
უკანასკნელი ინდივიდისგან ნასწავლი გაკვეთილი
უკანასკნელმა ჩრდილოურმა თეთრმა მარტორქამ ფოტოგრაფს ასწავლა, რომ არც ბუნებასთან კავშირის იგნორირება შეიძლება და არც – ერთმანეთის
კარიერა დავიწყე კონფლიქტების გაშუქებით. 26 წლიდან მოყოლებული, მე მოვხვდი კოსოვოში, ანგოლაში, ღაზაში, ავღანეთსა და ქაშმირში. სისასტიკის აღბეჭდვა მინდოდა. ყველაზე შთამბეჭდავად ძალადობისა და რბევის ამბებს ვთვლიდი. ადამიანურ კონფლიქტებზე შუქის მოფენა უგულებელსაყოფი არ არის, თუმცა მთელი ყურადღების ამაზე გადატანამ ცხოვრება კოშმარად მიქცია.
კონფლიქტების გადაღების შემდეგ თანდათანობით მივხვდი, რომ ჟურნალისტის ვალია ადამიანების გამაერთიანებელი თემებიც გააშუქოს. რასაც ვეძებთ, იმას ვიპოვით: იმასაც, რაც გვაშორებს და იმასაც, რაც გვაერთიანებს.
საომარ ზონებში გატარებულმა წლებმა გონება გამინათა: ადამიანთა ყოფის შესახებ მოთხრობილი ამბები ბუნებასაც ეხება.
ეს ჭეშმარიტება ჩემს მთავარ მამოძრავებლად იქცა, როდესაც ჩრდილოური თეთრი მარტორქა – სუდანი – გავიცანი.
სუდანი პირველად 2009 წელს, ჩეხეთის ზოოპარკში ვნახე. ზუსტად მახსოვს ის მომენტი: დათოვლილი ვოლიერიდან გადაჰყავდათ უზარმაზარ კონტეინერში, რომლითაც 6000 კილომეტრზე მეტი უნდა გაევლო სამხრეთით კენიამდე. ფრთხილად მოძრაობდა. თოვლი დაყნოსა. ფაქიზიც იყო, ტლანქიც, არაამქვეყნიური. ვიცოდი, რომ უძველესი არსება მედგა წინ, 50 მილიონწლიანი ევოლუციის პროდუქტი, რომლის წინაპრებიც ოდითგანვე დაეხეტებოდნენ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში.
ზამთრის იმ დღეს სუდანი იყო პლანეტაზე შემორჩენილი სულ რვა ჩრდილოური თეთრი მარტორქიდან ერთ-ერთი. ერთი საუკუნის წინ ასობით ათასი მარტორქა იყო აფრიკაში. ადრეულ 1980-იან წლებში ნადირობამ მათი რიცხვი 19 000-მდე დაიყვანა. ამ ცხოველის რქა უბრალოდ კერატინია (ისევე როგორც ჩვენი ფრჩხილები) და განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები არ გააჩნია, თუმცა უხსოვარი დროიდან მსოფლიოს ხალხები მას ციებ-ცხელებისა თუ იმპოტენციის უებარ წამლად მიიჩნევენ.
სუდანი რომ გავიცანი, დანარჩენი ჩრდილოური თეთრი მარტორქები ზოოპარკებში იყვნენ, ბრაკონიერებისგან შორს, თუმცა რეპროდუქციის შეზღუდული შესაძლებლობებით. კონსერვაციონისტების გაბედული გეგმა კენიაში საჰაერო ტრანსპორტით ოთხი მარტორქის გადაყვანას გულისხმობდა. იმედი ჰქონდათ, რომ წინაპართა ჰაბიტატის ჰაერი, წყალი, საკვები და გაშლილი სივრცე დადებითად იმოქმედებდა მათზე, გამრავლების სტიმული გაუჩნდებოდათ და აფრიკაში ახალ პოპულაციას ჩაუყრიდნენ საფუძველს.
ეს გეგმა ბედნიერი დასასრულის მქონე საბავშვო მოთხრობასავით ჟღერდა, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ ეს სახეობის გადარჩენის სასოწარკვეთილი ძალისხმევა უფრო იყო. Dvůr Králové Zoo, Ol Pejeta Conservancy, Kenya Wildlife Service, Fauna & Flora International, Back to Africa, და Lewa Wildlife Conservancy ძალას არ იშურებდნენ ამ გადასახლების ხელშესაწყობად. დეკემბრის სუსხიან ღამეს ოთხი მარტორქა ჩეხეთის ზოოპარკიდან კენიისაკენ გაეშურა.

საქმე აქამდე როგორ მივიყვანეთ? გამაოგნებელია, ცრურწმენაზე დაფუძნებულმა რქაზე მოთხოვნამ როგორ გამოიწვია სახეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. თუმცა, იმედის მომცემია ადამიანების გაერთიანება იმ ძვირფასი და უნიკალური რაღაცის გადასარჩენად, რასაც სამუდამოდ დაკარგვა ემუქრებოდა.
სუდანის გაცნობამ ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით წაიყვანა. დღეს ჩემი საქმე მხოლოდ ადამიანურ ყოფას აღარ ეხება. ახლა უკვე ბუნებაზე მოგითხრობთ და ამით გიყვებით ჩვენს სამყოფელზე, მომავალზე და ყველა ცოცხალი არსების ურთიერთდამოკიდებულებაზე.
საჰაერო მოგზაურობიდან ცხრა წელიწადში სასწრაფოდ გამომიძახეს კენიაში. ხნიერი, 45 წლის სუდანი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. ცხოვრების მიწურული მშობლიურ ბუნებაში გაატარა, თუმცა შეიარაღებული დაცვის გარემოცვაში, რომელიც მას ბრაკონიერებისაგან იცავდა. სახელიც გაითქვა როგორც „მსოფლიოს ყველაზე სასურველმა სასიძომ“.
სუდანის სიკვდილი მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ბევრზე იმოქმედა. იქ ჩასულს უამრავი ადამიანი დამხვდა, ვისაც ის უყვარდა და მასზე ზრუნავდა. სუდანის ერთგული მომვლელი, ჯოზეფ ვაჩირა (ფოტო, წინა გვერდზე) მიუახლოვდა, რომ უკანასკნელად მოფერებოდა. სუდანმა ვეებერთელა თავი მომვლელს მიადო. ასე გადავიღე ძველი მეგობრების უკანასკნელი შეხვედრის კადრი.
ბოლო წუთებში სიმშვიდე იყო – წვიმდა, ერთადერთი ფრინველის ძახილი და სუდანის მომვლელების გაგუდული ქვითინი ისმოდა. მომვლელები გაცილებით მეტ დროს უთმობენ ჩრდილოურ თეთრ მარტორქებს, ვიდრე საკუთარ შვილებს. ცოცხალი არსების – თანაც სახეობის უკანასკნელი მამრი ინდივიდის – სიკვდილს, იმედია, აღარასოდეს ვიხილავ. თითქოს ადამიანის მოდგმის დასასრულს ვუყურებდი.
ჩრდილოური თეთრი მარტორქები შეიძლება ვერ გადაურჩნენ ადამიანის სიხარბეს, თუმცა იმედის ნაპერწკალი მაინც არსებობს. დღეს მსოფლიოში ორადორი მდედრია დარჩენილი და მათ გასამრავლებლად ინ-ვიტრო განაყოფიერებას გეგმავენ.
ეს ჩემთვის უბრალო მონათხრობი არ არის. გადაშენების თვითმხილველნი ვართ, ახლა, ჩვენ თვალწინ. ბრაკონიერობის შემთხვევები არ ნელდება. ნადირობის ტენდენცია თუ ასევე გაგრძელდა, სრულებით შესაძლებელია, ჩვენსავე სიცოცხლეში ფუნქციურად გადაშენდეს მარტორქის ყველა სახეობა. ეკოსისტემისთვის საკვანძო სახეობებს უდიდესი ზეგავლენა აქვთ გარემოზეც და ყველა ჩვენგანზე. ეს გოლიათები მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული კომპლექსური სამყაროს ნაწილი არიან და მათი გადარჩენა გადაჯაჭვულია ჩვენს მომავალთან. მარტორქების, სპილოების და სხვა ცხოველების გარეშე დავკარგავთ წარმოსახვას, საოცრებებს და სილამაზის ხილვის შესაძლებლობას. საკუთარ თავს ბუნების ნაწილად თუ აღვიქვამთ, ისიც გვესმის, რომ ბუნების გადარჩენა საკუთარი თავის გადარჩენას ნიშნავს.
ეს მე სუდანმა მასწავლა.
ემი ვიტალეს ასიოდე ქვეყნის ამბავი აქვს გაშუქებული საკუთარი ფოტოებით.