
თხილამურებით წარსულისაკენ
მან ფოტოზე აღბეჭდა ნაძვის ხელნაკეთი თხილამურებით დიდ თოვლში შევარდნილი ადგილობრივი მონადირე და წარმოსახვაში იგი ცხოველთან გაჯიბრებულ უშიშარ კოვბოის ენერგიას შეადარა
„ყველა ნორვეგიელი თხილამურებით იბადება“, – ამბობს იონას ბენდიკსენი და გაჭირვებით მიიკვლევს გზას ალთაის დათოვლილ მთებში (ჩინეთი) ნადირობის უძველესი კულტურის ფოტოზე აღსაბეჭდად. მან ფოტოზე აღბეჭდა ნაძვის ხელნაკეთი თხილამურებით დიდ თოვლში შევარდნილი ადგილობრივი მონადირე და წარმოსახვაში იგი ცხოველთან გაჯიბრებულ უშიშარ კოვბოის ენერგიას შეადარა. ბენდიკსენს მონადირეებთან ერთად ღია ცის ქვეშ ეძინა და 40-გრადუსიან ყინვაში ფოტოაპარატის ბატარეებს საკუთარი სხეულით ათბობდა.
ობიექტივს მიღმა
მოგისინჯავთ მათი თხილამურები?
იონას ბენდიკსენი: კი, მე და მარკ ჯენკინსმა (სტატიის ავტორი) გასართობად ვცადეთ, მაგრამ უცნობ ადგილებში ვერ ვბედავდით, მაინც ჩვენს, თანამედროვე თხილამურებს ვარჩევდით. მეშინოდა ამ „სწრაფმავალ“ ბიჭებს არ ჩამოვრჩენოდით, ისინი ჩემს გამო სიჩქარეს არ აგდებდნენ. ამიტომ, ვანგარიშობდი, საით გაუხვევდნენ, ოდნავ ვუსწრებდი და ისე ვუღებდი სურათს. რამდენჯერმე მწარედ დავეცი.
აღწერეთ მათი ოსტატობის დონე.
ძნელია შეფასება, მეტადრე, თუ თხილამურებით სირბილის დასავლურ ტექნიკას ადარებ. ჩვენ თხილამურებზე დგომის ესთეტიკა გვაინტერესებს, მათთვის კი თხილამურები გადაადგილების საშუალება და ცხოვრების სტილია. ისინი მექანიკურად იხვევენ ცხენის ტყავს უბრალო ჩექმებზე და საოცარი სიმსუბუქით იმაგრებენ ფეხებზე ფიცარს, ამიტომ თავიანთ თხილამურს ისინი სულ სხვანაირად აკონტროლებენ – მათი მოძრაობა ბევრად უფრო მარტივია.
თანამედროვეობის რაიმე კვალი თუ ნახეთ?
ყველას აქვს მობილური ტელეფონი… 4-5 წლის წინ სოფლისკენ მიმავალ გზებზე მხოლოდ თხილამურებით თუ გადაადგილდებოდი, ახლა ამ გზებზე მგზავრობაც შესაძლებელია. ახალგაზრდებს მოტოციკლები უფრო იზიდავთ. ბიჭებს ეცინებოდათ ჩვენს თხილამურებზე. ისინი იცნობენ თანამედროვე აღჭურვილობას, უბრალოდ, მათი გამოყენება არ სურთ.