ტურნეფორის ტურნე თბილისში
საქართველოს ევროპული ისტორია
1701 წელს თბილისს ფრანგი ბოტანიკოსი და მოგზაური, ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორი ესტუმრა. თბილისში ჩამოსვლის დროისთვის ტურნეფორი საფრანგეთის სამეფო კარსა და სამეცნიერო წრეებში უკვე ბევრისთვის ცნობილი მეცნიერი იყო. იგი გახლდათ პარიზის სამეფო ბოტანიკური ბაღის პროფესორი 1683 წლიდან, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1691 წლიდან, ხოლო მედიცინის დოქტორი – 1698 წლიდან.
ტურნეფორის მოგზაურობას წინ უძღოდა საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის დავალება, რომელიც გულისხმობდა საბერძნეთში, აზიასა და აფრიკაში მოგზაურობას და სამშობლოში დიდი მასალის ჩატანას როგორც მცენარეების, ისე შერჩეული ქვეყნების ისტორიის, გეოგრაფიისა და ვაჭრობის შესახებ.
ფრანგი მეცნიერის მოგზაურობა 1700 წლის 9 მარტს პარიზიდან მარსელში ჩასვლით დაიწყო. მარსელის შემდეგ იყო მალტა, კრეტა, ქიოსი, მიტილენე, ტენედოსი, კონსტანტინოპოლი, სინოპი, ტრაპიზონი, ერზურუმი, ყარსი და თბილისი, რომელსაც ტურნეფორი 1701 წლის 21-დან 26 ივნისის ჩათვლით სტუმრობდა. თბილისის შემდეგ ტურნეფორი დილიჯანის გავლით ეჩმიაძინში ჩავიდა, იქიდან კი ერევანს ესტუმრა, საიდანაც ისევ ეჩმიაძინსა და ყარსს მიაშურა და 1702 წლის ივნისის დასაწყისში საფრანგეთში დაბრუნდა.

ჩანახატის ავტორია კლოდ ობრიე.
მაპპა კარტოგრფიკას ძველი ევროპული გრავიურების კოლექციიდან
მიუხედავად იმისა, რომ 1700-1702 წლების მოგზაურობიდან ტურნეფორმა თბილისში სულ რაღაც ექვსი დღე გაატარა, ფრანგი მეცნიერის ჩანაწერებში საყურადღებო ცნობებია XVIII საუკუნის დასაწყისის თბილისის და სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველოს შესახებ.
მოგზაურობის ჩანაწერებში თბილისზე ლაპარაკისას ტურნეფორი ქალაქს საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულად მოიხსენიებს. მოგვითხრობს სახლების აგების წესზე, რომლებიც ალიზითა და აგურით ყოფილა ნაშენი. ხაზს უსვამს სახლების ცუდ განათებასა და ქუჩების არასათანადოდ მოკირწყვლაზე. არ ავიწყდება ბაზარი, სადაც იმდროინდელ თბილისში საუკეთესო სურსათ-სანოვაგე იყიდებოდა. სხვადასხვა ხილზე ლაპარაკისას განსაკუთრებით გამოარჩევს ქლიავისა და მსხლის ჯიშების მრავალფეროვნებას.
ტურნეფორი ყურადღებას ამახვილებს თბილისის აბანოებზეც, სადაც სასიამოვნო ცხელი წყალი დახვდა. ფრანგი მოგზაურის თანახმად, კარგად მოწყობილი თბილისის აბანოები თბილისელთა და ქალაქის სტუმართა საყვარელ სალაღობო ადგილს წარმოადგენდა.
ვაჭრობაზე თხრობისას გამოყოფს ბეწვეულს, რომელიც ძირითადად სპარსეთსა და კონსტანტინოპოლში გაჰქონდათ. აბრეშუმის შესახებ მსჯელობისას კი მაღალ ბაჟზე ამახვილებს ყურადღებას.
ცალკე უნდა ითქვას თბილისის ეკლესია-მონასტრების და სხვა რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების შესახებ. ტურნეფორის თანახმად, 1701 წლის თბილისში ხუთი მართლმადიდებლური ეკლესია იყო. მათ შორის ოთხი საკუთრივ ქალაქში და ერთიც – გარეუბანში. მართლმადიდებლური ეკლესიების გვერდით ფრანგი მოგზაური თბილისში არსებულ შვიდ სომხურ ეკლესიასა და ორ მეჩეთზე მიუთითებს. აღნიშნავს იმასაც, რომ თბილისში კიდევ ერთი მეჩეთი მდგარა, რომელიც მისი მოგზაურობის დროს აღარ ფუნქციონირებდა. მოხიბლულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ციცაბო კლდეზე აღმართული მეტეხის ეკლესიის სილამაზით, რომელიც თლილი ქვებით იყო ნაგები და მოზრდილი გუმბათი ედგა.
„თბილისელი ქალები“ ევროპელი მხატვრის მიერ შესრულებული პირველი ჩანახატი უნდა იყოს, რომელიც ნატურიდან შესრულდა.
ჩვენთვის ფრანგი მეცნიერის ჩანაწერები მხოლოდ მოგზაურობის ამსახველი ტექსტის გამო არ არის საინტერესო. ჩანაწერებს თან ახლავს თბილისის თემაზე მომზადებული ორი ჩანახატი, რომლებიც ტურნეფორის მოგზაურობაში თანმხლებ მხატვარს, კლოდ ობრიეს ეკუთვნის. ობრიეს ჩანახატებიდან ერთი თბილისის ხედია, ხოლო მეორე – თბილისელი ქალების გამოსახულება. ეს ორივე ჩანახატი დიდი პოპულარობით სარგებლობდა XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ევროპაში და გრავირების წესით არაერთხელ დაიბეჭდა როგორც საფრანგეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
თბილისის და თბილისელი ქალების გრავიურების ნახვა შეიძლება ტურნეფორის მოგზაურობის ამსახველ არა მარტო 1717 წლის პარიზულ, ლიონურ და 1718 წლის ამსტერდამულ, არამედ, მომდევნო წლების ინგლისურ, ნიდერლანდურ და გერმანულენოვან გამოცემებშიც. უფრო მეტიც, ტურნეფორის მოგზაურობის ჩანახატები 1719 წელს ამსტერდამში, ანრი აბრაამ შატლენის ისტორიის ატლასში დაიბეჭდა. ეს უკანასკნელი სრულიად დამოუკიდებელი გამოცემა იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ტურნეფორის მოგზაურობასთან, ხოლო შატლენის ისტორიის ატლასის გამოცემიდან ხუთი წლის შემდეგ, 1724 წელს, თბილისის იგივე ჩანახატი XVIII საუკუნის დასაწყისის ყველაზე ცნობილმა გერმანელმა კარტოგრაფმა და გამომცემელმა, იოჰან ბაპტისტ ჰომანმა დაბეჭდა ნიურნბერგში. სხვა ყველაფერთან ერთად, ტურნეფორის მოგზაურობის თბილისის ჩანახატი პირველია, რომლის ავტორის, კლოდ ობრიეს ვინაობაც ეჭვს არ იწვევს. თბილისელი ქალების ჩანახატი კი ევროპელი მხატვრის მიერ თბილისის მცხოვრებთა თემაზე შესრულებული პირველი ჩანახატი უნდა იყოს, რომელიც ნატურიდან შეიქმნა.