უძველესი გენდერული როლების გადახედვა
არქეოლოგებმა ადამიანთა ნეშტების შესწავლის ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც წარსული საზოგადოებების შესახებ არსებულ ცოდნას თავდაყირა აყენებს.
2008 წელს არქეოლოგებმა სამხრეთ ესპანეთში, სევილიასთან მდებარე ქალაქ ვალენსინა-დე-ლა-კონსეფსიონში აკლდამას მიაგნეს, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული აღმოჩენა გახდა – სპილოს მთლიანი ეშვით, ბროლისპირიანი ხანჯლითა და სადაფის მძივებით.
მეცნიერებმა აკლდამა 4200-დან 5200 წლამდე პერიოდით დაათარიღეს და დაკრძალული პირის ასაკი 17-დან 25 წლამდე მიიჩნიეს ჩონჩხის შესწავლის საფუძველზე. სამარხში აღმოჩენილი ნაშთებისა და ნივთებიდან გამომდინარე, ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ დაკრძალული პირი საზოგადოების წარჩინებულთა ფენის წარმომადგენელი იყო, მაგრამ უახლესი კვლევის თანახმად, ეს დიდგვაროვანი კაცი სინამდვილეში კაცი სულაც არ ყოფილა.
2023 წელს გამოცემულ კვლევაში სევილიისა და ვენის უნივერსიტეტების მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ სამარხში ბიოლოგიური ქალი იყო, რაც უძველესი დროის გენდერულ როლებზე არსებულ წარმოდგენებთან სრულ შეუსაბამობაშია. საგულისხმოა ამ დასკვნამდე მისვლის ხერხიც – არქეოლოგებისთვის ისტორიული დეტალების დაზუსტების ახალი მეთოდი.
მკვლევრებს უშუალოდ გენეტიკური მონაცემები არ გამოუყენებიათ; ქალის ბიოლოგიური სქესი დაადგინეს არა ნეშტის დნმ-ში XX ქრომოსომების გამოვლენით, არამედ – მის კბილში შემორჩენილი ცილის ანალიზის შედეგად.

ფოტო: მოწოდებულია კულტურის სამინისტროს ნებართვით, ქალაქ ბოლონიისა და მოდენის, რეჯო-ემილიისა და ფერარის პროვინციების არქეოლოგიის, სახვითი ხელოვნებისა და ლანდშაფტის გამგეობის მიერ
უკანასკნელ წლებში უძველესი დნმ-ის შესწავლის ახალმა ხერხებმა არქეოლოგებს საშუალება მისცა, ადამიანთა ნაშთებიდან დეტალური ინფორმაცია მოეპოვებინათ და ისეთი ფიზიკური მახასიათებლები დაეზუსტებინათ, როგორიც სქესი და თვალის ფერია. მაგრამ ეს პროცესი ძვირადღირებული და ხანგრძლივია, ნიმუშები დაბინძურების რისკს შეიცავს და ხშირად დნმ-ის რაოდენობა არასაკმარისია, რადგან მოლეკულები ათასწლეულთა განმავლობაში თანდათანობით იშლება.
იქ, სადაც დნმ არ შემორჩა, ცილის ანალიზი მეცნიერებს ნაწილობრივი გენომის სტრუქტურის დადგენის ახლებურ გზას სთავაზობს. ცილის მოლეკულები, რომლებიც სხეულის სტრუქტურასა და ბიოქიმიურ ფუნქციებს განაპირობებს, ხშირად უფრო მდგრადია და ძვლებსა თუ კბილებში უკეთ ინახება, ვიდრე მისი წარმომქმნელი დნმ, და გარკვეულ გენეტიკურ ინფორმაციას გვაძლევს.
სევილიის მახლობლად აღმოჩენილ აკლდამაში კბილის მინანქარში გამოვლინდა X ქრომოსომის გენების ნაწარმოები ცილების არსებობა, ხოლო Y ქრომოსომის შესატყვისის კვალი არ აღმოჩნდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სამარხში დაკრძალული ადამიანი იყო ბიოლოგიური ქალი (XX) და არა მამაკაცი (XY).
ამგვარი კვლევები, რომელთაც პროტეომიკას ვუწოდებთ, დნმ-ის ტრადიციულ ანალიზთან შედარებით ხშირად უფრო იაფი და სწრაფიცაა. მართალია, მეთოდი სულ რამდენიმე წლის დანერგილია, მაგრამ მან უკვე დიდი სამეცნიერო ძვრები განაპირობა. ესპანეთში ნაპოვნი სამარხის შემსწავლელი მეცნიერების მსგავსად, პერუელმა არქეოლოგმა და National Geographic-ის მკვლევარმა გაბრიელ პრიეტომ ცილების დახმარებით სქესის დადგენის პროექტზე იმუშავა და შედეგად აქამდე უცნობი ისტორიული ფაქტების გამოვლენა მოახერხა.
მან პერუს მკვიდრი ჩიმუს ხალხის ბავშვთა მასობრივი მსხვერპლშეწირვის ადგილიდან კბილები პროტეომიკის ერთ-ერთ პირველ პრაქტიკოსს, გლენდონ პარკერს გადაუგზავნა კალიფორნიის უნივერსიტეტში (დეივისი). კბილებში შემორჩენილი ცილების მეშვეობით გამოირკვა, რომ მსხვერპლად შეწირული ცენტრალური ფიგურები მამრობითი სქესის იყვნენ. პრიეტოს თქმით, „ეს დაგვეხმარა იმის დადგენაში, რომ ამ ცერემონიის დროს ბიჭები განსაკუთრებული მნიშვნელობის მსხვერპლად მიიჩნეოდნენ“.
ჩიმუს მსხვერპლშეწირვის ფარგლებში ასეულობით ადამიანი დახოცეს. და ყოველ მათგანზე დნმ-ის ანალიზის ჩატარება წარმოუდგენლად ძვირი დაჯდებოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დნმ გამოუსადეგარია, უბრალოდ, მას უფრო კონკრეტულ კითხვებზე საპასუხოდ გამოიყენებენ.
„პროტეომიკა და დნმ-ის ანალიზი ურთიერთშემავსებელია“, – ამბობს პრიეტო. მსხვერპლად შეწირული ზოგი ბავშვის დნმ-ის ანალიზსაც ვატარებთ – მაგალითად, ინდივიდებს შორის ნათესაური კავშირების დასადგენად.
პროტეომიკის – ცილების შემსწავლელი ახალი მეთოდის – დახმარებით მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ ზოგი ტექსტილის ბოჭკოების წარმომავლობა. შედეგად შეიძლება უძველეს სავაჭრო ქსელებზე მინიშნებების მიღება.
ადამიანთა და ცხოველთა ნაშთებიდან გენეტიკური ინფორმაციის დადგენის გარდა, პროტეომიკის გამოყენება შესაძლებელია მიკროორგანიზმების საკვლევად, რომლებიც ისტორიულ დაავადებებს – კეთრსა თუ შავ ჭირს იწვევდნენ, თიხის უძველეს ნაკეთობებზე შემორჩენილი საკვების კვალის ამოსაცნობად, ტექსტილის ბოჭკოების წარმომავლობის დასადგენად, რაც მივიწყებული სავაჭრო გზების შესახებ გვამცნობს. დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტის ბიომოლეკულურმა არქეოლოგმა მაიკლ ბაკლიმ კოლაგენის – ძვლის შემადგენელი მთავარი ცილის – ანალიზის მეშვეობით ცხოველის სახეობის დადგენის ახალი გზა შეიმუშავა.
უკანასკნელ ხანებში ამ მეთოდმა გამოავლინა, რომ ინგლისში, V ან VI საუკუნით დათარიღებულ სამარხში ნაპოვნი სპილოს ძვალი აფრიკული სპილოსი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოცემულ პერიოდში ისტორიკოსებისთვის აქამდე უცნობი სავაჭრო გზა არსებობდა. „თანდათანობით იზრდება დაგროვილ მონაცემთა რაოდენობა და, შესაბამისად, სულ უფრო ღრმავდება ჩვენი ცოდნაც წარსულში ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობის შესახებ“, – ამბობს ბაკლი.
უძველეს ნაშთებს არქეოლოგები ყოველწლიურად პოულობენ; პროტეომიკის დამსახურებით, ყოველი ასეთი ახალი აღმოჩენა უფრო მეტად შეავსებს ისტორიის წიგნებში გამოტოვებულ თავებს.
ან, როგორც ეს სამხრეთ ესპანეთის მდიდრული სამარხის შემთხვევაში მოხდა, შესაძლოა, პროტეომიკამ არსებული თავებიც გადაწეროს. მეცნიერებს წლობით მიაჩნდათ, რომ იბერიის ნახევარკუნძულის პრეისტორიულ საზოგადოებებს ქარიზმატული მამაკაცები მართავდნენ. სევილიასთან აღმოჩენილი აკლდამა კი ამ საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებას თავდაყირა აყენებს, გვამცნობს რა, რომ ლიდერთა შორის ქალებიც იყვნენ და გვიბიძგებს, ენეოლითის ხანის იბერიასა თუ მსოფლიოს სხვა რეგიონებში ქალთა საზოგადოებრივი როლები ახლებურად განვიხილოთ.