უსასრულო გზები
წელიწადის დროები, უსასრულო გზები და საქართველო ჩიტის საფრენი სიმაღლიდან
უსასრულო გზები
წელიწადის დროები, უსასრულო გზები და საქართველო ჩიტის საფრენი სიმაღლიდან
„პარიზი ჩიტის საფრენი სიმაღლიდან“ – ასე ჰქვია ვიქტორ ჰიუგოს რომანის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ ერთ-ერთ თავს. მახსოვს, ამ თავს რომ ვკითხულობდი, ძალიან მიკვირდა, რანაირად მოახერხა ავტორმა XIX საუკუნის დასაწყისში პარიზის ჩიტის საფრენი სიმაღლიდან ასე დეტალურად აღწერა-მეთქი. ჩემს ბავშვურ წარმოსახვაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჰიუგოს უნარმა, აღეწერა ის, რასაც რეალურად მაშინ ვერაფრით ნახავდა და ჰიუგოსეული „პარიზი ჩიტის საფრენი სიმაღლიდან“ განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა.
ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა არტრედაქტორმა, რუსო ყიფიანმა, ფოტოგრაფ ბილის (დავითი) დრონით გადაღებული კადრები მაჩვენა. „საქართველო ჩიტის საფრენი სიმაღლიდან“ – გავიფიქრე და ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, ნეტა ჰიუგოს რომ დღეს ეცხოვრა, რანაირად დაწერდა იმ თავს-მეთქი. თუმცა ჰიუგო იქით იყოს და ბილის მართლაც ძალიან საინტერესო ფოტოსესია გამოუვიდა და, როგორც აღმოჩნდა, მისთვისაც სწორედ ჩიტის საფრენი სიმაღლე ყოფილა საკვანძო ინტერესი: „ჩემთვის დრონის აფრენა ყოველთვის ფრენასთან ასოცირდება, – მითხრა მან, – სულ სხვანაირად ჩანს სიმაღლიდან ჩვენთვის ნაცნობი ადგილები. მანამდეც მილიონჯერ გამივლია საბადურის ტყის გზა და არასდროს მიფიქრია, რომ ის შეიძლებოდა სიმაღლიდანაც ასეთი ლამაზი და მისტიკური ყოფილიყო“. ბილის სერპანტინების გადაღებაც უყვარს, რადგან საქართველოს რთული რელიეფი ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს სთავაზობს.
ასე რომ, წარმოგიდგენთ მრავალფეროვან საქართველოს – ჩიტის საფრენი სიმაღლიდან!