
თევზად გადაქცევის შანსი
ჟაკ-ივ კუსტო აკვალანგის თანაგამომგონებელია – მოწყობილობის, რომელმაც წყალქვეშა სამყარო გაუხსნა მეცნიერებს და ცნობისმოყვარე ადამიანებს.
„ნახე“, – მითხრა ჩემმა ვაჟმა.
ვიეკესის კუნძულზე, პუერტო-რიკოში, პირსის ჩრდილში ვტივტივებდით. გრილი, მაგრამ მოტიტვლებული ადგილი იყო – ხელოვნური მოსასვენებელი კუთხე, სადაც შნორკელით ცურვის პირველი მცდელობის შემდეგ გავჩერდით.
უილი ქვემოთ იშვერდა ხელს. სათვალეშიც ჩანდა, როგორ გაუფართოვდა თვალები. თავი წყალში ჩაყო, მეც მივბაძე.
სხვა სამყაროში შევაბიჯეთ. წყალს ზემოთ პირსი დაბრეცილი ხისა და აქერცლილი საღებავის მოსაწყენი კონსტრუქცია იყო. წყალქვეშ სიცოცხლე ფუთფუთებდა – ხიმინჯებს ნარინჯისფერი და მოყვითალო მარჯნები ეკვროდა, მობიბინე მცენარეები კი ტალღასთან ერთად ტივტივებდნენ და მოვერცხლისფრო თევზებს ისროდნენ. ათწლეულებით ადრე აშენებული დოკის ქვეშ წამოჭიმული ეს ვიწრო ადგილი ისეთივე ნაყოფიერი იყო, როგორც ნებისმიერი ჯუნგლი – მაგრამ ჯუნგლისგან განსხვავებით მის შუაგულში ტივტივი და თითოეული კუთხე-კუნჭულის შესწავლა შეგვეძლო.
„რა მაგარი იყო, – თქვა მან, – აკვალანგითაც მინდა ვცადო“. არ უნდოდა, ზედაპირზე ყოფილიყო მიჯაჭვული ჩვენი ნაქირავები შნორკელით. უფრო ღრმად ჩაყვინთვაზე, ოკეანის კიდევ უფრო დიდი ნაწილის ნახვაზე ოცნებობდა.
ასეთი ოცნება რეალისტურია – ჩვეულებრივიც კი – იმ მარტივი მოწყობილობის წყალობით, რომლის თანაავტორიც ჟაკ-ივ კუსტო გახლავთ. ფრანგმა მოგზაურმა სახელი ფილმებით, სატელევიზიო გადაცემებითა და წყალქვეშა ბუნების დაცვით გაითქვა. მისი დევიზი იყო: „საკუთარი თვალით უნდა ნახო“. 1943 წელს შექმნილი აკვალანგით – პირველი უსაფრთხო ავტონომიური წყალქვეშ სასუნთქი აპარატით (ინგლ. აბრევიატურა SCUBA) – კუსტო ნებისმიერ ადამიანს მოუწოდებდა, ეს დევიზი გაეთავისებინათ და საკუთარი თვალით ენახათ წყალქვეშა სამყარო.
კუსტო ოთხი წლის იყო, ცურვა რომ ისწავლა, მაგრამ მისი ადრეული ამბიციები ცისკენ იყო მიმართული და არა ზღვისკენ. 1930 წელს საფრანგეთის საზღვაო აკადემიაში დაიწყო სწავლა – პილოტობა სურდა, თუმცა თითქმის ფატალურ ავტოავარიაში ორივე ხელი მოიტეხა და ეს ოცნებაც შეფერხდა. ერთ-ერთმა საზღვაო ოფიცერმა, ფილიპ ტეიემ, კუსტოს ოკეანეში ცურვა შესთავაზა რეაბილიტაციისთვის. ტეიემ თავისი წყლის სათვალეები ათხოვა და საფრანგეთის ქალაქ ტულონის მახლობლად, ხმელთაშუა ზღვაში შუბით სათევზაოდ წაიყვანა.

ფოტო: კუსტოს საზოგადოება
წყლის სათვალეებით ცურვა დიდი აღმოჩენა იყო: „თავი ჩავყავი თუ არა, შოკში ჩავვარდი… მივხვდი, რომ ამ დღიდან ჩემს ყოველ თავისუფალ წამს წყალქვეშა სამყარის შესწავლას დავუთმობდი“.
რაღაც ეტაპზე კუსტოს 18 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და იქ 80 წამი გაჩერებაც კი შეეძლო, მაგრამ ეს არც საკმარისი სიღრმე იყო და არც საკმარისი დრო. „ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ფილტვის ერთჩასუნთქვიან შეზღუდვას,“ – წერდა იგი 1952 წელს National Geographic-ის მის პირველ სტატიაში.
1930-იან წლებში სიღრმეზე ყვინთვის ცოტა შესაძლებლობა იყო. მაშინდელი კოსტიუმი, რომელსაც ფრანგები pieds lourds („მძიმე ფეხებს“) უწოდებდნენ – რეზინით დაფარული ტილოს კოსტიუმი სპილენძის ჩაფხუტითა და ტყვიისძირიანი ფეხსაცმლით – წყლის ზედაპირიდან მოწოდებული ჰაერის შლანგის სიმოკლის გამო მოძრაობას ზღუდავდა. ავტონომიური სასუნთქი აპარატი, რომელიც 1925 წელს ივ ლე პრიერმა გამოიგონა, მყვინთავებს უზარმაზარი შლანგისგან ათავისუფლებდა, მაგრამ მუდმივი მიწოდების გარეშე სარეზერვო ჰაერი მალე თავდებოდა და ისინი წყალში დიდი ხნით ვეღარ ჩერდებოდნენ.
კუსტომ გამოსავალი მოიფიქრა. „გამომგონებელი გავხდი, რადგან მომიწია“, – თქვა მან.
უფრო ღრმად ჩასასვლელად სჭირდებოდა მოწყობილობა, რომელიც მიაწვდიდა იმავე წნევის ჰაერს, რაც წყალში იყო: რაც უფრო ღრმად ვყვინთავთ, წნევა მატულობს, სხეულში ჰაერის მოცულობა კლებულობს და ფილტვის უკმარისობის საფრთხე დგება. სიმამრმა კუსტო ინჟინერ ემილ განიანთან დააკავშირა – მაღალი წნევის პნევმატური დიზაინის ექსპერტთან.
II მსოფლიო ომის შუა პერიოდი იყო და საფრანგეთის უმეტეს ნაწილს გერმანია აკონტროლებდა. განიანი საფრანგეთის უდიდეს კომერციულ საწვავის მომწოდებელთან მუშაობდა პარიზში – სწორედ აქ შექმნა სარქვლის დიზაინი, რომელიც საწვავის ნაკადს არეგულირებდა. სარქველი მანქანებს საშუალებას აძლევდა, საკვებ ზეთზე ემუშავათ – ამგვარი ადაპტაცია ომის დროს აუცილებელი გახდა, რადგან ნაცისტებს ავტომობილების ბენზინი სრულად მიეთვისებინათ.
კუსტო 1942 წელს ჩავიდა პარიზში და განიანს წნევის პრობლემის შესახებ უამბო, ინჟინერმა კი ივარაუდა, რომ თავისი რეგულატორით შეიძლებოდა გამოენახათ გამოსავალი. ერთად ჩხირკედელაობდნენ, სანამ ისეთი პროდუქტი არ მიიღეს, რომლის შემოწმებასაც შეძლებდნენ: რეგულატორი, რომელიც მილებით კომპრესირებული აირის სამ კანისტრას უკავშირდებოდა. კუსტო პროტოტიპით ჩასაყვინთად პარიზის აღმოსავლეთით, მდინარე მარნისაკენ, გაემართა. „ნელა, ნორმალურად ჩავისუნთქე, – თქვა მან, – თავი ჩავყავი და შეუფერხებლად ჩავყვინთე 9 მეტრის სიღრმეზე“.
მოწყობილობა მუშაობდა – სანამ ის ჰორიზონტალურად ცურავდა. ვერტიკალურად რომ სწორდებოდა, ჰაერს აპარებდა. კუსტომ და განიანმა შესასვლელი და გამოსასვლელი მილები ერთ დონეზე გაასწორეს. ბოლოს მიიღეს ვერსია, რომლის შემოწმებაც, კუსტოს აზრით, ზღვაშიც შეიძლებოდა.
1943 წელს, თვეების განმავლობაში, კუსტო, ტეიე და მათი მეგობარი ფრედერიკ დიუმა მუდმივად ცდიდნენ მოწყობილობას, რომელსაც „აკვალანგს“ უწოდებდნენ. ხმელთაშუა ზღვაში 500-ზე მეტჯერ ჩაყვინთეს და ყოველ ჯერზე უფრო ღრმად ჩადიოდნენ. შემოდგომისთვის უკვე 40 მეტრს მიაღწიეს. ოქტომბრისთვის დიუმამ კიდევ 27 მეტრით უფრო ღრმად ჩაყვინთა.
„თევზზე დაკვირვების ყველაზე კარგი მეთოდია, გახდე თევზი, – წერდა კუსტო National Geographic-ის თავის პირველ სტატიაში, – ხოლო თევზად გადაქცევის ყველაზე კარგი გზა – ან მისი ყველაზე გონივრული ანალოგი – წყალქვეშა სასუნთქი მოწყობილობის, აკვალანგის, მორგებაა. აკვალანგი ადამიანს ათავისუფლებს, საშუალებას აძლევს, აუჩქარებლად და უსაფრთხოდ ჩასრიალდეს ზღვის სიღრმეებში“.
აკვალანგი თითქმის 80 წლის წინ გამოიგონეს და დღესაც არსებითად იმავე დიზაინს იყენებენ. „ისეთივე მარტივი და მოხდენილია, როგორც კარის სახელური“, – ამბობს National Geographic-ის სტაჟიანი წყალქვეშა ფოტოგრაფი დევიდ დუბილე. „არ დაგაღალატებს. 65 წელია ვყვინთავ და მარცხი არ მომსვლია“.

ფოტო: რობერტ ბ. გუდმენი, National Geographic-ის ფოტოების კოლექცია
კუსტომ მოწყობილობა წყალქვეშა სამყაროს შესასწავლად გამოიგონა. 1949 წელს საზღვაო ძალებიდან წამოვიდა და მალევე იყიდა „კალიფსო“, ყოფილი ბრიტანული ტრალერი. ამ ხომალდით მოგზაურობისას დაიწყო წყალქვეშა ფოტოგრაფია და აღმოაჩინა, რომ წყალქვეშ „ისეთივე ბრწყინვალე და ლამაზი ფერებია, როგორც ზედაპირზე“. 1956 წელს კუსტომ შექმნა ფილმი „მდუმარე სამყარო“ ახალგაზრდა ლუი მალთან ერთად, ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით ფრანგული კინოს ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი გახდა.
ეს ოსკაროსანი ფილმი დევიდ დუბილემ ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად 10 წლის ასაკში ნახა. „თვალები უფრო და უფრო მიფართოვდებოდა“, – ამბობს დუბილე. კუსტო მისი გმირი გახდა. ათიოდე წელიწადში კუსტოს აკვალანგი უკვე ფართო საზოგადოებაში გასართობად გამოიყენებოდა და დუბილემაც გამოცადა ის აუზში ჩასაყვინთად, – „ფსკერზე ვიყავი დაკრული, მაგრამ ვსუნთქავდი – უბრალოდ ღვთაებრივი იყო“.
მოგვიანებით დუბილემ გადაიღო სარგასოს ზღვა, დიდი ბარიერული რიფი და ოკეანის სხვა საოცრებები National Geographic-ის 70-ზე მეტი სტატიისთვის. მისი სიტყვებით, „აკვალანგის რეგულატორი გვაძლევს პასპორტს პლანეტის 70%-ში შესასვლელად, კუსტო კი არის ადამიანი, რომლის მნიშვნელობასაც ჩვენი პლანეტისთვის ვერასოდეს, ვერასოდეს დავივიწყებთ ან დავაკნინებთ“.
კუსტომ გავლენა იქონია, ასევე, ფოტოგრაფ ლორან ბალესტაზე, რომელმაც ბავშვობა საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ცურვაში, შნორკელითა და აკვალანგით ყვინთვაში გაატარა. 16 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად გემით სეირნობდა, როდესაც გარშემო ზვიგენები გამოჩნდნენ. რადგან კუსტოს დოკუმენტურ ფილმებს გატაცებით უყურებდა, მიხვდა, რომ ეს გიგანტური ზვიგენის უწყინარი სახეობა იყო და წყალში გადაეშვა.
როდესაც მშობლებს უამბო, არ დაუჯერეს. როგორც ამბობს, „სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ფოტოგრაფიაც მესწავლა“.
ჟაკ კუსტო 1997 წლამდე, 87 წლის ასაკში გარდაცვალებამდე, აქტიურად მოგზაურობდა წყალქვეშ. წერდა, რომ მისი მოვალეობა იყო, „ეჩვენებინა, რა ხდება წყალქვეშ – რამდენად ლამაზია იქ – რომ ადამიანებს გაეცნოთ და შეეყვარებინათ ზღვა“. შესასწავლი კიდევ ბევრია: აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის გაანგარიშებით, წყალქვეშა სამყაროს 80%-ზე მეტი დიდწილად უცნობია.
მას შემდეგ, რაც კუსტომ და განიანმა აკვალანგი გამოიგონეს, 28 მილიონზე მეტმა ადამიანმა მათ კვალდაკვალ ოკეანეს მიაშურა და ყვინთვა ისწავლა.
ამ გაზაფხულზე მათ რიგებს ჩემი შვილი და მეც შევუერთდებით. სწორედ ეს უნდოდა უილს მე-17 დაბადების დღეზე: პასპორტი სხვა სამყაროში.
რეიჩელ ჰარტიგანი საშტატო მწერალია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩვენი ჟურნალისთვის მკვლევარ რობერტ ბალარდის ცხოვრებაზე დაწერა. იგი წერს წიგნს ამელია ერჰარტის საძიებო მისიაზე, რომელიც დღემდე გრძელდება.