
ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს | ბაჩო ხაჩიძე
პირველმა წარუმატებლობამ მოგვცა გამოცდილება, რამაც მიდგომა შეგვაცვლევინა და შედეგად ახალი პროდუქტი გვაქვს – მწვანე ბრენდ ნიშნის დამკვიდრება გლობალურ ბაზარზე მობილური აპლიკაციის საშუალებით
ბაჩო ხაჩიძე: „რატომ მომწონს ჩვენი გუნდი და რით ვავსებთ ერთმანეთს? ლაშა არის ტექნოლოგიური ადამიანი, მე – მწვანე ადამიანი. სტარტაპის პრინციპიც ამაში მდგომარეობს – ორი სხვადასხვა დისციპლინა ხვდება ერთმანეთს ერთი პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ გარემოს დაცვის ასპექტების, ახალი ტექნოლოგიებისა და ადამიანური ფაქტორის შერწყმის შედეგად მივიღეთ პროექტი „Treepex“.
ბაჩო, თქვენ, ლაშა კვანტალიანთან ერთად, Treepex-ის თანადამფუძნებელი ხართ. საიდან დაიბადა სტარტაპის იდეა და რამდენად წარმატებული იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?
მე და ლაშამ სხვადასხვა გზა გამოვიარეთ. ის სტარტაპების სამყაროში მუშაობდა, მე – გარემოს დაცვით პროექტზე. ერთ მშვენიერ დღეს, ერთმანეთს შევხვდით, ბევრი ვისაუბრეთ და მეც ჩამითრია სტარტაპ ცხოვრებამ. 3-4-თვიანი მუშაობის შედეგად, ოფიციალურად გავუშვით ჩვენი სტარტაპი. პროექტის მიხედვით, ადამიანი რგავდა ხეს, უღებდა ფოტოს და უგზავნიდა ხის დარგვის გამოწვევას მისთვის უცნობ ადამიანს, რომელსაც კომპიუტერული პროგრამა არჩევდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა კომპანიამ რამდენიმე კონკურსზე გაიმარჯვა (ევრაზიის მასშტაბით 6200 გუნდიდან 21 საუკეთესოში მოხვდა), მივხვდით, რომ ჩვენი პირველი პროექტი არ მუშაობდა. ხის დარგვა ნამდვილად ძალიან კარგია, მაგრამ ყველას არა აქვს იმის დრო, მოტივაცია, ბოლოს და ბოლოს თანხა, რომ მიიღოს ეს გამოწვევა და დარგოს ხე.
ამიტომ, ჩავატარეთ კვლევა, დავხვეწეთ იდეა, შევცვალეთ კონცეფცია და ჩვენი ოცნება მიზნად ვაქციეთ. სტარტაპის იდეა ხომ ინოვაციური გზით მომგებიანი ბიზნესმოდელის პოვნაა.
პირველმა წარუმატებლობამ მოგვცა გამოცდილება, რამაც მიდგომა შეგვაცვლევინა და შედეგად ახალი პროდუქტი გვაქვს – მწვანე ბრენდ ნიშნის დამკვიდრება გლობალურ ბაზარზე მობილური აპლიკაციის საშუალებით.
მაინც რას გულისხმობს Treepex-ი?
Treepex-ი მწვანე ბრენდ ნიშანია, რაც თქვენთვის, როგორც რიგითი მომხმარებლისთვის გულისხმობს, შემდეგს: 1. თქვენ ყიდულობთ მაღაზიაში თქვენთვის სასურველ ნივთს, რომელსაც Treepex-ის ლოგო აქვს დაკრული და QR უნიკალური კოდი ახლავს თან; 2. დაასკანირებთ უფასო მობილური აპლიკაციით QR კოდს; 3. გადაუღებთ ფოტოს (ან სელფის) თქვენს შეძენილ ნივთს; 4. გააზიარებთ ფოტოს სოციალურ ქსელში. ამ ყოველივეს შედეგად, თქვენს სახელზე საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე დაირგვება თქვენი პირადი ხე და გეცოდინებათ, რომ თქვენც შეიტანეთ წვლილი საქართველოს ბუნების გამწვანებაში.
დარგვის შემდეგ ვინ ზრუნავს ამ ნერგებზე, საიდან უნდა გავიგო, იხარა თუ არა ჩემმა ხემ?
ხის დარგვა და მისი მოვლა ჩვენი ბიზნესინტერესია. ჩვენთან ერთად ამ ნერგებს რგავს ადგილობრივი მოსახლეობაც. დარგულ ნერგს ვამაგრებთ წარწერას კონკრეტული ადამიანის სახელით, ვუღებთ ფოტოს და ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით ვუგზავნით მფლობელს, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია კომპიუტერის მეშვეობით ადვენოს თავლი მის ზრდა-განვითრებას.
ვინ იხდის ყოველივე ამისათვის საჭირო თანხას? ეს ქველმოქმედებაა?
ეს არ არის ქველმოქმედება. ჩვენს პროდუქტში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ვიპოვეთ მოდელი, რომელშიც დიდ ბიზნეს კომპანიებს არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, არამედ თავისი ბიზნეს ინტერესებიც გააჩნიათ… კომპანია სარეკლამო მიზნებით იხდის QR კოდის საფასურს, რადგან მისი პროდუქტი პოზიტიურ კონტექსტში გამოჩნდება ფეისბუქზე. კომპანიებს ვეუბნებით, რომ ჩვენი სერვისით შეუძლიათ განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთონ თავიანთ მომხმარებელს – დაურგონ ხე თავის სახელზე, რაც მარკეტინგული კამპანიაც არის და კარგი საქმეც.
რამდენადაც ვიცი, ასეთი რამ სხვაგან არსად გაუკეთებიათ.
დიახ, ასეა. რამდენიმე უცხოელს შევთავაზეთ ჩვენი პროდუქტი და ირლანდიელი ბიზნესმენი, რომელიც, ინტერნეტით ყიდდა ხისგან დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს, თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა – თავის ნივთებს Treepex-ის ლოგო დააკრა და ახლა ყველა, ვინც მისგან ყიდულობს რამეს, საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე იღებს თავის სახელზე დარგულ ხეს. იქნებ საკუთარი ხის ქონამ საქართველოში იმის სურვილიც გაუჩინოს, რომ თუშეთს ან აჯამეთის აღკვეთილს ეწვიოს თავისი ხის მოსანახულებლად. თუ ასე მოხდა, პროექტი ტურიზმის განვითარებაშიც შეიტანს წვლილს.
ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ თქვენი საქმიანობით ბუნება არ დაზიანდება?
ჩვენ ხშირად გავდივართ კონსულტაციებს ექსპერტებთან, რათა რაიმე შეცდომა არ დავუშვათ და ზუსტად ვიცოდეთ რა, სად და რა წესით უნდა დაირგას. ამჟამად, დაცულ ტერიტორიაზე – აჯამეთის აღკვეთილში მიმდინარეობს გადაშენების პირას მყოფი ქართული მუხისა და იმერული მუხის აღდგენის პროცესი. ჩვენ ეკოლოგობას არ ვიბრალებთ, ექსპერტებს ვუსმენთ და ვუჯერებთ მათ. ბიზნესმოდელი უკვე მუშაობს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ხეების დარგვა არ გვინდა, მათ მერეც სჭირდებათ მოვლა და ჩვენზე მეტად არავინაა დაინტერესებული, რომ დარგულმა ხეებმა იხარონ და ასეულობით წელი იცოცხლონ. ამ მხირვაც ვფრთხილობთ და ზუსტად მივყვებით საერთაშორისო რეგულაციებს, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ხეების გახარებას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ რაიმეს არასწორად ვაკეთებთ, ჩვენი ექსპერტები სიამოვნებით მოუსმენენ. გაგვაკრიტიკეთ არგუმენტირებულად, დაგვეხმარეთ და მოგვეცით რჩევები.
ნამდვილად სასიამოვნოა კარგი საქმის კეთება, მაგრამ მომხმარებლისთვის ეს მაინც ვირტუალურად დარგული ხეა.
რა თქმა უნდა, შენი ხელით დარგვის სიამოვნებას არაფერი შეედრება, მაგრამ როცა ამის საშუალება არ არის, ჩვენი სტარტაპით ხალხს ალტერნატივას ვთავაზობთ. დიდი ქალაქის მცხვორებლები ძალიან დაკავებულები არიან. ყველას უნდა გარკვეული წვლილი შეიტანოს ბუნების გადარჩენაში, ოღონდ არ იციან, კონკრეტულად როგორ გააკეთონ ეს. არ არის ადვილი ნერგის შერჩევა და იმ დროისა და ადგილის ცოდნა სადაც უნდა დარგო (არაოფიციალურად დარგვა არც შეიძლება)… ამიტომ, ჩვენ ვეუბნებით მომხმარებელს: მოდი, შენ გააკეთე ის, რასაც ისედაც აკეთებ ყოველდღიურად და ამან სარგებელი მოგიტანოს შენ, შენ გარშემო მყოფ ადამიანებს და შენს მომავალს – დაირგოს ხე. თუ ბევრი ადამიანი მოიქცევა ასე, შედეგი უკვე ხელშესახები გახდება და კიდევ ერთი: ის, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, სხვანაირად გვიყალიბებს ცნობიერებას, სხვანაირი პასუხისმგებლობით განგვაწყობს გარემოს მიმართ. ასე მგონია, გარემოსაც ნაკლებ ზიანს მოვუტანთ.
იქნებ, მას მერე, რაც უკვე საკუთარი ხე ექნება, მეტი მოტივაცია და ინტერესი გაუჩნდეს ვინმეს და საკუთარი ხელითაც მოინდომოს მისი დარგვა. სკეპტიკურად განწყობილ მომხმარებელს კი ვთავაზობთ, რომ ერთად წავიდეთ და დავრგოთ ნერგები – მათ ულამაზეს ადგილებში ვეპატიჟებით.
სტარტაპი არის ბიზნესი, რომელსაც მასშტაბური და გლობალური ზრდა შეუძლია. თქვენი სტარტაპიც პერსპექტიულია?
დიახ, ამ პროდუქტს აქვს გლობალური პერსპექტივა და ქართული კომპანიების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. გვინდა მსოფლიოს დავანახოთ, რომ ამ იდეამ რადგან აქ იმუშავა, სხვაგანაც იმუშავებს, რადგან დღეს მსოფლიოს ისე სჭირდება, რომ თითოეული ადამიანი ყოველდღიურად და არა ერთჯერადად ზრუნავდეს გარემოზე როგორც არასდროს.
ჩვენი თაობა ხშირად ჩივის, რომ მშობლებმა ცუდი ასპარეზი დაუტოვეს. ჩვენ რას ვუტოვებთ ჩვენს შვილებს? ჯერჯერობით, იმაზე ნაკლებს, რაც მივიღეთ. ვგრძნობ, რომ ყოველდღე ცხრიდან ექვსამდე მხოლოდ ოფისში ჯდომის ნაცვლად, ჩემი იდეებით, მიდგომებითა და ენერგიით რაღაცის შეცვლა შემიძლია. ჩემს თავს სულ ვუმეორებ, რომ დიდი პაუსხისმგებლობით გვჭირდება მეტი მუშაობა, ინიციატივის გამოჩენა, ახალი იდეების დამუშვება და გახსნილობა. ასეთ დროს მეტი კრიტიკა, გამოწვევა და ტალახიც მოგვხვდება, მაგრამ არა უშავს, მთავარია, მერე არ ვთქვათ, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთება შეგვეძლო და არ გავაკეთეთ. გვინდა, ჩვენს შვილებს – ჩემს 3 წლის ანდრიასა და ლაშას და 1 წლის მაქსიმილიანეს უკეთესი გარემო დავუტოვოთ.