ტყის სპილოების მყიფე თავშესაფარი
გაბონის ერთ შორეულ ტყეში ღამის ტემპერატურის მატებითა და ნალექების კლებით შეიძლება იყოს გამოწვეული ის, რომ ხეები ნაკლებ ნაყოფს ისხამს, ეს კი საფრთხეში მყოფ ცხოველებს მეტად აზარალებს.


ტყის სპილოების მყიფე თავშესაფარი
გაბონის ერთ შორეულ ტყეში ღამის ტემპერატურის მატებითა და ნალექების კლებით შეიძლება იყოს გამოწვეული ის, რომ ხეები ნაკლებ ნაყოფს ისხამს, ეს კი საფრთხეში მყოფ ცხოველებს მეტად აზარალებს.
მზე ჩადიოდა, ცენტრალურ გაბონში, ლოპეს ეროვნული პარკის ტყიან მასივში რომ შევედით და შორს ჩამოვიტოვეთ უკანასკნელი დასახლებული პუნქტი – ლოპე.
შორეული ცისფერი მთები განაცრისფრდა. ტალახიანი გზის ორივე მხარეს ჰორიზონტამდე გადაჭიმული იყო სავანისა და ხშირი ტროპიკული ტყის მოზაიკა. პეიზაჟი იმდენად პირველქმნილს ჰგავდა, წამიერად შეიძლებოდა ადამიანთა ცივილიზაცია ილუზია გგონებოდა. ამ დროს, ტყის პირას, ჩვენმა მძღოლმა ლოიკ მაკაგამ, რომელიც პარკის კვლევითი სადგურის მენეჯერია, მკვეთრად დაამუხრუჭა.

„სპილოები!“ აღტაცებული, დაბალი ხმით წამოიძახა და წინ გაიშვირა ხელი. ძრავა გამორთო.
რამდენიმე ასეულ მეტრში ტყიდან მომავალი სპილოების პროცესია გამოჩნდა. მთვარის შუქზე ექვსი სპილო დავთვალე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, რომელსაც, სავარაუდოდ, დედა მიაძუნძულებდა. გზა მძიმე, აუღელვებელი ნაბიჯებით გადაკვეთეს და მცენარეულობაში ისე თამამად შეაბიჯეს, ეტყობოდათ, აქაურობას კარგად იცნობდნენ. ასე ახლოდან რომ ვუყურებდი მათ, განცდა დამეუფლა, თითქოს ვინმეს მამაპაპეულ სახლში დაუპატიჟებლად შევეჭერი. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, ეს მომენტი რომ დამეფიქსირებინა და სანამ ამ ტრივიალური, ადამიანური სურვილის დასაკმაყოფილებლად ვხლაფორთობდი, ჩვენ მარჯვნივ სულ რაღაც 30 მეტრში ზრდასრულმა მამრმა სპილომ ხორთუმი მაღლა აღმართა და აგრესიულად გამოსცა საყვირის ხმა.
„უნდა გავეცალოთ!“ – წამოიძახა მაკაგამ და ჯიპი დაძრა.
ცენტრალურ აფრიკაში ტყის სპილოების რაოდენობამ ბრაკონიერობის გამო უკანასკნელ ათწლეულებში მკვეთრად დაიკლო; მათი ერთ-ერთი უკანასკნელი საყრდენი გაბონის ტენიანი ტყეებია. სავანის სპილოებთან შედარებით მომცრო ტყის სპილოები გამოუცნობი არსებები არიან, რომლებიც თაობიდან თაობამდე ერთსა და იმავე ბილიკებს მიუყვებიან და ბალახით, ფოთლებითა თუ ხილით საზრდოობენ. ღამის აჩრდილებივით, ჩუმად, ნაზად დააბიჯებენ ხეებს შორის. როგორც ჩანს, საკვების ძიებას წინასწარ გეგმავენ (ისევე როგორც ოდესღაც შემგროვებელი ადამიანები გეგმავდნენ) და ერთსა და იმავე ხეებთან იმ დროს ბრუნდებიან, როდესაც, წესით, ხილი მწიფე დახვდებათ.
როგორც სპილოების გადარჩენაა ტყეზე დამოკიდებული, ისევეა ლოპეს არაერთი ხე სპილოებზე დამოკიდებული, რადგან სწორედ სპილოს ნაკელით ვრცელდება მათი თესლი. ზოგიერთი ხის ნაყოფის მონელება სხვა ცხოველს არც შეუძლია, რაც მათ ევოლუციურ ურთიერთდამოკიდებულებაზე მიუთითებს.

როგორც ჩანს, ლოპეს ეროვნული პარკი თავისი სპილოებიანად საფრთხეშია – იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ იზოლირებული და ადამიანისგან შედარებით ხელუხლებელია. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატება ამ პარკის ხეების არაერთი სახეობის მოსავლიანობას შეიძლება ამცირებდეს, რის გამოც ტყის სპილოებიც შიმშილობენ. საკვების უკმარისობის შედეგად ზოგიერთი სპილო გაძვალტყავებულია. იმის გამო, რომ ხეების ზოგიერთი სახეობა სპილოებზეა დამოკიდებული, ამ ცხოველის პოპულაციის განსაცდელმა შორეულ პერსპექტივაში ტყის მდგრადობას შეიძლება შეუქმნას საფრთხე.
„ისეთ ადგილასაც კი, როგორიც ლოპეს ეროვნული პარკია, სადაც ადამიანის ზეწოლაც და მოსახლეობის სიმჭიდროვეც მინიმალურია, ველურ ცხოველებზე მაინც ზემოქმედებს ადამიანის საქმიანობის შედეგი – ანუ კლიმატის ცვლილება“, – ამბობს სტერლინგის უნივერსიტეტის (შოტლანდია) ეკოლოგი რობინ უიტოკი. იგი ერთ-ერთი ავტორია კვლევისა, რომლის დასკვნებიც 2020 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
ერთ მზიან, ცვრიან დილას გაბონის ეროვნული პარკის სააგენტოს საველე მკვლევარ ედმონდ დიმოტოს სალაშქროდ გავყევი ორკუზიანი აქლემის ფორმის (და შესაბამისი სახელის მქონე) მთის, ლე-შამოს, ფერდობებზე განფენილ ტყეში.
დაკუნთული აღნაგობის დიმოტომ ფეხსაცმელი გამოიცვალა და რეზინის ჩექმა ჩაიცვა. წინა ღამის ნაწვიმარ, ჯერ კიდევ სველ და სრიალა ბილიკზე ფრთხილად დააბიჯებდა და გზად შემხვედრ ხვიარებს სასხლავი მაკრატლით სხეპდა. ტყე მწერების ზუზუნს და ფრინველთა ჭიკჭიკს მოეცვა.

ხესთან შეჩერდა და ზედ მცოცავ ჭიანჭველებზე შემახედა. მითხრა, რომ საშინლად მტკივნეულად იკბინებიან: „მთელი დღე გექნება ხელი ბუშტივით გასიებული“. ერთი სპილოს ცხელ-ცხელი ნაკვალევიც დამანახა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ცხოველს ტალახში ფეხი მოუსრიალდა.
დიმოტო შეჩერდა ერთ ხესთან სახელწოდებით Omphalocarpum procerum, რომელსაც ტანზევე ესხა ფუნთუშის ფორმის ნაყოფი. ნაყოფის გარსი იმდენად მაგარია, რომ სხვა ცხოველები დიდად არ ეტანებიან. სპილო ნაყოფის ჩამოსაბერტყად ხეს თავს ურტყამს, შემდეგ გასაოცარი სიმარჯვით ხორთუმის წვერით იღებს თითო ნაყოფს და პირისკენ მიაქანებს.
დიმოტომ ბინოკლით ხის კენწეროებისკენ აიხედა. უცებ გადაითვალა ნაყოფის რაოდენობა. ორიოდე წუთში წიგნაკი ამოიღო და ჩაინიშნა, რა სიუხვის ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფი დააფიქსირა. ხეებს ოთხბალიანი სკალით აფასებს: 1 – მეჩხერი, 4 – ხშირი.
დიმოტო უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში თითქმის ყოველთვიურად აწარმოებს მონიტორინგს ლოპეს ტყეში, სადაც ხეები ნაირ-ნაირ ნაყოფს ისხამს – ავოკადოს ზომიდან დაწყებული საზამთროს ზომით დამთავრებული. დიმოტოს სამსახურის პირველსავე კვირას გორილა დაედევნა. იმდენად შეეშინდა, რომ თანამშრომლებს გამოუცხადა, კარგად იყავითო. ძლივს დაითანხმეს, რომ არ წასულიყო. ერთხელ კიდევ გაშმაგებულ სპილოს გაურბოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და დაეცა. „დარწმუნებული ვიყავი, რომ დავიღუპე“, – მითხრა მან. გაუნძრევლად მწოლიარე რომ დაინახა, სპილო უკან გაბრუნდა.
დიმოტოს დაკვირვებები გაგრძელებაა 1984 წელს პრიმატოლოგ კაროლინ ტუტინის დაწყებული კვლევისა, რომლის ფარგლებშიც მან და მისმა კოლეგებმა პარკში დღემდე მოქმედი კვლევითი სადგური დააარსეს. მათ სურდათ გაეგოთ, როგორ ზემოქმედებდა ნაყოფის რაოდენობის სეზონური ვარიაციები გორილებსა და შიმპანზეებზე. ტუტინის კვლევა 2000-იანი წლების დასაწყისში დასრულდა, თუმცა ასეულობით ხის ყოველთვიური მონიტორინგი გაგრძელდა და აფრიკაში მიმდინარე უგრძელეს უწყვეტ კვლევად იქცა ამ დარგში.

შეგროვებული მონაცემების გაანალიზება 2016 წლიდან დაიწყო ემა ბუშმა – უიტოკის კოლეგამ სტერლინგის უნივერსიტეტიდან. მან ნაყოფის რაოდენობის მკვეთრი შემცირება დააფიქსირა. აღრიცხული 73 სახეობის ხის მწიფე ნაყოფის ხილვის ალბათობა 81%-ით შემცირდა 1987-2018 წლების შუალედში. თუ 1987 წელს სპილოს 10 ხე უნდა დაეთვალიერებინა ერთი მწიფე ნაყოფის საპოვნელად, დღეს მან 50-ზე მეტი ხე უნდა დაზვეროს.
ბუშმა ამას ერთი სავარაუდო ახსნა მოუძებნა. 1990-იან წლებში ტუტინმა დააფიქსირა, რომ ჩვეულებრივზე ცხელ წლებში რიგი სახეობის ხეები ნაკლებად ყვავილობდა და ნაკლებ ნაყოფს ისხამდა. მისი ჰიპოთეზის თანახმად, ღამის ტემპერატურა 190C-ზე დაბალი უნდა ყოფილიყო, რომ ამ ხეებს ეყვავილა.
ლოპეს გასული 30 წლის მეტეოროლოგიური მონაცემების შესწავლის შედეგად, ბუშმა კოლეგებთან ერთად დაადგინა, რომ ღამის საშუალო ტემპერატურა 0,85 გრადუსით გაიზარდა. ნალექიანობაც საგრძნობლად შემცირდა. კლიმატის ცვლილება ლოპეს უფრო ათბობდა და აშრობდა.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ყველაზე სარწმუნო თეორიაა, რომელიც ნაყოფის შემცირებას ხსნის“, – ამბობს ბუში.
როდესაც ბუშმა საკუთარი კვლევის შედეგები უიტოკს გაუზიარა, ორივემ იმაზე დაიწყო მსჯელობა, რა გავლენა ექნებოდა ამას პარკის ფაუნაზე. უიტოკს ახალი დაწყებული ჰქონდა პროექტი: ლოპეში ბიომრავალფეროვნების შეფასება ასობით ფოტოხაფანგის მეშვეობით. ფოტოხაფანგები საკუთარი კვლევისთვის დაამონტაჟა ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ანაბელ კარდოსომაც და სპილოების მის მიერ მოპოვებული უახლესი ფოტოებიც უიტოკს ნანახი ჰქონდა.
ფოტოებზე გამოსახულ სპილოებს შორის ბევრი იყო შემაშფოთებლად გაძვალტყავებული. ზოგს ნათლად ეტყობოდა ნეკნები. უიტოკს ახსოვდა ადრეული 1990-იანი წლების ფოტოები; მათზე გამოსახულ სპილოებს ფუმფულა მუცელი და განიერი გავა ჰქონდათ. კონტრასტი შოკისმომგვრელი იყო.


(მარცხნივ) Omphalocarpum procerum-ი ტოტებსა და ტანზე ისხამს ფუნთუშის ფორმის ნაყოფს, რაც ჩვეული მოვლენაა ტროპიკულ ტყეში. მეცნიერები თვლიან, რომ ეს შეძენილი ადაპტაციაა დამტვერვის ხელშესაწყობად ჭიანჭველის მსგავსი მწერების მეშვეობით.
(მარჯვნივ) ედმონდ დიმოტო თანაშემწე ლიზა-ლორ ნდინდივე მალატასთან ერთად აღწერს ხეზე ყვავილებს, ნაყოფს და ფოთლებს ლოპეში. იგი 25 წლის განმავლობაში თითქმის ყოველთვიურად დადიოდა ტყეში, რათა ეწარმოებინა აფრიკის ტროპიკული ხეების უგრძელესი, უწყვეტი კვლევა.
სპილოების ძველი ფოტოების ძიებისას უიტოკმა მიმართა გაბონის წყლის, ტყეების, ზღვისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლი უაიტს. 1990-იანი წლების ბოლოს ლოპეში წარმოებული კვლევის დროს უაიტს სპილოების უამრავი ვიდეოჩანაწერი დაუგროვდა. მან უზარმაზარი ჩემოდნით გადასცა ასობით პატარა ვიდეოკასეტა, რომლის სანახავი ტექნიკა უიტოკს არც ჰქონდა.
ძველი ვიდეოკამერა უიტოკის დედას აღმოაჩნდა სხვენში. უაიტის კასეტებიდან და სხვა წყაროებიდან მოპოვებული სპილოების ათასობით ფოტოთი უიტოკმა მონაცემთა ბაზა შეადგინა. მან დაასკვნა, რომ ტყის სპილოების სხეულის მასა 11%-ით შემცირდა 2008-2018 წლებში. ამის ყველაზე სარწმუნო ახსნა ლოპეში ხილის სიმწირე იყო. „სპილოს რაციონში ყველაზე მაღალკალორიული საკვები სწორედ ხილი და თესლებია“, – ამბობს ბუში.
ლოპეს სპილოებისთვის ხილის სიმწირის კომპენსირების ერთ-ერთი გზა ღამღამობით მოსახლეობის ბაღებში შეჭრაა. ჟან-შარლ ადიგუ იყო ერთ-ერთი ასეთი ტყისპირა დასახლების მცხოვრები, რომელიც მიყვებოდა, რომ ხშირად გაღვიძებია თავის ბანანის ნარგავებიან ეზოში შესული სპილოების ხმაზე. მათ დასაფრთხობად მეზობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ ეხმაურათ, მაგრამ ძირითადად უკვე გვიანი იყო ხოლმე. ექვსსპილოიან ჯოგს წუთებში შეუძლია მთელი ბაღი გაანადგუროს. „ჩემს ახალგაზრდობაში ასეთი რამ არ ხდებოდა, – იხსენებს იგი, – სპილოები სოფელს არ ეკარებოდნენ“.
იმავე დასახლების კიდევ ერთი მკვიდრი, მეთევზე სახელად ვენსან ბოსისი უარესის მოლოდინში იყო. მის ეზოში, სიმინდის ნარგავების ფონზე, მანგოს ხის ქვეშ სკამზე ჩამომჯდარს ვესაუბრებოდი და როდესაც სპილოებზე ვკითხე, სახე მოეღუშა. როგორც მან მითხრა, მანგო სპილოებისთვის განსაკუთრებით სასურველი ხილია და მუდამ იმის შიში აქვს, რომ ერთ ღამესაც მთელ ბაღს გაუჩანაგებენ.
ბოსისი თუ სულაც არ გიჟდება სპილოებზე, მისმა მეზობელმა ბრიჟიტ მუსავუმ მითხრა, რომ თემის არაერთმა წევრმა იცის, რომ ეს ცხოველი ხელს უწყობს ხის ზოგი სახეობის რეგენერაციას, მათ შორის მოაბის, რომელიც დიდად ფასობს, რადგან მისი თესლისაგან საკვებ ზეთს ხდიან.


(მარცხნივ) ტყის სპილოების კვებაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების კვლევის ფარგლებში, პარკის თანამშრომელი სპილოს ნაკელის გარშემოწერილობას ზომავს. შემდეგ ექსკრემენტს მდინარეში გაავლებს, რათა არსებული თესლები გამოაცალკევოს და ასე განსაზღვროს, რა ჭამა სპილომ.
(მარჯვნივ) სპილოს ნაკელში Detarium macrocarpum-ის ჩითილი აღმოცენდა. აფრიკის ტენიან ტყეებში თესლების მთავარი გამავრცელებელი ტყის სპილოა. საკვების საძიებლად ცხოველი დიდ მანძილებზე გადაადგილდება, გზად თესლებით სავსე ნაკელს ტოვებს და მომავალ ხეებს ანოყიერებს.
„საკუთარი მოსავლის დაცვა გვინდა, – მითხრა მან, – მაგრამ სპილოებს არ ვერჩით“.
ლოპეს ეროვნულ პარკში მეცნიერები იკვლევენ, ზემოქმედებს თუ არა კლიმატის ცვლილება სპილოების რაციონზე. ერთ დილას საველე მკვლევრებს სპილოს ნაკელის საძიებლად გავყევი. მანქანით შორს წასვლა არ დაგვჭირვებია, რადგან გზისპირასვე წავაწყდით ერთ ახალ გროვას. ერთმა მკვლევარმა რეზინის ხელთათმანი წამოიცვა და ნაკელში არსებული კოლტების რაოდენობა დაითვალა, შემდეგ თითოეულის გარშემოწერილობა გაზომა.
ცოტა უხერხულობის განცდით ამიხსნა, რომ ასეთ დეტალებს იმისთვის აგროვებენ, რომ განავლის ოდენობის განსაზღვრით შეძლონ სპილოების მიერ მიღებული საკვების ოდენობის განსაზღვრაც.

ცელოფნის პარკში მოთავსებული ნაკელით ნაკადულისკენ დავიძარით. მკვლევრებმა აღებული ნიმუში ცხაურზე გადაიტანეს და წყალში ჩაუშვეს. განავლის მასა ჩამოირეცხა და საცერზე დარჩა თესლები, ღეროები და ტოტები. უიტოკი მიხსნიდა, რომ თესლების გამოკვლევით მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ დაადგინონ, რომელი და რა რაოდენობის ხილით იკვებებიან სპილოები, შემდეგ კი ამ მონაცემებს უაიტისა და სხვა მეცნიერების 30 წლის წინანდელ კვლევებს შეადარებენ. „ამ გზით უშუალოდ შევძლებთ გავზომოთ, მოხდა თუ არა ცვლილება ტყის სპილოების რაციონში“, – ამბობს იგი.
ერთ დილასაც, როდესაც ლოპედან გამოვემგზავრეთ, იმ ადგილის შორიახლოს, სადაც მანამდე სპილოები შეგვხვდნენ, ახლა გზად კამეჩი გადაგვეღობა. ჩვენ მას მივჩერებოდით, ის – ჩვენ; ცხოველი ფეხს არ იცვლიდა. ხეებსა და ბუჩქებზე ნისლი ჩამოწოლილიყო. გამეფებულ სიჩუმეში მზარდი ტემპერატურის გამო მსოფლიოს გარდაქმნაზე ფიქრებმა წამიღო. როგორც იქნა, კამეჩი აუჩქარებლად გაგვეცალა და ჩვენც განვაგრძეთ გზა. გორაკებს და ტყეებს რომ დავშორდით, ერთმა ფიქრმა შემაწუხა: უძველესი კავშირის შესუსტება ხეებსა და სპილოებს შორის ლოპესნაირ ხელუხლებელ ადგილას, წინასწარი გაფრთხილება ხომ არ არის? შეიძლება ისე ხდებოდეს, რომ ერთი შეხედვით ხელუხლებელი ტყეები, რომლებშიც ედმონდ დიმოტოსავით არავინ აღწერს ხეებს, უკვე ზიანდებოდნენ და ჯერ ვერავინ ამჩნევდეს ამას?
იუდიჯიტ ბატაჩარჯი ჩვენთან გამოქვეყნებული მრავალი სტატიის ავტორია. ნიდერლანდელმა ფოტოგრაფმა იასპერ დუსტმა აღწერა კიურასაოელი ფლამინგო ბობის ცხოვრება 2020 წლის თებერვლის ნომერში.