ტკივილის სამყარო
მეცნიერები ტკივილის საიდუმლოს ხსნიან – და მისგან
გათავისუფლების ახალ გზებს ეძებენ


ტკივილის სამყარო
მეცნიერები ტკივილის საიდუმლოს ხსნიან – და მისგან გათავისუფლების ახალ გზებს ეძებენ
ქრონიკული ტკივილით თითქმის 50 მილიონი ადამიანი იტანჯება აშშ-ში და კიდევ მილიონობით – მთელ მსოფლიოში. გამომწვევი მიზეზები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ტანჯვა მსგავსია: ფიზიკური აგონია, რომელიც ცხოვრებას ართულებს – დროდადრო ან მუდმივად.
მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში ქრონიკული ტკივილის გასაყუჩებლად ექიმებმა ოპიოიდების (მაგალითად, ოქსიკოდონის) დანიშვნა დაიწყეს, ასობით ათასი ამერიკელი დამოკიდებული გახდა ამ წამლებზე, რომლებიც რიგ შემთხვევებში, ტკივილის შემსუბუქების გარდა, სიამოვნების განცდასაც იწვევენ. ოპიოიდების გამოყენება ასეთი რისკების გამოვლენის შემდეგაც გაგრძელდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ბევრი ალტერნატივა დღემდე არ არსებობს.

ფოტო: რობერტ კლარკი
ოპიოიდი ტკივილგამაყუჩებლების (რომელთა დანიშნულებაც მწვავე ტკივილის მოკლევადიანი რეგულირებაა) არამიზნობრივი გამოყენების პრობლემა მთელ აშშ-ში მძვინვარებს. 2017 წელს 1,7 მილიონ ამერიკელს გამოუვლინდა დანიშნული ოპიოიდური მკურნალობის საფუძველზე განვითარებული წამალდამოკიდებულება. აშშ-ში ყოველდღე დაახლოებით 130 ადამიანი იღუპება ოპიოიდის გადაჭარბებული დოზით – ეს შემზარავი სტატისტიკა მოიცავს, როგორც რეცეპტით გაცემული ტკივილგამაყუჩებლებით, ისე ჰეროინის მსგავსი ნარკოტიკებით გამოწვეულ ფატალურ შემთხვევებს.
ამის გათვალისწინებით, ტკივილის ბიოლოგიური საფუძვლის გაგება და ქრონიკული ტკივილის რეგულირების ქმედითი ხერხების ძიება კიდევ უფრო სასწრაფო და მნიშვნელოვანი გახდა. მკვლევრები საგრძნობლად წინ მიდიან იმ პროცესების გარკვევაში, თუ როგორ გადაეცემა ტკივილის სიგნალები სენსორული ნერვებიდან თავის ტვინს და როგორ აღიქვამს ის ტკივილის შეგრძნებას. მეცნიერები ტკივილის რეგულირებაში კონკრეტული გენების როლსაც ავლენენ, რითაც აიხსნება მასშტაბური სხვაობები ტკივილის აღქმასა და ამტანობაში.

ფოტო: დევიდ გუტენფელდერი
ეს წინსვლა რადიკალურად ცვლის კლინიცისტების და მეცნიერების ხედვას, თუ რა არის ტკივილი, განსაკუთრებით – ქრონიკული, რომელიც სამთვიან ან უფრო ხანგრძლივ ტკივილს ეწოდება. მედიცინა ტკივილს, ტრადიციულად, ტრავმის ან ავადმყოფობის შედეგად მიიჩნევდა. ირკვევა, რომ ბევრ შემთხვევაში ტკივილი, მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ, კიდევ დიდხანს რჩება. ასეთ დროს ტკივილი თავად იქცევა დაავადებად.
იმედია, ტკივილის არსში ჩაწვდომა ხელს შეუწყობს ინოვაციური თერაპიის შემუშავებას, მათ შორის ოპიოიდების ალტერნატიული საშუალებების შექმნას, რომლებიც დამოკიდებულებას არ გამოიწვევს. მკვლევრები ალტერნატიულ სტრატეგიებს ცდიან – სუსტი ელექტროშოკით ტვინის სტიმულირებას იმისათვის, რომ ტკივილის აღქმა შეუცვალონ და ამ გზით ორგანიზმის თანდაყოლილი უნარი გამოიყენონ ტკივილის გასაყუჩებლად.
იუდჰიჯიტ ბჰატაჩარჯი 2017 წლიდან შემოუერთდა ჟურნალს. იგი ავტორია ნამდვილ ამბებზე დაფუძნებული თრილერისა „ჯაშუში, რომელმაც წერა არ იცოდა“. დევიდ გუტენფელდერი, რობერტ კლარკი, რობინ ჰამონდი და კრეგ კატლერი ხშირად თანამშრომლობენ ჩვენთან. მარკ თისენი შტატიანი ფოტოგრაფია.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.