
უცნაური ანარეკლები
ვენეციაში ფოტოგრაფმა უცნაური ქმნილებები აღმოაჩინა, წყალში დანახული ქალაქის გამრუდებული ანარეკლი კი მისთვის შვებად იქცა
XVI საუკუნის კარტოგრაფმა სპილენძის გლობუსზე ამოტვიფრა: „აქ შესაძლოა დრაკონები იყვნენ“. ფრთხილად: ჩვენ მიღმა სამყარო შეუცნობელი და სახიფათოა.
მთელი ცხოვრებაა, უცნობი სამყაროს ფოტოებს ვიღებ: გეიშას საიდუმლო ცხოვრება იაპონიაში, ადამიანთა ტრეფიკინგის ტრაგიკული სურათი. საფრთხე არაერთხელ ჩამსაფრებია. National Geographic-მა ვენეციაში განსხვავებული დავალებით გამიშვა. ვენეციაში შეუსწავლელი არაფერია. თითოეული აგური, კარი და ოთხასივე ხიდი აღბეჭდილი და დახატულია. ფოტოაპარატის გამოგონების შემდეგ, აქ უამრავი ფოტოგრაფი მდგარა და არაერთი გონდოლა და ანარეკლი გადაუღია. ვენეცია მხოლოდ ჩარჩოებში მოქცევის საფრთხედ მესახებოდა.
ჩემი მისია წყლის წინაშე ქალაქის უსუსურობის ფირზე აღბეჭდვა იყო. რამდენიმე ანარეკლი გადავიღე, მაგრამ იქ ერთადერთი რამის დასადგენად ვიყავი: გაუჩინარდება ვენეცია წყალქვეშ? ანარეკლი ამაზე ვერ მიპასუხებდა.
ერთ საღამოს ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ დედაჩემი საავადმყოფოში გადაეყვანათ, სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავი. უახლოესი რეისით გავფრინდი, მაგრამ ვერ მივუსწარი. დედაჩემი თავის თაობაში პირველი იყო, ვინც უაიომინგის პატარა, ქვანახშირის მომპოვებელი ქალაქიდან მამაჩემთან, ჩემს ორ ძმასა და ჩემთან ერთად მსოფლიოში სამოგზაუროდ გამოიქცა. უშიშარი და დაუღალავი დედაჩემი თვლიდა, რომ ჩემს საქმეში მეც პიონერი უნდა ვყოფილიყავი და მუდამ მხარში მედგა. სწორედ მან შთამინერგა მოგზაურობის სიყვარული: „უფსკრულს პატარა ნახტომით ვერ გადაახტები, წინ იყურე, ქვემოთ არ ჩაიხედო“.
ვენეციაში დავბრუნდი, მაგრამ სანთლების ან დამკრძალავი ნავის დანახვისას სევდა მიპყრობდა, გალობაზე ცრემლები მდიოდა.

არხის ანარეკლებმა მომაჯადოვა. ხშირად ვუღებდი ფოტოებს, ჩემს იტალიელ დამხმარეს ეგონა, რომ დროს უაზროდ ვფლანგავდი, ჟურნალი აბსტრაქტულ ფოტოებს მაინც არ გამოაქვეყნებდა. გადაღების პროცესში ხშირად მეტირებოდა და ვცდილობდი, არ დავენახე.
ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ, პირად და პროფესიულ ცხოვრებაში კიდევ რამდენიმე ამბავი მოხდა, რამაც უფრო დამაბნია და ამრია. ჩემთვის ნაცნობი სამყაროს კიდეს მივაღწიე.
ბოლო მოგზაურობაში მაინც უნდა წავსულიყავი და acqua alta, ვენეციის სეზონური წყალდიდობა გადამეღო. ანარეკლები იქ მხვდებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო და კიდევ ერთხელ ვპოვე შვება. სხვა ყველაფერი გაუჩინარდა და ბნელი წყლის მოძრაობაში ჩავიძირე, რომელმაც მოულოდნელად უამრავი ფერი და სახე შეიძინა.
სხვა ყველაფერი გაუჩინარდა და ბნელი წყლის მოძრაობაში ჩავიძირე, რომელმაც მოულოდნელად უამრავი ფერი და სახე შეიძინა.
ანარეკლის ფოტოები არავისთვის მიჩვენებია. ჩემს ჩვეულ ფოტოებთან, უხილავ სამყაროსთან, სოციალურ საკითხებსა და ადამიანთა ყოფასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მოგვიანებით საერთოდ გადამავიწყდა.
ხუთი წლის შემდეგ კომპიუტერში მივაგენი. შესწორებისას ფოტოებიდან უჩვეულო ქმნილებებმა იჩინეს თავი: უცნაური მითური მხეცები, მულტფილმის გმირები, გველები, გარგოლიები. ისინი დიდი ხანია აქ იყვნენ და გასაცოცხლებლად ჩემს წარმოსახვას ელოდებოდნენ. ალბათ, იმისთვის დამხვდნენ, რომ მოეცათ გამბედაობა, ფოტოგრაფიასა და ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადავსულიყავი და სხვების გულების ნაცვლად, საკუთარი გულის სიღრმეები შემეცნო. თუმცა, ფრთხილად: „აქ შესაძლოა დრაკონები იყვნენ“.
ჯოდი კობი National Geographic-ისთვის 30 წელზე მეტია მუშაობს და ფოტოები 65-ზე მეტ ქვეყანაში გადაუღია.