თითოეული ჩვენგანი იარლიყს ატარებს. იარლიყს, რომელიც კომპლიმენტია, სიამოვნებით ვიღებთ: ჭკვიანი, იუმორით სავსე, გულუხვი… უსიამოვნო და სასტიკი იარლიყები კი შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე მძიმე ტვირთად გაგვყვეს. ზოგისთვის ყველაზე მძიმე და ყველაზე უსიამოვნო შესაძლოა ის იარლიყი იყოს, რომელსაც ყველაზე პირველად გვაწებებენ: „ბიჭია!” ან „გოგოა!”. მიუხედავად იმისა, რომ ზიგმუნდ ფროიდმა სიტყვა „ანატომია” იხმარა თავის ცნობილ აქსიომაში ბედისწერის აღმნიშვნელად, მან, სავარაუდოდ, გენდერი იგულისხმა. დღეს, გენდერის კონცეფცია ძალიან სწრაფად იცვლება. ამიტომაც იანვრის ნომერი ამ საკითხის სხვადასხვა ასპექტის კვლევას ეხება და მოიცავს გენდერს მეცნიერებაში, სოციალურ სისტემებსა თუ მის როლს ისტორიაში.
სკოლის ბიოლოგიის წიგნებიდან ვიცით, რომ თუ ბავშვს XX ქრომოსომა აქვს, ესე იგი გოგონაა, თუ XY – ესე იგი ბიჭია. წერტილი.
საქმე ასე მარტივად არაა და ეს ნარატივი ამბავს სრულად არ ყვება.გენდერთან დაკავშირებული სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით, ამ ჟურნალის ავტორები მთელ მსოფლიოში დაუკავშირდნენ 9 წლის ბავშვებს – ამერიკის ორივე კონტინენტიდან ახლო აღმოსავლეთამდე, აფრიკიდან ჩინეთამდე და პატარების გაბედულმა პასუხებმა დაგვანახეს, თუ როგორი იქნება სამყარო მალე გენდერული ცვლილებების ფონზე.
ფოტოზე ნასრინ შეიხს ხედავთ, რომელიც მუმბაის ბარაკებში ცხოვრობს. მას ექიმობა უნდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისი გენდერი მას უკან დახევს – „ბიჭი რომ ვიყო, ფულის შოვნის საშუალება მექნებოდა”. როგორც ჩვენი ჟურნალის ამერიკელი რედაქტორი სუზან გოლდბერგი ამბობს: „მჯერა, რომ ნასრინი გაიგებს – მხოლოდ გენდერი არ არის კარგი ცხოვრების გარანტია. მაგრამ ერთი რამ ფაქტია – სამყაროს ბევრ წერტილში გოგონები უზარმაზარი რისკის წინაშე დგანან: სკოლიდან გამოყვანა, მჟავის სახეზე შესხმა თუ კლიტორიდექტომია.