ტყეების მომავალი
სიცხე და გვალვა ჩვენს ტყეებს ანადგურებს, მაგრამ თუ კურსს ახლავე შევცვლით, მოსალოდნელ ზიანს შევამცირებთ.


ტყეების მომავალი
სიცხე და გვალვა ჩვენს ტყეებს ანადგურებს, მაგრამ თუ კურსს ახლავე შევცვლით, მოსალოდნელ ზიანს შევამცირებთ.
ხანძრისგან გადამწვარ ამ ტყეში პირველად ფერები მოგხვდებათ თვალში. დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც იელოუსტოუნის ეროვნული პარკის სამხრეთით მდებარე ეს ტერიტორია ფერფლისა და დამწვარი ფიჭვების მიზეზით ერთფეროვნებით გამოირჩეოდა. თუმცა, შარშან ზაფხულში წვივამდე წამოზრდილმა ამონაყარმა და ვერხვის ყლორტებმა მიწა კაშკაშა მწვანედ გააფერადეს. გაშავებული მორების ირგვლივ იასამნისფერი თხაწართხალა და სისხლივით წითელი კანადური შეფერდია ამოსულიყო. 2016 წელს ბერის ხანძარმა უაიომინგში 84 კვადრატული კილომეტრი გაანადგურა, ხანძრიდან ხუთი წლის შემდეგ კი აქ ისეთივე აღდგენის პერიოდი დადგა, როგორიც ათასწლეულების მანძილზე კლდოვანი მთების ტყეებში.
ტყის აღდგენის პროცესს სისტემურად აკვირდებოდა ეკოლოგიის პროფესორი მონიკა ტერნერი. ივლისის ერთ ცხელ დღეს ტერნერი მიწაზე გაჭიმულ 50-მეტრიან ლენტს მიუყვებოდა და თავის ასპირანტთან ერთად ლენტის აქეთ-იქიდან ერთი მეტრის დაშორებით ამოსულ ფიჭვის ამონაყარებს ითვლიდა. არავინ იცოდა, ტყის რომელი ბინადარი შეიძლება ყოფილიყო იქ დამალული – უაპიტი, ირემი, ლოსი თუ მგელი.
მკვლევრების ფეხებთან უამრავი პაწაწინა ყლორტი იყო ამოსული. რამდენიმე წამში გასავლელ მანძილზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში ითვლიდნენ წამოზრდილ მცენარეებს. საბოლოოდ 2286 ამონაყარი დათვალეს. აქ ყოველ ჰექტარზე ფიჭვის ერთ-ერთი სახეობის (Pinus contorta) 172 000 ძირი გვხვდებოდა. „ამ ფიჭვისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია; ისინი დიდი წარმატებით ბრუნდებიან“, – თქვა ტერნერმა.

კალიფორნია
სეკვოიის ეროვნული ტყე
თუმცა, წინა დღეს, მეზობლად, დამწვარ ტყის ნაკვეთში, ტერნერმა შემაშფოთებელი ფაქტი დააფიქსირა: უხვად წამოზრდილი ახალგაზრდა ფიჭვების ნაცვლად ყვავილები, ბალახი და გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ერთ 50-მეტრიან მონაკვეთზე ტერნერმა მხოლოდ 16 ახალგაზრდა ფიჭვი შენიშნა, მეორეზე – ცხრა. ამ მონაკვეთზე ჯამში ხუთჯერ ნაკლები ახალგაზრდა წიწვოვანი მცენარე იზრდებოდა, ვიდრე მეზობლად.
ტყის ორივე ნაწილი თითქმის იდენტური იყო. ბერის ხანძრამდე ორივე ტერიტორია სამოქალაქო ომის დროს დაიწვა. მაგრამ ისინი მაინც განსხვავდებოდნენ: ტერიტორია, რომელზეც ნაკლები ფიჭვი გვხვდებოდა, 2000 წელსაც დაიწვა. ამ ხანძრის შემდეგ აღმოცენებული ხეები ჯერ კიდევ არ იყვნენ მომწიფებულნი საკმარისი თესლის წარმოსაქმნელად და 2016 წელს საბოლოოდ განადგურდნენ. ფიჭვნარის განახლების ნაცვლად, ბერის ხანძარი აქ ახალი ლანდშაფტის გამოძერწვას აპირებდა, საუკუნეების ან, თუნდაც, ათასწლეულების მანძილზე.
რაც იელოუსტოუნში ხდება, მსოფლიო ტენდენციაა. კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ, ტყის ხანძრები უფრო მასშტაბური და ხშირია. 2019 და 2020 წლებში ავსტრალიის ტყის ხანძრებმა ფლორიდის შტატის ზომის ტერიტორია შეიწირა. თუმცა, რაც თავდაპირველ გაჩანაგებას მოსდევს, ხშირად შეუმჩნეველი რჩება: მრავალი ტყე ახლა აღდგენისთვის იბრძვის. ეს მხოლოდ იელოუსტოუნში არ ხდება და მიზეზი ყოველთვის ხანძარი არ არის. ამას კლიმატის ცვლილებაც იწვევს.

ბევრგან ტყე თავისთავად ვეღარ აღდგება. ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტყე სახეს შეიცვლის, ზოგიერთი კი შეიძლება საერთოდ აღარც აღდგეს.
რთული დრო უდგათ ხეებს. უკანასკნელი 10 000 წლის განმავლობაში დედამიწაზე ტყეების მესამედი დაიკარგა – მათ შორის ნახევარი 1900 წლიდან. ტყეს ვჭრიდით მერქნის მოსაპოვებლად, ვკაფავდით სოფლის მეურნეობისთვის, სახლების ასაშენებლად და გზების დასაგებად. მსოფლიოში ტყეების განადგურებამ პიკს 1980-იან წლებში მიაღწია, შემდეგ იკლო, თუმცა ტენდენციები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. ინდონეზიაში, სადაც ტყეებს ზეთის პალმის პლანტაციების გასაშენებლად ჩეხდნენ, ეს ტენდენცია 2016 წლიდან შეიცვალა და პირველადი ტყის დანაკარგი შემცირდა. 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის ივლისამდე ბრაზილიის ამაზონმა 13 000 კვადრატული კილომეტრი ტროპიკული ტყე დაკარგა, რაც 22%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. 1990 წლიდან მსოფლიო მასშტაბით მოჭრილი ტყის ფართობი შეერთებული შტატების მთლიანი ტყის ფართობს აღემატება.
დღეს წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვი ტყეებს სხვა მიმართულებით ცვლის. ნახშირორჟანგი და სათბურის აირები პლანეტას ათბობს. შედეგად, ხის 73 000 სახეობიდან ზოგიერთი, სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან ერთად, პოლუსებსა და ზემო ფერდობებს მიაშურებს. მურყანი, ტირიფი და ჯუჯა არყი უკვე მთელ არქტიკაში, სკანდინავიიდან კანადამდე ვრცელდება. ხეები ჭარბ ნახშირორჟანგს – ფოტოსინთეზის ძირითად ინგრედიენტს – ითვისებენ და უფრო სწრაფად იზრდებიან. ჯერჯერობით პლანეტის ასეთი „გამწვანება“ კლიმატის ცვლილებას ანელებს.
ამასთან, კლიმატის ცვლილება ხეებს ანადგურებს. ტყის შემსწავლელი მეცნიერები ყველაზე მეტად გახშირებული ექსტრემალური მოვლენების გამო შფოთავენ: ხანძარი, ძლიერი ქარიშხალი, მწერების შემოტევა და, რაც მთავარია, ძლიერი სიცხე და გვალვა, რამაც დანარჩენების გავლენა შეიძლება გააძლიეროს კიდეც. ამ ერთეულმა, ხშირად უპრეცედენტო შემთხვევებმა შეიძლება სწრაფად და მასობრივად გაანადგუროს ხეები. ტყეები, რომლებიც უკანასკნელი გამყინვარების ხანიდან არსებობენ, სრულიად ახალ პირობებში შეიძლება აღმოჩნდნენ.
„სხვადასხვა მექანიზმით შესაძლებელია ტყეებს ვაიძულოთ მეტად გაიზარდონ და მეტი ნახშირორჟანგი შთანთქან“, – ამბობს ბიოლოგი უილიამ ანდერეგი. ეს მექანიზმები „ეწინააღმდეგება იმ მექანიზმებს, რომლებსაც დედამიწის ტყეები განადგურების ზღვართან მიჰყავს – მეტი ხის განადგურებითა და ნახშირბადის მეტი დანაკარგით“.
პლანეტაზე არსებული 4 მილიარდზე მეტი ჰექტარი ტყის მცირე ნაწილი უკვე მიუახლოვდა ამ ზღვარს. ჯერჯერობით კლიმატის ცვლილება ტყეებს გაცილებით ნაკლებ საფრთხეს უქმნის ტყის გაჩეხვასთან შედარებით, თუმცა ეს საფრთხე სწრაფად იზრდება. „რამდენად გაიზრდება კლიმატის ცვლილებით დაღუპული ხეების წილი და როდის გადაწონის ის ჩეხას?“ – კითხულობს მეტ ჰანსენი მერილენდის უნივერსიტეტიდან, რომელიც ტყეებს თანამგზავრების დახმარებით აკონტროლებს.

ავსტრალია
ჩრდილოეთი სანაპირო
პრობლემა ისაა, რომ მსოფლიო მასშტაბით ჯერ არ შეგვიძლია კლიმატის ზემოქმედების რაოდენობრივად შეფასება. თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, ხეებით დაფარული ფართობი 1982 წლიდან 2016 წლამდე 7%-ით გაიზარდა, რაც მექსიკის ფართობს აღემატება, თუმცა, ეს მონაცემები აერთიანებს ბუნებრივ ტყეებს და სატყეო მეურნეობებს, სადაც მილიონობით პალმა, ევკალიპტი და ფიჭვია დარგული, მაშინ როდესაც ტროპიკული ტყეები იჩეხება. მონაცემები არ უჩვენებს, ასევე, კონკრეტული ტყე ჩეხის მიზეზით განადგურდა, თუ კლიმატური მოვლენის შედეგად.
კომპიუტერული მოდელირება წინასწარ ვერ განსაზღვრავს, როგორ შეცვლის კლიმატი ტყეებს დედამიწაზე ან როგორ იმოქმედებს ტყეებში აკუმულირებული ნახშირბადი კლიმატზე. „ისტორიულად, დედამიწის მოდელირებული სისტემები ვერ ახერხებდნენ ამას“, – ამბობს კლიმატოლოგი ჩარლი კოვენი. იგი გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფთან (IPCC) მუშაობდა. ჯგუფის მიერ შექმნილი 11 მოდელიდან მხოლოდ ორი მოიცავს ხანძარს და მცენარეთა გეოგრაფიულ ძვრებს.
მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ხეების რაოდენობა დედამიწაზე. კლიმატის ცვლილება მყისიერად ცვლის ადგილობრივ ტყეებს მაშინაც კი, როდესაც მათ დასაცავად ზომებია მიღებული. ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ შედეგებს ვერც კი ვაცნობიერებთ. ხეები ნახშირბადის ყველაზე დიდი საცავია. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ბიომრავალფეროვნებისთვის. ყველაზე რთული დაკარგული ხეების უკან დაბრუნებაა. „დიდი ზომის ხეები მეტისმეტად მნიშვნელოვანია და მათი სწრაფად შეცვლა შეუძლებელია“, – ამბობს ნეიტ სტივენსონი, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მეცნიერი.
ადამიანი ტყესთან არის მიჯაჭვული. ჩვენი ისტორია ხეებს უკავშირდება. ხეებიდან ჩამოვედით. ცეცხლის დასანთებად ხეს ვიყენებდით. ხეები გვაძლევენ საკვებს, თავშესაფარს, წამალს. ტყე ჩვენი საყრდენია, მაგრამ თითქმის არც კი ვაცნობიერებთ, რომ ის შთაგონების წყარო და ხმაურიანი სამყაროდან განტვირთვის საშუალებაც არის ჩვენთვის.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ჰოუს ნოტიო ტყეა ოლიმპიკის ნახევარკუნძულზე, ვაშინგტონის შტატში მდებარე ჩემი სახლიდან ოთხი საათის სავალზე. ელვარე გვიმრები იმდენად მაღალია, რომ უაპიტების გუნდს დამალავს. უძველესი ნაძვები და ზურმუხტისფერი ხავსით შემოსილი ფართოფოთლოვანი ნეკერჩხლები ცას ფარავენ. ხვდებით, რომ იქ უფრო მეტი რამ ხდება, რაც თქვენი მხედველობის არის მიღმა დარჩა. ტყეში ხეები იზოლირებული არსებები არ არიან. სოკოების მიწისქვეშა ქსელის დახმარებით სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ერთმანეთს საკვებს და ინფორმაციას უზიარებენ. ერთმანეთს ესაუბრებიან. გადასცემენ ქიმიურ სიგნალებს. აფრთხილებენ მავნებლების შემოჭრისა და სხვა საფრთხეების შესახებ.

უაიომინგი
იელოუსტოუნის სამხრეთი
„პირველყოფილი ტყეები კოლაბორაციულია“, – მითხრა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა კორენა მაფუნემ ჰოუს ტყეში სეირნობისას. იგი ეჭვობს, რომ ამ სოკოების ქსელის მინიატურული ვერსია შეიძლება მაღალ ტოტებზეც არსებობდეს. მან ტყის ჩარდახში, ხავსის ქვეშ იპოვა ნიადაგი, სადაც პაწაწინა ხეები ამოზრდილიყო ასაკოვანი ცოცხალი ტოტებიდან. „მინიტყე ტყეში“, – ამბობს იგი და შიშობს, რომ ხეების პლანტაციაზე ბევრად მდიდარი ეს უძველესი ტყეც კი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, თუ მკაცრი გვალვა დიდხანს გაგრძელდება.
IPCC-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა სიცხემ და გვალვამ აფრიკის საჰელში, სამხრეთ-დასავლეთ მაროკოსა, და აშშ-ის დასავლეთ ნაწილში 1945 წლიდან ხეების 20% შეიწირა. ამერიკის დასავლეთის რვა ყველაზე გავრცელებული ხის სახეობიდან ხუთი მნიშვნელოვნად შემცირდა 2000 წლიდან, ძირითადად ხანძრებისა და მწერების შემოსევის გამო. ფიჭვი ამ სიის დასაწყისშია.
„კლიმატის ცვლილების ეპოქაში ტყეები ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე ჰგონიათ“, – ამბობს ლანდშაფტის ეკოლოგი კრეგ ალენი. იგი უკვე ორი ათეული წელია ცდილობს ხალხის გაფრთხილებას ამ საშიშროების შესახებ.
მომღიმარ ტერნერს მოკლე ქვიშისფერი თმა აქვს. 62 წლის ასაკში კოლეჯის სტუდენტივით შეუძლია ოპტიმიზმის შენარჩუნება მუშაობის დროს. შარშან ზაფხულში მასთან ერთად რამდენიმე დღე გავატარე ჯონ როკფელერ უმცროსის მემორიალურ ბულვარში. ეს ბულვარი, რომელსაც აბზინდა და ფიჭვის ხეები ფარავს, თავისი ფართობით მანჰეტენსაც აჭარბებს. ის იელოუსტოუნისა და გრანდ-ტიტონის ეროვნულ პარკებს აკავშირებს ერთმანეთთან.
1988 წელს ტერნერმა და მისმა კოლეგამ, ეკოლოგმა ბილ რომმა, ვერტმფრენით დაათვალიერეს პარკის ტერიტორია; ისინი უკანასკნელი საუკუნის მანძილზე მომხდარი, ყველაზე საშინელი ხანძრის სეზონის შედეგებს აკვირდებოდნენ. იელოუსტოუნის მესამედი – 321 270 ჰექტარი – რამდენიმე თვეში სრულიად დაიფერფლა. ტერნერი შიშობდა, რომ ის აღარც აღდგებოდა, მაგრამ ამ ფრენის დროს მას გაუჩნდა იმის რწმენა, რომ რომის ვარაუდი გამართლდებოდა: იელოსტოუნი თავისას გააკეთებდა.
ბევრის აზრით, იელოუსტოუნში ხანძარი იმის გამო გაჩნდა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მეხანძრეებმა ტყის ხანძრების ჩაქრობა დაიწყეს და ტყეები ჭარბი ხეებით დაიტვირთა. დასავლეთის ზოგიერთ ნაწილში ეს სიმართლეს შეეფერება, თუმცა რომმა აღმოაჩინა, რომ ისტორიულად იელოუსტოუნში ხანგამოშვებით ყოველთვის ჩნდებოდა ძლიერი ხანძარი. „ხშირი ხანძრები მაშინაც კი არ ყოფილა, სანამ ადამიანი ტყის ხანძრების რეგულირებაში ჩაერეოდა. ეს მართლაც შოკისმომგვრელი იყო“, – მითხრა მან ერთ დილას პარკში.
იელოუსტოუნი ფიჭვის ქვეყანაა. ფიჭვის სქელი, მოხდენილი ტოტები პარკის ტყის 80%-ს იკავებს. ზოგიერთი მათგანი სეროტინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი თესლის შემცველი გირჩების გასახსნელად ცეცხლია საჭირო. რომმა აჩვენა, რომ ამ ტყეებში 1700-იან და 1800-იან წლებში საშინელი ხანძარი მოხდა. მისი თქმით, ასეთი ხანძრები იშვიათი იყო, რადგან პარკი „ძალიან ტენიანი და გრილია“, მაგრამ ყოველ 100-300 წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით ცხელ და მშრალ ზაფხულში, მიწის უზარმაზარ ნაკვეთებს ცეცხლი ეკიდებოდა და ერთ დიდ ხანძარს წარმოქმნიდა, რაც ტყეებს ხელახლა დაბადების საშუალებას აძლევდა.
ტერნერი მიხვდა, რომ ტყეები სიცოცხლისუნარიანია. დროა საჭირო იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ შეიძლება ეს დინამიკა შეიცვალოს.

რუსეთი
აღმოსავლეთი ციმბირი
გაფრთხილება იყო 2002 წელს, სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ში უკანასკნელი ხუთი ათწლეულის მანძილზე ყველაზე ძლიერი გვალვის დროს. ტერნერთან შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, ნიუ-მექსიკოს ბანდელიერის ეროვნული ძეგლის მახლობლად, მტვრიან სანაპიროზე მივდიოდი. ჩემ გვერდით კრეგ ალენი და დედამიწათმცოდნე ნეიტ მაკდოუელი ალენის მიერ 2002 წელს გადაღებულ სურათს აკვირდებოდნენ. მასზე გამოსახული იყო პინიონის ფიჭვების ხშირი ნარგავები ნარინჯისფრად შეფერილი წიწვებით – ისინი კვდებოდნენ.
ალენმა ხელი მიმდებარე პლატოსკენ გაიშვირა. იგი იქ მდებარე არიდულ ტყეებს სწავლობდა 1980-იანი წლებიდან. ფოტოზე რომ ზრდასრული ფიჭვები იყო, ახლა აღარსად ჩანდა. გამძლე ღვიებით და აქა-იქ ახალგაზრდა ამონაყარით დაფარული დაბზარული მიწა დარჩენილიყო.
1950-იან წლებში გვალვას კიდევ უფრო ნაკლები წვიმა მოჰყვა, მაგრამ 2002-2004 წლებში ხეები უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ზოგიერთ რაიონში 90%-ზე მეტი ხე დაიღუპა. ბევრი მათგანი ბუნებრივი მტაცებლების – ქერქიჭამია ხოჭოს მსხვერპლი გახდა, რომელიც არნახულად გავრცელდა. საერთო ჯამში, სამხრეთ-დასავლეთში დაახლოებით 350 მილიონი პინიონის ფიჭვი დაიღუპა. უპრეცედენტო ხანძარმა გაანადგურა ყვითელი ფიჭვის ათიათასობით ჰექტარი.
ალენი გაოგნებული იყო ამ მძიმე სურათით, თუმცა თანდათან ის, მაკდოუელი და მათი კოლეგები მიხვდნენ, რომ ეს გვალვა უფრო ცხელი იყო. სათბურის აირების ემისიით გამოწვეული ტემპერატურის უმნიშვნელო მატებაც კი უკვე საკმარისი იყო ნიუ-მექსიკოს ხეების დაღუპვის პროვოცირებისთვის.
ალენისთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ხეები მთელ მსოფლიოში დაუცველნი არიან გაზრდილი ტემპერატურის პირისპირ. თბილი ატმოსფერო მცენარეებიდან და ნიადაგიდან უფრო მეტ ტენს შთანთქავს. გვალვის დროს დანაკარგების შესამცირებლად, ხეები ხურავენ ფოთლებში არსებულ ფორებს ან მთლიანად იშორებენ ფოთლებს, მაგრამ ეს ამცირებს მათ მიერ ნახშირორჟანგის მოხმარებას და მცენარეები მშივრები და გამომშრალები რჩებიან. როდესაც ძალიან ცხელა, წყლის გარკვეული რაოდენობა პირდაპირ ხის ქერქიდან ჟონავს, რომლის შენარჩუნებასაც უიმედოდ ცდილობენ.
როდესაც ნიადაგი კარგად გაშრება, მცენარეს უჭირს გამტარ სისტემაში წნევის შენარჩუნება წყლის ფოთლებამდე ასატანად. ჰაერის ბუშტები აფერხებენ ნაკადს, რაც ფატალურ ემბოლიას იწვევს. ზოგიერთი ხე თავს უფრო ღრმა ფესვებით ან მეტი წყლის დაგროვებით იცავს – მაგრამ ეს ხდება სიმაღლეში ზრდისა და სხვა ხეებთან სინათლისა და სივრცისთვის კონკურენციის ხარჯზე.

ბრაზილია
სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო
შედეგად, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ცხელი, წვიმიანი ამაზონიდან ცივ და მშრალ ალბერტას პროვინციამდე, მრავალი ხე თავისი ჰიდრავლიკური სისტემის ზღვარზე მუშაობს, მინიმალური უსაფრთხოებით ნორმალურ პირობებშიც კი. ეს ნიშნავს, რომ ინტენსიური გვალვა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. 2002 წლის გვალვამ სამხრეთ-დასავლეთში სწორედ ეს გამოიწვია: მოგვიანებით ხეების წლიურმა რგოლებმა აჩვენა, რომ ეს იყო ზრდისთვის ყველაზე მშრალი და უარესი წელიწადი ათასწლეულის განმავლობაში. მას ვერცერთი სხვა წელიწადი ვერ შეედრება.
ამ ყველაფერმა ალენი სერიოზულ გლობალურ საფრთხეზე დააფიქრა. „ამ ლანდშაფტს მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება ვსწავლობდი. როდესაც მისი ტრანსფორმაცია დავინახე… კლიმატის ცვლილება აღარ იყო მხოლოდ თეორია“, – მითხრა მან. ალენმა სხვაგანაც დაიწყო მასობრივი დაღუპვის შემთხვევების აღრიცხვა. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში სიცხე და გვალვა მილიარდობით ხეს გაანადგურებს ესპანეთში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში. ცენტრალურ ციმბირში, რუსეთში ნაძვი 800 000 ჰექტარზე განადგურდა.
ტემპერატურის მატებამ ხელი შეუწყო ტყის მომაკვდინებელი მავნებლების გავრცელებას, ხეების დასუსტებას და ხოჭოებისა და ჩრჩილების გადარჩენას ზამთრის პერიოდში, ან უფრო ხშირ გამრავლებას. მავნებლების შემოსევამ გაანადგურა ხეები ჰონდურასში, თურქეთსა და ალჟირში. ცენტრალურ ევროპას ისინი შემაძრწუნებელ ახალ ჭირად მოევლინნენ.
შარშან, შემოდგომის ერთ გრილ დღეს, გაჭირვებით ავედი ცივი ომის პერიოდის სადამკვირვებლო სადგურის 227-საფეხურიან კიბეზე, 1315 მეტრზე მდებარე ჩეხურ სოფელ პრაშილისთან, გერმანიის საზღვართან. შუმავის ეროვნული პარკის რეინჯერს პეტრ კაჰუდას და მენდელის უნივერსიტეტის სატყეო მეცნიერს ზდენეკ პატოჩკას რომ არ ჩამოვრჩენოდი, ღრმად ვსუნთქავდი. კოშკის ზედა სართულზე მრგვალი აივანი მთიან ტყეებს გადაჰყურებს. ახლა მისი ხეების უდიდეს ნაწილს ქერქიჭამია ხოჭოები ანადგურებენ.
2018 წელს ცენტრალურმა ევროპამ ყველაზე საშინელი გვალვა გადაიტანა უკანასკნელი ხუთი საუკუნის განმავლობაში. ზაფხულის ტემპერატურა საშუალო ტემპერატურას 3,3 გრადუსით აღემატებოდა. ხეების სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა. დასუსტებული და გადარჩენილი ხეები ხოჭოებს იზიდავდნენ. ყველაზე მეტად ჩეხეთი დაზარალდა. ხეტყის დამამზადებლები ყველაფრის გადარჩენას ჩქარობდნენ, რისი გადარჩენაც შეეძლოთ.
გერმანიაში 2018-დან 2020 წლამდე 300 000 ჰექტარი ტყე განადგურდა. არავინ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ისტორიამ კრიზისი გააღრმავა: ცენტრალურ ევროპაში ბუნებრივი ტყეები თითქმის აღარ დარჩა. ადამიანებმა ძირეულად შეცვალეს ლანდშაფტი. თავდაპირველად ჭარბობდა წიფელი და მუხა, შემდეგ მრავალ ტყეში ნორვეგიული ნაძვი და ფიჭვი გადარგეს.
ნაძვი ბუნებრივად მაღალ, გრილ ადგილებში იზრდება. მაგრამ მეტყევეებმა ის ბარშიც დარგეს. 70 წლის მანძილზე ყველაფერი რიგზე იყო. შემდეგ, როგორც მაქს პლანკის ბიოგეოქიმიის ინსტიტუტის ტყის ექსპერტი ჰენრიკ ჰარტმანი ამბობს, „კლიმატის ცვლილებამ მანამდე შესაფერისი ჰაბიტატი არაადეკვატურად შეცვალა“.

ნიუ-მექსიკო
ხემესის მთები
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტერნერს სჯეროდა, რომ იელოუსტოუნის ხანძრებისა და აღორძინების ციკლი არსებობდა. ხეები იღუპებიან. ეს ბუნებრივია, მაგრამ 2008 წელს უაიომინგში, მისმა კოლეგამ წარმოადგინა რუკები, რომელთა მიხედვით იელოუსტოუნში უახლოეს ათწლეულებში თითქმის ყოველ ზაფხულს შეიძლებოდა დამდგარიყო ხანძრის ისეთი სეზონი, როგორიც 1988 წელს იყო. ის წელი „გამონაკლისი აღარ იქნებოდა და გამონაკლისი წლები კონტროლს აღარ დაექვემდებარებოდა“, – იხსენებს ტერნერი.
თავიდან ეს არ სჯეროდა. ათასწლეულების მანძილზე იელოუსტოუნის გიგანტური ალი სხვადასხვა ინტენსივობით უწესრიგოდ ავარდებოდა ხოლმე, ზოგიერთ ადგილს გამოწვავდა და ზოგიერთს დაინდობდა. მოზაიკური ხანძარი ცხოველებსა და ხეებს საშუალებას აძლევდა, ადვილად განეახლებინათ კოლონიზაცია. მაგრამ რა მოხდება, თუ სისტემა ამ გზით აღარ იმუშავებს?
ტერნერმა შესწავლა დაიწყო. მან გაარკვია, რომ ახალგაზრდა ფიჭვები ცხელ, მშრალ სეზონზე ცუდად იზრდებოდნენ. იცოდა, რომ ახალგაზრდა ფიჭვი მეტისმეტად ნედლია დასაწვავად, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ის ხელს უწყობს აალებას. მან ნახა, როგორ მოეკიდა თავიდან ცეცხლი პარკის 1988 წელს დამწვარ ტერიტორიებს. ასევე ნახა, რომ ცეცხლი ახალგაზრდა ხეებს მწიფე გირჩების წარმოქმნამდეც ეკიდებოდა. ზოგან ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ტყის აღორძინებისთვის საჭირო თესლის მომცემი ვერც ერთი ხე ვერ გადარჩა.
გრანდ-ტიტონისა და იელოუსტოუნის ირგვლივ ტერნერმა აღმოაჩინა ხუთი ადგილი, სადაც ტყე მეჩხერად ან საერთოდ არ აღდგა. კლიმატის ცვლილებამ შეცვალა მსოფლიოს ზოგიერთი ისტორიული პეიზაჟი. მოდელირებული მომავლის იმგვარი სცენარით, რომელშიც ემისიებს არ ვამცირებთ, მის ზოგიერთ საყვარელ ადგილს ისეთი სახე ჰქონდა, როგორც შეიძლება ერთ დღეს მისმა შვილებმა ნახონ: ფიჭვის ტყეები შესაძლოა მდელოებად იქცეს.
ტერნერი იელოუსტოუნს „მსოფლიოში ყველაზე სიცოცხლისუნარიან ადგილად“ მიიჩნევდა. ახლა მისმა კვლევამ აჩვენა, რომ აქ ტყეები ახალ მდგომარეობაში გადადიან. სხვა მეცნიერებიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ სხვა ადგილებში. კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტყის ეკოლოგმა, კამილა სტივენს-რუმანმა, 52 ხანძრის შედეგად დაზარალებული 1485 ტერიტორია გამოიკვლია კოლორადოში, აიდაჰოში, მონტანასა და ვაშინგტონში. 2000 წლამდე დამწვარი და ვეღარ აღდგენილი ზონების რაოდენობა მომდევნო წლებში 19-დან 32%-მდე გაიზარდა. „არ აღდგენაში ვგულისხმობ, რომ ერთი ხეც კი აღარ არის“, – ამბობს იგი.

ჩრდ. კაროლინა
მდინარე კეიპ-ფეარის გასწვრივ
სატყეო სამსახური ხეებს ძირითადად რგავდა გაჩეხილი ტყის ადგილას; ხოლო დამწვარ ტერიტორიებთან მიმართებით, ბუნებრივი აღდგენის ეიმედებოდათ. ახლა კი „ჩვენი ტყეების აღდგენის ღონისძიებების 80%-ზე მეტი ტყის კატასტროფული ხანძრების გამო ხორციელდება“, – ამბობს დევიდ ლიტლი, ტყისა და საძოვრების მმართველი დირექტორი. 154 ეროვნულ ტყეში დამწვარი მილიონი ჰექტარიდან ნახევარზე მეტი აღარ აღდგება, თუ იქ ხეებს არ დარგავენ. და თუ დარგეს, ათიათასობით ჰექტარზე მცენარემ შეიძლება მაინც ვერასოდეს გაიდგას ფესვი, ამბობს ლიტლი.
თუმცა, მთელ მსოფლიოში მხოლოდ გვალვა და ხანძრები არ ართულებს მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ავსტრალიის სანაპიროს ასობით კილომეტრზე გადაჭიმული მანგროს ხეები ძლიერმა სიცხემ და გვალვამ დაასუსტა, 2015-16 წლებში სავარაუდოდ კლიმატის ცვლილების გამო გამწვავებულმა ელ-ნინიომ ზღვის დონის დროებითი ვარდნა გამოიწვია რეგიონში. 7000 ჰექტარზე არსებული მანგროს ტყე უწყლობით დაიღუპა. აღმოსავლეთ ბრაზილიაში ელ-ნინიოს ნალექის შემცირება მოჰყვა და მანგროს ხეები დააზიანა. შემდეგ, 2016 წლის ივნისში, ქლიავის ზომის სეტყვამ ამ ცხელ ლანდშაფტს პირველად დაარტყა. 100 კმ/სთ სიჩქარის ქარის ნაკადმა ხეების ფოთლები დაწყვიტა და ღეროები 500 ჰექტარზე მიმოფანტა.

შვეიცარია
ჰიოლშტაინი, ბაზელის მახლობლად
ეს ადგილი ხუთი წლის შემდეგ ოკეანოგრაფ ანჯელო ბერნარდინოსთან ერთად მოვინახულე. მდინარეზე ნავიდან ვხედავდით, როგორ იშლებოდა წყალში ნიადაგი მკვდარი ხეების ირგვლივ. ეს იყო ნიშანი, რომ მანგროები აქ ალბათ ვეღარასოდეს გაიზრდებოდნენ.
თუ რომელიმე სახეობას შეუძლია გადაურჩეს კლიმატის ცვლილებას, წესით, გიგანტური სეკვოია უნდა იყოს. მათ შორის ბევრი იულიუს კეისრის მმართველობის პერიოდიდან დგას. და მაინც, ცვლილება შემაშფოთებლად სწრაფად მოხდა.
2012 წელს National Geographic-ის დეკემბრის ნომრის მთავარი სტატია მიეძღვნა სეკვოიის ეროვნული პარკის ერთ დიდებულ ეგზემპლარს – 75-მეტრიან „პრეზიდენტს“. ითვლებოდა, რომ ის მაშინ აღმოცენდა, როდესაც დედამიწაზე უფრო ნაკლები ადამიანი დადიოდა, ვიდრე თანამედროვე საფრანგეთში. მას ჩინეთის მოსახლეობაზე მეტი ფოთოლი ჰქონდა. სტატია მოგვითხრობდა სეკვოიის საოცარ გამძლეობაზე: მთრიმლავი ნივთიერებები იცავდნენ მერქნის მჭამელი ხოჭოებისაგან, სქელი ქერქი თითქმის ცეცხლგამძლე იყო.
გასულ ზაფხულში, თითქმის ათი წლის შემდეგ, სეკვოიის ჩრდილში ვიჯექი და `პრეზიდენტს“ შევყურებდი. ფეხები მტკიოდა, რადგან მთამსვლელის თოკით 60 მეტრი ვიცოცე, ტყის ეკოლოგ ენტონი ემბროუზთან რომ მიმეღწია. აქ იმიტომ მოვედი, რომ ისიც და სხვა მეცნიერებიც მოულოდნელად შეშფოთდნენ.
2014 წელს სეკვოიებს წიწვების ცვენა დაეწყოთ. ეს მკაცრი რეაქცია იყო ძლიერი გვალვის პირობებში წყალზე მოთხოვნის შესამცირებლად. შემდეგ მეცნიერებმა 33 ხე დააფიქსირეს, რომლებიც ხოჭოებმა ფატალურად დააზიანეს.
მანამდე „მწერების მიერ მოკლული სეკვოია არავის უნახავს“, – მითხრა ნეიტ სტივენსონმა, რომელიც ამ `მონარქებს“ 40 წელიწადზე მეტ ხანს სწავლობდა.
2015 წელს, წიწვების ცვენის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, სტივენსონი კრისტი ბრიგჰემს შეხვდა, რომელიც პარკში რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ახალი დანიშნული იყო. „რამდენად ცუდადაა საქმე?“ – შეეკითხა. სტივენსონი პანიკის საფუძველს ვერ ხედავდა.

დანია
კოპენჰაგენის სამხრეთ-დასავლეთი
გვალვებითა და ხანძრებით გამოწვეულ საფრთხეს სეკვოიებისთვის კლიმატის მოდელირების სპეციალისტები პროგნოზირებენ, თუმცა უმრავლესობა სერიოზულ საფრთხეს ათწლეულების განმავლობაში არ მოელოდა. სეკვოიის და კინგს-კანიონის ეროვნულმა პარკებმა პირველად დაგეგმეს ბუჩქებისა და მორების დაწვა ტყის ძლიერი ხანძრის თავიდან აცილების მიზნით. ბრიგჰემის აზრით, ახლა პარკებში ცეცხლის უფრო კარგად გაკონტროლება იქნებოდა შესაძლებელი. მან ემბროუზი და ტყის ეკოლოგი ვენდი ბაქსტერი დაიქირავა. მათ დაკვირვება უნდა ეწარმოებინათ იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან სეკვოიები წყლის ნაკლებობას.
ემბროუზს ნანახი აქვს, როგორ ანელებენ ფოტოსინთეზს სეკვოიები გვალვიან პერიოდში. ხეები, რომლებსაც დღეში 3000 ლიტრი წყლის შთანთქმა შეუძლიათ, ათასწლეულების მანძილზე ვერ გადარჩებოდნენ, სიტუაციაზე მორგება რომ არ იცოდნენ, მაგრამ 2021 წელს, ემბროუზი შეფიქრიანდა, კიდევ რამდენ ხანს გაძლებდნენ ეს ხეები.
იმისათვის, რომ თესლი გირჩიდან გამოთავისუფლდეს და ცეცხლისგან მოწმენდილ ნიადაგზე ფესვი გამოიღოს, სეკვოიას დაბალი ინტენსივობის ხანძარი ესაჭიროება. სეკვოიის მაღალი ტოტების გვირგვინი ხანძრის ნაკლებად სავარაუდო მასპინძელია, თუმცა 2020 წელს გამანადგურებელ ხანძარს სწრაფად ცვალებადი კლიმატიც დაემატა. გვალვამ, რომელმაც სეკვოიებს წიწვები დააკარგვინა, ახლომდებარე ხშირ ტყეებში ათობით მილიონი ხე შეიწირა. სწორედ აქედან დაიწყო კალიფორნიის ისტორიული ხანძარი (Castle fire).
მოკლე ხანში მან გადალახა ქედები და მიადგა სეკვოიებს. მათ გვირგვინებს გრძელი ალი მოედო. სიცხემ და ქარმა კვამლი 10 000 მეტრ სიმაღლეზე გაავრცელა. მაღალი ტოტები ჩამოინგრა, გირჩები ცეცხლში ჩავარდა და მომავალი თაობები ფერფლად იქცა.
ერთ კორომში ბრიგჰემმა თესლი თითქმის ვერ იპოვა. „მიწაზე არაფერი იყო ფერფლის გარდა. მანამდე მსგავსი არაფერი მინახავს. არასოდეს“. სიერა-ნევადაში, ბუნებრივ ჰაბიტატში, დიდი სეკვოიების 14%-მდე დაიღუპა ან სასიკვდილოდ დაშავდა.
რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ემბროუზისგან წამოვედი, ხანძარი განმეორდა. 2021 წლის სექტემბერში მან სეკვოიების ქერქი დაანახშირა და ფერფლად ქცეული ტოტები კილომეტრებზე მიმოფანტა.

კოლორადო
ბოულდერთან ახლოს
2021 წლის ხანძრებმა დიდი სეკვოიების 3-5% შეიწირა. ორ წელიწადში ამ დიდებული ხეების 19% დაიკარგა.
ტყის ხანძრის კვამლი სულ უფრო მეტად აბინძურებს ჰაერს დიდ ქალაქებში. ავსტრალიაში 2020 წლის მეგახანძრების დროს 33 ადამიანი და მილიარდი ცხოველი, მათ შორის 60 000 კოალა დაიღუპა.
ტყეების განადგურების შედეგად ნახშირბადი გამოთავისუფლდება, რაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეს ზრდის.
ჩრდილოეთ ამერიკის ტაიგაში, ალასკიდან ნიუფაუნდლენდამდე, ინტენსიური ხანძრები ახლა წარმოუდგენელი რაოდენობით ნახშირბადს ათავისუფლებს – არა მხოლოდ ხეებიდან, არამედ ტენიანი ტორფიანი ნიადაგებიდანაც. ტყის ეკოლოგმა ჯენიფერ ბალცერმა, ონტარიოს ვილფრიდ ლორიეს უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინა, რომ ბევრ დამწვარ ტერიტორიაზე შავი ნაძვი – გაბატონებული სახეობა, სხვა სახეობით, ვერხვით იცვლება. მას ნაძვთან შედარებით მეტი ნახშირბადის შთანთქმა შეუძლია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ დაიწვას. ნიადაგები ნახშირბადს უმეტესად არქტიკულ რეგიონებში შეიცავენ, ამიტომ ახლა მეტად მოწყვლადნი არიან.
ამავდროულად, ამას წინათ ციმბირის ტაიგაში ხანძრები გაძლიერდა და მრავალ მილიონ ჰექტარს მონსტრად მოევლინა, რაც მუდმივად მზრალი ნიადაგიდან უძველესი ნახშირბადის მარაგის გამოთავისუფლების საფრთხეს ქმნის. ეს ხანძრები ზოგიერთ ტყეს ნაკლები ნახშირბადის შემცველ ბუჩქნარად ან საძოვრებად გადააქცევს, ამბობს ჰეზერ ალექსანდერი ალაბამის ობერნის უნივერსიტეტიდან, თუმცა ლანდშაფტის გაღიავებას გაგრილების ეფექტიც აქვს, რადგან ის უფრო მეტ მზის შუქს ირეკლავს, ვიდრე მუქი ტყე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თოვლითაა დაფარული. ალექსანდერის თქმით: „შედეგი უცნობია“.
ამაზონის ტროპიკული ტყის მდგომარეობა უფრო ნათელი და პრობლემატურია. აქაური წვიმების უმეტესი ნაწილი აორთქლებული წყლის მუდმივი ბრუნვის პროდუქტია. პირუტყვის ფერმებისა და სოიის სავარგულებისთვის ტყეების გაჩეხვა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მმართველობის პერიოდში კვლავ დაჩქარდა. კლიმატის ცვლილებამ შეიძლება დააჩქაროს სახიფათო გარდამტეხ მომენტამდე მისვლა. 2005, 2010 და 2015-2016 წლების სასტიკმა გვალვებმა მილიარდობით ხე გაანადგურა და ხელი შეუწყო ტყის ხანძრების გავრცელებას. ამან კიდევ უფრო მეტი ხის სიცოცხლე შეიწირა. ტყის მოჭრა, დაწვა ან გახმობა ნალექების შემცირებას იწვევს. ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე შეიძლება სავანად გადაიქცეს.
მსოფლიოს ყოველ რეგიონს თავისი გამოწვევები აქვს, მაგრამ ტყეებთან დაკავშირებული საფრთხე საერთო და გლობალურია. „სადაც ტყის ეკოსისტემები ზღვრამდეა მისული, „გამაფრთხილებელი ნიშნები ერთმანეთს მოსდევს“, – ამბობს ბალცერი.
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა სულ უფრო მეტ რთულ სავაჭრო სქემებს ქმნის, რომლებიც საშუალებას აძლევს ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს, წიაღისეული საწვავის ემისიების კომპენსირება ტყეების დაცვით მოახდინონ, ნაცვლად გამონაბოლქვის შემცირებისა. ხშირად ამ სქემებში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ტყეები შესაძლოა არც ექვემდებარებოდეს დაცვას.

ნევადა
დიდი აუზის ეროვნული პარკი
არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს ამ ან მომავალ ზაფხულს, თუმცა დროა მივიღოთ ჩვენი ახალი რეალობა. ზოგიერთ ტყეში სწრაფ ცვლილებებს ხელს ვეღარ შევუშლით. პლანეტა არ შეანელებს დათბობას მანამ, სანამ სრულად არ შევაჩერებთ წიაღისეული საწვავის გამოყენებას. ამას ათწლეულები დასჭირდება. ზოგიერთი ცვლილება შეიძლება რადიკალური იყოს.
მაგრამ შეგვიძლია არ დავუშვათ მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. პირველ რიგში, უნდა შევაჩეროთ ბუნებრივი ტყეების, განსაკუთრებით ტროპიკული, ტაიგის და ზომიერი სარტყლის ძველი ტყეების განადგურება. მათ მიერ მოტანილი სარგებელი შეუცვლელია. ბევრი ტყე ჯერ ისევ ჯანმრთელია.
მაგალითად, ადამიანებმა, აზიის და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებთან შედარებით, ნაკლებად გაკაფეს კონგოს ტროპიკული ტყე, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში. ნალექით, თუმცა სიცოცხლისუნარიანობას მაინც ამჟღავნებს. კონგოში თავიდან აიცილეს ხეების მასობრივი განადგურება. ბრაზილიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც მილიონობით კვადრატული კილომეტრი უღრანი ტყე ხელუხლებელია.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ტყეები. ეს პრიორიტეტი უნდა იყოს“, – ამბობს რობინ ჩეზდონი, ტყეების აღდგენის ექსპერტი.
ტყეების უკეთ მართვაც აუცილებელია, განსაკუთრებით ხანძრების დროს. ჩრდილოეთ ავსტრალიაში, გრილ, მშრალ თვეებში, აბორიგენი რეინჯერები მაღალ ბალახში ცეცხლს ანთებენ. ჯერჯერობით, ამან მკვეთრად შეამცირა გვიან ზაფხულის ტყის გამანადგურებელი ხანძრები.

კალიფორნია
მოჰავეს ეროვნული ნაკრძალი
თუმცა ეს არ არის საკმარისი. საჭიროა დაზიანებული ტყეების განახლება, განსაკუთრებით ეკვატორულ რეგიონებში, სადაც ადგილობრივი ხეები სწრაფად აღდგება.
და რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა გავთავისუფლდეთ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისაგან.
იელოუსტოუნში ბოლო დღეს ტერნერთან ერთად მოვინახულეთ 2016 წლის მორიგი ხანძრის შედეგად დამწვარი ადგილები. უკანასკნელმა ხანძარმა ლანდშაფტი იმდენად გამოწვა, რომ წაქცეული ხეებიც კი დაიფერფლა და აღარაფერი დარჩა გაშავებულ მიწაზე ფერფლის თეთრი ზოლების გარდა. ტერნერმა მათ „მორების მოჩვენებები“ უწოდა. ნახანძრალზე 30 წლის მანძილზე ხეტიალისას, მას არასოდეს ენახა ცეცხლით ასე ძლიერ ნაგვემი მიწა.
გვინდა, რომ ეს კიდევ განმეორდეს?
წელს გაზაფხულზე 150 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ულის გრანტმა ხელი მოაწერა აქტს იელოუსტოუნის, ამერიკის პირველი ეროვნული პარკის შექმნის შესახებ. იგი მოითხოვდა პარკის საოცრებათა „დაზიანებებისა და ძარცვისგან დაცვას“ და „ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებას“. ტერნერი ვარაუდობს, რომ თუ გლობალური ტემპერატურა ოთხი გრადუსით მოიმატებს (ინდუსტრიამდელ ეპოქასთან შედარებით), ამ რეგიონში მაღალი მთის ნაძვები და სუბალპური სოჭები შეიძლება განადგურდეს. 2100 წლისთვის ტყის საფარი შეიძლება განახევრდეს. ხოლო დარჩენილ ხეთა სიმჭიდროვე კიდევ უფრო შემცირდება.
თუმცა ეს არ არის გარდაუვალი. თუ მსოფლიოს ქვეყნები თავიანთ ამჟამინდელ დაპირებებს შეასრულებენ, პლანეტა სამ გრადუსზე ნაკლებით გათბება. თუ ემისიებს „გავყინავთ“ 2-გრადუსიანი ზრდის ნიშნულთან, იელოუსტოუნმა შესაძლოა თავისი ტყეების მხოლოდ 15% დაკარგოს. მაღალი მთების ხეები ჯერ კიდევ იბრძოლებენ და გვექნება კიდევ უფრო მეტი დუგლასის ცრუცუგა და ვერხვი. ზოგიერთი ძველი ხე მაინც დარჩება. იელოუსტოუნის ტყეები, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა მრავალი ტყე, ვეღარასოდეს იქნებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ, მაგრამ იქნებ ძალიან მაინც არ განსხვავდებოდნენ მათგან.
ავტორი კრეგ უელჩი 20 წელიწადზე მეტია აღწერს კლიმატის ცვლილებას. გასულ წელს მან დაწერა სტატიები ელექტრომობილების მომავალზე და ვეშაპების კულტურის შესახებ.