდექსები“ უკანასკნელ ათწლეულში უფრო მკვეთრად შეიცვალა, ვიდრე წინა ასწლეულში. მიუხედავად იმისა, რომ მოდა მეამბოხე სფეროდ ითვლება, ცვლილება ნელა მიმდინარეობდა. რევოლუციები სანტიმეტრებით იზომებოდა.

სილამაზის ახლებური აღქმის კატალიზატორი მრავალი ფაქტორის თანხვედრა აღმოჩნდა: ტექნოლოგია, ეკონომიკა და ესთეტიკაში გარკვეულ მომხმარებელთა თაობა.
სოციალურმა მედიამ უმცირესობების ხმა გააძლიერა – ამიტომ მათი რეპრეზენტაციის მოთხოვნას ადვილად ვერ წაუყრუებ ყურს. ციფრული გამოცემებისა და ბლოგების მომრავლება იმას ნიშნავს, რომ ყველა ბაზარი გაიწაფა ესთეტიკის ენაში. გაჩნდა გავლენიანი ადამიანების სრულიად ახალი კატეგორია: ინფლუენსერები – ახალგაზრდა, დამოუკიდებელი და მოდით შეპყრობილი ადამიანები.

ჩვენ, როგორც კულტურა, მხოლოდ სიტყვით გამოვხატავთ, რომ მთავარი შინაგანი სილამაზეა, მაშინ როდესაც რეალურად გარეგნობას ვანიჭებთ სოციალურ ღირებულებას. სილამაზის ახლებური აღქმა მოგვიწოდებს, ჩვენთვის უცნობ ადამიანს ვუწოდოთ ლამაზი, გვიბიძგებს, კარგად ვიფიქროთ ადამიანებზე.
თანამედროვე სილამაზე არ გვთხოვს, რომ კრიტიკის გარეშე შემოვუსხდეთ მაგიდას; მხოლოდ იმის დაშვებას გვთხოვს, რომ თითოეულ დამსწრეს იქ ყოფნის უფლება ჰქონდეს.
რობინ გივანი პულიტცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტი და Washington Post-ის მოდის კრიტიკოსია. იგი არის ავტორი წიგნისა „ვერსალის ბრძოლა: ღამე, როდესაც ამერიკული მოდა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ისტორიაში შევიდა“. ჰანა რეიეს მორალესი National Geographic-ის მკვლევარია, რომელიც ძირითადად ადამიანთა გამძლეობაზე, სიცოცხლისუნარიანობასა და ურთიერთობებზე მუშაობს.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.