
თილაცინის დაბრუნება საიქიოდან
გადაშენებიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ეროვნულ სიმბოლოდ ქცეული ჩანთოსანი მგლის გაცოცხლებაზე ფიქრობენ.
თილაცინი ცოცხალია. არა პირდაპირი გაგებით – ავსტრალიის ლეგენდარული ჩანთოსნის არსებობა თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში აღარ დადასტურებულა – მაგრამ ის ცოცხლობს მისი გადაშენებით გამოწვეულ კოლექტიურ სინანულში. ასევე ცოცხალია რამდენიმე მეცნიერისა და მეწარმის მისწრაფებაშიც – აღადგინონ ეს გადაშენებული სახეობა და დააბრუნონ ველურ ბუნებაში.
პირველი, რაც თილაცინის, ე.წ. ტასმანიური ვეფხვის შესახებ უნდა ითქვას, არის ის, რომ იგი არ იყო ვეფხვი და მხოლოდ ტასმანიაში არ ბინადრობდა. როგორც არსებობის, ისე გადაშენებისას, ცხოველი, რომელსაც დღეს თილაცინის, ტასმანიური ვეფხვის, ან ჩანთოსანი მგლის სახელწოდებით ვიცნობთ, ევროპული გაუგებრობისა და შეცდომის მსხვერპლი გახდა.
ნიდერლანდელი მკვლევარი აბელ ტასმანი საექსპლუატაციო მიწების ძიებაში, 1642 წელს, მიადგა ერთი უცნობი კუნძულის სანაპიროებს, რომელსაც ვან დიმენის მიწა უწოდა (მოგვიანებით ტასმანია უწოდეს მის პატივსაცემად; აბორიგენული სახელწოდებაა – ლუტრუვიტა). მტკნარი წყლის მაძიებელ მეზღვაურთა ჯგუფმა დაინახა ერთი არსების ნაკვალევი, რომელსაც „ვეფხვის მსგავსი ბრჭყალები“ ჰქონდა. მას სხვადასხვა მეტსახელი შეარქვეს.
ევროპელები ავსტრალიის ჩანთოსნებს „ბუნების უმწეო, დეფორმირებულ და ამაზრზენ ქმნილებებად“ თვლიდნენ. დღეს ყველასთვის საყვარელ კოალას დასცინოდნენ, ხოლო თილაცინს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ჩანთოსან მტაცებელს, რომელიც თანამედროვეობამდე შემორჩა, პრიმიტიულ ლეშისმჭამელს უწოდებდნენ.

ადგილობრივი ფაუნის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გადაიზარდა შემოყვანილი სახეობებით მათი ჩანაცვლების სურვილში. ამან გამოიწვია ეკოლოგიური გადატრიალება, რომელსაც ავსტრალიამ თავი ვეღარ დააღწია.
ოდესღაც თილაცინის, სულ ცოტა, ხუთი სახეობა არსებობდა. უკანასკნელი გადარჩენილები იყვნენ ე.წ. თანამედროვე თილაცინები, რომლებიც ერთ დროს მთელ კონტინენტზე ბინადრობდნენ, ისევე როგორც კუნძულ ახალ გვინეაზე. დაახლოებით 3000 წლის წინ ეს სახეობა ავსტრალიის კონტინენტური ნაწილიდან გაქრა. დარჩა მხოლოდ ტასმანიის თილაცინების პოპულაცია, რადგან ზღვის დონის აწევამ ჩაძირა კონტინენტთან დამაკავშირებელი სახმელეთო ხიდი დაახლოებით 10 000 წლის წინ.
მიუხედავად მწირი მტკიცებულებებისა, რომ თილაცინები მნიშვნელოვანი რაოდენობით ანადგურებდნენ პირუტყვს, ავსტრალიის ახალმოსახლე მეცხვარეებმა ის განტევების ვაცად აქციეს. 1888 წელს ჯილდოც დაწესდა მისი მოკვლის ან დაჭერისთვის.
ჯილდოს დაწესება ეფექტური აღმოჩნდა. 1900-იანი წლების დასაწყისისთვის თილაცინების რიცხვი იმდენად მცირე იყო, რომ ჯილდოები შემცირდა, შემდეგ კი შეწყდა. ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებულმა მოწოდებებმა ძალიან დაიგვიანა. 1986 წელს, მას შემდეგ, რაც ველურ ბუნებაში თილაცინის არსებობა არ დადასტურებულა 56 წლის განმავლობაში, ის ოფიციალურად გამოცხადდა გადაშენებულად.
ავსტრალიის მუზეუმის უფროსმა მეცნიერმა, თერიოლოგმა და National Geographic-ის მკვლევარმა კრის ჰელგენმა მუზეუმებში დაცული თილაცინის ნიმუშები შეისწავლა. მისი თქმით, „ეს ცხოველი ერთ-ერთი დომინანტური მტაცებელი იყო კონტინენტურ ავსტრალიაში“.
უმაღლესი მტაცებლის როლზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი არის ამ სახეობის ადგილი ევოლუციურ პანთეონში. „თილაცინი თავისი ოჯახის უკანასკნელი წევრი იყო“, – მითხრა ჰელგენმა. ავსტრალიაში ძუძუმწოვრების მხოლოდ რამდენიმე ოჯახია: კენგურუები, მფრინავი ციყვები, კუსკუსები და ყველა სხვა ჩანთოსანი მტაცებელი. თილაცინი არცერთ ამ ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა.

ფოტო: ტონი უილერი
როგორც ფიქრობენ, ველურ ბუნებაში თილაცინის მოკვლის უკანასკნელი შემთხვევა ტასმანიაში დაფიქსირდა 1930 წელს; ექვსი წლის შემდეგ ჰობარტის ზოოპარკში ტყვეობაში მყოფი უკანასკნელი თილაცინი დაიღუპა. სულ რაღაც ორი თვით ადრე, ტასმანიის მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ თილაცინი დაცულ სახეობად გამოეცხადებინა.
თილაცინის რიცხოვნობა რომ მცირდებოდა, მისი კულტურული მნიშვნელობა იზრდებოდა. 1917 წელს თილაცინი დომინანტურ ემბლემად აირჩიეს ტასმანიის გერბზე. ცხოველთა წყვილს უჭირავს ფარი, რომელზეც ტასმანიის ძირითადი საექსპორტო საქონელია გამოსახული: სვია, ვაშლი და, ბედის ირონიით, ცხვარი, თილაცინის სავარაუდო ნადავლი.
თილაცინი გამოსახულია ლუდის ეტიკეტზეც, კრიკეტის გუნდის თილისმაც არის და ავსტრალიის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ეროვნული დღის სახეც.
დღეს თილაცინი მეხსიერებაში ცოცხლობს. შესაძლებელია, რომ რეალობაშიც იცოცხლოს?
თილაცინის მკვდრეთით აღდგენის იდეა 1990-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. პროექტი, ამბიციური სახელწოდებით „ლაზარე“, მიზნად ისახავდა თილაცინის კლონირებას სამუზეუმო ნიმუშებიდან შემორჩენილი დნმ-ის გამოყენებით, თუმცა პროცესი შეჩერდა, რადგან მის აღსადგენად საჭირო ხელმისაწვდომი მასალა მეტად დეგრადირებული და ფრაგმენტული აღმოჩნდა.
უახლესი ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს, რომ თილაცინის გენომი მრავალი წყაროდან აღვადგინოთ გენის რეკომბინაციის მეთოდით (დნმ-ის სხვადასხვა მონაკვეთის ხელოვნური შეერთება გენური ინჟინერიით). ამ წამოწყებას ხელმძღვანელობს მელბურნის უნივერსიტეტის გენეტიკოსთა ჯგუფი ტეხასის ბიოტექნოლოგიური კომპანიის მხარდაჭერით.
2022 წელს ამ ლაბორატორიის წამყვანმა მკვლევარმა ენდრიუ პასკმა იწინასწარმეტყველა, რომ მისი გუნდი 10 წლის განმავლობაში თილაცინის პირველ ჰიბრიდს შექმნიდა (იხ. ილუსტრაცია მარცხნივ).

ჰელგენი ამას სკეპტიკურად უყურებს. მისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება თილაცინის გენეტიკური სიშორეა მისი ამჟამინდელი ნათესავებისგან. ბეწვიანი მამონტისგან განსხვავებით, თილაცინს არ ჰყავს ახლო მონათესავე სახეობები, რომლებიც გენეტიკური საყრდენის ფუნქციას შეასრულებდნენ და მოგვაწვდიდნენ უჯრედებს თილაცინის გენომის მატარებელი სიცოცხლისუნარიანი ემბრიონებისთვის. ბეწვიანი მამონტისთვის ამ როლის შესრულება აზიურ სპილოს შეუძლია. ჰელგენის თქმით, თილაცინის რეკონსტრუირებული გენომის სავარაუდო მიმღები, სქელკუდა ჩანთოსანი თაგვი, გენეტიკურად ისევე დაშორებულია თილაცინისგან, როგორც ადამიანი – მარმოსეტისგან.
გადაშენებული ცხოველების აღდგენას ყურადღება გადააქვს იმ სახეობებიდან, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ დახმარებას – ასე ფიქრობს სამეცნიერო საზოგადოების დიდი ნაწილი. ბიომრავალფეროვნების კრიზისში, რომელიც ადამიანმა გამოიწვია, არ უნდა გავბედოთ, მკვდრების გაცოცხლებით გადავფაროთ ჯერ კიდევ ცოცხალი სახეობების გადაშენების პროცესი. ჰელგენის აზრით, გადაშენების პირას მყოფი მრავალი სახეობა „შეიძლება დავაბრუნოთ არა რამე ჯადოსნური ტექნოლოგიით, არამედ ველურ ლანდშაფტებზე ზრუნვითა და სახეობების მართვით“.
თილაცინი დანაკარგის სიმბოლოცაა და იმედისაც. მისი გაქრობის შემდეგ ტასმანიელებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი ტრაგედია აღარ უნდა განმეორდეს. მათ ჩამოაყალიბეს მსოფლიოში პირველი მწვანე პოლიტიკური პარტია. დადეს პირობა, რომ შეეწინააღმდეგებიან გარემოს დეგრადაციას და დაიცავენ მოწყვლად ადგილობრივ სახეობებს – ეს ყველამ უნდა გავითავისოთ თუ გვინდა, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ სახეობების გადაშენება.
თილაცინი გასული საუკუნის გადმოსახედიდან მოგვიწოდებს: ნუ დაელოდებით იმ დროს, როდესაც უკვე გვიან იქნება.
კენედი უორნი ახალ ზელანდიაში მცხოვრები მწერალია. მისი უკანასკნელი წიგნი Soundings: Diving for Stories in the Beckoning Sea, National Geographic-ისთვის მომზადებული წყალქვეშა რეპორტაჟების ორი ათწლეულის მემუარებია.