
თვალსაწიერი
პროფესიონალებისთვის, რომელთა ფოტოებიც ამ გამოცემაშია წარმოდგენილი, ფოტოგრაფია არის ხელოვნება და მეცნიერება, რომელშიც ისინი ისე დაოსტატდნენ, რომ შეუძლიათ გაგვაოცონ და ყურადღება გაგვამახვილებინონ ისეთ ამბავზე, რომელიც აუცილებლად მოსაყოლია.
წლების წინ მსოფლიოს შემოვლას საფუძვლიანად რომ ვიწყებდი – მაშინ, როდესაც პირველად ვიმოგზაურე აფრიკაში, აზიასა და არქტიკაში – გადავწყვიტე, ცოტა ან საერთოდ არცერთი ფოტო არ გადამეღო.
იმ დროს ვთვლიდი, რომ ობიექტივში ყურება ხელს მიშლიდა რეალური სამყაროს აღქმასა და ჩემ თვალწინ არსებული მნიშვნელოვანი მოვლენების დანახვაში. მეგონა, კარგი ფოტოების გადაღებაზე კონცენტრირება არსებულ მომენტს მომწყვეტდა და კომპოზიციის შექმნაზე უფრო მაფიქრებდა, ვიდრე რეალური გარემოს შეგრძნებაზე.
მოგვიანებით აზრი შემეცვალა. დღეს უამრავ ფოტოს ვიღებ, თანაც არა მხოლოდ მოგზაურობისას, არამედ ყოველდღე, როდესაც ძაღლის გასეირნების დროს საინტერესო სოკოს ან შტორმის წინ მოღრუბლულ ცას შევნიშნავ ან მაშინ, როდესაც ყვავილებით ლამაზად მორთული მხვდება ჩემი უბნის კაფე.
„პროფესიონალებისთვის, რომელთა ფოტოებიც ამ გამოცემაშია წარმოდგენილი, ფოტოგრაფია არის ხელოვნება და მეცნიერება, რომელშიც ისინი ისე დაოსტატდნენ, რომ შეუძლიათ გაგვაოცონ და ყურადღება გაგვამახვილებინონ ისეთ ამბავზე, რომელიც აუცილებლად მოსაყოლია“.
ისევ ვფიქრობ, რომ ფოტოების გადაღება შეიძლება ნამდვილად გვაფანტინებდეს ყურადღებას ისეთ ეპოქაში, როდესაც ჯიბეში ყველას კარგი კამერა გვიდევს და გამოსახულებათა უწყვეტი ნაკადი ამოძრავებს ადამიანების ერთ-ერთ უდიდეს საკომუნიკაციო პლატფორმას. თუმცა ახლა ისიც მესმის, რომ ფოტოების გადაღება შეიძლება შეჩერების და წამის შეგნებულად დაფიქსირების, ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს უკეთესად აღქმის გზა იყოს.
სწორედ ეს გახლავთ ჩვენი არაჩვეულებრივი ფოტოგრაფების National Geographic-ისთვის გაწეული შრომის ერთ-ერთი შედეგი და სწორედ ამიტომ მიხარია, რომ მიმდინარე თვის გამოცემა მათთან გაზიარებთ.
რა თქმა უნდა, ამ პროფესიონალებს ფოტოგრაფიის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე მე. ჩვენთვის, მოყვარული ფოტოგრაფებისთვის, თითქმის წარმოუდგენელია მათი საქმის შემოქმედებითი, ინტელექტუალური თუ ლოგისტიკური გამოწვევები. მათთვის ეს არის ხელოვნება და მეცნიერება, რომელშიც ისე დაოსტატდნენ, რომ შეუძლიათ გაგვაოცონ და ყურადღება გაგვამახვილებინონ ისეთ ამბავზე, რომელიც აუცილებლად მოსაყოლია. იდეალურ შემთხვევაში, ფოტოგრაფები იმას ააშკარავებენ, რაც თვალს მოფარებულია.
ამ სპეციალური გამოშვებისათვის ჩვენმა გუნდმა შეარჩია National Geographic-ის იმ ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომლებიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში იყვნენ ველზე. ზოგი იმ ამბებს გაგახსენებთ, რომლებიც ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე უკვე შეგხვედრიათ, ზოგი კი იმ სტატიებს ეხება, რომელთაც მომდევნო თვეებში გამოვაქვეყნებთ.

ფოტო: ვინსენტ ჯ. მუსი
ამ ფოტოებს შორის საერთო ისაა, რომ მათ სხვა რაკურსით შეუძლიათ დაგანახონ და გაგააზრებინონ ნებისმიერი რამ, ერთად კი ისინი ჩვენი სამყაროს და მის საოცრებათა სურათს ქმნიან.
საოცარი ფოტოების გარდა, რამდენიმე ფოტოგრაფის მონათხრობსაც გთავაზობთ, რომლებიც თავიანთ ყველაზე საინტერესო პროექტებზე უშუალოდ და უფრო სიღრმისეულად მოგვითხრობენ. შეიტყობთ, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი ავტორები ასეთი კადრების გადასაღებად და რა აღჭურვილობას იყენებენ, ხოლო, რადგან ფოტოგრაფიაა ამოსავალი წერტილი იმ საქმისა, რასაც ყოველდღიურად ინსტაგრამის პლატფორმაზე ვეწევით – და სადაც 230 მილიონი ადამიანი ეხმაურება ჩვენს გამოქვეყნებულ ფოტოებს – გთავაზობთ იმ რჩეულ ფოტოებს, რომლებმაც 2022 წელს ჩვენი გამომწერების ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი თემის წევრი, მოგვძებნეთ @natgeo-ზე და გამოგვყევით ყოველდღიური შთაგონების მისაღებად.
იმედი მაქვს, ისიამოვნებთ ამ გამოცემით.