
თვითმხილველის თვალით
ფოტოზე აფრიკის ყველაზე ხალხმრავალი და საბადოებით მდიდარი ქვეყნის ერთი უბრალო ოჯახი ქუჩაზე გადადის. აფორიაქებული ქალის სახე ახლო ხედითაა გადაღებული. უკანა პლანზე ჰიდროპულტიანი მანქანა მოჩანს. ქალი აჩქარებული ნაბიჯით ჭრის ქუჩას. ჩრდილოეთ ნიგერიაში სიარული ძალიან საშიშია. კანოში – განსაკუთრებით. აქ საფრთხეს ვერსად გაექცევი. შიში, ავის წინათგრძნობა, დაუმორჩილებლობა, საშინელების მოლოდინი, რომელზეც შემართული სამხედროები და ჰიდროპულტიანი მანქანა მიგვანიშნებს – ყოველივე ფოტოზეა აღბეჭდილი.
რისთვის დავუთმეთ ჟურნალის გარეკანი ნიგერიას, რომელიც სისხლიანმა ამბოხებამ ძალადობისა და კორუფციის ბუდედ აქცია, სადაც სევდა მეტია ვიდრე იმედი?
სათქმელი უნდა ითქვას! მიაჩნია ფოტოს ავტორს ედ კაშის და ცდილობს თავისი ფოტოებიდან გაცხადებული სათქმელი განსჯის საგნად აქციოს, მსოფლიო ნიგერიის მსგავს ქვეყნებისკენ მოახედოს.
“მინდა ვიკითხო, რას აკეთებთ, როგორ გაგაქვთ თავი, როცა სიკვდილი ასე ახლოა, გამოსავალი კი – ასე შორს? ვინ გაახმოვანებს შეშინებული ქალის წუხილს? ვინვინ, და არა მთავრობა. არც ტერორისტები, რომლებიც სკოლებსა და ეკლესიებს აფეთქებენ”.
ვიცით, რომ ძალადობას საზღვრები არა აქვს. იმასაც ვხვდებით, რომ ამ უბედურებისთვის ყველას მოგვეკითხება. დროა, საკუთარ კანზე ვიგრძნოთ ქუჩაში მიმავალი ნიგერიელი ქალის ცახცახი.
როცა სხვების ჩხუბს ვხედავ, გაშველება ჩემი საქმეცააო, ამბობს ედ კაში. ფოტოდან მომზირალი ქალის თვალებში ასახული შიში მისი შიშიცაა – გაფრთხილება. ამას ჩვენც გადმოგვცემს, ჩვენ სხვას უნდა გადავცეთ და გავაგებინოთ, რომ დედამიწაზე ბევრია ადგილი, სადაც ხალხი სიღატაკის მიღმა კი არა, სიკვდილის პირისპირ ცხოვრობს.