თევზაობა კლიმატის ცვლილებისას
კალმახის, ორაგულისა თუ სხვა თევზების ცივი ნაკადულები „გადახურდა“ კლიმატის ცვლილებისას; ამის შედეგად, საუკეთესო სათევზაო ადგილებიც იკარგება.


თევზაობა კლიმატის ცვლილებისას
კალმახის, ორაგულისა თუ სხვა თევზების ცივი ნაკადულები „გადახურდა“ კლიმატის ცვლილებისას; ამის შედეგად, საუკეთესო სათევზაო ადგილებიც იკარგება.
მდინარე ფლატჰედის შუა განშტოება, მიდლ-ფორკი, სათავეს იღებს მონტანაში – ამერიკის კონტინენტურ წყალგამყოფ ქედზე. ის ათეულობით კილომეტრზე მიედინება და გზად თოვლის ნადნობ წყალს იკრებს.
ზაფხულის ერთ თბილ დილას მიდლ-ფორკის წყლებში შევიდა ჰილარი ჰაჩისონი, ტანმორჩილი ქალი პოლარიზებული მზის სათვალითა და ბადიანი კეპით, რომელზეც ქინძისთავებივით მიემაგრებინა თევზის სატყუარები. იგი გახლავთ სატყუარა ბუზით თევზაობის გიდი და კლიმატის დამცველი აქტივისტი.
44 წლის ჰილარი ფლატჰედის რეგიონის მდინარეთა ნაპირებზე გაიზარდა და მასზე უკეთ, ალბათ, არავინ იცნობს იქაურობას. იგი ხშირად აჩერებდა ნავს და გვთავაზობდა, რომ ერთად შეგვესწავლა მდინარის წყალი, გაგვეგო, თუ რას გვამცნობდა ის წითელყელა კალმახზე – სად ატარებდა თევზი დროის დიდ მონაკვეთს, სად იკვებებოდა. მხოლოდ ასეთი საუბრების შემდეგ მეუბნებოდა, ანკესის მკედი წყალში გადააგდეო. მსგავსი დღის შემხედვარეს, ცივი ლუდითა და თევზის დაჭერის დიდი მოლოდინით, რთულად დასაჯერებელი მოგეჩვენებოდათ, რომ ჩვენს სამყაროში რაღაც რიგზე ვერ იყო.
მაგრამ ცვლილებები მიდლ-ფორკშიც გამოჩნდა. გლეიშერის ეროვნული პარკის მყინვარები და თოვლის საფარი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში კვებავს ფლატჰედს, დღეს მცირდება. მდინარის ნაკადის სახასიათო რეჟიმიც იცვლება. ახლა მეთევზეები უფრო მეტ ჰიბრიდ თევზს იჭერენ, ვიდრე წინათ. ეს ყველაფერი ცხადად გამოვლინდა უკვე 2019 წელს, როდესაც მე გარკვეული დრო დავყავი ჰილარისთან ერთად – მაგრამ გასული ზაფხული ცივი წყლის მოყვარული თევზებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოდგა აშშ-ის დასავლეთ რეგიონებში. კალიფორნიიდან მონტანამდე არაერთ შტატში აღინიშნა მცირეთოვლიანობა, რომელსაც თბილი და მშრალი გაზაფხული მოჰყვა. იმავე წელს, ივნისის ბოლოს, ბევრ ადგილას დაფიქსირდა რეკორდული სიცხე. შედეგად, თევზებსაც მძიმე დრო დაუდგათ.
ფლატჰედზე ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე, რომელსაც კლიმატის ცვლილება იწვევს, გენეტიკური ხასიათისაა: ხელოვნურად შემოყვანილი თევზები ჯვარდებიან მკვიდრ წითელყელა კალმახთან – მათ შერწყმას კი ხელს უწყობს წყლის ნაკადების ცვლილება. თუ ამ პროცესს უკონტროლოდ დავტოვებთ, წითელყელა კალმახის პოპულაცია შესაძლოა სულ განადგურდეს.

კლიმატის კრიზისზე საუბრისას ჩვენ ხშირად ვფოკუსირდებით კატაკლიზმებზე – მაგალითად, გრენლანდიის დნობაზე, მათ ფონზე კი ვეღარ ვამჩნევთ ყოველდღიურობაში მიმდინარე ნაკლებად შესამჩნევ ცვლილებებს. ერთი ამგვარი ცვლილება უკავშირდება ცივი წყლის მდინარეთა და ტბების გათბობას მთელ მსოფლიოში. როდესაც აღნიშნულ წყლებში ტემპერატურა აიწევს, უამრავი თევზი ჩავარდება განსაცდელში, რაც, ბუნებრივია, თევზაობასაც მძიმე შედეგებს მოუტანს. ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია.
ზოგიერთ ადამიანს თევზაობის პრობლემა შესაძლოა სულ უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჰობი. უამრავი ოჯახისთვის თევზაობა ხელოვნებაა – ტრადიცია, რომელიც მემკვიდრეობასავით გადაეცემა თაობებს.
თევზის დაჭერის არაერთი გზა არსებობს. ჰილარი სატყუარა ბუზით თევზაობს. აღნიშნული მეთოდის მიმდევრები თევზის მოტყუებას ცდილობენ მადის აღმძვრელი ხელოვნური მწერით, რომელსაც ანკესით ისვრიან წყალში.
იმ დილით ჰილარიმ მითხრა, აქ ჰიბრიდ თევზებზე არ იღელვოო. ჩვენ მიდლ-ფორკის საკმარისად ზემო წელზე ვთევზაობდით, რომ იქ მსგავსი თევზი შეგვხვედროდა. მე ანკესის მკედი მოვისროლე. პირველივე თევზი, რომელიც მოვიხელთე, სწორედ ჰიბრიდი აღმოჩნდა.
ასეთი იყო მეორე თევზიც.
და – მესამეც.
მსოფლიო მასშტაბით უფრო მეტი ადამიანი თევზაობს გართობის მიზნით – სულ მცირე 200 მილიონი ადამიანი მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში – ვიდრე საარსებო წყაროს მოსაპოვებლად.
თუმცა XX საუკუნის განმავლობაში მტკნარი წყლის თევზების გადაშენების ტემპი ორჯერ აღემატებოდა სხვა ხერხემლიან ცხოველთა იმავე მაჩვენებელს. რატომ? ჩვენ ბულდოზერებით გადავუარეთ მდინარეებს და მათ მივეცით აკვედუკებივით სწორი მიმართულება; მთის ფერდობებზე ტყე გავჩეხეთ, მდინარის სანაპიროები მოვკირწყლეთ, შემდეგ იქ სახლები ავიშენეთ და შლამი თუ დაბინძურება მოვუტანეთ დინებებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კი უცხო თევზები შემოვიყვანეთ, რომლებიც ადგილობრივ სახეობებს ჯაბნიან.
და ახლა კლიმატის ცვლილებაც გამოჩნდა კიდევ ერთი მორიგი დარტყმის მისაყენებლად.
პირდაპირ თუ არაპირდაპირ, კლიმატის ცვლილება მძიმედ მოქმედებს შიდა წყალსატევებში მობინადრე ბევრ თევზზე. როდესაც ჰაერის ტემპერატურა იზრდება, მდინარეები და ნაკადულებიც თბება. ზოგჯერ წყალი იმდენად ცხელდება, რომ იქ თევზი ვეღარ ჩერდება; სითბომ შეიძლება ისინი დააავადოს კიდეც ან პათოგენების მიმართ მგრძნობელობა გაუზარდოს.
დღეს მსოფლიო მასშტაბით ზამთარში ნაკლები თოვლი მოდის, რომელიც მდინარეებს უნდა კვებავდეს მომდევნო სეზონებზე. მის ნაცვლად, წვიმები გახშირდა. ახლა თოვლი უფრო გვიან ზამთარს მოდის და ნაადრევადაც დნება გაზაფხულზე; ამ ბოლო ხანს კლდოვანი მთების ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ჰილარი ცხოვრობს, თოვლის დნობის პიკური ნიშნული ჩვეულზე რამდენიმე კვირით ადრე დადგა. თუ მდინარეებში ნაკლები წყალი მოხვდება, თევზებს საბინადრო სივრცე შეუმცირდებათ, რაც მათ პოპულაციას შეზღუდავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ და შუა-დასავლეთ მხარეებში, სხვა პრობლემაც ჩნდება: დღეს ბევრად უფრო ინტენსიურად წვიმს და ადიდებული ნაკადები ზოგჯერ ქვირითს თუ ახალგაზრდა თევზებსაც კი იტაცებს.

ე. წ. სარეწაო თევზები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მტკნარ წყალზე – ფარგა, კალმახი თუ ორაგული – განსაკუთრებით დიდ საფრთხეს გრძნობენ. უისკონსინის წყლებში მობინადრე ამერიკული გოჭალა (ორაგულისებრთა ოჯახი) რომ განვიხილოთ, პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის ის გაქრება დღეს არსებული არეალის 70%-დან, სამხრეთ აპალაჩებში კი ეს თევზი უფრო მაღლა აუყვება მთის მდინარეებს ცივი წყლის გარემოს შესანარჩუნებლად – მაგრამ, რაღაც მომენტში, წასასვლელი აღარსად დარჩება. უისკონსინში ღიაფარფლება ფარგა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სპორტულ თევზაობაში; პროგნოზის თანახმად, 2090 წლისთვის ეს თევზი თავისი დღევანდელი ტერიტორიის დაახლოებით მესამედს დაკარგავს. ცისარტყელა კალმახის არეალიც შეიძლება მკვეთრად შემცირდეს აშშ-ის შუა-დასავლეთსა და დასავლეთში.
ჰილარის დღემდე ახსოვს ბავშვობის ის დღე, როდესაც მისი მეგობრის ბიძამ ანკესი გაუწოდა და მანაც პირველად დაიჭირა წითელყელა კალმახი. შემდეგ ჰილარიმ დასთან ერთად მალევე ისწავლა სატყუარა ბუზით თევზაობა და გარკვეული დროის შემდეგ ისინი უკვე თევზაობის გიდებიც გახდნენ.
დღეს მონტანაში ჰილარი სათევზაო აღჭურვილობის მაღაზიას ფლობს. იგი სტატიებს წერს თევზაობის შესახებ და ხშირად უსვამს ხაზს კონსერვაციულ საკითხებს. ჰილარი წელიწადში 120 დღის განმავლობაში ასრულებს გიდის სამუშაოს და პროფესიონალურად თევზაობს მთელ მსოფლიოში, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, მითხრა მან, იგი ყოველთვის ფიქრობს სახლში დაბრუნებასა და წითელყელა კალმახის დაჭერაზე.
წითელყელა კალმახი განსაკუთრებული თევზია, ამბობს ჰილარი. „ის არ ნებდება, იბრძვის, გარბის“.
იმ ფონზე, როდესაც უამრავ მეთევზეს უქრება თავისი საყვარელი სათევზაო ადგილი, თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ მათი მხრიდან დიდი აღშფოთება უნდა ისმოდეს კლიმატის ცვლილების გამო. დიახ, რაღაც დოზით ასეც გახლავთ, მაგრამ ბევრ ადამიანს მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ ნელ-ნელა ჩამოუყალიბდა, ხოლო ჰილარი ამ საკითხს ყურადღებას აქცევს კოლეჯში სწავლის დროიდან. წინათ, როგორც ახალგაზრდა გიდი, იგი იმედგაცრუებას გრძნობდა მდინარეთა ცვლილებებით თუ პოლიტიკოსთა უმოქმედობით. მოდი, ეს ადგილები გავლენიან ხალხს უჩვენე და პირდაპირ უთხარი შენი სათქმელი, ურჩიეს მას მისმა და-ძმებმა. ჰილარიმაც გაითვალისწინა მათი შეგონება.
იგი რამდენჯერმე ესტუმრა ვაშინგტონს (კოლუმბიის ოლქი), რათა კონგრესი და თეთრი სახლი დაეყოლიებინა, მხარი დაეჭირათ ორგანიზაციისთვის, სახელად „დავიცვათ ჩვენი ზამთრები“. იქ ერთიანდებოდა 200-ზე მეტი პროფესიონალი სპორტსმენი, არტისტი თუ სხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანი, რომელთა სამუშაოზეც ნეგატიურად მოქმედებს კლიმატის ცვლილება. ჰილარი ლაპარაკობს იმ ცვლილებებზე, რომელთაც თავად ამჩნევს მდინარეებსა და საკუთარ დასახლებაში. „მე მაფიქრებენ ის ადამიანები, რომლებიც დაკარგავენ თავიანთ სამსახურს, საარსებო და ბედნიერების წყაროს, რომელიც ჩვენი ბუნებრივი სისტემის კოლაფსთან ერთად გაქრება“, – განუცხადა მან კონგრესის კომისიას 2019 წელს.
ერთი წლით ადრე მასშტაბური ტყის ხანძრები გაჩნდა გლეიშერის ეროვნულ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ჰილარი მდინარეს ვერ ეკარებოდა 9 დღის განმავლობაში. „როდესაც ჩვენ გვიწევს საქმიანობის შეწყვეტა ხანძრის სეზონზე – სატყუარა ბუზით თევზაობის ყველაზე აქტიურ პერიოდში – მე შეიძლება დავკარგო ჩემი ოჯახის ერთი ზამთრის სარჩო“, – მითხრა მან. ჰილარის დასახლებაში მხოლოდ ალკოჰოლის მაღაზიებია, რომლებიც მსგავსი მოვლენების დროსაც წარმატებით ფუნქციონირებენ.
ამ პრობლემურ საკითხებზე ფიქრმა ჰილარი მიიყვანა კლინტ მიულფელდამდე, რომელიც წყლის ეკოლოგია აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში. ერთ დღეს იგი, ჰილარი და მე გავემართეთ ნორთ-ფორკისკენ, რომელიც მდინარე ფლატჰედის ჩრდილოეთი სექციაა და გლეიშერის ეროვნული პარკის დასავლეთ საზღვარს მიუყვება.
სატყუარა ბუზით თევზაობის გიდი ჰილარი ჰაჩისონი (ცენტრში) და მისი ქალიშვილები დგანან მდინარე ფლატჰედის შუა განშტოება მიდლ-ფორკში (მონტანა). ჰაჩისონი უყურებდა, თუ როგორ ძლიერ ზემოქმედებდა კლიმატის ცვლილება ამ მდინარეზე და მან გარემოსდაცვით აქტივიზმს მიმართა.
კალისპელი (მონტანა) არის კარიბჭე გლეიშერის ეროვნული პარკისა და ასევე კარიბჭე სატყუარა ბუზით თევზაობის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილებში მოსახვედრად. ამ შტატის მდინარეებში ცისარტყელა კალმახი უხვადაა – მაგრამ ის ინვაზიურ სახეობას წარმოადგენს.
წყლის ეკოლოგის, კლინტ მიულფელდის აღმოჩენით, კლიმატის ცვლილება ეხმარება ინვაზიურ ცისარტყელა კალმახს, რომ მდინარის ზემო წელისკენ აიწიოს და მკვიდრ წითელყელა კალმახთან შეჯვარდეს. ჰიბრიდებში „იკვეთება მედეგობის მკვეთრი შემცირება“, – ამბობს იგი.
სატყუარა ბუზით თევზაობის გიდი ჰილარი ჰაჩისონი (ცენტრში) და მისი ქალიშვილები დგანან მდინარე ფლატჰედის შუა განშტოება მიდლ-ფორკში (მონტანა). ჰაჩისონი უყურებდა, თუ როგორ ძლიერ ზემოქმედებდა კლიმატის ცვლილება ამ მდინარეზე და მან გარემოსდაცვით აქტივიზმს მიმართა.
კალისპელი (მონტანა) არის კარიბჭე გლეიშერის ეროვნული პარკისა და ასევე კარიბჭე სატყუარა ბუზით თევზაობის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილებში მოსახვედრად. ამ შტატის მდინარეებში ცისარტყელა კალმახი უხვადაა – მაგრამ ის ინვაზიურ სახეობას წარმოადგენს.
წყლის ეკოლოგის, კლინტ მიულფელდის აღმოჩენით, კლიმატის ცვლილება ეხმარება ინვაზიურ ცისარტყელა კალმახს, რომ მდინარის ზემო წელისკენ აიწიოს და მკვიდრ წითელყელა კალმახთან შეჯვარდეს. ჰიბრიდებში „იკვეთება მედეგობის მკვეთრი შემცირება“, – ამბობს იგი.
მიულფელდი, ხმელი და ენთუზიაზმით აღსავსე კაცი, ნავის ცხვირთან იდგა ანკესით ხელში.
„აქ ჩვენ პირდაპირ ინვაზიის ფრონტზე ვართ“, – თქვა მან.
ათწლეულების განმავლობაში დასავლეთის მტკნარი წყლები ხელოვნურად შეავსეს წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლის მკვიდრი 200 მლნ ცისარტყელა კალმახით სპორტული თევზაობის ხელშესაწყობად. ის წყლიდან მაღლა ხტება ანკესის კაუჭზე გამობმისას; თანაც, გემრიელია და დღეს უამრავი მეთევზე ცდილობს მის დაჭერას. მაგრამ აქ ერთი პრობლემაა: ეს ინვაზიური თევზი ჯვარდება წითელყელა კალმახის 12-ივე ქვესახეობასთან, რომელთა უმრავლესობაც, დასავლეთ ფერდობის კალმახის მსგავსად, აშშ-ის დასავლეთ რეგიონების შიდა წყლებში გვხვდება. დღეს წითელყელა კალმახი გავრცელებულია თავისი ისტორიული ჰაბიტატის 10%-ზე ნაკლებ ტერიტორიაზე და, ამგვარად, საარსებო გარემოს დაკარგვა და ჰიბრიდიზაცია მისი გასაჭირის მთავარი მიზეზებია.
მაგრამ აშშ-ის თევზისა და ველურ ცხოველთა სამსახურმა დასავლეთ ფერდობის კალმახს არ მიანიჭა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობის სტატუსი; მათ განაცხადეს, რომ წითელყელა კალმახი, რომელსაც მხოლოდ 20%-მდე აქვს ცისარტყელა კალმახის გენები, მაინც წითელყელა კალმახად რჩება. მიულფელდმა თავის კოლეგებთან ერთად აღნიშნული დასკვნის შემოწმება გადაწყვიტა, მიღებულმა შედეგებმა კი მათ თავზარი დასცა: თუ წითელყელა შეიცავს ცისარტყელისებრის 20%-მდე გენებს, ამ კალმახის „მედეგობა“ – მისი შთამომავლობის გადარჩენის მხრივ – სულ მცირე, ნახევრდება.
ამასობაში მე ერთი საშუალო ზომის თევზი დავიჭირე სატყუარა ბუზით. ჰილარიმ ის ბადეში ჩააგდო და მიულფელდს უჩვენა. მან აღნიშნა ყბის ქვეშ არსებული, ნაწიბურის მსგავსი, მკვეთრი ფერის ლაქა, ვარდისფერი მუცელი, რაც მიუთითებდა, რომ თევზმა ამ წელს დაყარა ქვირითი; და, ხშირი წინწკლები გვერდით ხაზზე – გრძნობის ორგანოზე, რომელიც სხეულს მთელ სიგრძეზე მიჰყვება.
„Oncorhynchus clarkii lewisi“, – თქვა მან და მიულფელდის ხმაში იგრძნობოდა, რომ ამ თევზს დიდად აფასებდა. „როგორც ჩანს, ეს წითელყელა კალმახი გენეტიკურად სუფთაა“. ის ფლობს გენებს, საადაპტაციო თვისებებს, რომლებიც ჩინებულად ერგება აქაურ გარემოს; ამ წყლებში მას შეუძლია გადარჩენა, ისევე როგორც ამას აკეთებდა უკანასკნელი გამყინვარების ხანიდან. როგორც სახეობას, წითელყელა კალმახს, დღევანდელზე უფრო თბილი პერიოდებიც გადაუტანია.

„ლამაზი თევზია“, – თქვა მიულფელდმა და ის კვლავ მდინარეს დაუბრუნა.
მოგვიანებით კიდევ ერთი თევზი დავიჭირე. მიულფელდმა ბადეში ჩაიჭყიტა და აღნიშნა, თუ როგორი მკრთალი იყო მისი ნაწიბურის მსგავსი ლაქა, ხოლო წინწკლები უჩანდა გვერდითი ხაზის ორივე მხარეს. „სავარაუდოდ, დაბალი რანგის ჰიბრიდია, – განაცხადა მან – წითელყელა კალმახი ცისარტყელა კალმახის მცირე გენური მინარევებით“.
ჰიბრიდიზაცია პრობლემებს უქმნის თევზებსაც და თევზაობასაც, თქვა მან. ნაჯვარი თევზი ვერც სრულყოფილად ერგება გარემოს და ცვლილებებზე ადაპტირებაც უჭირს.
არაერთი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად კონსერვირებული იყო. ცისარტყელა კალმახი, დიდწილად იქ რჩებოდა, სადაც ის ხელოვნურად შეიყვანეს – ფლატჰედის სისტემის ქვემო წელზე. ამასთან, წითელყელა კალმახებთან შედარებით, ისინი ქვირითს ყრიან უფრო ადრეულ გაზაფხულზე, ამ პერიოდში კი წყლის ნაკადი ძლიერია და მათ კვერცხებს უნდა იტაცებდეს, ფიქრობენ მეცნიერები.
მაგრამ კლიმატის ცვლილებამ ეს ერთგვარი ბალანსი დაარღვია. ახლა წყლის ნაკადმა იკლო, რაც ხელოვნურად შემოყვანილ ცისარტყელა კალმახს საშუალებას აძლევს, რომ მდინარის ზემო წელისკენ აიწიოს და უფრო ხშირადაც შეჯვარდეს მკვიდრ თევზებთან. მიულფელდი და მისი კოლეგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთ-ერთ ზონაში გენების გაცვლის შემთხვევათა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ცისარტყელა კალმახები არიან „წამმზომიანი ბომბები, რომლებიც ხელსაყრელ პირობებს უცდიან ასაფეთქებლად“, – ამბობს მიულფელდი.
2000-იანი წლების დასაწყისში, გაზაფხულზე, როდესაც ფლატჰედზე აღინიშნა უკიდურესად მცირე ნაკადი, ჰიბრიდიზაციის შემთხვევებმაც იფეთქა. მსგავსი წლები, ერთ დროს რომ გამონაკლისს წარმოადგენდნენ, სავარაუდოდ, ჩვეულ მოვლენად იქცევა კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ – და, ყოველ ჯერზე, ნაკლებად მედეგი ჰიბრიდების ტალღას მოგვიტანს.
მარტივად რომ ვთქვათ, ამ ქვედა რანგის თევზებს გაუჭირდებათ გადარჩენა. ფლატჰედში ალბათ შემცირდება თევზის რაოდენობა, ამბობს მიულფელდი. ჰიბრიდებს ბრძოლისუნარიანობაც აკლიათ და მათი დაჭერით ვერც მეთევზეები ხალისობენ, ამატებს ჰილარი.
აქ განხილული არც ერთი ამბავი არ არის კარგი იმ ხალხისთვის, ვისაც უყვარს თევზი და თევზაობა, ამბობს იგი და ჩემი დაჭერილი ეს მეორე თევზიც კვლავ მდინარეში დააბრუნა.

ტბებისა და მდინარეთა წყლის გათბობით თევზაობა არ გაქრება, თუმცა ეს სპორტი დიდად დაზარალდება გარკვეულ ადგილებში ან სრულიად სხვა სახეს მიიღებს. კალმახის მსგავსი თევზები რომ „უკან დაიხევენ“, ხშირ შემთხვევაში, მათ ნაცვლად გამოჩნდებიან პატარაპირა ქორჭილები ან ის სხვა სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ გამთბარ წყლებში ცხოვრება, მაგრამ ამ სახეობებმა შესაძლოა ნაკლები მეთევზე მიიზიდოს და შემოსავალიც მცირე დატოვოს. აქ კიდევ სხვა ტიპის დანაკარგიც გაჩნდება, როდესაც მკვიდრ თევზებს ჩაანაცვლებენ ფართოდ გავრცელებული სახეობები: მსოფლიო განაცრისფრდება, ბიოლოგიურად გაღარიბდება და ყველა ადგილი ერთმანეთს დაემსგავსება.
უკვე დიდი ხანია, რაც უმეტეს ადგილებში თევზაობა აღარ წარმოადგენს შეუბღალავ საქმიანობას. როდესაც დღეს ზოგიერთი მეთევზე ზის თავის კომპიუტერთან, გამუდმებით ხელს აჭერს განახლების ღილაკს და უცდის იმ ინფორმაციას, თუ როდის მიადგება ავტოცისტერნა მათ ადგილობრივ ტბას და იქ ჩაუშვებს სარეწებში გამოზრდილ თევზებს – ესეც თევზაობის გარკვეულ ფორმად მიიჩნევა. და ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ ბუნებასთან ურთიერთობა. მსგავსი ტიპის თევზაობა შესაძლოა სულ უფრო გახშირდეს მომავალში.
თუმცა, ბევრი მეცნიერი, რომელთაც ვესაუბრე, გასაოცარ ოპტიმიზმს ავლენდა – არა კლიმატის ცვლილების შეჩერების ჩვენს უნარზე, არამედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა მოგვარებაც შეგვიძლია ცივი წყლის თევზების გადასარჩენად. მაგალითად, მდინარე ფლატჰედზე სათემო, საშტატო და სახელმწიფო ქმედებების შედეგად მოვახერხეთ, რომ უკუგვეგდო ინვაზიური თევზები და ამ დრომდე საფრთხე შეგვემცირებინა, ამბობს მიულფელდი. გარდა იმისა, რომ შემოყვანილ და ჰიბრიდ თევზებს პირდაპირ ანადგურებდნენ, მუშაკები შლიდნენ ცისარტყელა კალმახის ქვირითის დასაყრელ ადგილებსაც; ზოგიერთ არხში ისინი ბარიერებს აწყობდნენ, რათა „წმინდა სისხლის“ თევზები დაეცვათ ინვაზიური სახეობებისგან. თუმცა, ამგვარი სამუშაოს უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ აღნიშნული ქმედებების ჩატარება შესაძლოა უსასრულოდ დაგჭირდეთ.
თეორიულად ისიც დასაშვებია, რომ გავაგრილოთ ნაკადულები და მდინარეები – მიუხედავად ჰაერის ტემპერატურის ზრდისა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ორეგონში მდინარე ჯონ-დეი მასპინძლობს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ ჩავიჩას (ორაგულისებრთა ოჯახი). გაჩეხილი ტყე, რომელიც ერთ დროს ამ მდინარის სანაპიროებს მიუყვებოდა, მთავარი მიზეზია, რის გამოც ჯონ-დეის წყალი გათბა და პატარაპირა ქორჭილასაც საშუალება მისცა, მდინარის ზემო წელისკენ აჭრილიყო. ამ საუკუნის ბოლოსთვის მათ შესაძლოა სულ გაანადგურონ აღნიშნულ წყლებში მობინადრე ჩავიჩა.

მაგრამ 2019 წელს მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ მდინარის ზემო წელთან 37 კილომეტრი ტერიტორიის დაჩრდილვა ზრდასრული ადგილობრივი ხეებით, დღიურ საშუალო ტემპერატურას შეამცირებდა მთელი 8 გრადუსით. რა თქმა უნდა, ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ნერგების გაშენება 37 კილომეტრზე და შემდეგ კიდევ მრავალი წელი ლოდინი, სანამ ეს ხეები საკმარისად გაიზრდებიან, რომ ჩრდილი წარმოქმნან. თუმცა, გატყიანების მსგავსი პროექტები უკვე დაწყებულია ჯონ-დეისა და აშშ-ის სხვა დასავლეთ მხარეებში.
„ჩვენ გადავჭერით ისეთი საკონსერვაციო საკითხები, რომლებიც მოუგვარებელი გვეგონა“, – ამობს მილერი (Nature Conservancy). „მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იქამდე, სანამ რაღაც-რაღაცები მართლაც ძალიან ცუდ დღეში არ აღმოჩნდება და მხოლოდ შემდეგ ვცდილობთ მსგავსი სასოწარკვეთილი ნაბიჯების გადადგმას“.
სხვა მიზეზიც არსებობს, რომ პატარა იმედი გაგვიჩნდეს: თევზებს შეუძლიათ მსოფლიოს ცვლილების მიმართ ადაპტაცია განიცადონ. 2011 წელს შეისწავლეს ბრიტანეთის კოლუმბიაში მობინადრე ნერკას (ორაგულისებრთა ოჯახი) 8 პოპულაცია, რომლებიც 1100 კილომეტრამდე ტერიტორიაზე მიგრირებდნენ მდინარე ფრეიზერის სისტემაში. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგინდა: მიუხედავად ნერკის იდენტური გარეგნობისა, ამ თევზმა განავითარა ადაპტაციები მკვეთრად განსხვავებული სიგრძის, ინტენსივობისა და ტემპერატურის მიგრაციების შესასრულებლად.
თუ გარკვეულ დროს მოვიგებთ თევზებისთვის, ისინი ალბათ მოახერხებენ ადაპტირებას და გადარჩენას იმ ახალ სამყაროში, რომელსაც ჩვენ, ადამიანები, ვუმზადებთ.

თუმცა, უმჯობესია, ხელი არ ვახლოთ მათ საბინადროს და ვეცადოთ მაქსიმალურად უცვლელი დავტოვოთ ის. მაგალითად, ჩვენ ვიცით, თუ რა სჭირდებათ ფლატჰედის წითელყელა კალმახებს: „ცივი, სუფთა და ურთიერთდაკავშირებული ჰაბიტატები“, – ამბობს მიულფელდი. ამ ჩამონათვალში „დაკავშირებულობა“ გადამწყვეტია. მიდლ-ფორკის წითელყელა კალმახები ნორთ-ფორკის კალმახების ახლო ნათესავები არიან, თუმცა მაინც გენეტიკურად განსხვავდებიან. თითოეული მათგანი შეიძლება ფლობდეს გენეტიკურ სიბრძნეს, რაც ამ სახეობებს მომავალში დაეხმარება – თუ მდინარე მათ კვლავ მისცემს არსებობისა და შეჯვარების საშუალებას.
როდესაც ახალ ამბებში მორიგი კატასტროფის შესახებ ვისმენთ, ამ ფონზე პოპულარული სათევზაო ადგილის დაკარგვა – თუნდაც თავად თევზის გაქრობა – შესაძლოა არც ისე დიდ პრობლემად მოჩანდეს. მაგრამ ეს არ გახლავთ პატარა ამბავი; ჩვენ ვქმნით სამყაროს, რომელიც ამოძირკვავს მარტივ სიამოვნებებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ შეგვეძლო სულის მოთქმა, გაღიმება თუ დღის გალამაზება.
ერთ დღეს, როდესაც ნავით მოვუყვებოდით მდინარეს, ჰილარის შევეკითხე, სასოწარკვეთილება ხომ არ ეუფლებოდა იმის გაგებით, თუ რამდენად ცუდად შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები?!
„ჩვენ მაინც ვცდილობთ. ჩვენ ვცდილობთ, ვცდილობთ, ვცდილობთ“, – თქვა მან. „ამ წუთში ჩვენ ცოცხლები ვართ და ჩემთვის ცოცხლად ყოფნა ნიშნავს მცდელობას“.
თუ თევზაობას რამე არსი მოეძებნება, ეს არის განუწყვეტელი იმედი. თევზაობა არის რწმენა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ ვცადეთ წარუმატებლად, მომავალ ჯერზე უკეთ გამოგვივა.
ჰილარიმ მორიგი ბუზი გამოაბა ჩემს ანკესზე, ნიჩბები მოიმარჯვა და კვლავ მდინარის სიღრმეში დაგვაბრუნა. მითხრა, ისროლეო.
მწერალი კრისტოფერ სოლომონი ცხოვრობს და თევზაობს ვაშინგტონის შტატის აღმოსავლეთ მხარეში, სადაც მისი საყვარელი ადგილებია კალმახის დასაჭერად. ფოტოგრაფი და კინორეჟისორი ხოლუდ ეიდი ცხოვრობს ნიუ-იორკში. ეს მისი პირველი წყალქვეშა ნამუშევარია.