
თვითმფრინავები და ავტომანქანები
მსოფლიო გამონაბოლქვის თითქმის მეოთხედი სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. კლიმატის ცვლილებების სამთვრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფის თქმით, 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიის ნულამდე დაყვანა არის საჭირო, თუმცა ეს გაცილებით ადრეც სასურველი იქნებოდა. რამდენად შესაძლებელია, რომ რაც შეიძლება მალე ვთქვათ უარი ბენზინისძრავიან ავტომობილებსა და ავიანავთზე მომუშავე საჰაერო ტრანსპორტზე? შეგვიძლია ამის გაკეთება ისე, რომ ახალი ეკოლოგიური კატასტროფა არ გამოვიწვიოთ?
სწორედ ამ კითხვებზე ცდილობენ პასუხის გაცემას კრეგ უელჩი და სემ ჰოუ ვერჰოვეკი იანვრის ნომრის საავტორო სტატიებში, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლას ეძღვნება. საინტერესო ისტორიულ რეტროსპექტივასთან ერთად, ისინი დეტალურად განიხილავენ დღეს მსოფლიოში სატრანსპორტო მიმართულებაში მიმდინარე პროცესებს.
უელჩის სტატია ელექტრომანქანებზეა ფოკუსირებული და მიუხედავად იმ მრავალი სირთულისა, რომელთა გადალახვაც რეალურად „მწვანე“ ტრანსპორტის მიღებისთვის იქნება საჭირო, ავტორი მომავალს იმედიანად უყურებს: „რევოლუცია ფაქტობრივად დაიწყო, დღეს ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება. ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა 2020 წელს დაახლოებით 50%-ით გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ავტომობილების გაყიდვები 16%-ით შემცირდა“, – წერს უელჩი.
რაც შეეხება ავიაციას – რევოლუცია დაწყებულია, თუმცა, ალბათ, საკმაოდ დიდი დრო გავა, სანამ ადამიანები ვერტიკალური აფრენა-დაშვების საჰაერო ელექტროტაქსით შეძლებენ მგზავრობას და კიდევ უფრო მეტი, სანამ დიდ დისტანციაზე მფრინავი ნულოვანი ემისიის მქონე ავიალაინერები გადასერავენ ცას. მაგრამ, ალბათ, ოდესმე მართლაც დადგება დღე, როდესაც, ვერჰოვეკის თქმით, „ჩვენი შთამომავლები ჩვეულებრივ ამბად ჩათვლიან ნულოვანი ემისიის მქონე ფრენებს“.
გილოცავთ ახალ 2022 წელს და გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic Magazine – საქართველოს.