მოხარული ვარ, რომ National Geographic საქართველოს გამოსვლიდან პირველად, ჩვენს ჟურნალში იბეჭდება ამერიკელი ავტორის – ბრუკ ლარმერის სტატია საქართველოზე, კერძოდ, სვანეთზე. ბრუკ ლარმერის საინტერესოდ მოწოდებული ტექსტი და არონ ჰიუის მშვენიერი ფოტოსესია, ალბათ, სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ჩვენს ერთგულ მკითხველს შევახსენებ, რომ არონი საქართველოს დიდი მეგობარია. 2012 წლის ოქტომბერში ის ესწრებოდა ჩვენი ჟურნალის წარდგენის ცერემონიას; პირველივე ნომერში დავბეჭდეთ მისი სრულიად არაჩვეულებრივი ფოტოსესია ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ცხოვრებაზე. ვიცოდით, რომ არონი 90-იანებში საქართველოში იყო ნამყოფი და იმ გაჭირვების წლებში სვანეთს ესტუმრა. მანვე დაარწმუნა ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება, დაეფინანსებინათ ახალი ექსპედიცია სვანეთში. ექსპედიცია შედგა და სტატიაც გამოქვეყნდა!
ბუნებრივია, რომ მთელი წელი დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს სტატიის მომზადებას National Geographic-ის შიდა სამუშაო პორტალზე. ჩვენი რედაქცია მიზანმიმართულად არ ერეოდა პროცესში (მხოლოდ მცირე შესწორებები შეგვქონდა, ძირითადად, გეოგრაფიულ სახელებთან დაკავშირებით), რომ სტატია მაქსიმალურად “უცხო თვალით” დანახული ყოფილიყო. შედეგი სახეზეა.
ალბათ, ქართველმა მკითხველმა სტატია სხვა თვალით უნდა წაიკითხოს, რადგან სვანეთზე ჩვენ ახალს ვერავინ გვეტყვის. ეს უფრო საერთაშორისო საზოგადოებისთვის (National Geographic-ის 60-მილიონიანი მკითხველისთვის) იქნება მიმზიდველი და აუცილებლად შეუწყობს ხელს ჩვენში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას.
სასიამოვნოა, რომ ჟურნალის გამოსვლა დაემთხვევა სვანეთის განახლებულ მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრის გახსნასა და იქ დაცული საგანძურის კატალოგის გამოცემას. განახლებული მუზეუმი კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ამ უნიკალური კუთხის მნიშვნელობას.