
ვარსკვლავების უკვდავი ნიშნები
პიონერი ქალი ასტრონომები მინის ფირფიტებზე ვარსკვლავების შესახებ მიგნებებსა და ნააზრევს ინიშნავდნენ. ბევრი წაიშალა, რამდენიმე კი ხელოვნების ნიმუშად შემოგვრჩა.
გრავიურა, რომელსაც ერიკა ბლუმენფელდი მაჩვენებს, მუქი ლურჯი სივრცეა, ისეთი ლურჯი, რომანტიკასა და ღამეს რომ გვახსენებს. ის ოქროსფერი პუნქტირითაა მოფენილი – ხაზებით, ისრებით, წინწკლებით. ერიკას ხელოვნება ქაღალდზე მელნით იქმნება, სათავეს საუკუნოვანი არტეფაქტებისგან იღებს, შთაგონებას – ასტრონომიის ყურადღების მიღმა დარჩენილი პიონერებისგან, სიცოცხლეს კი – სინათლის შეცნობის წყურვილით.
• • •
ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიაში (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი), სამ სართულზე განთავსებული მეტალის კარადები მინის 550 000-ზე მეტ ფირფიტას ინახავს. მათი ზომები უმეტესად 20 და 25 სანტიმეტრია. ესაა ნეგატივები XIX საუკუნის შუა ხანებიდან. ერთ მხარეს შორეული ვარსკვლავებიდან მომავალი შუქია დატანილი, მეორე მხარეს განტოლებები, ისრები, წრეები, ასოები და სხვა ნიშნებია. მინაწერებს ის ქალები აკეთებდნენ, რომლებიც მონაცემების გასაშიფრად დაიქირავეს.
1885 წლიდან 1950-იან წლებამდე ფირფიტებს ასობით ე.წ. ქალი გამომთვლელი შეისწავლიდა. ქალებმა აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული ვარსკვლავების სიკაშკაშის ცვალებადობა მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე მიუთითებდა, ამ მიმართებამ კი ფართო მანძილების გაზომვის საშუალება მოგვცა. მათ გააანალიზეს ვარსკვლავის სინათლის სპექტრი და დაასკვნეს, რომ ვარსკვლავის ფერების ინტენსივობა მის ქიმიურ შემადგენლობაზე მეტყველებდა. ისინი ითვლიდნენ და კატალოგში შეჰქონდათ გალაქტიკები. ამ აღმოჩენებით ქალებმა თანამედროვე ასტროფიზიკას ჩაუყარეს საფუძველი.
მათ მიერ დატანილი ნიშნები 470 000 ფირფიტიდან უკვე მოაშორეს.
იმისათვის, რომ მსოფლიოს მკვლევრებს ფირფიტებზე დატანილი ასტრონომიული მონაცემების ისტორიული განძი გამოეყენებინათ, კოლექცია ციფრულ ფორმატში უნდა გადაეყვანათ. 2000-იანი წლების დასაწყისში ჰარვარდის ასტროფიზიკოსმა ჯონათან გრინდლეიმ დაიწყო პროექტი, რომელიც თითქმის დასრულდა: „ციფრული წვდომა საუკუნოვან ცაზე ჰარვარდში“, იგივე DASCH-ი, კოლექციის უდიდესი ნაწილის ციფრული სკანოგრამების არქივი.
გრინდლეის თქმით, მინის ფირფიტიდან ასტრონომიული მონაცემების მკაფიო სურათის აღსაბეჭდად ფირფიტის უკანა მხრიდან ქალების მინაწერების მოშორებაა საჭირო. სანამ ბლუმენფელდმა 2019 წელს ამ ამბის შესახებ შეიტყო, უკვე 400 000 ფირფიტა ჰქონდათ სკანირებული. „როდესაც გავიგე, რომ ფირფიტებს მინაწერებისგან ასუფთავებდნენ, შევწუხდი“, – მითხრა მან. გადაწყვიტა, ნიშნების სილამაზე და შინაარსი შეენარჩუნებინა, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე ფირფიტაზე. მისთვის შთამაგონებელი ქალების პატივსაცემად ბლუმენფელდმა თავის შემოქმედებას „ციური მნათობების კვალდაკვალ“ უწოდა.
ჰარვარდის უნივერსიტეტმა ასობით „ქალი გამომთვლელი“ დაიქირავა ფირფიტების შესასწავლად, გალაქტიკების დასათვლელად და კატალოგში შესატანად. მათმა აღმოჩენებმა თანამედროვე ასტროფიზიკას ჩაუყარა საფუძველი.
ბლუმენფელდის ხელოვნება სინათლით და მისი აღბეჭდვითაა შთაგონებული. თავის შემოქმედებაში იგი ამ თავისებურებას ხედავს: ზოგი ხელოვანის ან ფოტოგრაფისგან განსხვავებით, მას არ აინტერესებს ის, თუ როგორ ირეკლავს შუქს პეიზაჟი ან ადამიანი. მას თავად სინათლის ასახვა სურს.
1990-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ბლუმენფელდი ახალ ულინზო კამერებს აწყობს. ეს უნიკალური კამერები ციურ სინათლეს აგროვებს, როგორც დამაბრმავებლად კაშკაშას, ისე სუსტს. ბლუმენფელდმა ხელოვნების ნიმუშები შექმნა მთვარის ფაზებით, მზის ციკლებით, მზებუდობებით. მან უწყვეტი კავშირი გააბა მკვლევრებსა და მონაცემებთან.
„ყოველთვის ვეძებ კავშირებს“, – ამბობს ბლუმენფელდი. ეძებს, მაგალითად, მეცნიერებისა და ხელოვანების საზიარო თვისებებს: ცნობისმოყვარე ბუნებას, დაკვირვების საოცარ უნარს, ბუნებრივ სამყაროზე სიღრმისეულ რეფლექსიას. ამ თვისებებს მკაფიოდ ხედავს მინის ფირფიტებზე დატანილ სიტყვებსა და ნახაზებშიც. „ეს მინაწერები ამ ქალების გატაცებისა და თავდადების მტკიცებულებაა მათი კვლევის და თავად ვარსკვლავების მიმართ“, – ამბობს იგი.
ბლუმენფელდს უნდოდა, შეექმნა ნამუშევარი, რომელიც შემოინახავდა „ქალი გამომთვლელების“ შეტანილ წვლილს. 2019 წლისთვის თავად ქალების მიერ მელნით დატანილი მინაწერების ფირფიტიდან სხვა ზედაპირზე გადატანის გეგმაც შეიმუშავა. ჰარვარდის უნივერსიტეტმა ბლუმენფელდს უფლება მისცა, 2020 წლის მარტში ეს მეთოდი 50 კონკრეტულ ფირფიტაზე გამოეცადა. სანამ ხელოვანი საქმეს შეუდგებოდა, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ჰარვარდის უნივერსიტეტში ვიზიტორებისთვის შენობებში შესვლა შეიზღუდა.
ამასობაში, პროექტ DASCH-ის შიდა სამუშაოები გაგრძელდა: იღებდნენ ფირფიტის ხელით ნაწერ მხარეს, ასუფთავებდნენ და ასკანერებდნენ ასტრონომიული მონაცემების მხარეს. რაც უფრო იწელებოდა პანდემია, ფირფიტები, რომლებიც ბლუმენფელდს თავისი ხელოვნებისთვის უნდა გამოეყენებინა, სულ უფრო მიუწვდომელი ხდებოდა.
გამორჩეული ნიშნების ან ისტორიული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ფირფიტა სპეციალურ არქივში საგულდაგულოდ იყო შენახული. არქივს ვილიამინა ფლემინგის კოლექცია ეწოდება ჰარვარდის ერთ-ერთი ნოვატორი „ქალი გამომთვლელისა“ და ასტრონომის პატივსაცემად. დანარჩენები, რომელთა გადარჩენის იმედიც ბლუმენფელდს ჰქონდა, სკანირებას გადიოდა და მათზე არსებული ჩანაწერები სრულად მოშორებული იყო.
რადგან ბლუმენფელდისთვის ფირფიტები არ იყო ხელმისაწვდომი, მათზე ვირტუალურად დაიწყო მუშაობა. DASCH-ის ციფრული ფოტოების პორტალში ათასობით ფირფიტის ფოტოს ათვალიერებდა. ბოლოს ექვსი ფირფიტის სურათი შეარჩია: 1892-1923 წლებში მიწერილი დაკვირვებებით, მათ შორის, პატარა და დიდი მაგელანის ღრუბლების, კუროსა და პეგასის თანავარსკვლავედების და იუპიტერის (თავისი მერვე მთვარით) გამოსახულებით.
ხელოვან ერიკა ბლუმენფელდისთვის მინის ფირფიტებზე დატანილი ნიშნები ამ ქალების „გატაცებისა და თავდადების მტკიცებულებაა თავიანთი საქმის მიმართ“.
ბლუმენფელდმა ამ ფირფიტების ციფრული ფოტოები სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიზაინისა და ვიზუალური ხელოვნების სკოლაში პროექტის პარტნიორებს გაუზიარა. გუნდმა შექმნის პროცესი დაგეგმა: „პრინციპში, პირველი ნაბიჯი იყო DASCH-ის საპირისპიროს გაკეთება“, – ამბობს ბლუმენფელდი. „ისინი შლიდნენ ნიშნებს, მე ვშლიდი ვარსკვლავებს“, რათა ქალების მინაწერები ცალკე გამოყოფილიყო.
ნიშნების მიხედვით თითოეულმა მათგანმა ფორმა შეიძინა ახალი ტექნოლოგიებისა და ბლუმენფელდის აზრით ვარსკვლავური მასალის კომბინაციით.
შედეგად მივიღეთ „ციური მნათობების კვალდაკვალ“ – ოქროს ფურცლებით შექმნილი, ექვსი გამოსახულებისაგან შემდგარი პორტფოლიო. ის იმ ქალების ისტორიას გვიამბობს, რომლებიც სამყაროს შესაცნობად სინათლეს შეისწავლიდნენ და ვარსკვლავებს თავიანთი თანამედროვეებისგან განსხვავებულად ხედავდნენ. პორტფოლიო, ასევე, მოგვითხრობს იმ სიყვარულის შესახებ, რომლითაც ეს ქალები ვარსკვლავების მიმართ იყვნენ გამსჭვალულნი თაობების განმავლობაში. ეს ამ ქალთა და ამ ენისადმი (მონაცემთა ინტერპრეტაციის ენა) პატივის მიგების მცდელობაა.
ბლუმენფელდმა თავიდანვე მითხრა: „ჩემი წამოწყების აზრიც ის იყო, რომ მათი მინაწერები ვარსკვლავებისთვის დამებრუნებინა“.
ვარსკვლავების სინათლის ხელოვნება

ფოტო: ჯეიკ ეშელმანი

პანდემიის დროს ხელოვან ერიკა ბლუმენფელდს საშუალება არ მიეცა, გადაერჩინა ქალთა თავდაპირველი მინაწერები ფირფიტებზე. ამიტომ მან სხვა გზა იპოვა: გააერთიანა თანამედროვე ტექნოლოგია და გრავირების უძველესი მეთოდები. სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევით სტუდია Island Press-თან თანამშრომლობა იმ ციფრულ ფოტოებზე მუშაობით დაიწყო, რომლებიც DASCH-ის სკანირებისას გადაიღეს. მან მოაშორა ყველა ის პიქსელი, რომლებიც არ შეიცავდა ქალების მინაწერებს. ბლუმენფელდმა და მისმა პარტნიორებმა ეს ციფრული ფაილი ატვირთეს მანქანაში, რომელმაც ნიშნები ამოტვიფრა აკრილის ფირფიტებზე.
ამოტვიფრულ ფირფიტებზე გამჭვირვალე მელანი დაიტანეს, შემდეგ კი თითოეული ფირფიტა მუქ ლურჯ ქაღალდს მიაბჯინეს, ეს უკანასკნელი კი, ამავე დროს, კიდევ უფრო სქელ პერგამენტზე იყო მიჭერილი. ინტალიოს პროცესმა ლურჯ ქაღალდზე ქალების მინაწერები დააჭდო. გამჭვირვალე მელანმა წებოს როლი შეასრულა და 24-კარატიანი ოქროს ფოლგა მიიკრა.
ასტრონომიის პიონერები


(მარცხნივ) ჰენრიეტა სუონ ლევიტი 1868-1921 (მარჯვნივ) ენი ჯამპ კენონი 1863-1941
ფოტოები: ჰარვარდის უნივერსიტეტის არქივები
დიგიტალიზაციის საშუალებით ჰარვარდის ობსერვატორიის მინის ფირფიტების ასტრონომიულ მონაცემებს ვიცავთ, თუმცა მათი გამშიფრავი ქალების დაფასებას დამატებით გარჯა სჭირდება.
ობსერვატორიის კურატორი ლინდსი სმით ზრული ჰარვარდის „ქალი გამომთვლელების“ მნიშვნელოვან აღმოჩენებზე მუშაობდა. ზრულმა სახელით 200 მათგანის იდენტიფიცირება შეძლო, დანარჩენი 160-ისა კი მხოლოდ ინიციალებით. მან შეძლო, რომ რამდენიმე ასეულ ფირფიტაზე მინაწერები შენარჩუნებულიყო. ფირფიტებზე არაერთი აღმოჩენაა შემონახული:
• ჰენრიეტა სუონ ლევიტმა 2000-ზე მეტი ვარსკვლავის დაფიქსირებასთან ერთად, რომელთა სინათლე პულსირებდა, გაიაზრა, რომ პულსაციის ინტერვალის დადგენით ვარსკვლავის სიკაშკაშისა და დაშორების გაზომვა შეიძლებოდა.
• ენი ჯამპ კენონმა ვარსკვლავების განსხვავებული ტემპერატურის გათვალისწინებით თავდაყირა დააყენა კლასიფიკაციის სისტემა, რომელსაც ასტრონომები დღესაც იყენებენ.
ზრულის თქმით, „რომ არა ამ ქალების ნამუშევარი, ასტროფიზიკა დღეს არ იქნებოდა ის, რაც არის, ისინი იყვნენ პიონერები“.
ლიზ კრუსი სამეცნიერო ჟურნალისტია, რომელიც კოსმოლოგიასა და ასტრონომიაზე მუშაობს.