უკანასკნელ წვეთამდე
ოგალალის წყალშემცველი შრის წყალობით ამერიკის შუა დასავლეთი ქვეყნის ბეღლად იქცა. რა მოხდება, წყალი რომ დაშრება?


უკანასკნელ წვეთამდე
ოგალალის წყალშემცველი შრის წყალობით ამერიკის შუა დასავლეთი ქვეყნის ბეღლად იქცა. რა მოხდება, წყალი რომ დაშრება?
კანზასის პრერიის საირიგაციო ჭაში საზომ ლენტს ვუშვებდი, ხელიდან გამისხლტა და ფოლადის რულონი სწრაფად ჩაიშალა სიღრმეში. ამის დანახვაზე ბრაუნი უილსონმა შეჰყვირა.
ეს საოცრად განიერი ჭა ოგალალის წყალშემცველი ჰორიზონტით (შრით) იკვებება – მტკნარი წყლის უზარმაზარი მიწისქვეშა აუზით, რომელიც შუა ამერიკის მშრალ შტატებში თანამედროვე ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ ამ წყალშემცველი ჰორიზონტის სიჯანსაღის შესაფასებლად მივედით. საზომის ბოლო წყალს 60 მეტრზე შეეხო, შარშანდელთან შედარებით 30 სანტიმეტრით უფრო დაბლა. კლების ასეთი ტემპით, ის საკუთარ აღსასრულს უახლოვდება. „ამ ჭაში უკვე მთელი ზაფხულისთვის საკმარისი სარწყავი წყალიც აღარაა“, – ამბობს უილსონი.
იანვარია. მარტონი ვდგავართ უკიდეგანო ბრტყელ სივრცეში, გარშემო 360 გრადუსით გვაკრავს ცისფერი ჰორიზონტი – არც ერთი ღრუბელი, არც ერთი ხე. ზღვის დონიდან 1200 მეტრზე ვიმყოფებით, ამიტომაც ეწოდება აქაურობას მაღალი ვაკეები. დაუცხრომელი ქარი უჩვეულოდ მიწყნარებულია. თუმცა უილსონის ავტომობილი სავსეა საავდრო აღჭურვილობით. ჩვენ უკან მინდორში, წვრილი და წაგრძელებული წრიული სასხურებლის ფოლადის ჩონჩხი გართხმულა ყავისფერ მიწაზე. გეგონებათ, გაზაფხულამდე მიძინებული, სამეცნიერო ფანტასტიკის გმირი გიგანტური მწერია.
47 წლის, გამხდარი, სპორტული აღნაგობის უილსონი, კანზასის გეოლოგიური კვლევის სამსახურის, წყლის მონაცემთა მენეჯერია; ის ყოველ ზამთარს გუნდთან ერთად მიემგზავრება დასავლეთ კანზასში ამ წყალშემცველი ჰორიზონტის გაუჩინარების ტემპის გასაზომად. ჩვენ ფეხქვეშ ფოროვან ქანებში წყალი დაახლოებით 15 000 წლის განმავლობაში გროვდებოდა, უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის ბოლომდე. ბოლო 60 წელიწადში, ოგალალიდან წყალი იმაზე სწრაფად ამოიტუმბა, ვიდრე წვიმამ და გამდნარმა თოვლმა ჩააბრუნა უკან და მიწა კვლავ გააჯერა წყლით – ეს კი მეტწილად იქვე „მძინარე“ საირიგაციო დანადგარების დამსახურებაა. შედეგად, ამ პერიოდში, დასავლეთ კანზასის ზოგიერთ ნაწილში, წყალშემცველი ჰორიზონტი 60 პროცენტზე მეტად შემცირდა. ზოგან – უკვე ამოშრა. ახლა კლება თანაზომიერია გვალვიან და ნალექიან წლებშიც. 2015 წელი განსაკუთრებულად წვიმიანი იყო – ნორმასთან შედარებით, 50-100 პროცენტით. მაგრამ ასეთ პირობებშიც დაეცა წყლის დონე ჭებში. უილსონის საველე ანგარიშში სასიხარულო მხოლოდ ის იქნება, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ყველაზე მცირე კლებაა.„ამას დიდი გართულებები მოჰყვება. გონივრულია კი, ოგალალის დაცლა აშშ-სა და მთელ მსოფლიოში სურსათის საწარმოებლად?“ – ჯეი ფამილიეტი, NASA-ს უფროსი მეცნიერი.
უილსონთან ერთად ვმოგზაურობ; ოგალალის ტერიტორიის შარაგზებზე, სამხრეთ დაკოტიდან ტეხასამდე 8000 კმ-იანი მარშრუტის ბოლოს ვუახლოვდებით. გზად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გამოვიარე, წელიწადში 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მქონე ინდუსტრიის კერები, რომლებიც აშშ-ს ხორბლის, სიმინდისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თითქმის მეხუთედს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ესაა ადგილი, რომელიც რთული არჩევანის წინაშეა: ფერმერებს შეუძლიათ წყლის მოხმარება შეამცირონ, წყალშემცველი ჰორიზონტის სიცოცხლე რომ გაახანგრძლივონ ან შეუძლიათ განაგრძონ გზა, რომლის ბოლოც უკვე ახლოა. ზოგს არ მოსწონს ასეთი მძიმე დილემის წინაშე ყოფნა. თუმცა, თუ ამოტუმბვას არ მოუკლებენ და წყალიც ამოიწურება, ეს დიდ ზეგავლენას იქონიებს სურსათის მსოფლიო ბაზარზე. მომდევნო ათწლეულებში ეს ნელი კრიზისი თავს იჩენს მაშინ, როცა საჭირო გახდება სურსათის წარმოების 60 პროცენტით გაზრდა, რადგან გაეროს პროგნოზით, საუკუნის შუა წლებში უკვე ცხრა მილიარდი ადამიანი იქნება გამოსაკვები.
ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი წყალშემცველი ჰორიზონტის დაშრობა ისევე სწრაფად ხდება, როგორც მსოფლიოს სხვა დიდი გრუნტის წყლების აუზებისა აზიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. მათ შორის ბევრს, სამხრეთ ოგალალის ჩათვლით, აღდგენის ძალიან სუსტი უნარი აქვს. ამოწურვის შემდეგ, წყლის დონის აღდგენას შეიძლება ათასობით წელი დასჭირდეს.
„შედეგები სავალალო იქნება, – ამბობს ჯეი ფამილიეტი, NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის ჰიდროლოგი და მსოფლიოს 37 უდიდესი წყალშემცველი ჰორიზონტის ცვლილებების თანამგზავრული მეთოდით აღწერის მკვლევარი, – სურსათის წარმოების შესანარჩუნებლად, გრუნტის წყლები უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. რამდენად გონივრულია ოგალალის დაცლა აშშ-სა და მთელ მსოფლიოში სურსათის საწარმოებლად? ეს არის მთავარი შეკითხვა“.
უილსონის მარშრუტს მივყავართ კოლორადოს შტატის საზღვრიდან აღმოსავლეთით 30 კილომეტრში, სადაც პატარა დაბებს უკვე დამშრალი წყაროების სახელები ეწოდება. ოგალალის – იმავე მაღალი ვაკეების წყლის ჰორიზონტის ტერიტორიაზე მცხოვრებნი საკუთარ წყალს ხან სქლად, ხან თხლად ახასიათებენ. ასე მარტივად აღწერენ ხოლმე წყალშემცველ ჰორიზონტს. ოგალალა გიგანტური მიწისქვეშა ღრუბელია, რომელიც შედგება ხრეშის, ლამის, ქვიშისა და თიხის გროვისგან. წყალი მთლიანად ამ ღრუბლის ნაპრალებშია დაგროვილი. უილსონის თქმით, ნიადაგის საფარი ხალიჩასავით რომ აკეცო, მის ქვემოთ არსებულ ღრუბელს მუყაოს კვერცხის ჩასაწყობის შესახედაობა ექნება, სხვადასხვა სიღრმის „ხეობებისა“ და „მწვერვალების“ მონაცვლეობით. დასავლეთ ნებრასკის ზოგიერთ ნაწილში, სადაც ოგალალა წყალუხვია, ღრუბელი დედამიწის ზედაპირიდან 300 მეტრის სიღრმემდე ვრცელდება, ანუ აქ „სქელი“ წყალია. დასავლეთ კანზასში, სადაც ახლა ვიმყოფებით, წყალშემცველი ჰორიზონტი იმდენად მერყევია, რომ „თხელი” და „სქელი“ წყალი ერთმანეთს სულ რამდენიმე კილომეტრში ენაცვლება.
შუადღისას, „მაიფარმსში“ მოვედით, საოჯახო მეურნეობაში, რომელსაც კომპანია King Arthur Flour-ისთვის მოჰყავს ხორბალი. რუსეთიდან ემიგრირებული გერმანელების – მაის ოჯახი, ზუსტად „დასთ-ბოულის“ პერიოდში ჩამოვიდა. პირველი ფერმა მტვერმა დაუფარა და გაუნადგურა. 30 კილომეტრში მდებარე მეორე ფერმა კი გადარჩა და აყვავდა. ბილ მაი სწორედ იქ დაიბადა 1936 წელს და ახლაც იქ ცხოვრობს. ჩვენ მიერ გაზომილი პირველი ჭა 1948 წელს გაბურღა მაის მამამ, საკუთარი ფერმა გვალვების დროს რომ გადაერჩინა. იმ დროისთვის სასწაული იყო წუთში 3800 ლიტრის ამოტუმბვა, ამ ტემპით ოლიმპიური ზომის აუზი ნახევარ დღეში აივსებოდა. თუმცა, მაის ოჯახს მარცვლეული 16 წელია არ მოურწყავს. მეზობლები საკუთარი ჭებიდან იმდენ წყალს ტუმბავენ, რომ მისი ჭის დონე ყოველწლიურად 30 სანტიმეტრით ეცემა. „გზის გა-დაღმა მეზობელს სიმინდი მოჰყავს“, ამბობს ის. მორწყულ სიმინდს დიდი შემოსავალი მოაქვს, თუმცა წყლის დიდი ხარჯი აქვს. ვკითხე, რა უნდა ეღონა. არაფერიო, – მიპასუხა, – წყლის უფლებებზე იურიდიული დავა უაზრობაა, მით უმეტეს, რომ ჩემი წყალი მაინც ამოიწურებაო.
იმ მოლოდინით, რომ მისი წყლის მარაგი ამოიწურებოდა, მაიმ 20 წელი შეალია ურწყავ მიწათმოქმედებაზე დაბრუნებას. წყალშემცველი ჰორიზონტის კლებადი რესურსების შესახებ ანგარიშები, სადაც მზარდი ფერმერული მეურნეობის ამოწურვად რესურსებზე დაყრდნობის უარყოფითი მხარეებია ასახული, 1930-იანი წლებიდან არსებობს.
ოგალალაზე განლაგებულ რვა შტატს განსხვავებული აქვს კომპლექსური ჰიდროლოგია მიწისქვეშ, კანონმდებლობები, პოლიტიკა და ფერმერული ტრადიციები. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ართულებს წყალშემცველი ჰორიზონტის შენარჩუნებას და ხელს უწყობს მის ექსპლუატაციას. შტატები მონიტორინგს უწევენ წყლის მოხმარებას და წლიური მოპოვების შესახებ მნიშვნელოვან მონაცემებს აგროვებენ. მაგრამ მოხმარების შეზღუდვა უფრო რთულია. მაგალითად, გრუნტის წყალი კანზასსა და ნებრასკაში, ხალხის საკუთრებაა. ხოლო ის შტატები, რომლებიც წყალზე უფლებებს თავად გასცემენ, აწესებენ კანონიერი მოხმარების მოცულობას. პრობლემა კი ისაა, რომ გადატვირთულ ადგილებში ქაღალდზე არსებული მოცულობა ხშირად აჭარბებს მიწისქვეშ დარჩენილ მოცულობას.
განსხვავებულია ტეხასის კანონი წყლის შესახებ. გრუნტის წყალი სახელმწიფო საკუთრება არაა; ტეხასელებს საკუთარი მიწის ქვემოდან, რამდენიც უნდათ, იმდენი წყლის ამოტუმბვა შეუძლიათ.ირიგაციის ეპოქას შეიძლება „დიდი ამოტუმბვა“ ეწოდოს. მანამდე, დიდ ვაკეებზე ხელოვნურად გამოწვეული სხვა დიდი კატასტროფის, „დიდი გადახვნის“ ანალოგიურად“.
სარწყავი მიწათმოქმედება, მშრალ მიწათმოქმედებასთან შედარებით, უფრო ძვირია და მეტი შემოსავალიც მოაქვს, შესაბამისად, მეტია ზეწოლა ამოტუმბვის გაგრძელებაზე – თესლით მოვაჭრეების, სამეურნეო აღჭურვილობის დილერების, ბანკირების, მზღვეველებისა და მემამულეების მხრიდან. „უკვე ზედმეტი მოგვივიდა“, – ამბობს ჯეი გარეტსონი, მეხუთე თაობის ფერმერი კანზასიდან. მისი უფროსი ვაჟი აეროკოსმოსურ ინჟინერიას სწავლობს კანზასის უნივერსიტეტში, რადგან მარსზე მისიები უფრო მიმზიდველია მისთვის, ვიდრე მეექვსე თაობის ფერმერობა ოჯახის მიწაზე. „ვიცით, რომ ოგალალის ზღვარს ვაჭარბებთ. მაგრამ იმდენად ჩაკეტილები ვართ ამ მიკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებში, რომ ფართო მასშტაბით ვერაფერს ვახერხებთ“.
სამხრეთით მივეშურები და ვხვდები ბედთან შეგუებულ ადამიანებს. „მართული ექსპლუატაცია“ – ეს ტერმინი ვაკეების ლექსიკონის განუყოფელ ნაწილად იქცა. ყველას ვეკითხები, რა მოხდება? როგორ ვუშველოთ? ბევრს ადარდებს, რომ წყალი მომავალ თაობას აღარ დარჩება, თუმცა ვერ ხედავენ ისეთ გამოსავალს, რომელიც ფინანსურ გასაჭირს ან კიდევ უარესს – ნგრევას არ გამოიწვევს. სხვები ამბობენ, რომ ჭები თავად გადაწყვეტენ. ზოგი ფერმერი ფიქრობს რომ „ეს მათი წყალია და მისი მოპოვება, ნახშირივით, რესურსის ამოწურვამდე უნდა შეეძლოთ“. მესაქონლეობის სადგომები და მაღალი ღირებულების საწარმოები გადარჩება, თუმცა მარცვლეული ნალექით უფრო მდიდარ შტატებში გადაინაცვლებს. იმედი ტექნოლოგიებშია; ფერმერები მაჩვენებენ აიფონის აპლიკაციებს, რომლებიც წყლის მოხმარებას ისეთი სიზუსტით ზომავენ, რომ სანტიმეტრის მეოთხედის მოცულობის წყალიც კი შეუძლიათ მიაწოდონ ნათესებს.
ნებრასკაში საქონლის საკვებ ტერიტორიაზე, ტრაქტორები სიმინდის მარცვლის უზარმაზარ გროვას ტკეპნიან, სანამ ქარი მიმოფანტავს. წყალს მონატრებული სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი საქონლის საკვებად გამოიყენება. ეს ყრილი, 130 000 ტონაა და წელიწადში 50 000 პირუტყვს გამოკვებავს.
კანზასი. ბაკში მოზვერს ერეკებიან. მეჩხერი მოსახლეობის, ნახევრადმშრალი კლიმატისა და უხვი გრუნტის წყლების წყალობით, მაღალი ვაკეების სამხრეთი გადაიქცა მსოფლიოს საკვები ბაგების ცენტრად. ერთი ცალი ჰამბურგერი დაახლოებით 1740 ლიტრ წყალს საჭიროებს, საქონლის გაზრდიდან ხორცის გადამუშავებამდე.
კრისტალი ორი წლის შვილს, ანალეა გარსიას ყოველღამე წყლით სავსე ვედროში აბანავებს. წყალს ქალაქიდან ეზიდებიან. მათიც და ნიუ-მექსიკოში მცხოვრები კიდევ 30 ოჯახის ჭები უკვე დამშრალია.
ნებრასკა. საღამოს ელჭექი ცას ანათებს. დაახლოებით 413 000 კანადური წერო, მაღალი, წითელქუდა ფრინველი, მიწისქვეშა წყლით ნასაზრდოებ მდინარე პლატეს წყალმარჩხ წყლებში იბუდებს.
მარცვლეულის წრეები, წრიული ირიგაციის სისტემები მარცვლეულისა და სხვა მცენარეების წრეებს ხაზავენ კანზასში. ამ თვითმბრუნავმა სასხურებლებმა რევოლუცია მოახდინა მიწათმოქმედებაში. ბევრად მეტი მიწა ირწყვება ეფექტიანად. წყალშემცველი ჰორიზონტის დაწევის გამო, ზოგი ფერმერი წრეების მხოლოდ ნაწილს რწყავს. ზოგადად, თითო სასხურებელს სჭირდება ჭიდან სულ ცოტა 1500 ლიტრის მიწოდება წუთში.
ნებრასკის წყალმარჩხ მდინარე კალამუსზე საქონლისთვის განკუთვნილი პლასტმასის ჭურჭლით „ნაოსნობა“ პოპულარული გასართობია ტურისტებისთვის. ოგალალის წყლის 2/3 ნებრასკის ქვეშ არის მოქცეული და გრუნტის წყლების სიუხვე კვებავს ზედაპირულ წყლებს.
ტეხასში 103-წლიანი ისტორიის მქონე თემის, მიულშოს ცენტრში, ბიზნესი ნელი ტემპით მიდის. ამ რეგიონში, სადაც ოგალალის წყალშემცველი ჰორიზონტი ირიგაციისთვის გამოიყენება, პატარა დასახლებებს ძალიან უჭირთ.
ოგალალის ამგები ქანები კლდოვანი მთებიდან ჩამოიშალა, წარმოქმნა ხრეში, რომელსაც საშენ მასალად იყენებენ. ექვსი ჰექტარი ეს ხრეში ტეხასში, სლეიტონთანაა დასაწყობებული.
ნებრასკაში საქონლის საკვებ ტერიტორიაზე, ტრაქტორები სიმინდის მარცვლის უზარმაზარ გროვას ტკეპნიან, სანამ ქარი მიმოფანტავს. წყალს მონატრებული სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი საქონლის საკვებად გამოიყენება. ეს ყრილი, 130 000 ტონაა და წელიწადში 50 000 პირუტყვს გამოკვებავს.
კანზასი. ბაკში მოზვერს ერეკებიან. მეჩხერი მოსახლეობის, ნახევრადმშრალი კლიმატისა და უხვი გრუნტის წყლების წყალობით, მაღალი ვაკეების სამხრეთი გადაიქცა მსოფლიოს საკვები ბაგების ცენტრად. ერთი ცალი ჰამბურგერი დაახლოებით 1740 ლიტრ წყალს საჭიროებს, საქონლის გაზრდიდან ხორცის გადამუშავებამდე.
კრისტალი ორი წლის შვილს, ანალეა გარსიას ყოველღამე წყლით სავსე ვედროში აბანავებს. წყალს ქალაქიდან ეზიდებიან. მათიც და ნიუ-მექსიკოში მცხოვრები კიდევ 30 ოჯახის ჭები უკვე დამშრალია.
ნებრასკა. საღამოს ელჭექი ცას ანათებს. დაახლოებით 413 000 კანადური წერო, მაღალი, წითელქუდა ფრინველი, მიწისქვეშა წყლით ნასაზრდოებ მდინარე პლატეს წყალმარჩხ წყლებში იბუდებს.
მარცვლეულის წრეები, წრიული ირიგაციის სისტემები მარცვლეულისა და სხვა მცენარეების წრეებს ხაზავენ კანზასში. ამ თვითმბრუნავმა სასხურებლებმა რევოლუცია მოახდინა მიწათმოქმედებაში. ბევრად მეტი მიწა ირწყვება ეფექტიანად. წყალშემცველი ჰორიზონტის დაწევის გამო, ზოგი ფერმერი წრეების მხოლოდ ნაწილს რწყავს. ზოგადად, თითო სასხურებელს სჭირდება ჭიდან სულ ცოტა 1500 ლიტრის მიწოდება წუთში.
ნებრასკის წყალმარჩხ მდინარე კალამუსზე საქონლისთვის განკუთვნილი პლასტმასის ჭურჭლით „ნაოსნობა“ პოპულარული გასართობია ტურისტებისთვის. ოგალალის წყლის 2/3 ნებრასკის ქვეშ არის მოქცეული და გრუნტის წყლების სიუხვე კვებავს ზედაპირულ წყლებს.
ტეხასში 103-წლიანი ისტორიის მქონე თემის, მიულშოს ცენტრში, ბიზნესი ნელი ტემპით მიდის. ამ რეგიონში, სადაც ოგალალის წყალშემცველი ჰორიზონტი ირიგაციისთვის გამოიყენება, პატარა დასახლებებს ძალიან უჭირთ.
ოგალალის ამგები ქანები კლდოვანი მთებიდან ჩამოიშალა, წარმოქმნა ხრეში, რომელსაც საშენ მასალად იყენებენ. ექვსი ჰექტარი ეს ხრეში ტეხასში, სლეიტონთანაა დასაწყობებული.
ჭების დაშრობის შემდეგ შემოსავლის შემცირების თავიდან ასაცილებლად, ფერმერები სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ მაღალი ვაკეების ერთადერთ ნამდვილად ამოუწურავ რესურსს: ქარს. ვაკეების გასწვრივ ახალაღმართული ქარის ტურბინების რიგს ჩავუარე. ტეხასში უესლი ბარნეტს თავის მიწაზე იჯარით აქვს გაცემული ქარის უფლებები ერთ ენერგოკომპანიაზე. თითო ტურბინის წლიური საშუალო ტარიფი 10 000 აშშ დოლარია: „ჩვენ ისედაც აღარ შეგვიძლია მიწის მორწყვა. ზოგისთვის ქარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
ოგალალის ნაწილს შეუძლია საუკუნეზე მეტიც გაძლოს. თუმცა წყალშემცველი ჰორიზონტის ბირთვი ამოწურვის უდიდესი საფრთხის წინაშეა. ამ უკიდურესად გადატვირთულ ზონაში, ტეხასიდან კანზას-ნებრასკის საზღვრამდე, უკვე დაწყებულია მარადიული უწყლობის ახალ ეპოქაში გადასვლა.
მეცნიერების პროგნოზით, წყალშემცველი ჰორიზონტის დაცემა გადაეჯაჭვება კლიმატის ცვლილების მზარდ შედეგებს, რასაც უფრო მეტი თბილი დღე და უფრო ხანგრძლივი, ხშირი გვალვები მოჰყვება. საშუალოზე თბილი საღამოები სამხრეთ-დასავლეთ კანზასის საქონლის სადგომებში, უკვე ნიშნავს, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იმაზე მეტ წყალს სვამს, ვიდრე შედარებით გრილ წლებში. სულ უფრო მეტი ფერმერი უბრუნდება მშრალ მიწათმოქმედებას. სავარაუდოდ, დიდი ფერმები ჩაყლაპავენ პატარა, საოჯახო ფერმებს: მცირე მოსავლიანობის მქონე მშრალი მიწათმოქმედება მოგებიანი რომ გახდეს, მეტი მიწის ფართობი სჭირდება. ირიგაცია გაქრება დიდი ნაწილიდან, ასე რომ, უფრო მეტი პატარა დასახლება გაუჩინარდება. მაღალი ვაკეების ტერიტორიაზე უკვე უამრავი დაბა იცლება.
1800-იან წლებში მზარდი მოსახლეობისთვის, მაღალი ვაკეები დიდად საიმედო რეგიონი არც ყოფილა: ქარბუქები, ტორნადოები და ანომალიურად ცხელი პერიოდები. გაწვიმდებოდა და ერთბაშად იმდენი ნალექი მოდიოდა, რომ უეცარ წყალდიდობებს იწვევდა. 1820 წლისთვის ტერიტორია (შემდგომში ნებრასკა, კანზასი და ოკლაჰომა) „დიდ ამერიკულ უდაბნოდ” აღინიშნებოდა რუკაზე, თუმცა მოხიბლულნი იაფი მიწითა და რკინიგზის პრომო-სქემით, რომელიც კლიმატის ნაკლს ანეიტრალებდა, ახალმოსახლეები მაინც გადავიდნენ დასავლეთით. ამას მოჰყვა „დიდი გადახვნა”, რადგან იმ მცდარი თეორიის იმედად, რომ ხვნას წვიმა მოჰყვება, მხვნელ-მთესველებმა საძოვრები ხორბლის მინდვრებად აქციეს.
ტყუილია მოსაზრება, რომ თუ ფერმერებს მიწისქვეშ არსებული წყლის რაოდენობა ეცოდინებოდათ, „დასთ-ბოულს“ ავიცილებდით თავიდან – მათ ეს იცოდნენ. უმეტესობას ჰქონდა არაღრმა ჭები ქარის წისქვილის ტუმბოებით. ერთადერთი, რაც მაღალი ვაკეების მოსახლეებს არ შეეძლოთ, ღრმად ბურღვა იყო. ცხენის ძალა საკმარისი იყო მხოლოდ იმდენი წყლის ამოსატუმბად, რამდენიც მათ საოჯახო ფერმებს სჭირდებოდა. ფართომასშტაბიანი ამოტუმბვა დაიწყო 1950-იან წლებში, რაც განაპირობა სოფლების ელექტრიფიკაციამ და დიზელზე მომუშავე ცენტრიდანული ტუმბოების გამოყენებამ. შემდეგ უკვე წრიული სასხურებლის გამოგონებამ გარდაქმნა სოფლის მეურნეობა. მაღალი ვაკეების მორწყული მიწის ფართობი 1949 წელს 850 000 ჰექტრიდან, 2005 წელს 6,2 მილიონ ჰექტრამდე გაიზარდა. შედეგად, ახლა კოსმოსიდან მწვანედ მობიბინე ათასობით წრე მოჩანს.
ოგალალის წყალმა კანზასი ხორბლის მოწინავე მწარმოებლად აქცია. ეთანოლის წარმოებამ და საქონლის სადგომების გაერთიანებამ კანზასსა და ტეხასში, სიმინდი გაამეფა. ღორის ხორცის გადამამუშავებელი და მერძევეობის საწარმოები გადავიდა კანზასში, ოკლაჰომასა და ტეხასში. მერძევეობას მიჰყვა ყველის ქარხნებიც. ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ყველის ქარხანა ნიუ-მექსიკოში, კლოვისთან ახლოს, წყალშემცველი ჰორიზონტის დასავლეთ კიდეზე მდებარეობს. ჩემი სტუმრობის დროს, იქ $140-მილიონიანი პროექტი ხორციელდებოდა, რითიც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ყველის საწარმო უნდა გახდეს.
ხშირად ჩივიან, რომ საქონლის საკვები და სიმინდისგან ეთანოლის დამზადება იმდენად დიდი რაოდენობის წყალს მოიხმარს, რომ ოგალალას საფრთხეში აგდებს. მაგრამ უილიამ ეშუორთი, (ავტორი წიგნისა Ogallala Blue – წყალშემცველი ჰორიზონტის ისტორია), ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ ოგალალის ამოწურვის ზღვრამდე მიყვანა მერძევეობას, ბამბას ან სიმინდს დაბრალდეს: „ამაში დამნაშავეა მერძევეობაც, ბამბაც და სიმინდიც ერთად. ასევე იონჯა, ფეტვი, საქონელი, სასხურებელი და ყველაფერი დანარჩენი, რაც წყალშემცველი ჰორიზონტის დიდი, თუმცა შეზღუდული მარაგის ნაწილს მაინც მოითხოვს. ცალკე ნებისმიერს ეყოფოდა წყალი. ერთიანობაში კი, ყველას დააკლდება და ყველა მოითხოვს, რომ ჯერ სხვებმა დათმონ“.
დედამიწის ყველა კონტინენტზეა წყალშემცველი ჰორიზონტები, რამდენიმე – ოგალალაზე დიდიც. 21-ე საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიოს მესამედის სასმელი წყალი და სოფლის მეურნეობა გრუნტის წყლებზე იყო დამოკიდებული. ჩინეთში, გვალვებით დაზარალებულ პეკინსა და მის შემოგარენში 117 მილიონ ადამიანს ინახავს ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკის წყალშემცველი ჰორიზონტი. განგი-ბრაჰმაპუტრასა და მდინარე ინდის აუზებში არსებული მსგავსი წყალშემცველი ჰორიზონტის დამსახურებაა ის, რომ 2022 წელს ინდოეთი ჩინეთს გადაუსწრებს მოსახლეობის სიდიდით და ამ მხრივ, მსოფლიოს უდიდეს ქვეყნად იქცევა.
თითქმის ყველგან ერთი და იგივე ხდება. ეს და სხვა წყალშემცველი ჰორიზონტები მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერ, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში დიდი სისწრაფით იცლება. დედამიწის მიზიდულობის ძალის ცვლილების მონიტორინგის მწარმოებელი NASA-ს თანამგზავრები აჩვენებს, რომ მსოფლიოს 37 უდიდესი წყალშემცველი ჰორიზონტიდან 21 უკვე გასცდა აღდგენის ზღვარს. ინდოეთი ახლა ყველა სხვა ქვეყანაზე მეტ გრუნტის წყალს მოიხმარს და თან უფრო დიდი ინტენსივობით.
ალბათ, რესურსის ექსპლუატაციის გადაჭარბების საუკეთესო მაგალითი საუდის არაბეთია. არაბები წყალშემცველ ჰორიზონტს იმაზე მეტი გატაცებით მიადგნენ, ვიდრე ნავთობს და 600 მეტრის სიღრმეზე გათხარეს. დიუნები მარცვლეულით გადამწვანდა და უდაბნოს ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ ექსპორტიორად იქცა 1980-90-იან წლებში. ახლა წყალშემცველი ჰორიზონტი თითქმის დაცლილია.„ფერმერის საქმე არაა წყალშემცველ ჰორიზონტზე გადაწყვეტილებების მიღება, ეს სახელმწიფოს საქმეა“.
ოგალალის შტატებს შორის, ნებრასკა გამონაკლისია. წყალშემცველი ჰორიზონტის რესურსის ორი მესამედი ამ შტატის ქვემოთაა მოქცეული, რომელიც მორწყული სავარგულების ფართობით, ქვეყანაში პირველ ადგილზეა. ოგალალის წყალი ყველგანაა. ჭარბტენიანი ტერიტორიები და პატარა ტბები ლურჯი სამკაულებივით ბრწყინავს. მდინარეები ნახირის საძოვრებიდან მოედინება, აღმოსავლეთით ფართოვდება და ძალასაც იკრებს. ეს რეგიონი რეალურად, ჩრდილოეთ ამერიკაში უდიდესი, ქვიშის დიუნების ზღვაა. ატმოსფერული ნალექი და გამდნარი თოვლი ადვილად აღწევს ქვიშაში, რაც ნებრასკას საშუალებას აძლევს, ყველაზე მსუყედ შეივსოს მარაგი წყალშემცველი ჰორიზონტის 450 000 კვ. კმ-ის ფართობზე.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ჰიდროლოგის ლეონარდ კონიკოვის თქმით, გვალვითა და ამავდროულად სიმინდის დიდი მოსავლით გამორჩეულ 2000-2008 წლებში, ოგალალამ ორჯერ უფრო სწრაფად დაიკლო, ვიდრე მის წინა ათწლეულში. წყალშემცველი ჰორიზონტი წელიწად-ში დაახლოებით 10,2 კუბურ კილომეტრ წყალს კარგავდა – რაც დიდ კანიონში გამდინარე კოლორადოს წყლის წლიური ხარჯის ნახევარს შეესაბამება. თუმცა, ამ დასკვნამ წყლის მოხმარების შემცირებას სტიმული ვერ მისცა.
წყალშემცველ ჰორიზონტზე განლაგებული, დასავლეთ კანზასის წყლის სამი უბნიდან არცერთი არ დათანხმდა ამოტუმბვის შემცირების გეგმას, თუმცა პატარა ქალაქ ჰოქსის გარშემო ფერმერები შორეული გათვლებით, დათანხმდნენ, 20 პროცენტით შეამცირონ მოხმარება 5-წლიან საცდელ რეჟიმში. ესაა თვითრეგულაციის პატარა ოაზისი დასავლეთ კანზასში – 70 ფერმერი 250 კვადრატულ კილომეტრზე. ამის მიღწევასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა. „ვიცოდით, რაღაც უნდა გვეღონა, – ამბობს ადგილობრივი ბანკირი და ფერმერი, ჯეფ ტორლუმკე, – საქმე ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ეხება – არა მარტო ირიგაციისთვის საჭირო წყალს, არამედ სასიცოცხლო წყალს. ისე თუ განვაგრძობთ ამოტუმბვას, თითქოს ხვალინდელი დღე არ დადგება, ის მართლაც აღარ დადგება“.
სამხრეთდასავლეთ კანზასში, ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამომშრალ უბანში, იმედს ამყარებენ ნაკლებად განხორციელებად, $18-მილიარდიან აკვედუკზე – შორეული ეპოქების საინჟინრო პროექტზე, რომელმაც მდინარე მისურის წყალი 580 კილომეტრის ზემოთ, მთაზე უნდა აიტანოს. მის აშენებას ცოტა მოელის და ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ჰოქსის მსგავსი, წყლის მოხმარების შემცირების გეგმის დაწერისგან თავის არიდებაა. მისურის გუბერნატორი ჯეი ნიქსონი აკვედუკზე აგდებულად საუბრობს და მას „სულელურს“ უწოდებს.
გასულ შემოდგომას, ერთ ფორუმს ვესწრებოდი, ოპტიმისტური სახელწოდებით: „ფერმერობა შორეული პერსპექტივით”, სადაც ჯულინ ბეარი, ავტორი წიგნისა „ოგალალის გზა“ (მემუარები მისი ოჯახის სამი თაობის კუთვნილი ფერმის სიყვარულის, დანაკლისისა და გაყიდვის შესახებ), იხსენებდა, როგორ მოესმა მამამისს ოგალალის „სირინოზების სიმღერა“ და როგორ გადაერთო მდგრადი, მშრალი ხორბლიდან არამდგრად სიმინდზე. ის სინანულით საუბრობდა მოხალისეთა უშედეგო მცდელობაზე, შეეზღუდათ წყალშემცველი ჰორიზონტის ექსპლუატაცია. „ადგილობრივი კონტროლი არ ჭრის, – მიმართა მან დამსწრე ფერმერებს, – ფერმერისგან ზედმეტის მოთხოვნაა საკუთარი თავის რეგულირება. ფერმერის საქმე არაა წყალშემცველ ჰორიზონტზე გადაწყვეტილებების მიღება, ეს სახელმწიფოს საქმეა“.
ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ბრტყელი პლატო – ლანო-ესტაკადო გადაჭიმულია ოდესიდან ჩრდილოეთით ამარილომდე, ტეხასში და დასავლეთით ნიუ-მექსიკომდე. წყალშემცველი ჰორიზონტი აქ იმდენად დამშრალია, რომ წრიული სასხურებლები რამდენიმე ჭიდან იღებენ წყალს, არაოფიციალური ცნობით, ერთი სასხურებელი 21 ჭიდან მარაგდება. გასაჭირშია არა მარტო სარწყავი მიწათმოქმედება, არამედ მიმდებარე ქალაქების წყლით მომარაგების სისტემაც.
ლაზბადიში, საჯარო სკოლების ადმინისტრატორმა ჯოანა მარტინესმა (შეთავსებით სკოლის ავტობუსის მძღოლიცაა), სკოლებში უწყლო პისუარები დააყენებინა. როცა ამ დასახლების ჭა დაშრა, იმდენი ქვიშა ამოანთხია, რომ სკოლის საკანალიზაციო სისტემა მთლიანად გაანადგურა. ახალი ჭა კი იმდენად წყალმცირეა, რომ ფეხბურთის მოედანი შარშან მხოლოდ ერთხელ მოირწყა, ოდნავ რომ დარბილებულიყო და მოთამაშეები ნაკლებად დაშავებულიყვნენ – ამასთან, მხოლოდ მოედნის ცენტრალურ ნაწილში და არა – კიდეებზე.
შტატებს შორის საზღვარს ვკვეთ კლოვისში, ქალაქში დიდი ამბიციებითა და არასაკმარისი წყლით. ირიგაციამ წყალშემცველი ჰორიზონტი ისე ქვემოთ დაწია, რომ 73 ჭა დღეს უფრო ნაკ-ლებ წყალს მიაწოდებს მოსახლეობას, ვიდრე 28 ჭა აწვდიდა 2000 წელს. „სწრაფად ვეშვებით ფსკერზე“, – ამბობს მეიორ დევიდ ლანსფორდი.
ხსნა ჩრდილოეთითაა 115 კილომეტრში. აღმოსავლეთ ნიუ-მექსიკოს წყლის სამმართველო აპირებს, 240-კილომეტრიანი მილსადენი გაიყვანოს მდინარე კანადიანზე მდებარე უტის წყალსაცავიდან სამხრეთით კლოვისამდე და მიმდებარე ქალაქებამდე ტეხასის საზღვრის გასწვრივ. წყალსაცავის სანაპიროზე, სოფელ ლოგანის მცხოვრებლები შიშობენ, რომ ეს ახალი „საწრუპი მილი“ ისე მალე ჩაიტანს სამხრეთით წყალს, რომ მათ ტურისტულ მეურნეობას მოსპობს. „რადგან საკუთარი ყულაბა გატეხე, არ ნიშნავს, რომ შენი უმცროსი ძმის ყულაბას უნდა მიადგე და მისი ფული აიღო“, – ამბობს სავაჭრო პალატის ყოფილი უფროსი თი ჯეი სმითი. მილსადენს დაფინანსება კვლავ არ აქვს და ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ხალხის პრობლემებს მაინც ვერ გადაჭრიდა, რომლებიც, მაგალითად, ბაფი-ბერდოზას მსგავსად, კლოვისის მუნიციპალური წყლის არეალიდან მოშორებით ცხოვრობს.
ბერდოზას საკუთარი სახლი აქვს ქალაქიდან სამხრეთით სამ კილომეტრში, სადაც ყველა ჭა დამშრალია. ბერდოზა 46 წლისაა და პირად მომვლელად მუშაობს. სამსახურის შემდეგ, ყოველღამე, ათზე მეტ 20-ლიტრიან ჭურჭელს ავსებს წყლით და სახლში ეზიდება, კლოვისში მისმა შვილებმა რომ ტუალეტის ჩარეცხვა და ბანაობა შეძლონ. უკვე ოთხი წელია ასე აკეთებს.
მის მეზობლად მცხოვრები კარდიოქირურგი აიბარგა და მონტანაში გადასახლდა, ბერდოზას კი იპოთეკით აქვს დატვირთული სახლი და ვერაფრით ვერ გაყიდის. ვინ იყიდის სახლს, სადაც წყალი არ მოდის? ამბობს, რომ ღამით წყალი ესიზმრება. სიზმარი ყოველთვის ერთია: შხაპს იღებს ან თბილი წყლით სავსე აბაზანაში წევს და ყოველთვის ბევრი წყალი აქვს.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.