ლეიცისტ ცხოველებს პიგმენტაცია აქვთ დარღვეული: მათი ორგანიზმი ძალიან მცირე რაოდენობით მელანინს შეიცავს, თუმცა, ალბინოსები არ არიან – აქვთ შავი ლაქებიც. მსოფლიოში სულ 34 ლეიცისტი ზღვის ღორია (Phocoena phocoena) აღრიცხული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა შავ ზღვაში რვა ლეიცისტი ზღვის ღორი ნახეს. პროფესორ ნათია კოპალიანის თქმით, შავ ზღვაში ზღვის ღორების პოპულაცია თითქმის სრულადაა იზოლირებული ყველა სხვა პოპულაციისგან. სწორედ ამას უკავშირდება ლეიცისტი ინდივიდების ასეთი დიდი რაოდენობა ჩვენთან. პოპულაციის იზოლირება ლეიციზმის რეცესიული გენის გამოვლენის შანსს ზრდის, რადგან ჩაკეტილ პოპულაციაში ახლონათესაური შეჯვარება უფრო ხშირია. „უაღრესად საინტერესო იქნებოდა გენეტიკური კვლევების შედეგები“, – ამბობს ნათია კოპალიანი და ამატებს, რომ ეს სახეობა გლობალურად კი ნაკლები საფრთხის წინაშე მყოფებად ითვლება, მაგრამ საქართველოში გადაშენების პირასაა მისული.