
თავგადასვლების მაძიებელნი
ამ ბრიტანელმა 40 წელზე მეტი გაატარა სარეკორდო ექსპედიციებში მდინარეებზე, უდაბნოებსა და ორივე პოლუსზე
სერ რანალფ ფაინსს „მსოფლიო უდიდეს მკვლევარს“ უწოდებენ. იგი უარყოფს ამ ტიტულს, თუმცა მისი ბიოგრაფია უდავო მტკიცებულებაა. ამ ბრიტანელმა 40 წელზე მეტი გაატარა სარეკორდო ექსპედიციებში მდინარეებზე, უდაბნოებსა და ორივე პოლუსზე. გასული წლის ზამთარში 69 წლის ასაკში, ფაინსს დაგეგმილი ჰქონდა ანტარქტიდის გადალახვა, მაგრამ სხეულის ნაწილების მოყინვის მიზეზით, იძულებული გახდა უარი ეთქვა ექსპედიციაზე, რის გამოც გულგატეხილი დარჩა.
თითები დაკარგეთ, გულის შეტევაც გქონდათ… და საქმეს მაინც აგრძელებთ…
თუ ჩემი გუნდის სახელით ვიტყვი, უბრალოდ გვინდა, რომ პირველები ვიყოთ. ექსპედიციების დროს პროექტებსაც ვასრულებდით, რათა თანხა გვეშოვა ქველმოქმედებისთვის. მაგრამ მე ვერასოდეს გავაკეთებ იმას, რასაც მამაჩემი აკეთებდა: ის შოტლანდიის კავალერისტთა უკანასკნელი პოლკის მეთაური იყო.
რა მოხდა?
მე ვერ ჩავაბარე უმაღლესი მათემატიკის გამოცდა და ამიტომაც ვერ მოვხვდი დიდი ბრიტანეთის ოფიცერთა აკადემიაში, თუმცა მაინც მოვახერხე სამხედრო სამსახურში შესვლა, სადაც ჯარისკაცებს ვასწავლიდი კანოეთი ცურვას, თხილამურებზე დგომასა და მთამსვლელობას – ვუტარებდი სათავგადასავლო წვრთნას. სამოქალაქო ცხოვრებაში ამას ექსპედიციას უწოდებენ. სპონსორის შოვნაც, როგორც აღმოვაჩინე, უფრო იოლია, თუ პირველი აკეთებ რამეს.
რომელ მკვლევარს მიიჩნევთ თქვენს მასწავლებლად ან მისაბაძ მაგალითად?
უდაბნოში ჩემი ლაშქრობებისას ნამდვილად ვიყავი აღფრთოვანებული უილფრედ თეზიგერით. პოლუსებზე ეს იქნებოდა დაგლას მაუსონი, და რა თქმა უნდა, კაპიტანი რობერტ სკოტი, პირველი ადამიანი, რომელმაც გადალახა ანტარქტიდა.
თქვენი თავგადასავლებიდან რომელიმე იყო ყველაზე სარისკო?
2007 წელს, თავბრუსხვევასთან გასამკლავებლად, შვეიცარიაში, ეიგერზე ავძვერი. მაგრამ როდესაც მწვერვალს მივაღწიე, გავაცნობიერე, რომ დაბლა არ ჩამიხედავს – ეს მხოლოდ იმიტომ მოვახერხე, რომ შიშს თვალებში არ ჩავხედე.
როგორ უსხლტებით მარცხს ან მოსალოდნელ წარუმატებლობას?
40 წლის მანძილზე ჩემი ექსპედიციების ნახევარი მარცხით დამთავრდა. ვერ განჭვრეტ, მოხსნი თუ არა მსოფლიო რეკორდს. თუ ეს იცი, იცი ისიც, რომ ხშირად შეგიძლია ხელახლა სცადო განსხვავებული საიერიშო სისტემის გამოყენებით.