ვინ:
ჯუბა ყარმაზანაშვილი, 20 წლის დამოუკიდებელი ფოტოგრაფი თბილისიდან
სად:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გომის მთა
რა:
Canon 6D, 50 მმ 1,4 ლინზით
ამბავი:
„ძალიან სუსხიანი დილა იყო, ჩვენს სახლამდე ასვლა ძალიან გაგვიჭირდა. მე ასეთი სიცივისთვის არ ვიყავი მომზადებული და გზაში მარცხენა ფეხიც მომეყინა. გომის მთაზე რომ ავედით, სახლი მთლიანად თოვლში დაგვხდა ჩაფლული. თოვლისგან გავწმინდეთ, როგორც იქნა, შევაღწიეთ და დავლაგდით თუ არა, მზის ამოსვლა დაიწყო. ეს საუკეთესო მომენტი იყო ფოტოების გადასაღებად; კამერა ავიღე და მოყინული ფეხებით გავედი გარეთ.
რამდენიმე ფოტო გადავიღე და სხვა რამის ძებნა დავიწყე, მარჯვნივ მოვიხედე და ჩემ თვალწინ უცებ ეს ლანდშაფტი გადაიშალა – მინიმალისტური სახლი და მისკენ მიმავალი ეული ადამიანი. სასწრაფოდ გავასწორე ექსპოზიცია და გადავიღე“, – ამბობს ჯუბა ყარმაზანაშვილი, ავტორი კადრისა, რომლის სახასიათო განათება პოეტურ განწყობას ქმნის და ღირსებას მატებს ზამთრის სიმკაცრეს.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge