ტყეების აღდგენა
ხეთა გაზრდის უკეთესი სტრატეგიები და მეცნიერული ინოვაციები ნახშირბადის მშთანთქმელ ტყეებს გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში შეიძლება დაეხმაროს.


ტყეების აღდგენა
ხეთა გაზრდის უკეთესი სტრატეგიები და მეცნიერული ინოვაციები ნახშირბადის მშთანთქმელ ტყეებს გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში შეიძლება დაეხმაროს.

ხეების გადაადგილებით შეიძლება დასტრესილი ტყეების გამოცოცხლება, იმისთვის რომ მათ სიცხე დაამარცხონ კლიმატის ცვლილებისას
ოქროსფერი წიწვები მიწასა და მეტყევე გრეგ ო’ნილის თმებს ეფინება ელეგანტური ლარიქსის კორომში გზის გაკვალვისას.
„რა ლამაზი ხეა! – ამბობს იგი, – ამაყი სახეობა. როდესაც ეს ხე თავის ბედნიერ ადგილს პოულობს, ის არნახულად ხარობს“.
მაგრამ უამრავი ხის „ბედნიერი ადგილი“ აქ, კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, თუ სადმე სხვაგან, კლიმატის დათბობის კვალდაკვალ იცვლება. ეს აყვავებული ლარიქსები, რეალურად, სულ სხვა ქვეყნიდან – აშშ-ის შტატ აიდაჰოდან მოვიდნენ, რომელიც აქედან სამხრეთით მდებარეობს და 457 კილომეტრითაა დაშორებული. იქ მათი წინაპრები იმგვარ გარემო პირობებს მოერგნენ, როგორიც ახლა აქ გვხვდება: უფრო თბილი ზაფხული, შედარებით მოკლე ზამთარი, ნალექიანობის განსხვავებული რეჟიმი.
ეს ლარიქსები მონაწილეობენ ექსპერიმენტში, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ერთ გადაუდებელ შეკითხვას: როგორ დავეხმაროთ ტყეებს, რომ მათ ფეხი აუწყონ ადამიანის საქმიანობებით დაჩქარებულ კლიმატის ცვლილებას? ბრიტანეთის კოლუმბიის მეტყევე ო’ნილი და მისი კოლეგები რგავენ ლარიქსისა და სხვა სახეობათა ნერგებს, რომლებიც მათ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე შეაგროვეს. აღნიშნული ექსპერიმენტით მათ სურთ შეამოწმონ ხელოვნური მიგრაციის კონცეფცია; რამდენად შორს და რამდენად სწრაფად უნდა გადავაადგილოთ ხეთა პოპულაციები ჩრდილოეთისკენ, რომ „არ ჩამოვრჩეთ“ კლიმატის ცვლილებას.
ჩვენი პრობლემა მარტივად გასააზრებელია, ამბობს მექსიკელი მკვლევარი კუაუტემოკ საენს-რომერო. „კლიმატი იძვრის… ხეებს კი არ შეუძლიათ სიარული“.
XIX საუკუნის ბოლო პერიოდიდან, როდესაც კაცობრიობამ დაიწყო წიაღისეული საწვავის აქტიური გამოყენება და ნახშირორჟანგის უზარმაზარი რაოდენობით გაფრქვევა ატმოსფეროში, გლობალური საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 1,1 გრადუსით გაიზარდა. დღევანდელი ემისიების ტენდენციით ტემპერატურა, სულ ცოტა, კიდევ ერთი ამდენით აიწევს მომდევნო ათწლეულებში.
ტყეებს თავიანთი არეალის გაფართოება საშუალოდ წელიწადში 900 მეტრამდე შეუძლიათ, როდესაც ახალგაზრდა ხეები სასურველ კლიმატს მიჰყვებიან ხოლმე პოლუსებისა თუ ზემო ფერდობებისკენ. მიმდინარე გლობალური დათბობის ტემპის გათვალისწინებით, მათ აღნიშნულ სიჩქარეზე 6-10-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობა დასჭირდებათ.

ბრიტანეთის კოლუმბიის მსგავს ადგილებში, სადაც ტყე მიწის 60%-ს ფარავს და მისი ეკონომიკისა და კულტურული იდენტობის ხერხემალს წარმოადგენს, კლიმატთან შეუსაბამო ტყე ეგზისტენციურ საფრთხესთანაა გაიგივებული. ხე, რომლის გენეტიკაც ვერ ერგება არსებულ კლიმატს, უფრო მეტად მგრძნობიარეა ამინდის ექსტრემალური გამოვლინებების, დაავადებებისა თუ პარაზიტების მიმართ.
2000-იანი წლების დასაწყისში ეს საფრთხეები უკვე რეალურადაც ვიგრძენით. გვალვიანი წლების სერიამ უამრავი ხე დაასუსტა. რბილი ზამთრის პირობებში მთის ფიჭვის ლაფნიჭამიამ, ამ მავნე არსებამ, ჩრდილოეთით წაიწია. ყოველ წელს, 1999-დან 2015-წლამდე პერიოდში, ათობით მილიონი ხე იღუპებოდა. ბრიტანეთის კოლუმბიაში ლაფნიჭამიისა და გვალვის მიზეზით გამხმარი ტყეები 2003 წელს 2600 კვ. კილომეტრზე აალდა.
2009 წელს ბრიტანეთის კოლუმბიის სატყეო სამსახურმა ხელოვნური მიგრაციის უდიდესი ექსპერიმენტი დაიწყო. ო’ნილმა კოლეგებთან ერთად 15 სახეობის 152 376 ნერგი დარგო.
გავიდა 10 წელი და დღეს ეს ხეები წარმატებით ხარობს, არადა, აქ მათი უმრავლესობა 500 კილომეტრით დაშორებული სამხრეთ ზონებიდან „გადმობარგდა“ – ეს იმის ნიშანია, თუ უკვე რამდენად სწრაფად შეიცვალა კლიმატი. ადრეული მონაცემები იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ 2018 წელს ბრიტანეთის კოლუმბიის ტყის სააგენტომ ოფიციალურად გაატარა შემდეგი კანონი: მეტყევეებს მოეთხოვებათ, რომ ყოველწლიურად დასარგავი 280 მილიონი ხისთვის გამოიყენონ თბილი კლიმატური ზონებიდან ჩამოტანილი ნერგები.
ამ ექსპერიმენტმა თავდაყირა დააყენა თანამედროვე მეტყევეობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტური წესი: დარგე ადგილობრივი სახეობა.
ბრიტანეთის კოლუმბიასა და მის გარეთ მეცნიერები ცხარედ კამათობენ, თუ რამდენად ეთიკურია სახეობების გადაადგილება თავიანთი ისტორიული არეალებიდან. ამასთან, სახეობების ადრინდელ გადაადგილებებს ხომ არაერთხელ მოჰყოლია ინვაზიური სახეობების საშინელი პრობლემები, თუმცა ისმოდა მსგავს მოსაზრებათა საწინააღმდეგო არგუმენტებიც: რომ ადამიანებმა უკვე ისედაც უპრეცედენტოდ შეცვალეს ეკოსისტემები და დღევანდელმა უმოქმედობამ შეიძლება კიდევ უფრო დიდი საფრთხეები წარმოშვას.
ერთი ჟინჟღლიანი დღეა ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის საკვლევ ბაღში და დოქტორანტი ბეთ როსკილი აკვირდება მჭიდროდ დარგულ პაწაწინა ლარიქსებს, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთი ზონებიდან ჩამოიტანეს. ბეთი ისეთ პოპულაციებს დაეძებს, რომლებიც სიცხესაც გაუძლებენ და სიცივესაც. „თუ ვაპირებთ ლარიქსების გადაადგილებას ზემო განედებისკენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი შეძლებენ იქ გადარჩენას“, – ამბობს იგი.
ამასობაში კლიმატური წნეხი იზრდება. 2021 წლის ივნისში, რეკორდული სითბური ტალღისას, როდესაც ხეების გენეტიკოსი სალი ეიტკენი მგზავრობდა კანადა-აშშ-ის საზღვართან, მან შენიშნა დუგლასის ცრუცუგები, რომელთა ქერქიდან წებოვანი ფისი ჟონავდა და თან იგრძნობოდა მძაფრი, დაავადებისთვის ტიპური სუნი. „ასეთ სტრესში მე არასოდეს მინახავს ხეები“, – აღნიშნავს იგი. მომდევნო დღეს უზარმაზარი ხანძრები მოედო მთელ რეგიონს, იმავე შემოდგომაზე კი უპრეცედენტოდ უხვი ნალექი მოვიდა, რასაც მეწყერთა კვირეულები მოჰყვა.
მიუხედავად ამგვარი კლიმატური საფრთხეებისა, ეიტკენი მკაფიოდ აცხადებს: „ისე არ უნდა შევხედოთ, თითქოს ტყეებისთვის ყველაფერი დასრულებულია. ჩვენ ვცდილობთ მივაგნოთ გზას, რომელიც მათ კლიმატის ცვლილებასთან რბოლაში დაეხმარება“. – ალეხანდრა ბორუნდა
მუდმივი თანამშრომელი ალეხანდრა ბორუნდა ძირითადად კლიმატის ცვლილებასა და გარემოზე წერს. 2021 წლის ივლისში მან გააშუქა ლოს-ანჯელესის პოლიტიკური ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც დაბალშემოსავლიანი რაიონები დამჩრდილავი ხეების გარეშე დარჩნენ.

დარგე მეტი ხე, მაგრამ ძალიან ბევრიც არ მოგივიდეს. მიეცი ნერგებს საკმარისი სივრცე, რომ გაიხარონ – და დიდხანს იცოცხლონ.
ორი ტროპიკული ტყე გვერდიგვერდ ხარობს ბრაზილიაში. პირველი მათგანი წარმოადგენს მხოლოდ ერთ სახეობას – უცხო ქვეყნიდან შემოტანილ ევკალიპტს, რომელიც აკურატულ რიგებად ჩაუმწკრივებიათ; მეორე, ამის საპირისპიროდ, ქაოტურად დარგული ათობით სხვადასხვა სახეობის ადგილობრივ ნორჩ ხეთა ნაკრებია.
ამას არავინ უარყოფს: ტყე სასაცილოდ გამოიყურება. აწოწილი ევკალიპტები გრძნეულის თითებივით ატყორცნიან ცაში და თავზე დაჰყურებენ ადგილობრივ მარადმწვანე ხეებს, თუმცა ეს უწესრიგოდ დარგული მკვიდრი სახეობები წარმოაჩენენ, ჩვენი პლანეტის ტყეების აღდგენის ერთ-ერთ დამაიმედებელ მცდელობას.
ევკალიპტი, ამბობს პედრო ბრანკალიონი, სან-პაულუს უნივერსიტეტის აგრონომი და ამ ექსპერიმენტის ავტორი, ისე სწრაფად იზრდება, რომ 5 წლის შემდეგ შეგვიძლია მისი მოჭრა და გაყიდვა ქაღალდისა თუ ღობის ძელების დასამზადებლად; მიღებული თანხით იფარება იმ ხარჯის თითქმის ნახევარი, რომელიც სჭირდება ნელა მზარდი მკვიდრი ხეების დარგვას; ეს ხეები შემდეგ ბუნებრივად გავრცელდება ევკალიპტების მოჭრით გამოთავისუფლებულ მიწაზე და ეს პროცესი არ არღვევს ბუნებრივ რეგენერაციას.
დღეს მარტივად იპოვით არაერთ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ხეების გაზრდით იხსნას მსოფლიო. ერთ-ერთი მათგანია „ბონის გამოწვევა“ – გლობალური კამპანია, რომელშიც ერთიანდება რამდენიმე ქვეყანა და მათი მიზანია 350 მილიონი ჰექტარის გატყიანება 2030 წლისთვის.
თუმცა, უამრავი მსგავსი კამპანია, აცხადებენ ტყის ექსპერტები, ხშირად მცდარ გზას ირჩევს. ბრანკალიონი ასეთ დასკვნამდე მივიდა: თუ მიწის თითოეული ნაკვეთის გარკვეულ ნაწილს ხეებისგან თავისუფალს დატოვებს – თუ ნერგებს არსებული მიწის მხოლოდ ნახევარ ფართობზე დარგავს – ტყე თავისით გაიშლება. ათწლეულების შემდეგ მივიღებთ ხშირ ტყეს, თანაც ფულიც დაიზოგება ნაკლები ხის დარგვით.
ხშირად ისე ძლიერ კონცენტრირდებიან რაოდენობაზე, რომ თვალთახედვიდან ეპარებათ არსებითი ასპექტები: როგორი ტიპის ტყე იქმნება? რის ხარჯზე? და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: რამდენად დიდხანს იცოცხლებს? თუ თქვენი მთავარი მიზანი მხოლოდ ხეთა რაოდენობაა, ამბობს ბრანკალიონი, „მაშინ თქვენ უფრო მეტ თანხას დახარჯავთ და, ამასთან, ნაკლებად ჯანსაღ ტყესაც მიიღებთ“.
ხეების დარგვა, თითქოს, მარტივი და ბუნებრივი გზაა კლიმატის ცვლილებასა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის მასშტაბურ კრიზისთან საბრძოლველად. ხეები ხომ ჰაბიტატს უქმნიან ველურ ცხოველებს და ატმოსფეროდან ნახშირორჟანგსაც შთანთქავენ.

არ არის გასაკვირი, რომ ხეებს იდეალურ იარაღს უწოდებენ. რატომ არ უნდა დავრგოთ უფრო მეტი ხე და ასე უფრო მეტი პრობლემაც მოვაგვაროთ? თუმცა, ხეთა დარგვის მასშტაბური და გამორჩეული კამპანიების დროს საშინელი შეცდომები დაუშვიათ. თურქეთში, შრი-ლანკასა თუ მექსიკაში ხეთა მასობრივი დარგვის შედეგად მილიონობით ნერგი დაიღუპა ან ფერმერები იძულებულნი გახდნენ, რომ უფრო მეტი ხელუხლებელი ტყე გაეჩეხათ სადღაც სხვაგან. არასწორ ადგილებში დარგული ხეებით ფერმერებს შეუმცირდათ წყლის ნაკადიც, განადგურდა ნახშირბადის შემწოვი ბალახნარი ნიადაგები და გავრცელდა ინვაზიური მცენარეულობა.
„მე არ ვფიქრობ, რომ ხეების დარგვით მარტივად მოვაგვარებთ პრობლემას“, – ამბობს კარენ ჰოლი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკოლოგი. ჩვენი პლანეტის გატყიანება ვერ ჩაანაცვლებს იმ აუცილებელ ძალისხმევას, რომელიც უნდა მივმართოთ ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ემისიათა შესამცირებლად. ახალი ხეების დარგვა ვერც ხანდაზმულ ტყეებს ჩაანაცვლებს. ამ ურთიერთგადაჯაჭვული ბიოლოგიური (და ნახშირბადის შემკვეცი) სისტემების გამოსწორებას ასობით და ათასობით წელი დასჭირდა. ძველი ტყეების გადარჩენა კიდევ უფრო არსებითია, ვიდრე ახლის გაშენება.
ხის რეალური ღირებულება მისი ხანგრძლივი სიცოცხლეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მათი დღეგრძელობა უნდა უზრუნველვყოთ. როდესაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის კარენ ჰოლი ხის დარგვაზე შემოტანილ განცხადებებს გაეცნო, აღმოაჩინა, რომ საუკეთესო პროექტებიც კი მხოლოდ 24-თვიანი შედეგების მონიტორინგზე იყო გათვლილი. თუ მიზანი ნახშირბადის „დაჭერა“ და ბიომრავალფეროვნებაა, „მას ვერაფრით შევაფასებთ 2-წლიან პერიოდში“, – ამბობს იგი.
არსებითია, ასევე, სად და როგორ ვრგავთ ხეებს. თუ თოვლიან, შორეულ ჩრდილოეთში დავამატებთ ხეებს, ლანდშაფტი გამუქდება, რის შედეგადაც ის უფრო მეტ მზის სხივს შთანთქავს და პოტენციურად კიდევ დააჩქარებს კლიმატის დათბობას. თუ მშობლიურ ბალახნარ ნიადაგებზე დავრგავთ, მსგავსადვე არსებითი სხვა ლანდშაფტები შეიძლება დაზიანდეს. „ბონის გამოწვევის“ კამპანიაში გაერთიანებული ქვეყნების თითქმის ნახევარი 2019 წელს გეგმავდა მაღალმწარმოებლური, ძირითადად ერთი სახეობის ნარგავების გაშენებას, შემდეგ კი ხეტყის მასალის მისაღებად რეგულარულად გაჩეხას; ისინი არ ფიქრობდნენ ბუნებრივი ტყეების გაშენებაზე მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მეტ CO2-ს შთანთქავს.

ვიქტორ მორიამა
ამგვარად, როგორ უნდა მოვიქცეთ?
ბრანკალიონისთვის პასუხი ცალსახაა: აღვადგინოთ ადგილობრივი ტყეები ძირითადად ტროპიკებში, სადაც ხეები სწრაფად იზრდება და მიწაც იაფია.
ბრანკალიონი ფოკუსირებულია ბრაზილიის ატლანტისპირა ტყეზე, რომლის 75% გაჩეხილია ქალაქების გასაშენებლად, შინაური საქონლის ფერმების მოსაწყობად, ქაღალდის წარმოებისა თუ შაქრის ლერწმისა და სოიის მოსაყვანად, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეს მიწები არასწორად იმართება. შაქრის ლერწმის პლანტაციები დიდ მოგებას ვერ ტოვებს „და საკმაოდ ხარჯიანია“, – ამბობს ბრანკალიონი. ეს ზონები დამრეც ფერდობებსა და შემორჩენილი ტყის ზოლებთან მდებარეობს, რაც მათი აღდგენის შესაძლებლობას აჩენს.
ამასთან, აღდგენილი ტყეებით ადგილობრივი თემებიც უნდა ხეირობდნენ, როგორც ეს შეგვახსენა მკვიდრი სახეობებისა და ევკალიპტის „მოსავლის“ კომბინირებით მიღებულმა სარგებელმა. ნიგერში ფერმერებმაც მსგავსად გააცნობიერეს, რომ უფრო მეტ მარცვლეულ კულტურას მოიყვანდნენ, თუ მათ დათესავდნენ ტყის განაპირა ზოლებში – ჩეხაზე უარი თქვეს და, შედეგად, 200 მილიონ ხეს დაუბრუნდა სიცოცხლე.
შეზღუდული რესურსებისა და უდროობის პირობებში, ამბობს ბრანკალიონი, ჩვენ შეიძლება დაგვეხმაროს ბუნებრივი პროცესები, რომელთაც სწრაფი მოქმედება ახასიათებთ. თუ ჩვენ საშუალებას მივცემთ ბუნებას, რომ ყველაზე მძიმე სამუშაო თავად შეასრულოს, ამბობს იგი, „ტყე დიდი წარმატებით შეძლებს აღორძინებას“. – კრეგ უელჩი
კრეგ უელჩი მუდმივი თანამშრომელია. 2022 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა მისი სტატია, რომელიც აშუქებდა მსოფლიოს გარდამავალ პერიოდს ემისიისგან თავისუფალ ელექტრომობილებზე გადასვლის გზაზე.

მეცნიერებს უფრო გამძლე ხეების შექმნა შეუძლიათ მათი დნმ-ის შეცვლით. და ისმის ფუნდამენტური კითხვა: უნდა მოიქცნენ ასე?
იმ დროისთვის, როდესაც 77 წლის რექს მანმა აპალაჩის ტყეებში მუშაობისთვის სათანადო ასაკს მიაღწია, იქაურობა უკვე მკვდარი ხეებით იყო სავსე.
„ჩვენ მათ ნაცრისფერ მოჩვენებებს ვეძახდით“, – ამბობს ყოფილი მეტყევე და ამერიკული წაბლის ხეებს გულისხმობს.
ისინი წარმოადგენდნენ მხოლოდ ჩონჩხს იმ დიდებული ხეებისას, რომლებიც ერთ დროს სიმაღლეში 30 მეტრსაც კი აღწევდნენ, ხოლო სიგანეში – სამს. XX საუკუნის განმავლობაში 4 მილიარდამდე ამერიკული წაბლი იმსხვერპლა აზიურმა სოკომ, რომელიც შემთხვევით მოხვდა აქ XIX საუკუნის დასასრულს. ის მიჩნეულია ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გარემოსდაცვით კატასტროფად – და, მასთან ერთად, მომავლის პრიზმად.
ზურმუხტისფერი ნაცრის პეწიანა, მუხის უეცარი სიკვდილი, ჰოლანდიური თელის დაავადება, მუხის ჭურჭლოვანი დაავადება, კაკლის ხის კიბო, ცუგას ბუსუსიანი ჰერმესი – მსოფლიოში არაერთი ხე უპირისპირდება პანდემიას, ხოლო კლიმატის დღევანდელი ცვლილება, თავისი კატასტროფული გვალვებით, წყალდიდობებითა თუ სითბური ტალღებით, მათ განსაკუთრებით ურთულებს თავდამსხმელთა მოგერიებას.

ემი ტონსინგი
ამ ყველაფერმა ზოგიერთ მეცნიერს აფიქრებინა: იქნებ ჩვენ შევქმნათ უკეთესი ხეები? მცირე ხანში ამერიკული წაბლი შესაძლოა მსგავს პრეცედენტად იქცეს. მისი დნმ-ის შეცვლით, აცხადებენ მეცნიერები, ისინი ქმნიან მცენარეთა დაავადებების მიმართ რეზისტენტულ ხეებს. თუ აღნიშნული მიდგომა გადაარჩენს ამერიკულ წაბლს, მაშინ, ალბათ, ის გაამართლებს ხის სხვა სახეობებთან მიმართებითაც, რომლებიც იმავე დაავადებას ებრძვიან.
„ზოგიერთი გაიძახის – შენ ღმერთის როლს თამაშობო“, – ამბობს ალენ ნიკოლსი, ამერიკული წაბლის ფონდის პრეზიდენტი. „მე კი ასე ვპასუხობ: ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვთამაშობდით ეშმაკობანას, ასე რომ, ახლა დროა, ღმერთის როლი მოვირგოთ, თუ არ გვინდა, ეს ყველაფერი დაიკარგოს“.
წაბლის დაავადებას იწვევს ვერაგი სოკო, რომელიც ნარინჯისფრად დაწინწკლულ წყლულებს ტოვებს ხის ტანსა და ტოტებზე. ამ ლაქებიან ღრმულებს შეუძლიათ გადაუჭრან ხეს წყლისა და საკვების მიწოდების გზები.
როგორც სახეობა, ამერიკული წაბლი გადარჩა თავისი კლონების ამოყრით დაღუპული ხის ფესვებიდან, მაგრამ ეს დაავადება გარდაუვლად ჩნდება ასაკის მატებასთან ერთად; და კლონირების უნარიც არ არის უსასრულო.

1950-იან წლებში დაიწყო აქტიური მუშაობა ამერიკული წაბლის ჩინური წაბლის ნაირსახეობებთან შესაჯვარებლად და ამგვარად დაავადების მიმართ რეზისტენტული ჰიბრიდის შესაქმნელად. ამერიკული წაბლის ფონდმა აღნიშნული ჰიბრიდის გამოსაყვანად ოფიციალური მუშაობა 1980-იან წლებში დაიწყო.
„შევხედოთ, რა ხდება 30-წლიანი მუშაობის შემდეგ. და რასაც ახლა ვხედავთ, გახლავთ ის, რომ დაავადების მიმართ რეზისტენტობა ბევრად უფრო ჩახლართული საკითხი ყოფილა, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით“, – ამბობს ტყის მეცნიერი ტომ საიელი.
დღეს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაავადების მიმართ რეზისტენტობის შეძენაში ამერიკული წაბლის გენომის მთელი 9 რეგიონი უნდა თანამონაწილეობდეს, ეს კი ართულებს შეჯვარების პროცესს. თუმცა, აქ მთავარი შეკითხვა ისაა, თუ რომელია გენების სწორი კომბინაცია რეზისტენტობის გამოსამუშავებლად? ამასთან, შეჯვარება ითხოვს არაერთ ახალ თაობას, რომ პროგრესი გამოჩნდეს, თითოეულ თაობას კი წლები სჭირდება გასაზრდელად.
გენური ინჟინერია რეზისტენტული წაბლის შესაქმნელად ბევრისთვის სადავო უმოკლეს გზას გვთავაზობს. 1990-იან წლებში ამ გზას დაადგნენ ჩარლზ მეინარდი და ბილ პაუელი, რომლებიც გარემოს დაცვითი მეცნიერებისა და მეტყევეობის კოლეჯში (ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მუშაობდნენ. ისინი იყენებდნენ იმ დროისთვის ინოვაციურ ტექნოლოგიას – გენების რედაქტირებას.
პაუელს ჭეშმარიტების წამი ეწვია მაშინ, როდესაც შეიტყო ხორბლის გენის შესახებ – პომიდვრებს რომ უძლიერებდა პათოგენების მიმართ რეზისტენტობას. 2014 წლისთვის მეინარდმა და პაუელმა ხორბლის ეს გენი წარმატებით ჩასვეს წაბლის გენომში; მოდიფიცირებული ხე მონათლეს დარლინგ-58-ის სახელით და დარგეს მიწის სატესტო ნაკვეთებზე. შედეგად, ამ ხეებმა მართლაც დაადასტურეს, რომ ისინი კარგად უმკლავდებოდნენ დაავადებას.
წაბლის მოყვარულებს სურდათ გაეგოთ, თუ როდის შეძლებდნენ დარლინგ-58-ის შეძენას. გავიდა 8 წელი და ისინი კვლავ იცდიან.
პაუელი დარწმუნებულია, რომ დარლინგ-58 უსაფრთხოა, მაგრამ ტრანსგენური ხე ბადებს რაღაც უცნობის მიმართ ასოცირებულ შიშს.

ემი ტონსინგი
ვის შეუძლია გაზარდოს გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეული კულტურები და სად შეიძლება მათი გაშენება – მსგავსი საკითხები მკაცრად რეგულირებულია აშშ-ში. პაუელმა კოლეგებთან ერთად მოითხოვა დარლინგ-58-ისთვის რეგულაციების მოხსნა და მისთვის არამოდიფიცირებული ხის სტატუსის მინიჭება. და პირველად მოხდა, რომ სოფლის მეურნეობის, საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ განხილვას დაუქვემდებარა გენეტიკურად მოდიფიცირებული ხის ბუნებაში გაშვება – ამგვარად კი პრეცედენტიც შეიქმნება მცენარეთა სხვა სახეობებისთვის.
„როგორც კი ეს ხეები ტყეში გავლენ, მათ უკვე ვეღარაფრით გამოვიხმობთ უკან. ამ პროცესს ვეღარაფრით შევატრიალებთ“, – ამბობს ენ პიტერმანი, „გლობალური სამართლიანი ეკოლოგიის პროექტის“ აღმასრულებელი დირექტორი. ზოგიერთი მკვიდრი თემის აქტივისტებიც შიშობენ, რომ ეს ხეები დაარღვევს მათ უფლებას, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები – GMO-ები – არ დაუშვან თავიანთ მიწაზე.
ამ შიშის მიუხედავად, მეცნიერები აცხადებენ, რომ გენეტიკური ინჟინერია ძლევამოსილი იარაღია ტყის ეკოსისტემების შესანარჩუნებლად. პერდიუს უნივერსიტეტში შეისწავლიდნენ გზებს იფნის გენეტიკურად შესაცვლელად და ზურმუხტისფერი ნაცრის პეწიანის მოსაგერიებლად, ხოლო სირაკუზაში მდებარე პაუელის ლაბორატორიაში იკვლევენ ახალ გენებს, რომლებიც უნდა შეიყვანონ თელისა და ქონდარა წაბლის ხეთა გენომებში.
ამერიკული წაბლის გაჯანსაღება იქნება ერთგვარი დასტური, რომ გარემოსდაცვითი შეცდომები გამოსწორებადია.
„უამრავმა ადამიანმა არც კი იცის, რომ მთელი ეს უბედურება ჩვენს ტყეებს დაატყდა თავს“, – ამბობს მანი. „ვფიქრობ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, განზე გავდგეთ და მხოლოდ ვუცქიროთ, თუ როგორ უჩინარდება ეს ყველაფერი“. – სარა გიბენსი
სარა გიბენსი მუდმივი თანამშრომელია, რომელიც ძირითადად გარემოსდაცვით სტატიებს წერს. 2021 წლის დეკემბრის ნომრისთვის მან დაწერა მეცნიერთა სწრაფვაზე, აღედგინათ გადაშენებული ყვავილების სურნელი.

გერმანიის ახალი გეგმა: ხელი არ ვახლოთ ტყეებს და ბუნება თავად უმკურნალებს თავს
1980-იან წლებში ზალმ-ზალმის დინასტიის პატარა პრინც კონსტანტინს ძალიან უყვარდა თავის პაპასთან ერთად საკათედრო ტაძრებივით აღმართულ ტყეებში სეირნობა. ეს ორი ტყე კონსტანტინის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა და მათ საგვარეულო სასახლეს ესაზღვრებოდა ცენტრალურ გერმანიაში. 175 ჰექტარზე გაშლილი ევროპული ნაძვი და დუგლასის ცრუცუგა, რომლებიც კონსტანტინის დაბადებამდე ათეულობით წლით ადრე დარგეს, ერთგვარ ინვესტიციად ითვლებოდა – და პრინციც იმედოვნებდა, რომ ერთ დღესაც მას მემკვიდრეობით მიიღებდა.
ეს ყველაფერი 1990 წლის თებერვლის ერთ ღამეს შეიცვალა, როდესაც ვიბკეს სახელით ცნობილმა ქარიშხალმა აღნიშნულ ზონას 200 კმ/სთ სიჩქარით გადაუარა და ხეებით დაფარული ფერდობები თითქმის სულ მიწასთან გაასწორა ვალჰაუზენში.
როგორც იქნა, შტორმი ჩადგა და კონსტანტინმა პაპასთან ერთად კვლავ გაიარა ტყეში. 40 წლის აშოლტილი ნაძვები ძირს გაწოლილიყვნენ. „პაპას ცრემლი სდიოდა, – იხსენებს პრინცი, – მას ერთ არსებით შეკითხვაზე უნდა ეპასუხა: რა უნდა ვქნათ ახლა?“
დღეს გერმანელები მსგავსი გადაწყვეტილების წინაშე არიან, მაგრამ ბევრად უფრო დიდი მასშტაბით. 2018 წლიდან მოყოლებული, ცენტრალურ გერმანიაში ყოველ წელს აღინიშნებოდა გვალვა ან უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა, მბეჭდავი ქერქიჭამიას შემოსევებით კი ათობით ათას ჰექტარზე გაშლილი ნაძვის კორომები განადგურდა. ამასობაში ტყის ხანძრებმაც იფეთქა და კვამლმა ბერლინის ცენტრამდეც მიაღწია. ამ ვითარებამ წარმოშვა ეროვნული კამათი, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ გამოწვევებს. ერთი გზაა ხეების დარგვა – დაკარგულ ტყეთა ჩანაცვლება იმავე სახეობების ბევრი ხით.
განსხვავებულ გზას გვთავაზობს ვალჰაუზენთან მდებარე ტყიანი ბორცვები. ზალმის პრინცი ერთ-ერთია გერმანიის ტყის მესაკუთრეთა იმ მზარდ ჯგუფში, რომლებმაც მიმართეს „ბუნებასთან ახლოს მდგომი მეტყევეობის“ პრაქტიკას. ეს გახლავთ ჩაურევლობის მიდგომა, როდესაც მაქსიმალურად თავს იკავებენ ახალი ხეების დარგვისგან. მათი მიზანია ბუნებრივ ტყეთა ეკოსისტემების რეპლიკაცია – ნაყარ ხეებს იქვე ტოვებენ და მხოლოდ ყველაზე ხანდაზმულ ინდივიდებს ჭრიან შერჩევითი პრინციპით.
„ბუნებამ უკეთ იცის, რა უნდა იყოს აქ“, – ამბობს ზალმის პრინცი.
მათი ტყე მდებარეობს ჩრდილოეთ ფერდობებზე, რომელიც არახელსაყრელია ვენახის გასაშენებლად. ირემსა თუ ტახზე ნადირობისა და რამდენიმე უდიდესი ხის ყოველწლიურად მოჭრის გარდა, ისინი ტყეს, მეტწილად, ხელუხლებლად ტოვებენ.

გვიანი შემოდგომის ერთ დღეს, არც ისე დიდი ხნის წინ, ზალმის პრინცი ღრმად შევიდა საკუთარ ტყეში. ვიბკეს გადარჩენილი დუგლასის ცრუცუგების მაღალი ჩარდახის ქვეშ ტანი ამოეყარა ახალგაზრდა მუხას, წიფელსა და ალუბლებს, რომლებიც წითელ-ყვითელ ფერებად ბრწყინავდნენ.
„რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი ბუნებრივად ამოვიდა, – ამბობს იგი, – აქ ჩვენი ინვესტიცია მხოლოდ გზების მოწყობა და ნადირობის გამართვაა“.
გარკვეული კუთხით, გერმანიის მეტყევეობა თავის ძირებს შორდება. ეს ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ტყეებს აღიქვამდა სამართავ რესურსად. გერმანელი მეტყევეები ხეების მიმართ ინდუსტრიული რაციონალიზაციის მეთოდს იყენებდნენ – ნაძვის მსგავს სწრაფად მზარდ სახეობებს რგავდნენ აკურატულ მწკრივებად. აღნიშნული მიდგომა მთელ მსოფლიოში გავრცელდა და გერმანიაში დღესაც პოპულარულია.
საუკუნის წინ გამოჩნდა ბოტანიკოსი ალფრედ მელერი, რომელიც ამ კონცეფციას დაუპირისპირდა. იგი ამტკიცებდა, რომ ტყე წარმოადგენს კომპლექსურ ორგანიზმს და ხეების კულტივაცია არ უნდა ხდებოდეს ნელა მზარდი ხორბლის ღეროების მსგავსად. ამის ნაცვლად, ტყეები უნდა იმართებოდეს ისე, როგორც ბუნება გააკეთებდა: ინდივიდუალური ხეების შერჩევითი პრინციპით მოჭრა და ერთიანი საფარის შენარჩუნება.
1922 წელს მელერი გარდაიცვალა და მას არასოდეს მისცემია შანსი, რომ თავისი იდეების განხორციელება ეხილა. II მსოფლიო ომის შემდეგ ტყეები მასშტაბურად გაიჩეხა გერმანიაში, ომით დაზიანებული ბრიტანეთის, საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის ქალაქების აღსადგენად. მათ ჩასანაცვლებლად მეტყევეებმა მილიონობით ახალი ხე, მეტწილად ნაძვები დარგეს 1950-იან წლებში. ეს პერიოდი მეტყევეობის მზარდი ინდუსტრიის საწყის წერტილად გადაიქცა. დღეს ხე-ტყე და მისი მეორადი პროდუქტები 150-მილიარდიანი შემოსავლის წარმოებას ქმნის წელიწადში და 700 000-ზე მეტ გერმანელს ასაქმებს. ახლა ქვეყნის ერთ მესამედს ხეები ფარავს.

გერმანიაში ასე ძლიერ ამიტომაც განიცადეს გვალვიანი წლები და მავნებელთა შემოსევები. გერმანელები პირველად უპირისპირდებიან ისეთ მომავალს, რომელშიც შესაძლოა საგრძნობლად ნაკლები ხე იყოს.
გერმანიის მთავრობამ აღნიშნული ვითარება ეროვნულ კრიზისად გამოაცხადა; ტყის მფლობელებს სუბსიდიის სახით გადაეცათ 2 მილიარდამდე დოლარი ხოჭოებით დაზიანებული ხის ნაყარის მოსაშორებლად და ტყეების ახალი ნერგებით შესავსებად.
„ბუნებასთან ახლოს მდგომი მეტყევეობის“ ზოგიერთი მხარდამჭერი აცხადებს, რომ ეს შეიძლება შეცდომა იყოს. მათი ხედვით, ნაკლები ჩარევა უფრო დიდ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ჩქარ-ჩქარა ბევრი ხის დარგვა. თუ ხის ნაყარს ადგილზე დატოვებენ, ის ნელ-ნელა დალპება და საკვები ნივთიერებები კვლავ ნიადაგს დაუბრუნდება – შედეგად, გაიზრდება ხეთა სიჯანსაღეც და მრავალფეროვნებაც. „ჩვენი ხედვით, ნაკლები ყოველთვის მეტს ნიშნავს“, – ამბობს კნუტ შტურმი, ქალაქ ლიუბეკის ტყის მენეჯერი.
კლიმატის ცვლილების აჩქარების ფონზე ასევე მნიშვნელოვანია უფრო მეტი გვალვაგამძლე სახეობის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან, ამბობს მარკუს ლინდნერი, ევროპის სატყეო ინსტიტუტის მეცნიერი. „ჩვენ შეგვიძლია „ბუნებასთან ახლოს მდგომი მეტყევეობის“ მოდელზე გადავიდეთ და, ამავე დროს, მეტი გვალვაგამძლე სახეობაც შემოვიტანოთ“.
ვალჰაუზენში ზალმის პრინცი მზის ჩასვლის ფონზე მეუბნება: „ვისურვებდი, რომ ჩემს შვილიშვილებს ასარჩევად ჰქონდეთ 10 სხვადასხვა სახეობა და არა მხოლოდ დუგლასის ცრუცუგა ან ევროპული ნაძვი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმავე შეცდომებს კვლავ და კვლავ არ გავიმეორებთ“. – ენდრიუ კარი
ენდრიუ კარი ბერლინში მცხოვრები ჟურნალისტია. უკანასკნელ პერიოდში მან დაწერა არქეოლოგიური სტატია გლადიატორთა რეალურ ისტორიაზე, რომელიც 2021 წლის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა.