ტოტზე დაკიდებულები
მეცნიერები საფუძვლიანად იკვლევენ ორანგუტანების ცხოვრებას, თუმცა ეს მოუხელთებელი წითელი პრიმატები სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან


ტოტზე დაკიდებულები
მეცნიერები საფუძვლიანად იკვლევენ ორანგუტანების ცხოვრებას, თუმცა ეს მოუხელთებელი წითელი პრიმატები სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან
„ხანდახან მგონია, რომ საკვლევად ყველაზე რთული რამ ავირჩიე“,
– ამბობს შერილ ნოტი. დასავლეთ ბორნეოს ჭარბტენიანი ტყის ჩარდახის ქვეშ ვისხედით, ორანგუტანების შემსწავლელ ცენტრში. სწორედ ამ დროს შერილის კოლეგები IPAD-ებითა და GPS-მოწყობილობებით გუნუნგ-პალუნგის ეროვნულ პარკში ორანგუტანებს აკვირდებოდნენ; მათი მოვალეობა პრიმატების ქცევის დოკუმენტირებაა. ისინი ყველაფერს ინიშნავენ: როგორ ეპყრობიან ერთმანეთს, რას მიირთმევენ…
შიმპანზეებისა და გორილებისგან განსხვავებით, რომლებზე დაკვირვებაც ჯგუფური ცხოვრების ნირის გამო, შედარებით მარტივია, ორანგუტანები განმარტოებით ცხოვრობენ და დროის უმეტეს ნაწილს ხის კენწეროებზე ატარებენ. ისინი მოხეტიალე ცხოველები არიან და უპირატესობას გაუვალ ადგილებს – ხშირ ტყეებსა და ჭაობიან დაბლობებს ანიჭებენ. სწორედ ამიტომ ხმელეთის დიდი ცხოველებიდან, ორანგუტანი ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად შესწავლილ სახეობად რჩება. მხოლოდ ბოლო 20 წელია, რაც სამეცნიერო კვლევები გაღრმავდა და ორანგუტანის ირგვლივ არსებული სპეკულაციებიც შემცირდა. ბორნეოსა და სუმატრის კუნძულებზე (დედამიწაზე მხოლოდ აქ ცხოვრობენ ორანგუტანები) მკვლევართა ახალმა თაობამ შეძლო მნიშვნელოვანი ინფორმაციები შეეგროვებინა ამ მოუხელთებელ პრიმატზე.
20 წელზე მეტია, რაც ნოტი გუნუნგ-პალუნგის საკვლევ ცენტრს ხელმძღვანელობს და ორანგუტანების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს შეისწავლის. მისი კვლევის ძირითადი ობიექტი მდედრი ორანგუტანია; აინტერესებს, რა გავლენას ახდენს საკვების ხელმისაწვდომობა მათ ჰორმონებსა და რეპროდუქციაზე. „ჩვენს ჩამოსვლამდე, ფაქტობრივად, არავის უმუშავია ველურ პრიმატთა ჰორმონებზე; ხალხს გიჟი ვეგონე“, – ამბობს ნოტი.
ნოტის კვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მდედრი ორანგუტანი მხოლოდ 6-9 წელიწადში ერთხელ იძლევა შთამომავლობას. არცერთ სხვა ძუძუმწოვარს არ ახასიათებს ამხელა ინტერვალი. ბიოლოგიურად საოცრად ვგავართ ორანგუტანებს. ნოტის კვლევებმა, შესაძლოა, ადამიანთა ნაყოფიერებაზეც კი შეგვიცვალოს წარმოდგენა.
ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეები ხილის სიუხვით არ გამოირჩევა. ასეა გუნუნგ-პალუნგის ეროვნულ პარკშიც. უმეტეს სეზონზე ხეები საერთოდ არ ისხამენ ნაყოფს. ოთხ წელიწადში ერთხელ კი, სხვადასხვა სახეობის ხეები ერთბაშად „ფეთქდებიან“ და ხილით იხუნძლებიან. ამ პროცესს „მასტინგს“ უწოდებენ. აღნიშნულმა ფენომენმა ნოტი საკვების სიუხვისა და ორანგუტანების რეპროდუქციის შესაძლო კავშირზე დააფიქრა. ცდებმა აჩვენა, რომ ორანგუტანების რეპროდუქციული ჰორმონები, ყველაზე მეტად, სწორედ ბარაქიან სეზონზე აქტიურდება.
„ლოგიკურია“, – ამბობს ნოტი, – „უხვი ხილის პერიოდში ისინი წონაში იმატებენ და სწორედ ამ დროს არის ორანგუტანის დაორსულება სავარაუდო“.
ეს საუკეთესო დროა მკვლევართათვის. ტექნოლოგიურმა წინსვლამ მათი შესწავლის ტემპი კიდევ უფრო უნდა დააჩქაროს.
პატარა ორანგუტანის გამომეტყველებით ბევრი იხიბლება, ამიტომ ფასობს ის შავ ბაზარზე.
1980-1990 წლებში კონსერვაციონისტებმა ივარაუდეს, რომ 20-30 წელიწადში ორანგუტანი გადაშენდებოდა. საბედნიეროდ, ისინი შეცდნენ. დღეს, ნავარაუდევზე ათასობით მეტი წითელი პრიმატი გვხვდება, ვიდრე საუკუნის დასაწყისში მოიაზრებოდა.
სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორანგუტანების სამყაროში ყველაფერი კარგადაა. რიცხოვნობის ზრდა განაპირობა ახალი პოპულაციების აღმოჩენამ, და არა საერთო რაოდენობის მატებამ. რეალურად, უკანასკნელ 75 წელიწადში, ორანგუტანების რაოდენობა 75-80%-ით შემცირდა. მათი კვლევის ზოგად სირთულეებზე საუბრობს ერიკ მეიარდი, რომელიც დიდი ხანია ორანგუტანების პოპულაციურ ცვლილებებს იკვლევს. მაგრამ ისიც მხოლოდ მიახლოებით ციფრს ასახელებს და ბორნეოში შემორჩენილი პრიმატების რაოდენობას 40 000-100 000 ინდივიდით საზღვრავს. ხოლო სუმატრაზე მომუშავე კონსერვაციონისტების თქმით, იქ მხოლოდ 14 000 ინდივიდის დიაპაზონით ცდილობს გადარჩენას. ამის მთავარი მიზეზი საარსებო ჰაბიტატის განადგურებაა, რასაც ტყეების ჩეხა განაპირობებს. ამასთან, სწრაფად ფართოვდება ზეთის პალმების პლანტაციები, რომლებიც იკავებენ მათ საარსებო გარემოს. პალმის ზეთს ხომ უამრავ საკვებ პროდუქტში იყენებენ.
არსებობს სხვა ფაქტორიც. 2013 წლის ანგარიშით, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, 65 000 ორანგუტანი მოკლეს. მათ ხოცავენ ღარიბი ადგილობრივები ხორცის მოსაპოვებლად ან ნათესების დასაცავად, რადგან პრიმატები მოსავალს აფუჭებენ; მათ კლავენ თავიანთი ნაშიერების დაცვის დროსაც. პატარა ორანგუტანებზე, თავისი საყვარელი გამომეტყველებით სათამაშოს რომ მოგვაგონებენ, მუდმივად მაღალი მოთხოვნაა შავ ბაზარზე ინდონეზიის; კონტრაბანდულად გადაჰყავთ უცხოეთშიც. ყველაზე იოლი გზა პატარას დასაუფლებლად, დედის მოკვლაა. ეს მრავალმხრივი ტრაგედიაა: ორი ინდივიდი ველურ ბუნებას შორდება, და ამასთან, დედის სიკვდილი მომავალი შთამომავლობის აღმოფხვრასაც ნიშნავს.
რეაბილიტაციის ცენტრებში (მაგ., გუნუნგ-პალუნგის ცხოველთა გადარჩენის საერთაშორისო ცენტრი) დაობლებული ორანგუტანების დიდი რაოდენობით შემოდინება მეტყველებს, რომ მათი ხოცვა ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება. ამგვარ ცენტრებში ათასზე მეტი ორანგუტანი ბინადრობს. საბოლოო მიზანი მათი ტყეში გაშვებაა, თუმცა ახალგაზრდა პრიმატებისთვის ბუნებაში გადასარჩენად საჭირო უნარჩვევების გამომუშავება ძალიან რთული და შეუსწავლელი პროცესია.
ორანგუტანების კვლევის მიმართულებით მეცნიერთა გააქტიურების პარალელურად, ნათლად გამოიკვეთა საფრთხეებიც. ექსპერტების ბოლოდროინდელი მონაცემები კი მართლაც გამაოგნებელი და მრავალფეროვანია: გენეტიკური აგებულება, ფიზიკური სტრუქტურა, ქცევა და, რაც მთავარია, კულტურული განვითარების საწყისები, რომლებიც შესაძლოა, დაგვეხმაროს გავიგოთ, თუ რა პროცესი გავიარეთ პრიმატიდან ადამიანამდე.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ორანგუტანები ერთ სახეობას მიეკუთვნებიან, თუმცა, ბოლო 20 წელია მკვლევრები დარწმუნდნენ, რომ სუმატრული და ბორნეოს ორანგუტანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან (ორივე მათგანი გადაშენების პირასაა). რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ახლახან, სუმატრის დასავლეთ ნაწილში (ბატანგ-ტორუ) აღმოჩენილი ორანგუტანების პოპულაცია გენეტიკურად ბორნეოს ორანგუტანებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სუმატრულ პოპულაციასთან.
ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ბატანგ-ტორუს პრიმატები იმდენად განსხვავებულნი არიან, რომ შეგვიძლია მივაკუთვნოთ მესამე სახეობას. ისინი სულ ოთხასი ინდივიდით არიან წარმოდგენილი. ახალი ჰიდროენერგო პროექტი მათ ჰაბიტატს ფრაგმენტაციით ემუქრება და შესაბამისად, ადამიანსაც მეტად გაეხსნება გზა, რათა აქტიურად შეიჭრას ამ ცხოველის საარსებო გარემოში და არალეგალურადაც ინადიროს.
კიდევ ერთი: ბორნეოზე ორანგუტანის რამდენიმე პოპულაცია ახლა უკვე ცალკე ქვესახეობადაც მიიჩნევა სხეულის ზომის, დამახასიათებელი ხმისა და გარემოსთან ადაპტაციის სხვაობათა გათვალისწინებით. ორანგუტანების მრავალფეროვნების გამო, ამ განსხვავებათა სრულად შეცნობა მეცნიერებმა დღემდე ვერ შეძლეს.
ორანგუტანთა გადასარჩენად არსებითია გადაბერებული ჭარბტენიანი ტყეების შენარჩუნება.
სუმატრის ჭარბტენიანი ტყეების ჩარდახიდან ვეება მამრი ორანგუტანი, სახელად „სიტოგოსი“ გამხმარ ხეს ახტება და თავისი 90-კილოგრამიანი სხეულით არყევს. ხე ძირში ტყდება. ბოლო მომენტში „სიტოგოსი“ გვერდზე მდგარ ხის ტოტზე ასწრებს გადახტომას. გადამტყდარი ხე კი თავზარდამცემად სწრაფად და ძლიერად ენარცხება ჩემს ფეხებთან.
გაბრაზებული ორანგუტანები ხშირად იქცევიან ასე. თანაც ძალიან კარგად გამოსდით.
მისი წინა კიდურის სრული სიგრძე 2 მეტრამდეა. „სიტოგოსი“ (ბატაკის ენაზე „ძლიერი“) ტოტიდან ტოტზე გადადის. ახალგაზრდა მდედრი, სახელად „ტიური“ („ოპტიმისტი“) მის ყველა მოძრაობას ადევნებს თვალს და „სიტოგოსს“ უახლოვდება. მამრის ინდიფერენტულობის მიუხედავად, „ტიური“, რომელიც მასზე მცირე ზომისა და სუსტი აღნაგობისაა, აგრძელებს „სიტოგოსის“ დევნას; ისინი ტოტზე ეკიდებიან.
ცოტა ხნის წინ „სიტოგოსმა“ წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია განიცადა: წლების განმავლობაში ის „ტიურის“ ზომის იყო. შემდეგ, ტესტოსტერონის მოზღვავების გამო, მოემატა კუნთების მასა, სახეზე გაეზარდა ბალანი და ცხიმის ნაკეცები, ხმის გასაძლიერებლად კი დიდი ყელის ტომარა გაუჩნდა.
მდედრებთან შეჯვარების უპირატესობა და „ტიურის“ ყურადღება ამ ტრანსფორმაციით მიღებული ჯილდოა, თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ტყიდან სხვა მამრის ღრიალი გაისმის. „სიტოგოსი“ წამოიმართება, ყურადღებას ძაბავს და მოქიშპე ორანგუტანისკენ მიიწევს.
სხვადასხვა ცხოველის მამრი ზრდასრულობისას არსებით ფიზიკურ ცვლილებებს განიცდის, მაგრამ ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა ორანგუტანებში. „სიტოგოსის“ მსგავსად, ყველა არ იძენს ზორბა სხეულს, ყელის ტომარასა და ცხიმის ნაკეცებს. ბევრი სექსუალური სიმწიფის შემდეგაც ინარჩუნებს მცირე ზომის სხეულს და ტრანსფორმაციას წლების შემდეგ განიცდის, სხვა ინდივიდებთან შედარებით. ზოგიც მთელი ცხოვრება ინარჩუნებს ჩვეულ ფორმას. ამ ცვლილების გამომწვევი მექანიზმი, რომელსაც „ბიმატურიზმი“ ჰქვია, ზოოლოგიისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა.
პატარა ორანგუტანების შეპყრობა, დედის მოკვლასაც გულისხმობს. ისინი ძალიან ძვირად ფასობენ შავ ბაზარზე. ეს ობოლი ორანგუტანები ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ცენტრში იზრდებიან.
მახრჩობელა ლეღვის მოსაპოვებლად, ბორნეოს ორანგუტანი 30 მეტრის სიმაღლეზე ძვრება. მამ-რების მასა 90 კგ-ს აღწევს და ისინი ხეზე მცხოვრებ უდიდეს ცხოველებს მიეკუთვნებიან.
11 თვის პატარა, ჭამისას დედის ქცევას იმეორებს. ათი წლის განმავლობაში ის დედასთან დარ-ჩება, სანამ მისგან თვითგადარჩენის უნარ-ჩვევებს დაისწავლის. ბორნეოს გუნუნგ-პალუნგის ნაკრძალთან ზეთის პალმები ანაცვლებენ ჭარბტენიან ტყეებს და ორანგუტანების ჰაბიტატიც მცირდება. პალმის ზეთს იყენებენ კულინარიასა და კოსმეტიკაში.
ბორნეოს გუნუნგ-პალუნგის ნაკრძალთან ზეთის პალმები ანაცვლებენ ჭარბტენიან ტყეებს და ორანგუტანების ჰაბიტატიც მცირდება. პალმის ზეთს იყენებენ კულინარიასა და კოსმეტიკაში.
ბორნეოს მამრი ორანგუტანი ტოტს აწყვეტს ფოთლებს და მათ ქოლგასავით იყენებს. ეს დასწავლილი ქცევა ორანგუტანების „კულტურის“ მაგალითია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ნაკრძალში მომუშავე პერსონალი პირბადეებს ატარებს, რომ მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ორანგუტანებს ადამიანის პათოგენები არ გადასდოს. ისინი ასწავლიან ორანგუტანებს ველურ ბუნებაში გადარჩენას.
ზეთის პალმის პლანტაციების გასაშენებლად, 2015 წელს 2,5 მილიონი ჰექტარი ტყე გადაწვეს.
ეს მამრი ველურ ბუნებაში ვერ გადარჩება და ამიტომ სამაშველო ცენტრში რჩება.
პატარა ორანგუტანების შეპყრობა, დედის მოკვლასაც გულისხმობს. ისინი ძალიან ძვირად ფასობენ შავ ბაზარზე. ეს ობოლი ორანგუტანები ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ცენტრში იზრდებიან.
მახრჩობელა ლეღვის მოსაპოვებლად, ბორნეოს ორანგუტანი 30 მეტრის სიმაღლეზე ძვრება. მამ-რების მასა 90 კგ-ს აღწევს და ისინი ხეზე მცხოვრებ უდიდეს ცხოველებს მიეკუთვნებიან.
11 თვის პატარა, ჭამისას დედის ქცევას იმეორებს. ათი წლის განმავლობაში ის დედასთან დარ-ჩება, სანამ მისგან თვითგადარჩენის უნარ-ჩვევებს დაისწავლის. ბორნეოს გუნუნგ-პალუნგის ნაკრძალთან ზეთის პალმები ანაცვლებენ ჭარბტენიან ტყეებს და ორანგუტანების ჰაბიტატიც მცირდება. პალმის ზეთს იყენებენ კულინარიასა და კოსმეტიკაში.
ბორნეოს გუნუნგ-პალუნგის ნაკრძალთან ზეთის პალმები ანაცვლებენ ჭარბტენიან ტყეებს და ორანგუტანების ჰაბიტატიც მცირდება. პალმის ზეთს იყენებენ კულინარიასა და კოსმეტიკაში.
ბორნეოს მამრი ორანგუტანი ტოტს აწყვეტს ფოთლებს და მათ ქოლგასავით იყენებს. ეს დასწავლილი ქცევა ორანგუტანების „კულტურის“ მაგალითია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ნაკრძალში მომუშავე პერსონალი პირბადეებს ატარებს, რომ მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ორანგუტანებს ადამიანის პათოგენები არ გადასდოს. ისინი ასწავლიან ორანგუტანებს ველურ ბუნებაში გადარჩენას.
ზეთის პალმის პლანტაციების გასაშენებლად, 2015 წელს 2,5 მილიონი ჰექტარი ტყე გადაწვეს.
ეს მამრი ველურ ბუნებაში ვერ გადარჩება და ამიტომ სამაშველო ცენტრში რჩება.
ჩრდილოეთ სუმატრის ტყეებში მხოლოდ ერთი დომინანტი ცხიმის ნაკეცებიანი მამრი აკონტროლებს მდედრებს. ამ ზონაში მამრების უმრავლესობა ტრანსფორმაციას არ განიცდის, რის გამოც ისინი ერიდებიან კონფლიქტებს საკუთარი ძალაუფლების დასამყარებლად. მცირე ზომის მამრებისთვის საკუთარი გენების გადაცემის ერთადერთი გზა მალულად თვალთვალი და „ბოსის“ არყოფნისას, შეჯვარების ნებისმიერი შანსის გამოყენებაა.
ამის საპირისპიროდ, ბორნეოში ყველა მამრს უჩნდება ცხიმის ნაკეცები. ისინი დიდ მანძილზე დახეტიალობენ, მხოლოდ ერთი დომინანტი არ აკონტროლებს მდედრებს. თუ მამრს სურს, რომ წარმატებით და ხშირად შეჯვარდეს, ამისთვის საკმარისია იყოს დიდი და ძლიერი; არ მოერიდოს კონკურენციას, რასაც აუცილებლად მოჰყვება ჩხუბი და სხეულის დაზიანებები.
ორანგუტანებზე დაკვირვებისას, მკვლევრები ხედავენ უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ცხოველის ქცევას.
ნოტის ბანაკთან, ბილიკზე ამ კონფრონტაციების შედეგს ვხედავ: მახრჩობელა ლეღვის მაღალ ტოტებზე, მამრი ორანგუტანი „პრაბუ“ ზის და დროდადრო ქვემოთ იხედება. შუბლზე ახალი ნაიარევი ემჩნევა, ხოლო ტუჩის ქვედა ნაწილი მთლიანად აქვს მოგლეჯილი. საინტერესოა, „პრაბუმ“ გაიმარჯვა?
პრიმატი წამოიწია, გაიმართა და უწყვეტი კივილით აიკლო იქაურობა. ამ ხმებს „გახანგრძლივებულ ძახილს“ უწოდებენ. ჩვეულებრივ, ეს გრძელი ძახილი ერთ წუთამდე გრძელდება, მაგრამ „პრაბუმ“ ხუთ წუთამდე გაწელა. დაშავებული, მაგრამ დაუმარცხებელი, ის სხვა მამრებს საკუთარი ძალმოსილების შესახებ ამცნობს, მდედრებს – პოტენციურ პარტნიორს სთავაზობს.
ზოგი მეცნიერის აზრით, სუმატრულსა და ბორნეოს მამრ ორანგუტანებს შორის ასეთი განსხვაებები ამ ორი კუნძულის გეოლოგიურ ისტორიაშია. სუმატრა ბორნეოსთან შედარებით ნაყოფიერია. სუმატრაზე ორანგუტანებს საკვების მოსაძიებლად, დიდი მანძილის გავლა არ უწევთ და მდედრებიც უფრო მჭიდროდ არიან განაწილებული. ეს მამრებს საშუალებას აძლევს, ერთ ადგილას დამკვიდრდნენ და გააბან კავშირები. ბორნეოს შედარებით ღარიბ მიწაზე კი ორანგუტანებს დიდ ტერიტორიაზე უწევთ ხეტიალი, კონკურენციაც უკონტროლოა და შეჯვარებაც მხოლოდ შემთხვევაზეა დამოკიდებული.
ამ ფაქტით შეიძლება მივიღოთ პასუხი, რატომ აქვთ განსხვავებული სახასიათო ნიშნები დომინანტ მამრებს ამ ორ კუნძულზე. მაგრამ, აქვე ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა: „რა იცის სუმატრულმა მამრმა, რომ სახეზე ცხიმის ნაკეცების გამოსვლის მიუხედავად, არ არის „ბოსი“ და ვერც რეპროდუქციაში მიაღწევს წარმატებას?“ ეს კითხვა დასვა ციურიხის უნივერსიტეტში კარელ ვან შეიკმა. მან და მისმა კოლეგებმა ბორნეოსა და სუმატრის ორანგუტანებს არაერთი ნაშრომი მიუძღვნეს.
რა თქმა უნდა, ამ კითხვის პასუხია: „არ იცის“, – ყოველ შემთხვევაში, ცოდნის ადამიანური გაგებით. „ეს არ არის ის, რისი დასწავლაც მათ შეუძლიათ“, ამბობს ვან შეიკი. „უნდა არსებობდეს ერთგვარი „გადამრთველი“, რომელსაც განსხვავებულად შეიგრძნობენ განცალკევებული პოპულაციები და, გარკვეულწილად, ის გენეტიკურ ფაქტორსაც უნდა უკავშირდებოდეს“.
რა „სასხლეტი მექანიზმი“ წარმართავს მამრის განვითარებას, კვლავ ამოუხსნელია. ნაწილობრივ, იმ მიზეზით, რაც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ: მკვლევრებს ძალიან უჭირთ ორანგუტანის შესწავლა.
ფიზიოლოგიური მრავალფეროვნების გარდა, ორანგუტანები განსხვავდებიან ქცევითი თავისებურებებითაც, რომლებიც ინდივიდიდან ინდივიდს, თაობიდან თაობას, იმგვარი გზებით გადაეცემა, რომ ამ სახასიათო ნიშნებს თავისუფლად შეგვიძლია კულტურული სხვაობები ვუწოდოთ.
„ერთხელ, ჩვენს ერთ-ერთ საკვლევ ზონაზე, დედის გამამხნევებელი ძახილი შემოგვესმა, ის თავის ნაშიერს უხმობდა“, გვითხრა მარია ვან ნურდვიკმა, ციურიხის ჯგუფის წევრმა, რომელიც ორანგუტანებში დედის მზრუნველობით ქცევებს შეისწავლის. „ამ ძახილს, „ყელის ხრიალს“ ვუწოდებთ. ჩვენ ვმუშაობდით ერთ მდედრ ორანგუტანზე, რომელსაც მის პირველ მშობიარობამდეც საკმაოდ კარგად ვიცნობდით. მშობიარობიდან მეორე დღესვე საგრძნობლად შეეცვალა ხმა. აშკარაა, რომ მან ეს ძახილი თავისი დედისგან ისწავლა“.
„პრიმატები ვოკალურ დასწავლას არ უნდა გადიოდნენ“, ამბობს კარელ ვან შეიკი. „და, მაინც, თუ გენეტიკურ ფაქტორს არ მივიღებთ მხედველობაში, რასაც ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ, დიდი ალბათობაა, რომ ის სწორედ კულტურული ფენომენი იყოს. ორანგუტანების ამგვარი ძახილი ადამიანისას საერთოდ არ ჰგავს, მაგრამ ხმების გაგებით, დასწავლითა და იმიტირებით ნამდვილად გვგვანან“.
ორანგუტანებზე დაკვირვებისას, მკვლევრები ხედავენ უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ცხოველის ქცევას. მკვლევართა შრომებისა და მონაცემების უკან დგას ერთი საკითხი: „რის თქმა შეუძლიათ ორანგუტანებს ჩვენ შესახებ?“
თუ ჩვენი მონათესავე ადამიანის მსგავსი დიდი პრიმატების სხეულსა და ტვინში ევოლუციურ საიდუმლოებებს ამოვიცნობთ, მთელ რიგ ადაპტაციებზეც მივიღებთ ინფორმაციას. „თუ ორანგუტანის ყველა ჯგუფი უნიკალურია, მათი მხოლოდ რამდენიმე ზონაში დაცვა არ არის საკმარისი“, ამბობს ნოტი. ნებისმიერი პოპულაციის დაკარგვა მათი კულტურული და გარემოსთან შეგუების შესწავლის საშუალებას სპობს.
გარკვეული დრო საკვლევ ველზე მარკ ანკრენაზთან ერთადაც გავატარე. 1996 წლიდან ის უძღვება ორანგუტანების შესწავლისა და კონსერვაციის პროექტს, მდინარე კინაბატანგის მიდამოებში (საბაჰის რეგიონი, ბორნეოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი). აქ, მდინარის გასწვრივ, რამდენიმე ასეული ორანგუტანი დეგრადირებული ჰაბიტატის ვიწრო დერეფანში ბინადრობს. ირგვლივ ზეთის პალმების „ზღვით“ გარშემორტყმული სოფლებია.
„რა თქმა უნდა, პირველადი ტყეები გვირჩევნია, მაგრამ რეალობას უნდა შევეგუოთ“, ამბობს ანკრენაზი. „20 წლის წინ მეცნიერები თვლიდნენ, რომ ამ ხელუხლებელი ტყეების მიღმა ორანგუტანები ვერ გადარჩებოდნენ. როგორ მოხდა, რომ ისინი იქ აგრძელებენ ცხოვრებას, სადაც „წესით, გადარჩენა არ უწერიათ?“
ანკრენაზი იმ მცირერიცხოვან მეცნიერებს მიეკუთვნება, რომლებიც ფიქრობენ, რომ ადამიანის ჩარევით შეცვლილი გარემო ორანგუტანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ვფიქრობ, რომ ამგვარ საარსებო გარემოშია ბიომრავალფეროვნების მომავალი“, ამბობს ის.
ბორნეოს დასავლეთ ნაწილში, ნოტმა დააარსა ორგანიზაცია და გუნუნგ-პალუნგის ეროვნული პარკის ირგვლივ დასახლებულ თემებს კონსერვაციის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ის ადგილობრივ თემებთან ერთად ცდილობს ორანგუტანებისთვის ალტერნატიული, მდგრადი საბინადროს შექმნას, უკანონო ჩეხისა და ბრაკონიერობის შემცირებას. ანკრენაზმაც შეიმუშავა საგანმანათლებლო პროგრამები საბაჰის სკოლებისა თუ თემებისთვის; ცდილობს, რომ ადამიანისა და ბუნების თანაარსებობის რაიმე გზა იპოვოს. ის არწმუნებს მდინარის გასწვრივ მოსახლეებს, რომ ეკოტურიზმისა და მსგავსი მიმართულებების განვითარებით, ორანგუტანების არსებობა ხალხს შემოსავალს მოუტანს. ის იმედოვნებს, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაებმება ცხოველთა გადარჩენის საქმეში.
„როგორ მოხდა, რომ ამ ხელუხლებელი ტყეების მიღმა, ორანგუტანები იქ აგრძელებენ ცხოვრებას, სადაც „წესით, გადარჩენა არ უწერიათ?
ორანგუტანების დღევანდელი მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად მთავრობამ და კონსერვაციონისტებმა სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, თუ სად გამოაცხადონ ტერიტორია დაცულად, როგორ მართონ ის და გამოიყენონ მწირი რესურსები. მათ უნდა იპოვონ გზა, რათა ორანგუტანებმა მოახერხონ ადამიანებთან თანაარსებობა ამ ორი კუნძულის მუდმივად შემცირებად ჰაბიტატში.
„ვხედავ ადამიანებს, მთელი თავისი არსებით რომ ჩართულან საკონსერვაციო სამუშაოებში და ამაში ცუდი არაფერია“, ამბობს ანკრენაზი. „თუმცა, კონსერვაცია მეცნიერებით უნდა იყოს გამყარებული. მკვლევართა მთავარ მიზნად ორანგუტანების გენეტიკისა და ეკოლოგიის შესწავლა უნდა იქცეს. სხვა დანარჩენი, უბრალოდ, ამ ცოდნის მოხმარებაა, რათა მიწის გამოყენებისა და ადგილობრივი თემების საკითხები დარეგულირდეს. სწორედ აქ იწყება კონსერვაცია“.
მილიონწლიანი ევოლუციით განსაზღვრული ორანგუტანთა ქცევა დროს უძლებს ბორნეოსა და სუმატრის ტყეებში. მათი ზოგიერთი საიდუმლო ამოიხსნა. ის, თუ რას ვისწავლით კიდევ, დამოკიდებულია მეცნიერებისა და კონსერვაციის თანამშრომლობაზე, ადამიანსა და პრიმატს შორის არსებული კავშირის გახსნაზე, პრიმატის, რომელსაც ასე ძალიან ვამსგავსებთ ჩვენს თავს.
„ვიცი, მეცნიერს ობიექტურობა მართებს“, მითხრა ნოტმა ბორნეოს ჭარბტენიანი ტყის სიღრმეში, მის ბანაკთან ახლოს სეირნობისას. „მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მაინც ადამიანი ხარ და ორანგუტანებთან ჩვენი კავშირია ის, რამაც აქ მომიყვანა“.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.