
„თუ იზრუნებ ფრინველებზე, მსოფლიოს დიდი პრობლემების უმრავლესობას მოაგვარებ”
ამას თომას ლავჯოი ამბობს. ცნობილმა ბიოლოგმა და ბუნების დამცველმა პირველმა გააცნო მსოფლიოს ცნება „ბიოლოგიური მრავალფეროვნება” და დიდი ხნის წინ სწორად იწინასწარმეტყველა, რომ XXI საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ფრინველის მრავალი სახეობა დაიკარგებოდა.
ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ციტატით დაგვეწყო National Geographic-ის „ფრინველის წელიწადი”. ამ 12-თვიან მრავალმხრივ კვლევაში ჩვენს პარტნიორებთან – National Audubon Society, BirdLife International, და Cornell Lab of Ornithology-სთან ერთად გამოვიკვლევთ, როგორ იწვევს გარემოს ცვლილება ფრინველის სახეობების სავალალო გაქრობას და გავარკვევთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის წინააღმდეგ. National Geographic საქართველო თავის წვლილს შეიტანს ამ მასშტაბურ კვლევაში. ჩვენ მოგითხრობთ საქართველოს გადამფრენი და მობუდარი ფრინველების და აქ გამავალი სამიგრაციო მარშრუტების მნიშვნელობის შესახებ.
ამ ნომერში კი წარმოგიდგენთ ჯონათან ფრენზენის ესეს „რატომ არის ფრინველი მნიშვნელოვანი”, რომელიც National Geographic-ის ფოტოგრაფ ჯოელ სარტორეს მიერ გადაღებული ფრინველების შესანიშნავი პორტრეტებით გავაფორმეთ.
რატომ ამახვილებს National Geographic-ი ამოდენა ყურადღებას ფრინველებზე? იმიტომ, რომ ჯონათან ფრენზენის თქმით, “ფრინველები ჩვენი უკანასკნელი, საუკეთესო კავშირია გარესამყაროსთან, რომელიც ნელნელა ქრება”.
მადლობას გიხდით, რომ კითხულობთ National Geographic-ს და ფრინველის წელიწადში ჩვენთან ერთად ხართ.