უძველესი ლინზით დანახული მყინვარი
ფოტოგრაფი არქტიკული ყინულისა და უნიკალური ტექნიკის გამოყენებით ახლებურად წარმოგვიჩენს კლიმატის ცვლილებისგან გარდაქმნილ სამყაროს.
უძველესი ლინზით დანახული მყინვარი
ფოტოგრაფი არქტიკული ყინულისა და უნიკალური ტექნიკის გამოყენებით ახლებურად წარმოგვიჩენს კლიმატის ცვლილებისგან გარდაქმნილ სამყაროს.
გლაციალური ყინული ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილ-დაპრესილი თოვლისგან იქმნება. წნევა ყინულის კრისტალურ ფენებს ბუნებაში ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე მასალად აქცევს. ამ ალქიმიამ და კლიმატის ცვლილების შედეგად მყინვარების სწრაფმა დნობამ 44 წლის ხელოვანი ტრისტან დიუკი შთააგონა, შეექმნა ყინულის ფოტოლინზები. „შეგრძნება გამიჩნდა, რომ დრო იწურება“, – ამბობს დიუკი. მას სურდა, მყინვარი მყინვარისვე „თვალით“, ერთგვარ ავტოპორტრეტად აღებეჭდა.
2022 წლის გაზაფხულზე მან ნორვეგიაში, სვალბარდის პოლარულ არქიპელაგზე წაიღო აპარატურა, რომელიც ასობით კილოგრამს იწონიდა. მასში შედიოდა ყინულის ლინზებად გამოსაყვანი ყალიბები და მის მიერვე შექმნილი კარავი, რომელიც კამერა-ობსკურას ფუნქციას ასრულებს – ტენტში გამოჭრილ ღრიჭოში თავსდება ხელისგულისოდენა ყინულის ნაჭერი, რომელიც გარე ლანდშაფტს კარვის შიგნით ირეკლავს და გამოსახულება 1×2,5-მეტრიან ნეგატივზე ფიქსირდება.
ზოგი კადრი უფრო მკვეთრი გამოვიდა, ვიდრე ელოდა, მაგრამ ლინზების დნობასთან ერთად გამოყოფილი წყალი თავისებურ ეფექტს ახდენს. „ჩემთვის უთქვამთ, რომ ფოტოები აცრემლებული თვალით დანახულ ბუნდოვან სამყაროს აგონებთ“, – გვანდობს დიუკი.
მოგვიანებით არქტიკული ბრწყინვალება კონტრასტული, ცეცხლწაკიდებული სამყაროთი ჩაანაცვლა, როდესაც დასავლეთ აშშ-ში გაემგზავრა და იქაური ტყის ხანძრები და მასთან ერთად, ენერგოინფრასტრუქტურა იქვე დამზადებული ყინულის ლინზებით გადაიღო. დიუკის ჩანაფიქრი რომანტიკული ხედვის შებრუნებაა. „ბუნების დაუცველობისა და უძლურების წარმოჩენა ადამიანის შეუკავებელი, კატაკლიზმური ძალის წინაშე.