ტყიდან სუფრაზე
ნადირის ხორცი მილიონობით ადამიანს უზრუნველყოფს ცილებით, თუმცა მისი საკვებად გამოყენება საფრთხეს უქმნის ველურ ცხოველთა პოპულაციებს და ჩვენს ჯანმრთელობასაც აზიანებს. არსებობს ნადირის ხორცის ალტერნატივა?
ტყიდან სუფრაზე
ნადირის ხორცი მილიონობით ადამიანს უზრუნველყოფს ცილებით, თუმცა მისი საკვებად გამოყენება საფრთხეს უქმნის ველურ ცხოველთა პოპულაციებს და ჩვენს ჯანმრთელობასაც აზიანებს. არსებობს ნადირის ხორცის ალტერნატივა?
ჭრელი ქოლგების ჩრდილქვეშ ვაჭრები ფუსფუსებენ პოტო-პოტოს ბაზარში. აქ იყიდით შებოლილ თევზს, პაპაიას, ბადრიჯანს, ტანსაცმელს, სკოლის მოსწავლეთა ინვენტარსა თუ სანდლებს. ახლა შაბათი დილაა ბრაზავილში – კონგოს რესპუბლიკის სიცოცხლით სავსე დედაქალაქში. ონორ ტუდისა ქოლგებს შორის დადის და ერთ დახლთან ჩერდება მოზრდილი ლოქოების შესათვალიერებლად. დახლთან მდგარ ქალბატონს 7 დოლარს სთავაზობს ორი ლოქოს სანაცვლოდ. გამყიდველი კმაყოფილია, თევზები წყლის ავზიდან ამოჰყავს, ხის დაფაზე აწყობს და მაჩეტეთი აცლის თავებს.
ტუდისა კონგოს სატელევიზიო არხებზეც მიუწვევიათ და საერთაშორისო კულინარიულ კონკურსებშიც მიუღია მონაწილეობა. ამ ახალდაჭერილი ლოქოებით მან ტრადიციული კერძი, სახელად ლიბოკე უნდა მოამზადოს. ტუდისა თევზს ჯერ დაამარინადებს ნივრით, წიწაკით, ზეთით და რეჰანით, შემდეგ მას მარანთას ფოთლებში გაახვევს, გადაუჭერს ბაწარს, მოათავსებს მაყალზე და შემოდგამს კოცონზე. სხვა დახლებთან იგი ყიდულობს ძროხის ხორცს, ჯანჯაფილს, მწვანე ხახვსა თუ ცოცხალ ჭრიჭინებსა და მატლებს – მწერები დელიკატესად ითვლება კონგოში. ტუდისას უყვარს მათი გამოყენება მწვანე მანგოს სალათასა და შოკოლადის დესერტებში.

ბრაზავილში გახსნილი ტუდისას რესტორანი Espace Liboké გააცამტვერა სამხედრო საწყობის აფეთქებამ, რომელსაც 246 ადამიანი შეეწირა 11 წლის წინ. მისი ბოლოდროინდელი კულინარიული წამოწყების მიზანია, ხალხს აჩვენოს, რომ ტრადიციული კონგოური კერძების მოსამზადებლად ნადირის ხორცი სულაც არ არის აუცილებელი. ველურ ცხოველთა ხორცის ჭამა – ანტილოპის, მაიმუნის, მაჩვზღარბასა თუ გადაშენების საფრთხეში მყოფი გორილის, სპილოსა და პანგოლინის – კონგოს კულტურის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ტუდისა ცვლილებებს ესწრაფვის. „თუ ჩვენ ყველა ცხოველს დავხოცავთ, ადამიანები ვეღარც იხილავენ მათ“, – მითხრა ტუდისამ ბაზრის დახლებს შორის სიარულისას. „ჩემი საკვები ინგრედიენტები ბუნებრივია. მათ ვიღებ წყლიდან, ფერმებიდან და ტყიდან – მაგრამ მათ შორის არ არის ნადირის ხორცი.
ტუდისა მონაწილეობს ახალ კამპანიაში, რომელსაც კონგოელები უძღვებიან „ველურ ცხოველთა საკონსერვაციო საზოგადოების“ (WCS) მხარდაჭერით. აღნიშნული პროგრამა ხაზს უსვამს ადგილობრივი გასტრონომიის უნიკალურობას და ფოკუსირებულია პოზიტიურ გზავნილებზე – ნაცვლად აკრძალვისა, თუ რა არ უნდა ჭამონ კონგოელებმა.
ნადირის ხორცით კომერციული ვაჭრობა ტყეებს აცარიელებს აფრიკასა და მთელ მსოფლიოში. კვლევები აჩვენებს, რომ ველურ ცხოველთა ხორცის მოხმარება გადაშენებით ემუქრება ხმელეთის ძუძუმწოვართა 300-ზე მეტ სახეობას. ამაზონის აუზში მონადირეთა სამიზნეს წარმოადგენს 200-მდე სახეობა, რაც მილიონ ტონაზე მეტ ხორცს შეადგენს ყოველწლიურად. აზიაში, მზარდი ურბანიზაციის ფონზე, სულ უფრო მატულობს ნადირის ხორცზე მოთხოვნა. ვიეტნამში მდიდარი ადამიანები ველური ცხოველის ხორცს აკავშირებენ პრესტიჟსა და სოციალურ სტატუსთან. გასულ ათწლეულში გამოქვეყნებულ კვლევათა თანახმად, მადაგასკარში ლემურებიც ასევე ხვდებიან სადილის სუფრებზე, არადა, ეს ცხოველი უამრავ ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.
ნადირის ხორცს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებშიც კი აღმოაჩენთ. 2019 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო ძალებმა კონფისკაციას დაუქვემდებარა 1000 კილოგრამზე მეტი წონის ნადირის ხორცი (მათ შორის შიმპანზე და ჟირაფი), რომელიც ქვეყანაში შემსვლელ მგზავრებს ჩამოართვეს.
ცენტრალური აფრიკის არაერთ სასოფლო დასახლებაში ნადირის ხორცი არსებითი საკვები წყაროა უძველესი დროიდან. მაგრამ ახლა საკონსერვაციო ჯგუფებს ყველაზე მეტად აღელვებთ დიდი ქალაქები, სადაც მკვეთრად იზრდება ნადირის ხორცზე მოთხოვნა – განსაკუთრებით, ბრაზავილსა და მეზობელ კინშასაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი). ერთად აღებული, ამ ორ ქალაქში 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
„ყოველწლიურად 4 ტონაზე მეტ ნადირის ხორცს მოიპოვებენ კონგოს აუზის ტყეებიდან – და მათი უდიდესი ნაწილი სწორედ ურბანულ ცენტრებში მიემართება – არა საარსებო წყაროს სახით, არამედ, როგორც ფუფუნების საგანი“, – ამბობს ლუდ კინზონზი, WCS-ის „ნადირის ხორცის პროექტის“ ასისტენტი. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ქალაქებში შეამციროს ველური ცხოველის ხორცზე მოთხოვნა. კინზონზი გამიძღვა 3-კვირიან შემოვლით მოგზაურობაში, რომ ჩემი თვალით მეხილა ნადირის ხორცით ვაჭრობა კონგოს რესპუბლიკაში. თუ „მოპოვება მსგავსი მასშტაბით გაგრძელდება, ზოგიერთი სახეობის ცხოველი გადაშენდება“, – მითხრა მან. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კამპანია დაარწმუნებს ქალაქის მცხოვრებლებს, ადგილობრივ ფერმებში გაზრდილი საქონლის ხორცი არჩიონ“.

მოგვიანებით, როდესაც COVID-19 გამოჩნდა – ზოგიერთის აზრით, ყველაზე მწვავე პანდემია შუა საუკუნეების შავი ჭირის შემდეგ – დებატების ფოკუსიც შეიცვალა. ნადირის ხორცით ვაჭრობა და ბიომრავალფეროვნების შემცირება გადაფარა იმ ინფექციურ დაავადებათა რისკმა, რომლებიც ველური ცხოველიდან ადამიანს გადაეცემოდა. 1940-იანი წლებიდან ადამიანში გამოვლენილ ინფექციათა 70%-ზე მეტი – მათ შორის, ებოლა, აივ, მაიმუნის ყვავილი და კორონავირუსები – ცხოველიდან გავრცელდა. ამ აფეთქებების მთავარი მიზეზი ადამიანთა საქმიანობაა – განსაკუთრებით, ტყის ჩეხა, მიწების ათვისება სასოფლო-სამეურნეო მიზნით, ველური ცხოველებით ვაჭრობა და მათი ხორცის ჭამა. ბოლოდროინდელი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ჩინეთის ველურ ცხოველთა ბაზრებზე ხშირად მოხვედრილი 16 სახეობა, რომელთა ხორცშიც გამოვლინდა 71 ძუძუმწოვრის ვირუსი – აქედან 18 ვირუსი „პოტენციურად მაღალ რისკს“ შეიცავდა ადამიანისა და შინაური საქონლის ჯანმრთელობისთვის.
COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული განხილვების ორომტრიალში – ვირუსი, რომელმაც თითქმის 7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა 2019 წლის დეკემბრის შემდეგ – ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტი და ცხოველთა დაცვის აქტივისტი საზოგადოებას მოუწოდებდა, სამუდამოდ აეკრძალათ ნადირის ხორცით ვაჭრობა, მათი ოპონენტები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ბაზრების დახურვა საკვების დეფიციტსა და ეკონომიკურ რყევას გამოიწვევს ღარიბ რეგიონებში. კიდევ სხვების აზრით, ბიომრავალფეროვნებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად კომბინირებული მიდგომა გვჭირდება: ბაზრების კონტროლი, ველური ცხოველებით ვაჭრობის შეზღუდვა და – კულტურის ცვლილება, რათა უარი ვთქვათ ნადირის ხორცის ჭამაზე.
ონორ ტუდისას მიზანია აჩვენოს, რომ ტრადიციული კონგოური კერძების მოსამზადებლად ნადირის ხორცი სულაც არ არის აუცილებელი.
2018 წლიდან ცენტრალურ აფრიკაში მოქმედებს კონსორციუმი, რომლის წევრებიც არიან WCS-ი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. იქ მათ წამოიწყეს „ველურ ცხოველთა მდგრადი მართვის პროგრამა“, რადგან აღნიშნული რეგიონი ზოონოზურ დაავადებათა ცხელი წერტილია. ეს პროგრამა რამდენიმე ფრონტზე იბრძვის: ნადირის ხორცის ჭარბი მოხმარების შემცირება ქალაქებში, მდგრადი ნადირობის ინიციატივათა მხარდაჭერა, ადგილობრივი ფერმერული წამოწყებების განვითარება (ნადირის ხორცის ალტერნატივა) და ველურ ცხოველთა დაავადებების კვლევა, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.
მომხმარებლის ქცევის შესაცვლელად ერთ-ერთი დაბრკოლებაა ჩვენი წარმოდგენები, რომ გაყინული ხორცი „არაბუნებრივი“ საკვებია. ცენტრალური აფრიკის 3 ქალაქში (პუენტ-ნუარი, ბრაზავილი, კინშასა) ჩატარებული კვლევით WCS-მა აჩვენა, რომ ნადირის ხორცს ჭამდა მოსახლეობის 85% და ველური ცხოველით კერძებს ამზადებდა რესტორნების 24%.

ბრაზავილის საქმიან რაიონში კინზონზი და მე შევხვდით რესტორნის მფლობელ სტანი მორობოს, რომელიც მხოლოდ ნადირის ხორცს ყიდის. მისი სახლის შიდა ეზოში ვხედავდი დაჩრდილულ სასადილო სივრცესა და ჭიშკართან გამოკრულ მენიუს, რომელიც გვთავაზობდა ახალდაკლულ ანტილოპას, მაჩვზღარბას, პანგოლინს, მაიმუნს, ვივერას, პითონსა და ლელქაშის ვირთაგვას. „იხდით წინასწარ 1500 ფრანკს (დაახლოებით, 2,5 აშშ დოლარი), გემრიელად მიირთვით“.
მორობომ გვითხრა, მაცივარი გამიფუჭდა, ვერაფერს შემოგთავაზებთო; თუმცა, იღიმებოდა და ამაყად ლაპარაკობდა თავის სამზარეულოზე. „ჩემი ხორცი ახალი და ბუნებრივად მომზადებულია, ბევრი სანელებლის გარეშე ნამდვილი გემოების შესაგრძნობად“, – ამბობს იგი.
მორობოს თქმით, ხორცს ყიდულობს პირდაპირ მონადირეებისგან, რომლებიც ტყესთან ახლოს მდებარე სოფლებში ცხოვრობენ. მან იცის, რომ ზოგიერთ მოწყვლად სახეობაზე ნადირობა აკრძალულია. „როგორც წესი, ნადირობა არ დაიშვება პითონსა და პანგოლინზე; არალეგალურია მაიმუნის რამდენიმე სახეობით ვაჭრობაც“, – გვეუბნება იგი. „მათი ხელში ჩაგდება რთულია. ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. თუ მცველები დაგიჭერენ, 5 წლით ჩაგსვამენ ციხეში“. ამიტომ ხორცს ჩემს მანქანაში ვმალავო, გვიხსნის მორობო. ნადირის ხორცით იგი ამარაგებს სხვა რესტორნებსაც, ჩვეულებრივ მოქალაქეებსა თუ თვით შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს, რომლებიც ნადავლით სავსე ჩემოდნებით ცდილობენ აეროპორტში „გაძრომას“. მორობოს სიტყვებით, „ადამიანებს უყვართ ნადირის ხორცი; იმდენად უყვართ, რომ ყველაფერს აკეთებენ მის ხელში ჩასაგდებად“.

კინზონზი ცდილობს, რომ ნადირის ხორცის მოხმარება შეამციროს, თუმცა, ამავე დროს, მას კარგად ესმის აღნიშნული პროდუქტის გიჟური სიყვარული. მოზარდობისას მამა ხშირად უმზადებდა ტყის ნადირის ხორცს. ყველაზე მადისაღმძვრელად ახსენდება მაყალზე შემწვარი ვივერა – კატისმაგვარი ძუძუმწოვარი წაგრძელებული სხეულით, სქელი, ბეწვიანი კუდითა და მოკლე უკანა კიდურებით. „ნადირის ხორცის ჭამა ჩემი კულტურის ნაწილია, – ამბობს იგი, – მაგრამ, თუ ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებმა შეცვალონ თავიანთი ქცევა, პირველ რიგში, ეს საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ“. ნადირის ხორცი უკანასკნელად 4 წლის წინ შევჭამეო, დაამატა მან.
ბოლო დროს კინზონზიმ და მისმა კოლეგებმა შემაშფოთებელი ტენდენცია შენიშნეს ზოგიერთ ბაზარში. გვიან სექტემბრიდან ადრეულ დეკემბრამდე ბაზრის გამყიდველები ადგილზევე ამზადებენ ხილიჭამია ხელფრთიანებს – ჯერ ბეტონზე დახეთქებით კლავენ ღამურას, შემდეგ კი თავიანთი კბილებით გამოაცლიან ძვლებს. როგორც წესი, ხილიჭამია ხელფრთიანებს ჭამენ მხოლოდ ტყესთან ახლოს მცხოვრები ადამიანები, მაგრამ დღეს სახეზეა უკვე კომერციული მასშტაბით ვაჭრობა, თანაც მათი საკვებად მომზადებისას ადამიანები პირდაპირ კონტაქტში არიან ღამურას ბიოლოგიურ სითხეებთან, რაც ძლიერ აფიქრებთ ჯანდაცვის ექსპერტებს.
ერთ ადრიან დილით კინზონზისთან ერთად დავტოვე ბრაზავილი. მცირე ხანში, მდინარე კონგოს სანაპიროსთან, შევხვდით დავიდ ლაკუტელამიოსა და კიდევ სამ ღამურების დამჭერს, რომლებიც ხის გალიებს ტვირთავდნენ კანოეზე. შემდეგ მათ ძლიერად მოუსვეს ნიჩბებს და გეზი ავიღეთ მდინარის შუაგულში მდებარე პაწაწინა კუნძულისკენ. იქ ლაკუტელამიომ ტყეს მიაშურა 14 ბადის მახის შესამოწმებლად. თითოეული ორი ავტობუსის სიგრძისა და, სულ ცოტა, ორსართულიანი სახლის სიმაღლის იყო. როდესაც მან ბადე დაუშვა და შიგ გახლართული ღამურას გამოძრობა დაიწყო, შევეკითხე, ხომ არ აშფოთებდა რამე დაავადების გადადება ხელფრთიანთან ასეთი ახლო ურთიერთობისას? მან მიპასუხა, რომ აღნიშნული ღამურა ვერაფრით დააავადებდა, რადგან ამ სახეობის ღამურები ხილისგან შემდგარ ჯანსაღ საკვებს ჭამენ. „თუ ღამურა გიკბენს, ძალიან გეტკინება, მაგრამ ეს არ დაგაავადებს“, – მითხრა ლაკუტელამიომ.
ღამურა შეიძლება დაინფიცირდეს ვირუსით, მაგრამ მტკიცე იმუნური სისტემის წყალობით, არ დაავადდეს. თუმცა, მეორე მხრივ, ეს გარემოება მას აქცევს იდეალურ გადამტანად: თავის ორგანიზმში არსებული ვირუსის ადამიანებში გასავრცელებლად. თუ ადამიანი ღამურას სისხლს ან ბიოლოგიურ სითხეებს შეეხება მაშინ, როდესაც ის ვირუსის გამოყოფის სტადიაზეა, დაავადების გადაცემის ალბათობაც ჩნდება.
უკვე დიდი ხანია ეჭვობენ, რომ სწორედ ღამურას მიეწერება ებოლასა და სხვა ვირუსულ დაავადებათა აფეთქებები; ეს ცხოველი წარმოადგენს მკვლევართა სამიზნეს, რადგან ღამურებს შესწევთ უნარი, ვირუსების ფართო სპექტრს უმასპინძლონ. 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, USAID-ის მიერ დაფინანსებულმა მკვლევართა გუნდმა კორონავირუსის სიმპტომებზე 3500-ზე მეტი ღამურა, მღრღნელი და პრიმატი შეამოწმა კონგოს აუზში. შედეგად, შესაბამისი მარკერები გამოვლინდა 121 ცხოველში, რომელთაგან ორის გარდა ყველა ღამურა იყო.

WCS-მა წამოიწყო ახალი კვლევა ღამურებზე ნადირობის შესახებ მეტის გასაგებად; ასევე, აგროვებენ სისხლის ნიმუშებსაც და ცდილობენ დაადგინონ, ატარებენ თუ არა ეს ცხოველები ებოლას ან სხვა დაავადებათა ანტისხეულებს. „ღამურებით ვაჭრობა, როგორც ჩანს, სარისკო უნდა იყოს ჯანმრთელობის კუთხით“, – ამბობს მიშელ ვილანდი, WCS-ის კომუნიკაციის დირექტორი აფრიკის ფილიალში. „ეს შეიძლება კიდევ ერთი ვირუსული აფეთქების ეპიცენტრი იყოს“.
ნადირის ხორცის დიდი ნაწილი ბრაზავილში ხვდება ქალაქ უესოს გავლით, რომელიც მდინარე სანგის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. უესო, თავისი 30 000-მდე მოსახლით, ცილებით ღარიბი რეგიონია და ტყის ნობათის ჭამა მათთვის ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა. აქაურ რაციონს შეადგენს თევზეული, ნადირის ხორცი, ბოსტნეული, კასავის პური, ადგილობრივი და იმპორტირებული ხორცი.
საპორტო ქალაქი უესო ერთგვარი კარიბჭეა ხე-ტყის მოპოვებითი კონცესიებისკენ, რომლებიც გარს აკრავს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ნოტიო ტყეებს. აქ წარმოდგენილია 4200 კვ. კმ-ზე მეტი ფართობის ნუაბალე-ნდოკის ეროვნული პარკი, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საზღვართან მდებარეობს. ყოველ გამთენიისას უესოს მოსახლეობა კანოეებით მიემართება მდინარე სანგას სანაპიროზე ჩამწკრივებული ათობით სოფლისკენ ნადირის ხორცის მოსამარაგებლად. როდესაც ნავები ქალაქში ბრუნდება, ახალგაზრდა მამაკაცები საქონელს ურიკებით ეზიდებიან ბაზრებში.
ნუაბალე-ნდოკის ეროვნულ პარკში 80-ზე მეტი რეინჯერი პატრულირებს მონადირეებისა და სპილოს ძვლის ბრაკონიერების შესაკავებლად. რეინჯერებსა და ადგილობრივ თემებს შორის კონფლიქტიც არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ბრაკონიერობა მკვეთრად შეიზღუდა. ერთხელ რეინჯერებმა დაიჭირეს სპილოს ძვლის ბრაკონიერი, მობანზა მობემბო გერარდი, რომელმაც თავის 25 თანამზრახველთან ერთად დაახლოებით 500 სპილო მოკლა 2008-2020 წლების პერიოდში. სპილოების დახოცვისა და რეინჯერების მიმართულებით ცეცხლის გახსნის ბრალდებით მას 30-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც ველურ ცხოველებთან დაკავშირებული ყველა დროის უმკაცრესი სასჯელია აღნიშნულ რეგიონში.
გორილა, სპილო, შიმპანზე, რომელთაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ, ჩვეულებრივ ხვდებოდა უესოს ბაზრებში, მაგრამ დაცვითი ღონისძიებების გაძლიერებისა და დაპატიმრების შიშით, ახლა ამ ცხოველებს უკვე იშვიათად თუ წააწყდებით დახლებზე – თუმცა, ოფიციალური წარმომადგენლები შიშობენ, რომ ფარულად მაინც მიმდინარეობს ვაჭრობა. უესოს მთავარ ბაზარში ვხედავ ანტილოპისა და მაიმუნის ხორცს, რომელთაც კოცონზე ბოლავენ. როდესაც საქონელი მიიღეს, გამყიდველებმა იქვე დაკლეს ცხოველები. მაიმუნის კიდურები ხორცის დასაჭრელ მორთან ეყარა.
აქ შეუძლებელია მიხვდეთ, თუ სად დახოცეს ცხოველები და, შესაბამისად, ვერც იმას დაადგენთ, რამდენად ლეგალურადაა ისინი მონადირებული. ამგვარად, პოლიცია ცდილობს, გაამკაცროს კანონები, რომლებიც დაცულ სახეობებზე ნადირობას კრძალავს. ერთმა ხორცის გამყიდველმა მითხრა, ნეტავ, ძველი დრო დაბრუნდებოდეს, როდესაც გორილას, სპილოსა და ანტილოპას ვყიდდიო.

ნადირის ხორცით უესოს ძირითადად ამარაგებს მომცრო სანადირო ბანაკები, ტყესთან მდებარე სოფლები და ხე-ტყის მოპოვებითი კონცესიები. ვილანდის თქმით, ხე-ტყის კომპანიებს არ ადარდებთ, რომ მათი სატვირთოს მძღოლები არაკანონიერად მოპოვებული ნადირის ხორცს დაატარებენ. მაგრამ ერთ-ერთი კომპანია (Congolaise Industrielle des Bois) თითქმის 24 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა WCS-თან და ტყის ეკონომიკის სამინისტროსთან სწორი ქცევის სანიმუშო მოდელის შესაქმნელად. აღნიშნული კომპანია აფინანსებს რეინჯერების პროგრამას კონცესიებისა და სატრანზიტო მარშრუტების გასაკონტროლებლად; ამასთან, კომპანია ნერგავს მდგრადი ნადირობის პრაქტიკას, რაც არსებითია მათი თანამშრომლებისთვის. წარსულში ეს ადამიანებიც მკვიდრ მონადირე-შემგროვებლებს ქირაობდნენ ცხოველთა დასახოცად. აკას ხალხის წარმომადგენელმა რიჩარდ ბოკობამ მითხრა, რომ ტყისმჭრელები ან ფულს სთავაზობენ – წითელ დუკერში 25 დოლარს იღებს – ან ეუბნებიან, ნაწლავები შენთვის დაიტოვეო. მაგრამ მის ოჯახს მცენარეული საკვებით, სოკოებითა თუ პატარა მღრღნელებითაც შეუძლია თავის გატანა და ფულს არჩევს ხოლმე, რომ საკვები ზეთი, მედიკამენტები, ზოგჯერ ტანსაცმელიც შეიძინოს.
ზემოხსენებული პროგრამა პატარა მასშტაბის ფერმებსაც ეხმარება უესოს მსგავს ადგილებში. იქ შევხვდი პიერეტ ბუესოს, რომელიც სახლში დამზადებულ იოგურტს, ნამცხვრებს და კონგოურ ტრადიციულ კერძებს ყიდის. პროგრამის ფარგლებში პიერეტი მიიღებდა 200 ქათამს და, ასევე, მცირე ბიზნესის მართვის გაკვეთილებს. მისი ქათმები სუპერმარკეტის შინაურ ფრინველზე უფრო ძვირი ეღირება, მაგრამ ნადირის ხორცის ეკოლოგიურად მდგრად ალტერნატივას შექმნის. იგი დარწმუნებულია, რომ მყიდველები არ მოაკლდება. განქორწინებულ პიერეტს შვილებისა და შვილიშვილების რჩენა უწევს. დამატებითი შემოსავალი ძალიან დამეხმარებოდაო, მითხრა მან.

ბრაზავილსა და სხვა დიდ ქალაქებში ნადირის ხორცის ჭამა ფუფუნებასთან ასოცირდება. შეფ-მზარეულ ტუდისასთან ვახშმობისას კინზონზიმ მითხრა, რომ ზოგჯერ მას ხალხი ეკითხება: თუ ნადირის ხორცს არ ვიყიდი, სხვა რა უნდა შევიძინო? იმპორტირებული ხორცი, რომელიც დამაავადებს? კინზონზის პასუხი კი ამგვარია: „არა, თუ თქვენ გაქვთ იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ნადირის ხორცი შეიძინოთ, მაშინ თხას, ძროხის ხორცსა თუ ადგილობრივ ქათმებსაც გასწვდებით“.
ტუდისა ხალხს აჩვენებს, თუ როგორ შეიგრძნონ თავიანთი ტრადიციული არომატები ველურ ცხოველთა ამოწყვეტის გარეშე. შებინდებისას მან მოგვართვა ახალმოკრეფილ მანგოებთან ერთად მომწვარი ჭრიჭინებისა და მატლების მადისაღმძვრელი, ორი ტიპის ლიბოკე – ლოქოთი და ძროხის ხორცით, რომლებიც მოთუშა ბალახეულთან, პომიდორთან, კიტრსა და ნიორთან, კასავის დესერტზე კი მოასხა ტკბილი მურაბა, რომელიც ტყის ხილისგან დაამზადა.
ახლა ტუდისა კულინარიულ სკოლას აშენებს თავის ეზოში. მას სურს, სხვებსაც ასწავლოს კონგოური კერძების მომზადება ნადირის ხორცის გარეშე და, ამგვარად, დაიცვას ტყე და მისი ბინადრები.
რენე ებერსოლი ხშირად თანამშრომლობს National Geographic-ის პროექტ Wildlife Watch-თან. ბრენტ სტირტონის ფოტოებმა გაიმარჯვეს „წლის ველურ ცხოველთა ფოტოგრაფის“ კონკურსში.