ნაახალწლევს ჩვენთან, რედაქციაში, რამდენიმე საინტერესო ადამიანთან გვქონდა შეხვედრა. ანა მელივა, ლადო გუდიაშვილის შვილიშვილი, და ხელოვნებათმცოდნე თეა ინწკირველი გატაცებით გვიყვებოდნენ მხატვრის ბიოგრაფიის ერთ დეტალზე – როგორ მოხატა ლადო გუდიაშვილმა ქაშვეთის საკურთხეველი გაქანებული საბჭოთა რეპრესიების დროს; როგორ არ შეუშინდა „ცეკას” გაფრთხილებებს, ფერწერაში ჩაფლული, როგორ ვერ გრძნობდა სანდლებისგან გადატყავებულსა და დღე და ღამე ხარაჩოებზე დგომით დასიებული ფეხების ტკივილს.
საუბარში პროფესორი მერაბ ბუჩუკური, სასულიერო აკადემიის ხატწერისა და რესტავრაციის კათედრის გამგე ჩაერთო. მას უფრო სხვა მხარე აინტერესებდა – როგორ, რა ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლო ამ უდიდესმა ტალანტმა, დაეხატა ფრესკა, რომელიც, ალბათ, უფრო გამძლე იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რაც კი ქართული კედლის მხატვრობის ისტორიის განმავლობაში შექმნილა.
ფოტოგრაფი მირიან კილაძე თავის გეგმას გვაცნობს – მოგროვდეს ფოტომასალა, სანამ აღდგენითი სამუშაოები მიდის, რადგან პროცესი ძალიან საინტერესოა და ღირს მისი ამ სახით თაობებისთვის შენახვა.
მე კი ამ დროს ვფიქრობ – რა საოცარი რამაა ხელოვანის ნიჭი, რომელიც მხატვარს არამარტო შედევრს აქმნევინებს, არამედ ათწლეულების შემდეგაც კი, ამდენ ადამიანს ასეთი ენთუზიაზმით აერთიანებს სამუშაო ჯგუფში.
„გუდიაშვილის კაპელა” – ასე დავარქვით პატარა სტატიას, რომელიც ბრძოლის, ინოვაციის, განდევნილობის, დაფასებისა და აღდგენის დიდ პროცესს აღწერს.