
უჩვეულო გმირი
არაჩვეულებრივი ქალი, რომელმაც ანა ფრანკი გადამალა და მისი დღიურები შეინარჩუნა, თავს ერთ უბრალო ადამიანად მიიჩნევდა.
მიპ გისი ოფისის რიგითი ახალდაქორწინებული თანამშრომელი იყო, რომელიც 1942 წელს ამსტერდამში ცხოვრობდა. ქალაქში გერმანელთა კონტროლის გამკაცრების შემდეგ, მისმა უფროსმა, ოტო ფრანკმა სთხოვა, ოჯახთან ერთად გადაემალა ისინი ნაცისტებისგან, რომლებიც ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ. შემდეგი ორი წელი გისი საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა, რათა ყოველდღე ფრანკების ოჯახისთვის და სხვა ოთხი ებრაელისთვის ოტოს ოფისის სხვენში მდებარე საიდუმლო ოთახში სურსათი მიეწოდებინა.
1944 წელს გისმა ვეღარ შეძლო მათი დაცვა, რადგან ნაცისტებმა ფრანკების ოჯახს მიაგნეს, თუმცა მან შეძლო მათი ამბის გადარჩენა ახალგაზრდა გოგონას დღიურების შენახვით. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს მსოფლიოს აქვს – „ანა ფრანკის დღიური“.
საზოგადება მას გმირს უწოდებდა, თუმცა გისს სჯეროდა, რომ უბრალოდ ის გააკეთა, რაც შეეძლო. მასვე მიაწერენ ამ ციტატას: „ჩვეულებრივ მდივანს, დიასახლისს ან მოზარდს შეუძლია თავისი მცირედი ძალისხმევით შეიტანოს სინათლის პატარა სხივი ბნელ ოთახში“.
სერიალი „სინათლის პატარა სხივი“ გისის ამბავს გვიამბობს, რომელიც ამსტერდამსა და პრაღაშია გადაღებული.
„ყველასთვის ცნობილია ეს დღიური, თუმცა რა ხდებოდა ამ საიდუმლო ოთახის გარეთ … ბურუსითაა მოცული“, – ამბობს ტონი ფელანი, რომელიც მეუღლესთან – ჯოან რეიტერთან ერთად უძღვება ამ პროექტს. „მიპი თავიდანვე დათანხმდა ოტო ფრანკს და მას შემდეგ ყოველდღიურად უწევდა ამ ტვირთის ტარება, მაშინაც კი, როდესაც იგი თავს ცუდად გრძნობდა, ავად იყო ან, თუნდაც, აღარ უნდოდა… სწორედ ეს ყოველდღიური მძიმე ტვირთი არის ჩემთვის ყველაზე დრამატული“, – ამატებს რეიტერი.

1941 წლის ფოტოზე ვხედავთ (მარცხნიდან) მარგოს, ოტოს, ანას და ედით ფრანკებს ამსტერდამში, სადაც ისინი 1933 წელს – ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ – გადავიდნენ გერმანიიდან.
ფოტო: ანა ფრანკის ფონდი, ბაზელი, GETTY IMAGES (გისი, ფრანკების ოჯახი); SEPIA TIMES/ უნივერსალური ფოტოარქივი, GETTY IMAGES
სერიალის გადაღებას ექვსწლიანი კვლევა უძღოდა წინ. ის სახლიც მოინახულეს ამსტერდამში, სადაც ფრანკების ოჯახი იმალებოდა და სადაც ახლა მუზეუმია.
ახალგაზრდა გოგონასთვის იქ ცხოვრება სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა პატიმრობა. მისი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი კი გისის მისვლა იყო, რომელიც ველოსიპედით ეზიდებოდა მარაგებს. ფილმში გისის როლს მსახიობი – ბელ პაული თამაშობს. „ტონიმ და ჯოანმა მიპის ყოველდღიური მარშრუტების რუკებიც კი მომაწოდეს“, – ამბობს იგი.
სერიალში აღდგენილია იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი დეტალები, მათ შორის გაცრეცილი ტანსაცმელი. თუმცა „სამალავში მყოფ ქალს მაინც სურდა, მოხდენილი ყოფილიყო“, – ამბობს დიზაინერი დავინა ლამონტი. თითქოს მსუბუქად წასმული ტუჩსაცხით ცდილობდა, ერთი რამ მაინც ყოფილიყო უწინდელივით.
გამარჯვების დღის (1945 წლის 8 მაისი) ამსახველ კადრებში პრაღის ქვაფენილზე სამასამდე მასობრივი სცენის მსახიობი ამერიკელი ჯარისკაცების ტანკებს ეგებება. სამწუხაროდ, მათი შესვლა ფრანკების ოჯახისთვის დაგვიანებული იყო: ანა რამდენიმე თვით ადრე დააპატიმრეს და იგი ტიფით გარდაიცვალა ბერგენ-ბელზენში.
რომ არა გისი, ჩვენ ვერ წავიკითხავდით ჩანაწერებს დასაწყისით: „ძვირფასო ქითი“. მან კუბოკრული წითელყდიანი დღიურის გაფანტული გვერდები მოაგროვა და ოჯახის ერთადერთ გადარჩენილ წევრს, ოტოს გადასცა. მან ეს „თანაგრძნობით“ გააკეთა, ამბობს ლიევ შრაიბერი, რომელიც ფილმში ოტოს როლს თამაშობს.
შრაიბერი პარალელებს ხედავს ახლანდელსა და II მსოფლიო ომისდროინდელ ანტისემიტიზმს შორის. იგი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანადამაარსებელია, რომელიც უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეწირულობებით ეხმარება.
შრაიბერის თქმით, „იმის გახსენება, თუ რას მიაღწიეს მიპ გისის მსგავსმა ადამიანებმა, რომლებიც არ ეპუებიან ტირანიას, ავტორიტარულ რეჟიმს და ფაშიზმს, მართლაც სინათლის სხივის შემომტანია და ისინი გვკარნახობენ, რისი მიღწევა შეგვიძლია ჩვენ“.
ჟაკლინ კატლერი ჟურნალისტია, რომლის ბოლოდროინდელი სტატია აშუქებდა National Geographic-ის სერიალს „უსაზღვრო“.