უდაბნოს დედაქალაქი და ახალი წესრიგი
ეგვიპტე მიზნად ისახავს კაიროს ხალხმრავლობის განმუხტვას და არიდული ტერიტორიების ექვსი მილიონი ადამიანით დასახლებულ ბრწყინვალე დედაქალაქად გადაქცევას.


უდაბნოს დედაქალაქი და ახალი წესრიგი
ეგვიპტე მიზნად ისახავს კაიროს ხალხმრავლობის განმუხტვას და არიდული ტერიტორიების ექვსი მილიონი ადამიანით დასახლებულ ბრწყინვალე დედაქალაქად გადაქცევას.
ეგვიპტეში 15-წლიანი შუალედის შემდეგ დავბრუნდი. ძლივს ვიცანი. კაიროში, მდინარე ნილოსის გასწვრივ, ცოტა ხნის წინ ბულვარ „ეგვიპტელების ბილიკის“ (Mamsha Ahl Misr-ის) პირველი კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი გაიხსნა, საიდანაც განსაცვიფრებელი ხედი იშლება სახელგანთქმულ სანაპიროზე. მიმდებარე ვრცელ რაიონს, რომელიც მასპეროს სამკუთხედის სახელითაა ცნობილი, ძირეული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ძველი სახლები დაანგრიეს. მათ ძვირადღირებული აპარტამენტები ჩაანაცვლებს. ეს ეგვიპტის 27 პროვინციაში 357 საცხოვრებელი უბნის დანგრევის გეგმის ნაწილია. უარაკზე, ნილოსზე მდებარე პატარა კუნძულზე, სასტუმროებისთვის ადგილის გასათავისუფლებად ბულდოზერით ასობით სახლი დაანგრიეს.
ქალაქიდან გამოვედი და ჩრდილოეთისკენ გავემართე, მწვანე სავარგულების გავლით, სანამ ალექსანდრიის გარშემო არსებულ უდაბნომდე მივაღწევდი. სანაპიროზე მშენებარე ქალაქების მთავარი გასასვლელები ჯერ არ იყო დასრულებული. ნიუ-ელ-ალამეინ-სიტი, ელეგანტური სანაპირო კურორტი ალექსანდრიის დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სულ რაღაც ოთხი წლის წინ გაჩნდა. მისი სავარაუდო ღირებულება 60 მილიარდი დოლარია და საბოლოოდ სამ უნივერსიტეტს და პრეზიდენტის სასახლესაც მოიცავს. ელიტურ „ლათინურ კვარტალში“ ოთხსაძინებლიანი ბინები სულ რაღაც 250 000 დოლარი ღირდა.
კაიროში დაბრუნების შემდეგ, აღმოსავლეთით, ქალაქ-თანამგზავრ ახალი კაიროსკენ ავიღე გეზი, რომელიც მბრწყინავი მაღალი ადმინისტრაციული შენობებით და მდიდრული რესტორნებით იყო სავსე. მათი უმეტესობა, ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ, აღმოსავლეთის უდაბნოს სიცარიელიდან აღმოცენდა.
კიდევ ნახევარი საათის სავალზე, ჯერ კიდევ არასრულად მოასფალტებულ გზატკეცილზე, ჩემ თვალწინ ახალი ადმინისტრაციული დედაქალაქი გადაიშალა. მას ჯერ არ აქვს სახელი და იქ იმ 6 მილიონი ადამიანის მხოლოდ ნაწილი ცხოვრობს, რომელთა დასახლებაც გეგმაშია. ამის მიუხედავად, ეს მშენებარე ქალაქი ეგვიპტის ამბიციური მოდერნიზაციის გეგმების გამოხატულებაა. ერთ წელიწადსა ან უფრო ნაკლებ დროში ის, რაც ადრე მხოლოდ უდაბნო იყო, ათასობით ახალი საცხოვრებელი კორპუსით გაბრწყინდება.
ეს სანახაობა დისონანსშია კაიროს ყოველდღიურ ქაოსთან. აქ ყველაფერი მოწესრიგებული და გაპრიალებული იქნება, საკმარისზე მეტი გასართობი ადგილებით: მუზეუმები, რესტორნები და სავაჭრო ცენტრები, მარმარილოთი მდიდრულად მოპირკეთებული ოპერის შენობა და ბიბლიოთეკა ხუთ მილიონზე მეტი წიგნით. კაიროსა და სანაპირო კურორტების მონახულება იოლი იქნება ახალი ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემით.
ამ ურბანულ საოცრებაში ერთი საკმაოდ თავისებური, უკვე დასრულებული შენობა გამოირჩევა: ეგვიპტის დედაქალაქების მუზეუმი. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მუზეუმში ის ქალაქებია წარმოდგენილი, რომლებშიც ქვეყნის 5000-წლოვანი ისტორიის მანძილზე ხელისუფალთა რეზიდენციები იყო განთავსებული.
ექსპონატები ძირითადად ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი დედაქალაქიდან არის წარმოდგენილი. ესენია: მემფისი – კაიროს სამხრეთით, თებე – ფარაონების უძველესი სამფლობელო, ტელ-ელ-ამარნა – ეგვიპტის მონოთეიზმის სამშობლო, ალექსანდრია – ალექსანდრე მაკედონელის თანამოსახელე, კაირო – ისლამური გავლენით – და თანამედროვე ეპოქის ურბანული კაირო, რომელიც ოსმალეთისა და ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა 1922 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. ეგვიპტის ისტორიიდან ჩანს, რომ დედაქალაქის გადატანა მნიშვნელოვანი, მაგრამ გარკვეულწილად ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
მართლაც, ეგვიპტე არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უკანასკნელ ხანებში ასე მოიქცა. 1960 წელს ბრაზილიის მთავრობა რიო-დე-ჟანეიროდან სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, უფრო ცენტრალურ ადგილას, სავანის შუაგულში გადაბარგდა, სადაც 41 თვეში ქალაქი ბრაზილია ნულიდან აშენდა. ოთხი ათწლეულის შემდეგ, გადატვირთული კუალა-ლუმპურისთვის შვების მისაცემად, მალაიზიამ თავისი ადმინისტრაციული და სასამართლო შენობები სამხრეთით 40 კილომეტრ მანძილზე მდებარე პუტრაჯაიაში გადაიტანა. 2019 წელს ინდონეზიის პრეზიდენტმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, ააშენოს ახალი დედაქალაქი კუნძულ ბორნეოზე დემოგრაფიული წნეხის შესამსუბუქებლად ჯაკარტაში. ამ ქვეყნებმა ეს ნაბიჯი გამოიყენეს როგორც შესაძლებლობა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ თანამედროვე ურბანული მოდელის მაგალითი.
პასუხს კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ეგვიპტემ ასე მოქცეულიყო, დედაქალაქების მუზეუმი გვაძლევს მინიშნებას. პირველ სართულზე განთავსებულია ეგვიპტის ისტორიული მმართველების მარმარილოს უზარმაზარი ფიგურები, მეორე სართულზე კი განმარტოებით დგას პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის ნატურალური ზომის ბრინჯაოს ქანდაკება. მიუხედავად მოკრძალებული ზომისა, ამ ქანდაკების არსებობა იმის მანიშნებელია, რომ ეგვიპტის ავტორიტარულმა ლიდერმა თავისი მემკვიდრეობა ახალი დედაქალაქის დაარსებასთან დააკავშირა.
ამოქმედდა ელ-სისის თამამი გეგმა, რომელიც მან 2015 წელს საზოგადოებისთვის მიმართვისა და რეფერენდუმზე გატანის გარეშე წარმოადგინა. ეს გეგმა გულისხმობს სამთავრობო რეზიდენციის, საელჩოებისა და მთლიანი ფინანსური რაიონის გადატანას უდაბნოში, კაიროდან აღმოსავლეთით 45 კილომეტრ მანძილზე. საჯარო მოხელეთა დაახლოებით მეათედი უკვე ცხოვრობს ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში. მთავრობის მიერ ინიცირებული ეს მასობრივი მიგრაცია ელ-სისის მიერ ეგვიპტის მასშტაბური გარდაქმნის ნაწილია, რომელიც მოიცავს მილიონობით მოქალაქის გადასახლებას ახალაშენებულ ქალაქებში და დახვეწილი სატრანსპორტო ქსელის განვითარებას. ეს მაგისტრალები კაიროს მცხოვრებლებს დააკავშირებს ნილოსის დელტის სასოფლო-სამეურნეო რაიონებსა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან, დაახლოებით 225 კილომეტრის დაშორებით.

გარკვეული თვალსაზრისით, ელ-სისის გადაწყვეტილება დედაქალაქის კაიროდან გადატანასთან დაკავშირებით, სადაც სამთავრობო რეზიდენცია 1000 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყო განთავსებული, აღიარებაა, რომ ქალაქი შენელებული მოქმედების ნაღმს წარმოადგენს; ის ვეღარ იტევს თავის 20 მილიონ მოსახლესა და ამას დამატებულ, კიდევ 4 მილიონ ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად შემოდიან და გადიან ქალაქიდან. „ჩვენი პირველი მიზანი ხალხმრავლობის და ტრანსპორტის ნაკადის განტვირთვა იყო“, – მითხრა მშენებლობის ხელმძღვანელმა აჰმედ ზაკი აბდინმა თავის ოფისში, რომელიც ახალ დედაქალაქში, სამინისტროებს შორის მდებარეობს. „ეგვიპტის მოსახლეობა ყოველწლიურად ორი მილიონით იზრდება. მშენებლობა და გაფართოება აუცილებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით“.
თუმცა აბდინმა ღიმილით შემახსენა: „ჩვენ უძველესი დროიდან ვართ მშენებლები, 5000 წელი“. 106 მილიონი ეგვიპტელის იდენტობის საფუძველი, როგორც მისი ახალი დედაქალაქი გვახსენებს, ცივილიზაციის მშენებლობაა – თანაც არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ.
ის, რაც ახალ დედაქალაქში ჩასულს გამომეცხადა, ფართომასშტაბიანი სამშენებლო ობიექტი უფრო იყო, ვიდრე მოქმედი ქალაქი.
St. Regis Almasa, სადაც დავბინავდი, ჯერჯერობით ერთადერთი სასტუმროა. მასთან გრძელი ქვეითთა გადასასვლელი ხიდით დაკავშირებულია `ხელოვნებისა და კულტურის ქალაქი“, განსაცვიფრებელი და მეტწილად დასრულებული 51 ჰექტარი ფართობის მოვლილი ბაღების, გრანდიოზული საკონცერტო დარბაზების და სამხატვრო სახელოსნოების მასივი. დანარჩენ შემთხვევაში კი შემზარავ სიჩუმეს უდაბნოს ქალაქში პერიოდულად სამშენებლო ტექნიკის ხმაური არღვევს, რაც პროექტის სირთულეს უსვამს ხაზს.
ამჟამად ახალ დედაქალაქში ძირითადად მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა შორის ათასობით ჩინელია, ვინაიდან Iconic Tower-ის კონტრაქტორი ჩინური სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაა. ეგვიპტელებს მონუმენტური დედაქალაქების აშენების შეუდარებელი გამოცდილება აქვთ, თუმცა ამჯერად დახმარება არჩიეს. ელექტროქსელს ფრანგული კომპანია მართავს, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებს კი – გერმანული.
თუმცა პროექტს გარკვეული დაბრკოლებებიც ახლავს თან. ჩვენი საუბრიდან საკმაოდ მცირე ხანში აბდინი თანამდებობიდან გადადგა, თითქოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა ზოგიერთ შენობაში ხარჯიანი ხარვეზების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე.
მთავრობას ბევრი არაფერი გაუმხელია მშენებლობის შესახებ, მათ შორის იმაზე, თუ საიდან მოდის ფული მშენებლობის ბუმისთვის, გარდა დაჟინებული მტკიცებისა, რომ ეგვიპტელ გადასახადის გადამხდელებს ეს არაფერი დაუჯდებათ. საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელეს. მართლაც, ქალაქის მთავარ გამზირს არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მუჰამედ ბინ ზაიდის სახელი ჰქვია.
ამ მხრივ, ახალი ადმინისტრაციული დედაქალაქის ბრწყინვალე პოსტმოდერნისტული პეიზაჟი ესთეტიკით ნაცნობი იქნება ყველასთვის, ვისაც დუბაი უნახავს, თუმცა ქალაქის დამპროექტებლებმა გარკვეული ძალისხმევა გამოიჩინეს ეგვიპტის ისტორიის ასახვისთვის. ხელოვნებისა და კულტურის ქალაქის შესასვლელთან აღიმართა რამსეს II-ის მეფობის პერიოდის ობელისკი, რომელიც ძველ დედაქალაქ ტანისიდან გადმოიტანეს. ის შთამბეჭდავია, თუმცა ძალიან პატარაა Oblisco Capitale-სთან შედარებით, რომელიც მალე უნდა აშენდეს. კილომეტრი სიმაღლეში, ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკი იქნება. დრამის დარბაზის ფოიეში ფარაონების დიდი გამოსახულებები, რომლებიც სენეტს – ჭადრაკის წინამორბედ თამაშს – თამაშობენ და მუსიკალური წარმოდგენებით ტკბებიან, სტუმრებს შეახსენებს, რომ აქ თანამედროვე კულტურის ნაცნობი ასპექტების ფესვებია. როდესაც 1200-ადგილიან საკონცერტო დარბაზში შევიხედე, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ორგანის სანახავად, რა თქმა უნდა, ჩემმა ექსკურსიამძღოლმა მაცნობა, რომ ორგანი ალექსანდრიაში გამოიგონეს.
ხელოვნებისა და კულტურის ქალაქში ჩემი მეგზური ამ ქალაქის უფროსი ინჟინერი აჰმედ ელ დალი აღმოჩნდა. ის მშენებლობას 2018 წლის იანვარში გათხრების დაწყებიდან ზედამხედველობს და ამაყობს, რომ გარე სამყარომ თითქმის არაფერი იცოდა მშენებელთა ბრიგადის კოლოსალური შრომის შესახებ. „ცამეტი ათასი მუშა, ყველა ტელეფონით და მაინც, არავითარი ფოტოები“, – მითხრა მან კმაყოფილებით. ჩვენ გამონათქვამი გვაქვს: „იმუშავე ჩუმად და, დაე, წარმატებამ ილაპარაკოს“.
რა თქმა უნდა, ახალ დედაქალაქში ჩუმად მუშაობის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ მშენებლობა თავდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით მიმდინარეობს. უსაფრთხოების ზომები სამთავრობო რეზიდენციის ყველა სამშენებლო პროექტს ესაჭიროება, თუმცა სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ელ-სისის (ეგვიპტის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლის გადატრიალების შედეგად მოვიდა) ადმინისტრაციას სურს, კარგად იცოდეს, თუ როგორ იქნება ქვეყანა წარმოდგენილი. პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენლები ენერგიულად ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ, თუ როგორ აისახებოდა ამ სტატიაში ეგვიპტე. მე ახალ ქალაქში მარტო გადაადგილების უფლება არ მქონდა.
ეგვიპტის ახალ „ჭკვიან“ ქალაქში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას და უნაღდო გადახდის სისტემებს. ის სრულიად თავისუფალი იქნება კრიმინალისგან – მთავრობა დაცული იქნება პროტესტისგან, როგორიც იყო 2011 წელს, რომელმაც ჰოსნი მუბარაქის რეჟიმი დაამხო – ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებული ამერიკული Honeywell-ის სათვალთვალო სისტემის წყალობით.
უპირველესად, ახალი ადმინისტრაციული დედაქალაქი სიცოცხლით სავსე იქნება, მაგრამ არც მთლად საკუთარი ნებით. მრავალი კაიროელის ცხოვრება თავდაყირა დადგება. „ჩემი მამიდაშვილი ექთანია და მას აიძულეს ახალ საავადმყოფოში გადასულიყო სამუშაოდ“, – მითხრა 56 წლის ქალმა, რომელიც არაბული მეტსახელით, უმ აბდუ, გამეცნო: „მისთვის სამსახურში ასეთ მანძილზე სიარული რთული იქნება“.
ჩვენ მის კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში ვისხედით ძველი კაიროს ბულაკის რაიონში, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებისა და ავტოსარემონტო სახელოსნოების ხმაურიან უბანში. მომდევნო რამდენიმე წელიწადში ბულაკი დაინგრევა და მისი მოსახლეობის უმეტესობა გადაინაცვლებს ალ-ასმარატის პროექტის ახალ, სრულად კეთილმოწყობილ, უფასო საცხოვრებლებში, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. უმ აბდუს საკვები დაწესებულება ერთხელ უკვე გამოაძევეს სასწრაფოდ დანგრეული ტერიტორიიდან, თუმცა მთავრობამ მას კომპენსაცია გადაუხადა: „ახალი ადგილები საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, – თქვა მან, – მაგრამ ირგვლივ მიმოიხედეთ – ჩვენ ქალაქის გულში ვართ. ყველაფერი, რასაც ვისურვებდი, აქ არის“.
უმ აბდუსთვის და კაიროს სხვა მკვიდრი მცხოვრებლებისთვის ათასწლოვანი ქალაქი ყველაფერი იყო ქაოსის გარდა. ფეხით მოსიარულეთა მორევი და გადაჭედილი ქუჩები სრულიად გასაგები იყო იმ აგლომერაციის ფონზე, რომელმაცავტოკრატთა წყებას გაუძლო და თავისთავად აყვავებულ წარმმართველ ძალად იქცა. კაიროს ხასიათი სტუმართმოყვარეც იყო და დამაბნეველიც, კაცობრიობის ენერგიული ქარიშხალი, არქიტექტურის შეუცვლელი ზეიმი. შეუძლებელი იყო, რომ ჩემნაირი სტუმარი ამით არ ყოფილიყო აღფრთოვანებული.
უმ აბდუ თავისი ქვეყნის ახალ იერსახეს განიხილავდა. „არ მჯერა, რომ ეს ეგვიპტეა, ევროპას უფრო ჰგავს“, – თქვა მან.
ბულაკის სიღრმეში საშუალო ასაკის ორი და, მაგდა და ფატემი გავიცანი, პატარა სასურსათო მაღაზიის მეპატრონეები. ეჭვით შეხვდნენ მედიის წარმომადგენელს იმ ქვეყანაში, რომელიც თავისუფალ პრესას დიდად არ წყალობს. ამიტომ არ გამიმხილეს გვარი, თუმცა ფატემმა ჩაი დამისხა და დებმა სევდიანად მიამბეს, თუ როგორ შეიცვალა ბულაკი.
„ამ შენობის უკან სულ ბარაკებია, – მითხრა მაგდამ, – ისეა აშენებული, რომ ფანჯრიდან მოპირდაპირე მეზობელს ხელს ჩამოართმევ. სავსეა ნარკომოვაჭრეებით და დანიანი ჯიბის ქურდებით. მეტად ბინძური ადგილია“.
მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან ამ უბანში ცხოვრობდნენ, მისი გარდაუვალი განადგურება დებს ღვთის წყალობად მიაჩნდათ.
„ეს უნდა მოხდეს, ახალი დედაქალაქის მსგავსად. საგზაო მოძრაობა შემსუბუქდება. ცხოვრება ბევრად იოლი გახდება“, – მითხრა ფატემმა.
კი, მაგრამ, ვიკითხე მე, ხომ არ წაართმევს თავის ხიბლს ეგვიპტეს ეს სიახლეები? „არასოდეს“, – მიპასუხა ფატემმა. მისმა დამაც თავი დააქნია. „აქ საწყისია. აქ ისტორიაა. ის ყოველთვის აქ იქნება“.
მწერალმა რობერტ დრეიპერმა 2007 წელს ეგვიპტეში იმოგზაურა, National Geographic-ისთვის ნუბიელი ფარაონების იმპერიის აღსაწერად.