უჩვეულო ამბავი ვეფხვებისა, რომლებმაც ბეწვი გამოიცვალეს
ათეულობით წლის წინ ინდოეთის ბენგალურ ვეფხვებს გადაშენება ემუქრებოდათ. მათი რიცხვი თანდათან კვლავ გაიზარდა, თუმცა ამ ეკოლოგიურმა წარმატებამ ახალი პრობლემა წარმოშვა, რომლის სასწრაფოდ გადაჭრა არსებითია გენეტიკური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
უჩვეულო ამბავი ვეფხვებისა, რომლებმაც ბეწვი გამოიცვალეს
ათეულობით წლის წინ ინდოეთის ბენგალურ ვეფხვებს გადაშენება ემუქრებოდათ. მათი რიცხვი თანდათან კვლავ გაიზარდა, თუმცა ამ ეკოლოგიურმა წარმატებამ ახალი პრობლემა წარმოშვა, რომლის სასწრაფოდ გადაჭრა არსებითია გენეტიკური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
50-დღიანი ძიება დაგვჭირდა, სანამ ჯუნგლები თავის საიდუმლოებას გაგვიმხელდა. აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ოდიშაში მდებარე სიმილიპალის ვეფხვების ნაკრძალში გაჭირვებით მივიკვლევდით გზას. ხრეშიანი გზის გაყოლებაზე ტროპიკულ ტყეში გაფაციცებით ვეძებდით მოუხელთებელ ვეფხვ T12-ს, რომლის უჩვეულო შესახედაობა საფრთხის წინაშე მყოფი პოპულაციის სიმბოლოდ იქცა.
ჩემს თანამგზავრ რაგუ პურტის, რომელიც რეგიონულ სატყეო დეპარტამენტში მუშაობს, T12 თვალით არასოდეს უნახავს. მისი კოლეგების უმეტესობამაც ეს ვეფხვი ნაკრძალში დაგებული ფოტოხაფანგებით დაფიქსირებული კადრებიდან თუ იცის, არადა, სიმილიპალის ვეფხვების საკუთარი თვალით ხილვა ტყისმცველებს ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების აღმოჩენაში ეხმარება, რომლებიც კამერამ შესაძლოა ვერ დააფიქსიროს. T12-ის შემჩნევა განსაკუთრებით ღირებული იქნებოდა, რადგან 10 წლის განმარტოებულ ვეფხვს, რომელიც სიმილიპალში ყველაზე ასაკოვანიცაა, მომდევნო თაობების გადასარჩენ გეგმაში გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა.
50-ე დღის გვიანი შუადღე იყო, როდესაც ჩვენს პიკაპს უეცრად მუქმა სილუეტმა გადაურბინა. მკვეთრად დავამუხრუჭე. ჩვენ წინ, მთელი გზის სიგანეზე, უზარმაზარი ვეფხვი რაგუს და მე მოგვჩერებოდა. მოზრდილი მამრი იყო და მას სწორედ ის უცნაური, განმასხვავებელი ბეწვი ჰქონდა, რომელსაც ვეძებდით.
„შავია“, – წაიჩურჩულა რაგუმ. აღტაცებით მიუთითა ვეფხვზე და გაიმეორა: „შავია!“
ამ ვეფხვს, T12-ს, მუქი ფერის ბეწვი ჰქონდა. ნარინჯისფერი ზოლები მისი სხეულის გასწვრივ ილანდებოდა – ყველაზე მკაფიოდ სახესა და წინა კიდურებზე. არაბუნებრივად გაგანიერებული შავი ზოლები იშვიათი გენეტიკური მუტაციის, ფსევდომელანიზმის შედეგია, რომელიც სიმილიპალის ნაკრძალში მობინადრე 30-იოდე ვეფხვიდან თითქმის ნახევარში ვლინდება. ეს მუტაცია ასევე წარმოაჩენს, როგორ შეიძლება კონსერვაციულ წარმატებას პოტენციურად დამღუპველი გართულებები მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ სიმილიპალში ვეფხვების რაოდენობა გასულ ათწლეულებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, ეს ნაკრძალი გეოგრაფიულად იზოლირებულია ვეფხვების სხვა პოპულაციებისგან; ის, ასე ვთქვათ, ვეფხვთა კუნძულია, რომლის გენოფონდი სახიფათოდ მწირია.
თუმცა იმ კვირების განმავლობაში, როდესაც რაგუ და მე T12-ს ვეძებდით, პარალელურად მას შესაფერის მეწყვილეს უკვე ურჩევდნენ. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო შეჯვარების პროგრამისთვის, რომელზეც კონსერვაციონისტები და მოლეკულური ეკოლოგებისა თუ გენეტიკური ექსპერტების გუნდი ერთობლივად მუშაობდნენ, რათა სიმილიპალის ვეფხვები შიდაშეჯვარებით გამოწვეული გადაშენებისგან ეხსნათ.
მრავალი თვალსაზრისით ინდოეთის ვეფხვებს მსოფლიოს სხვა დიდ კატისებრთა მსგავს გამოწვევებთან მოუწიათ გამკლავება, რადგან სატროფეო ნადირობამ ისინიც გადაშენების პირას მიიყვანა, რასაც ემატებოდა ჰაბიტატის შეუჩერებელი განადგურება და დანაწევრება. 1970-იან წლებში აღნიშნული სახეობის პოპულაციის მკვეთრად შემცირების საპასუხოდ დაარსდა სახელმწიფოს მიერ მართული ნაკრძალთა სისტემა, თუმცა ამ ქსელს აკლდა კოორდინირებული მონიტორინგი და კანონაღსრულება. ვითარება შეიცვალა 2005 წლიდან, როდესაც ინდოეთში სპეციალური ცენტრალური სააგენტო, ვეფხვის კონსერვაციის ეროვნული სამსახური (NTCA) შეიქმნა. დღეს აღნიშნული სააგენტო წვრთნის რეინჯერებს, ზედამხედველობს სამეცნიერო საქმიანობას და იცავს 58 ნაკრძალის ჰაბიტატს.
ეს ნაკრძალთა სისტემა ეფუძნება ბუნებრივი დერეფნების კონცეფციას, რომელიც გულისხმობს დაცულ ტერიტორიებს შორის ვეფხვების თავისუფალ მიმოსვლას. მათ არაერთი დადებითი მხარე აქვს, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დერეფნები ხელს უწყობს მეზობელ ვეფხვთა პოპულაციებს შორის შეჯვარებას და, ამგვარად, ზრდის გენეტიკურ მრავალფეროვნებას. სიმილიპალი, რომლის ფართობი დაახლოებით 2750 კვადრატული კილომეტრია, ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ნაკრძალია, მისი მომიჯნავე დაცული ტერიტორიები კი – სამხრეთ-დასავლეთით სატკოსია და აღმოსავლეთით სუნდარბანი – 200-200 კილომეტრში მდებარეობს, რაც ვეფხვისთვის ძალიან შორი მანძილი სულაც არაა.

თუმცა სატკოსიაში ვეფხვები უკვე აღარ არიან, სიმილიპალსა და სუნდარბანს კი მოსახერხებელი დერეფანი არ აკავშირებს. მათ შორის არსებული მიწები მეტწილად ურბანული ან სასოფლო-სამეურნეოა, ასე რომ ვეფხვებისთვის სიმილიპალიდან გასვლა ან შიგნით მობრუნება საკმაოდ რთულია.
NTCA-ის 2006 წლის მონაცემებით, ინდოეთში დაახლოებით 1400 ველური ვეფხვი ბინადრობდა – მაშინ, როდესაც ერთი საუკუნით ადრე მათი რიცხვი 40 000-ს აღწევდა. 2014 წელს სიმილიპალის პოპულაცია სულ ოთხი ვეფხვისგან შედგებოდა და აქედან მხოლოდ ერთი იყო მამრი, თუმცა 2015 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ეს მამრი T12-ის მშობელი გახდა, რომელსაც თავისი უჩვეულო, დიდწილად შავი ბეწვი გამოარჩევს. T12-ს მას შემდეგ არაერთი თავისი ნაშიერიც შეეძინა.
ინდოეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ვეფხვების პოპულაციის აღდგენა დაიწყო, რაც დიდწილად NTCA-ისა და ტყისმცველების კონსერვაციული საქმიანობის დამსახურებაა. 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 3100-ზე მეტი ვეფხვი ბინადრობს. უკანასკნელ ათწლეულში სიმილიპალის პოპულაციის სტაბილურ ზრდასთან ერთად, ვეფხვების მზარდი რაოდენობა თავდაპირველად ეროვნულ წარმატებად აღიქმებოდა, თუმცა მალევე ნაკრძალის მმართველებმა სულ უფრო მეტ პატარა ვეფხვს აღმოუჩინეს T12-ის მსგავსი მუქი ფერის ბეწვი. ეს მუტაცია, როგორც ტყისმცველები და გენეტიკოსები ვარაუდობენ, უწყინარია და მხოლოდ გარეგნული უცნაურობაა, რომელსაც დნმ-ისთვის სახასიათო შემთხვევითი თავისებურება იწვევს.

თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს თავისებურება რეალური პრობლემის გამოვლინებაცაა. თუკი ეს მუტაცია ასე სწრაფად გავრცელდა სიმილიპალის პოპულაციაში, რომელშიც მზარდი შიდაშეჯვარების შედეგად ყველა ვეფხვს ძალიან მსგავსი გენეტიკური სტრუქტურა აქვს, მათში უფრო საგანგაშო ანომალიებიც შეიძლება გავრცელდეს. ახლა ინდოეთის ვეფხვთა დაცვის სამსახურების ამოცანა მათი პოპულაციების აღდგენიდან შიდაშეჯვარების ამ ციკლის შეწყვეტაზე გადავიდა, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან.
გენეტიკური მაჭანკლობა ვეფხვებისთვის რთული საქმეა. T12-ისა და მისი ნაშიერებისთვის იდეალური მეწყვილეების საპოვნელად სიმილიპალის პოტენციურ „მხსნელებს“ კარგად უნდა სცოდნოდათ არა მხოლოდ ცოცხალ ვეფხვებს, არამედ მათ წინაპრებს შორის არსებული განსხვავებებიც.
სწორედ ამან მიიყვანა მოლეკულური ეკოლოგი უმა რამაკრიშნანი მკრთალად განათებულ ტროფეების ოთახში ცენტრალური ინდოეთის პატარა ქალაქ აკალტარაში. რამაკრიშნანი, რომელიც National Geographic-ის მკვლევარი და ბენგალურუს ბიოლოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელია, აქ ანუპამ სინგ სისოდიამ მოიწვია, რომლის ოჯახი ერთ დროს წინამძღოლობდა 51 სოფელს, მართავდა ირგვლივ მდებარე ტყეებსა თუ სამეურნეო მიწებს და პასუხს აგებდა მოსახლეობის დაცვაზე გარეული ცხოველებისგან. მისი ოჯახი ბევრს ნადირობდა, რაზეც ოთახში წარმოდგენილი გარნების, ტუჩა დათვებისა და ოთხრქიანი ანტილოპების ფიტულები მეტყველებს. რამაკრიშნანის წინ მაგიდაზე ეწყო ვეფხვის ტყავებიც უზარმაზარი ხელუხლებელი თავებით, რომლებიც თითქოს კიდევ იღრინებოდნენ.
„პრობლემური ვეფხვების დახოცვა, – აღნიშნა სისოდიამ, – პოლიტიკური აუცილებლობა უფრო იყო, ვიდრე თავშესაქცევი რამ“.
2005 წლიდან რამაკრიშნანი და მისი კოლეგა მკვლევრები ლაბორატორიაში აგროვებდნენ ვეფხვების დნმ-ის ნიმუშებს, რათა ინდოეთის ვეფხვთა მრავალფეროვნების ვრცელი გენეტიკური რუკა შეედგინათ. რამაკრიშნანმა სისოდიების მსგავსი ისტორიული მამულებიდან 250-მდე ნიმუში შეაგროვა. მან ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმის მსგავს დაწესებულებათა ტაქსიდერმიის კოლექციებიდანაც აიღო ნიმუშები და ინდოეთის ჯუნგლებში აგროვებდა ექსკრემენტის, სისხლის, ბეწვისა და ნერწყვის ნიმუშებს ცოცხალი ვეფხვებისგან. მთელი ეს მასალა მას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა ვეფხვების ცვლილებაზე თაობათა განმავლობაში.
ერთ-ერთი ვეფხვის თავის შესწავლისას რამაკრიშნანმა ცხოველის ოთხმოცდარაღაც წლის ტყავში სკალპელი შეაცურა. პროფესიონალური სიზუსტით მან კანის მცირე ნაწილი მოჭრა. შემდეგ ნიმუში სინჯარაში მოათავსა და ასწია.
„ნამდვილი საგანძურია,“ – თქვა მან.
როდესაც რამაკრიშნანმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დაიწყო, მისი მიზანი ისეთი პასუხების მოძიება იყო, რომლებსაც საველე პირობებში ვეფხვებზე დაკვირვებით ვერ მოიპოვებდნენ. პოპულაციის შემცირებასთან ერთად, ვეფხვებმა დაკარგეს არა მხოლოდ თავიანთი ტერიტორია, არამედ გენეტიკური მრავალფეროვნებაც. ისტორიული დნმ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლეოდა გენოფონდის შესახებ.
მისი კვლევები კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2017 წელს, როდესაც სიმილიპალის მუქბეწვიანი ვეფხვების მომრავლებით შეშფოთებულმა NTCA-მ რამაკრიშნანს აღნიშნული ნაკრძალის ვეფხვების შესწავლა სთხოვა. ტყისმცველები უკვე ნათლად ხედავდნენ ნაკრძალის იზოლაციის ზეგავლენას ვეფხვებზე. ისინი იმედოვნებდნენ, რომ რამაკრიშნანი გენეტიკურ დამნაშავესაც აღმოაჩენდა და მათ პრობლემის გადაჭრაშიც დაეხმარებოდა.
როდესაც რამაკრიშნანმა ნაკრძალის ცხოველების შესწავლა დაიწყო, მან მალევე გააცნობიერა, რომ ფსევდომელანიზმის რეცესიული გენი მთელ პოპულაციაში ვრცელდებოდა. ამგვარი გენეტიკური იზოლაცია, მისი თქმით, ნაღმივით იყო – რეაგირების გარეშე დატოვებით მას შესაძლოა დამღუპველად ემოქმედა ნაკრძალის ვეფხვებზე.
შეუძლებელია სიზუსტით დადგინდეს, რა დაავადებების შეტანა შეუძლია დიდ კატისებრებში გავრცელებულ გენეტიკურ მუტაციებს პოპულაციაში. თუმცა, როდესაც რამაკრიშნანმა და მისმა კოლეგებმა შესადარებლად ვეფხვების მონათესავე შინაური კატების გენეტიკური მუტაციის მონაცემთა ბაზა შეისწავლეს, მათ აღმოაჩინეს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ბადურას ატროფია, თირკმლის დაავადება და ჰიპერთირეოზი. და ვინაიდან მდედრი ვეფხვები ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ აჩენენ ორ-სამ ბოკვერს, ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.
„ჯერ კიდევ ვცდილობთ ამ შიდაშეჯვარების გავლენის მასშტაბის განსაზღვრას, – ამბობს იგი, – თუმცა ერთი რამ უდავოა – ასეთ გენეტიკურ ეროზიას კარგი არაფერი მოაქვს“.

სიმილიპალი თითქმის ვერ უკავშირდება სხვა ნაკრძალებს და, აქედან გამომდინარე, რამაკრიშნანის რეკომენდაცია იყო, რომ ველურ ცხოველთა ზედამხედველებს აქ რამდენიმე ვეფხვი სხვა ნაკრძალიდან გადმოეყვანათ. მათი იმედით, სიმილიპალში ჩამოსული მდედრი ვეფხვები შეწყვილდებოდნენ T12-თან ან მის მამრ ნაშიერებთან. ეს, რამაკრიშნანის თქმით, ნაკრძალის გენოფონდის გამრავალფეროვნების პროცესს დაიწყებდა. შემდეგ რამაკრიშნანმა სიმილიპალის ვეფხვის დნმ შეადარა თავის ბაზაში არსებულ მასალას და აღმოაჩინა, რომ გენეტიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ვეფხვები, რომლებსაც უარყოფითი გენების მემკვიდრეობით გადაცემის ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ, ტადობა-ანდჰარის ნაკრძალში ბინადრობენ, შორეულ ჩანდრაპურის ოლქში.
რასაკვირველია, რამაკრიშნანმა იცოდა, რომ სათანადო ნაკრძალის გამოვლენა ერთია და 140-კილოგრამიანი ველური ცხოველის თითქმის 750 კილომეტრ მანძილზე გადაადგილება სულ სხვა გამოწვევა იქნებოდა.
შარშანდელი შემოდგომის ერთ დილას რავიკანტ ქობრაგადემ ჩანდრაპურის ლანდშაფტს გახედა. გარეულ ცხოველთა ვეტერინარმა ყურადღება მიაპყრო ახალგაზრდა მდედრ ვეფხვს.
„ვხედავ. იმ ბუჩქში ზის და გვიყურებს“, – თქვა ქობრაგადემ.
ვეფხვი, რომელსაც მოგვიანებით ჯამუნა დაარქვეს, 28 თვის იყო და მთელი ცხოვრება ტადობას ნაკრძალში ან მის მახლობლად ჰქონდა გატარებული. მისი ახალგაზრდა ასაკი იმის ნიშანი იყო, რომ ჯერჯერობით თავისი ტერიტორია იქ არ მოუნიშნავს. და, რაც მთავარია, ადამიანებთან პრობლემური გადაკვეთის შემთხვევა არ ჰქონია. ეს ფაქტორები მას ადგილმონაცვლეობისთვის საუკეთესო კანდიდატად აქცევდა.
გადაყვანა, განსაკუთრებით კი ისეთი მასიური და საკუთარი ტერიტორიის დამცველი ცხოველისა, როგორიც ვეფხვია, ნებისმიერ შემთხვევაში უკიდურესად საფრთხილოა, ამასთან, ინდოეთის ვეფხვთა ნაკრძალებში არაერთი ნებართვაა საჭირო, სანამ გადაადგილებას შეუდგებიან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, თუ რამდენად ჰყავს შერჩეულ ტერიტორიას საკმარისი ჯანმრთელი პოპულაცია, რომ მან ახალგაზრდა მდედრების დაკარგვა გადაიტანოს. ტადობაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
რუკააააააააააა
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკრძალი ზომით სიმილიპალის ორი მესამედია, მასში დაახლოებით 95 ვეფხვი ბინადრობს და ის არც ვეფხვთა კუნძულია: ბუნებრივი დერეფნები ტადობას აკავშირებს ჩრდილოეთით 60 კილომეტრის მანძილზე მდებარე უმრედ კარჰანდლის ველური ბუნების ნაკრძალთან, ჩრდილო-აღმოსავლეთით 110 კილომეტრით დაშორებულ ნავეგაონ-ნაგზირის ვეფხვის ნაკრძალთან და სამხრეთ-დასავლეთით 110 კილომეტრში მდებარე კავალის ვეფხვის ნაკრძალთან. ტადობას ვეფხვები ჩვეულებრივ გადაადგილდებიან უფრო მეტი ტყიანი სივრცის მოსაძებნად. მათი პოპულაციის ზრდის პარალელურად ცხოველთა თავისუფალი მოძრაობა ნიშნავდა, რომ ვეფხვებსა და გარემომცველ ტყეებში, სოფლებსა თუ ფერმებში მცხოვრებ ადამიანებს კვლავ უნდა ესწავლათ ერთმანეთთან თანაარსებობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, T12-ისა და მისიანებისთვის ურთიერთდაკავშირებული ნაკრძალების ქსელი ვეფხვთა გენების მუდმივ გაცვლა-გამოცვლას უზრუნველყოფდა.
ჯამუნა ტადობადან შერჩეული ორი ვეფხვიდან პირველი იქნებოდა, რომელსაც სიმილიპალში სულ რამდენიმე კვირაში გადაიყვანდნენ, მას კი მომდევნო თვეებსა და წლებში სხვები მიჰყვებოდნენ, თუკი ექსპერიმენტი გაამართლებდა.
ტრანკვილიზატორიანი ისრით დაძინებული ჯამუნას გადაყვანას ჯერ საკაცეზე, შემდეგ კი ჩრდილიან ადგილას, შვიდი კაცი დასჭირდა. ქობრაგადემ ვეფხვს ჭრილობები გაუსინჯა და სისხლის ნიმუში აიღო. მას შემდეგ, რაც ცხოველს GPS-საყელური დაუმაგრა, გუნდმა ის სატვირთო მანქანაზე მოთავსებულ გალიაში გადაიყვანა. შემდეგ ჯამუნას გასაღვიძებელი წამალი გაუკეთეს. სულ რამდენიმე წუთში ბრაგუნი მოესმათ, შემდეგ კი ვეფხვის კლანჭებით ლითონის კაწვრის ხმა გაიგეს, რომელსაც ღრიალიც მოჰყვა.
ჯამუნას სიმილიპალში გადაყვანას 28 საათი დასჭირდა. მარშრუტი საგულდაგულოდ შეარჩიეს, რათა გვერდი აევლოთ დიდი ქალაქებისა და სხვა ხმაურიანი ადგილებისთვის, რომლებიც ჯამუნას შეაწუხებდა. რამდენიმე საათში ერთხელ მანქანა ჩერდებოდა, რომ ვეფხვს ცოტა დაესვენა.

საბოლოოდ კარი გაიღო და ჯამუნა შეხტა ჭიშკარში, რომელიც მას ახალ სახლში შეუძღვებოდა, ერთი ჰექტარი ფართობის შემოზღუდულ ტერიტორიაზე სიმილიპალში, სადაც მან თითქმის ორი კვირა დაყო აკლიმატიზაციისთვის. ამის შემდეგ ჭიშკარი კვლავ გაიღო. ის T12-ის ტერიტორიაზე გაუშვეს.
როდესაც საქმე ინდოეთის ვეფხვებში მრავალფეროვნების აღდგენაზე მიდგება, ერთი არსებითი ფაქტორი მაინც სრულიად ბუნების განკარგულებაში რჩება: შეწყვილება. ვეფხვები კი შეწყვილებამდე შერჩევით საქორწილო რიტუალებში ერთვებიან.
ასე რომ ნოემბერში, როდესაც ჯამუნას ნაკრძალში გაშვებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, ტადობას მეორე მდედრი ვეფხვი, ზინატი, დააძინეს და სიმილაპალში გადმოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯამუნა შედარებით მარტივად შეეგუა სიმილიპალის ლანდშაფტს, გადაადგილების სტრესი ზინატს მეტად დაეტყო და ის მალევე გასცდა ნაკრძალის ფარგლებს. სატყეო დეპარტამენტს არ უნდოდა, რომ ის მეტისმეტად შორს გაქცეულიყო და მის დასაძინებლად და დასაბრუნებლად გუნდი გაგზავნა, რათა ვეფხვს კიდევ რამდენიმე კვირა გაეტარებინა შემოზღუდულ სივრცეში, სანამ T12-ის ტერიტორიაზე გაუშვებდნენ.
მასაც და ჯამუნასაც GPS-საყელურები ეკეთათ, რათა ტყისმცველები მათ გადაადგილებასა და ქცევას დაჰკვირვებოდნენ. ისინი თვალს ადევნებდნენ წყვილს, რათა გაეგოთ, T12-ს ან სხვა მამრებს თუ გადაეყრებოდნენ.
თუმცა დამკვირვებლები ჯამუნას და ზინატს ყოველთვის ეულად ხედავდნენ. ვეფხვების არშიყობა კი თვალში საცემია. მოარშიყე წყვილმა შესაძლოა რამდენიმე კვირა გაატაროს ერთად, ტყეში სეირნობასა და ხმოვანი სიგნალების გაცვლაში. ამ მდედრებმა სიმილიპალში უკვე თავიანთი ტერიტორიებიც მონიშნეს, ტყისმცველებს კი რომელიმე მდედრის T12-თან გადაკვეთის არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ.
ასე იყო მაისის ერთ ღამემდე. როდესაც ტყეში დამონტაჟებული კამერის მასალას ათვალიერებდნენ, ტყის დაცვის დეპარტამენტმა ზინატი T12-თან ერთად დააფიქსირა. უტყუარი მტკიცებულება იყო: მათი შეწყვილების რიტუალი დაიწყო.
საქორწილო რიტუალი იმის ნიშანი იყო, რომ გენეტიკური გადარჩენის მისია იმედისმომცემად მიმდინარეობდა. ვეფხვის გადაადგილებაზე მომუშავე ჯგუფები ზინატის პირველ ბოკვრებს უკვე ზაფხულში ელოდნენ, ამასობაში კი კვლევებიც გრძელდებოდა. რამაკრიშნანმა და მისმა სტუდენტებმა სიმილიპალის ვეფხვებისგან მეტი ბეწვისა და ექსკრემენტის ნიმუში აიღეს, რათა პოპულაციის შიგნით გენეტიკური ვარიაციები უკეთ შეესწავლათ. ტყისმცველები იმედოვნებენ, რომ ჯამუნა საბოლოოდ მეწყვილეს იპოვის, სიმილიპალის ყველა თანამშრომელს კი ერთი სული აქვს ნახოს, ზინატის ბოკვრები T12-ის ფსევდომელანიზმს თუ მიიღებენ მემკვიდრეობით.
„ჯერ კიდევ ვცდილობთ ამ შიდაშეჯვარების გავლენის მასშტაბის შესწავლას, – ამბობს უმა რამაკრიშნანი, – თუმცა ერთი რამ უდავოა – ამგვარ გენეტიკურ ეროზიას კარგი არაფერი მოაქვს“.
ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ, ნაკრძალში მეტ მდედრ ვეფხვს თუ გადმოიყვანენ – ან რამდენით მეტი იქნება საჭირო საკმარისი გენეტიკური მრავალფეროვნების მისაღებად, თუმცა სანამ დერეფანი სიმილიპალს სხვა ვეფხვებით დასახლებულ ნაკრძალებთან არ დააკავშირებს, მეტი ცხოველის გადაადგილება შესაძლოა ერთადერთი ალტერნატივა იყოს. სიმილიპალის საველე დირექტორის, პრაკაშ ჩანდ გოგინენის იმედით, სიმილიპალის ვეფხვები შესაძლოა იმ პოპულაციად იქცეს, რომელიც სახეობას ისეთ ადგილებში დააბრუნებს, როგორიც ახლომდებარე სატკოსიას ნაკრძალია.

ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ხილვა, იმაზე დაკვირვება, თუ როგორი სირთულეების წინაშე დგანან ინდოეთის ვეფხვები ხელახლა მომრავლებისას, ჩემი ბავშვობის ზოგიერთ მომენტს მახსენებს. ჩანდრაპურისგან არც ისე შორს მდებარე ფერმაში გავიზარდე, სადაც ჩემი ცხოვრება, ავად თუ კარგად, სულ ცხოველებითა და ჯუნგლებით იყო გარშემორტყმული. შიში და ღელვა აგვიტანდა ხოლმე, როდესაც ვიაზრებდით, რომ უმაღლეს მტაცებლებთან ერთად ვცხოვრობდით. ჩვენს ფერმაში ვეფხვს არასდროს გადავყრივარ. თუმცა ხშირად მიოცნებია ამაზე. შემდეგ წლების განმავლობაში უამრავი ვეფხვი ვნახე, შევისწავლე და აღვბეჭდე. თუმცა არცერთი მათგანი არ ჰგავდა იმას, რომელიც იმ დღეს სიმილიპალში რაგუსთან ერთად ვიხილე ხრეშიან გზაზე პიკაპის დამუხრუჭებისას. წამიერად T12-ს მიჩერებულს ჩემი კამერა არც ამიღია. არ გავნძრეულვარ. იქ იდგა შავი ვეფხვი, რომელიც ადამიანების კეთილი განზრახვის წარუმატებელ შედეგად გვევლინებოდა. სიმილიპალისთვის საუკეთესო შემთხვევაში ის ერთ დღეს იშვიათ და დაუვიწყარ არსებად იქცევა. ისეთ არსებად, რომელმაც სახეობის დაცვის ახალ დისციპლინას დაუდო სათავე. იმ მომენტში, გზაზე გადამდგარი ვეფხვის დანახვისას, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ბუნების საოცრებას ვეზიარებოდი. შემდეგ, ღრიალისა და ღრენის გარეშე, T12-მა რამდენიმე ძლიერი ნაბიჯი გადადგა და ხშირ მარადმწვანე ტყეში გაუჩინარდა.