კულტურა თუ ძალადობა?
იაპონური მაკაკები საუკუნეების განმავლობაში ართობდნენ ხალხს,
დღეს კი მათი გამოყენება კრიტიკის საგანი ხდება
კულტურა თუ ძალადობა?
იაპონური მაკაკები საუკუნეების განმავლობაში ართობდნენ ხალხს, დღეს კი მათი გამოყენება კრიტიკის საგანი ხდება
გასართობ წარმოდგენებს მაიმუნების მონაწილეობით იაპონურ კულტურაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. მათ იაპონელები სარუმავაშის უწოდებენ. რწმენის თანახმად, სარუ (მაიმუნი) ცხენების მფარველი და ადამიანებისა და ღმერთების შუამავალია, ავ სულებს აფრთხობს და ადამიანებისთვის იღბალი მოაქვს. სარუმავაში ისეთივე ძველი ტრადიციაა, როგორც კაბუკის წარმოდგენები და უკვე ათასი წელია რაც იმართება.
მაგრამ თანამედროვე იაპონიაში ამ ღონისძიებამ თავისი საკრალური მნიშვნელობა დაკარგა.

სარუმავაში დღეს ჩვეულებრივი საცირკო წარმოდგენაა. მაიმუნებს იაპონიის ცხოველთა უფლებების აქტი იცავს, მაგრამ კანონი ძაღლების და კატების უფლებებს მეტ ყურადღებას აქცევს.
„ცხოველების მონაწილეობით გამართული წარმოდგენები იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია, – ამბობს იამაძაკი, – ცირკის ისტორიასავითაა.“

XXI საუკუნეში სარუმავაშის წარმოდგენებს ნაირგვარი ფორმით ვხვდებით: ქუჩაში – სადაც ადამიანებივით ჩაცმული მაიმუნები აკრობატულ სალტოებს აკეთებენ, ან თითქოს რთულ მათემატიკურ განტოლებებს ხსნიან; და ინტერნეტში – YouTube-ზე ატვირთული ვიდეორგოლების სახით, სადაც მაკაკები ფორტეპიანოზე უკრავენ.
იაპონურ მაკაკებს, რომლებსაც თოვლის მაიმუნებსაც ეძახიან, საკმაოდ რთულ ბუნებრივ პირობებში შეუძლიათ ცხოვრება. ადამიანების შემდეგ იაპონური მაკაკები ყველაზე ჩრდილოეთით მცხოვრები პრიმატები არიან. ჯიგოკუდანის მაიმუნების ნაკრძალში, რომელიც ტოკიოდან ჩრდილოეთით, სამსაათნახევრის გზაზე, ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მრავლად ნახავთ ბუნებრივ თერმულ წყაროებში მონებივრე თოვლის მაიმუნებს. ამ პოპულარული სანახაობის ფოტოებსა და “სელფებზე“ აღსაბეჭდად პარკს ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.
მეტსახელის მიუხედავად, იაპონური მაკაკები ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ბინადრობენ, მათ შორის სამხრეთში მდებარე სუბტროპიკულ ტყეებში. ისინი ყველაფრისმჭამელები არიან, მიირთმევენ ხილს, მცენარეებს, მწერებს, ტალახს. ამის გამო მაკაკებმა მრავალი ფერმერი გადაიმტერეს.
რენე ებერსოლი ცხოველთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე წერს National Geographic-ისთვის. იასპერ დუსტმა ამ ფოტოპროექტისთვის 2019 წლის ველური ბუნების საუკეთესო ფოტოგრაფის ჯილდო მიიღო.