
ტექნოლოგიით დანახული სილამაზე
„გააკეთე ის, რაც სხვებს არ შეუძლიათ” National Geographic-ის უცვლელი დევიზია. ანანდ ვარმას გადაწყვეტილებაც – მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფრინველის დეტალური ფოტოები გადაეღო, ჩვენი მიდგომის თვალნათელი გამოვლინებაა.
თავიდან ვარმა ცხოველებს ბუნებაში იღებდა, შემდეგ კი მათი აღბეჭდვა კონტროლირებად გარემოში ისწავლა და მიხვდა, რომ ისეთ დეტალებს აფიქსირებდა, რომლებსაც სხვაგან ვერაფრით შეძლებდა.
კოლიბრებს უამრავი განმასხვავებელი თვისება აქვთ: ფრთას წამში ასჯერ იქნევენ და 56 კილომეტრის გაფრენა შეუძლიათ, ხოლო მამრები შეწყვილების სეზონზე 97 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ.
ამ ბუნების სასწაულის ფოტოზე გადასაღებად ვარმამ გამოიყენა უხმო კამერა, რომელსაც წამის 1/13,500-ში შეუძლია ფოტოს გადაღება და, ასევე, ვიდეოკამერა, რომელიც წამში 3000-მდე კადრს იღებს. ხოლო, იმისათვის, რომ კოლიბრის ენა დაეფიქსირებინა, ვარმამ შუშის ავზი დაამზადებინა და ფრინველები იქიდან ნექტარის დალევას მიაჩვია.
კოლიბრების არაჩვეულებრივ სტატიასთან ერთად, ამ ნომერში წარმოგიდგენთ ეგვიპტის პირველი რევოლუციონერის ამბავსა და ეპოქას; ქართველ მეფეთა გზას, რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა, გიორგი დარჩიაშვილმა გაიარა; ინტერვიუს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, რომელიც აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ბორჯომის ტყის პრობლემებსა და მისი აღდგენის გზებზე საუბრობს; გამაოგნებელ ფოტოებს ანტარქტიდის ყინულქვეშა სამყაროდან; სტატიას, რომელიც მოგითხრობთ, თუ რას გვიქადის კლიმატის ცვლილება და შემზარავ ამბავს ჩვენთვის შორეული ვენესუელიდან, სადაც სხვა რომ აღარაფერი დარჩენიათ, ადამიანები სამკურნალოდ ექიმბაშებს მიმართავენ.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic-ს.